Accessibility links

უზბეკეთის მოქალაქეები და ტერორიზმთან კავშირი


თავდასხმის ადგილი ნიუ-იორკში

ავტორი: ბრუს პანიერი

სიტყვები „ტერორისტული თავდასხმა“ და „უზბეკები“ ერთად რამდენჯერმე გაისმა 2017 წლის შემდეგ - უკვე ამ წლის დადგომის წუთებში, როცა სტამბოლის ღამის კლუბში მასობრივი თავდასხმა მოხდა. აპრილის დასაწყისში, როცა სანკტ-პეტერბურგში მეტროს სადგური ააფეთქეს, რუსმა გამომძიებლებმა თქვეს, რომ დამნაშავეები ყირგიზეთში დაბადებული ეთნიკური უზბეკები იყვნენ, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდათ. რამდენიმე კვირაში სტოკჰოლმში სატვირთო მანქანით განახორციელეს თავდასხმა, რომელსაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ბოროტმოქმედად მაშინაც უზბეკეთის მოქალაქე დასახელდა.

31 ოქტომბერს ნიუ-იორკში მოხდა თავდასხმა სატვირთო მანქანით, რომელშიც ბრალს სდებენ 29 წლის იმიგრანტს უზბეკეთიდან.

ცხადია, რომ ოთხი ადამიანის სავარაუდო დანაშაული არ გამოხატავს მთელი მსოფლიოს უზბეკ მოსახლეობას, რომელიც 30 მილიონამდე ადამიანს მოიცავს, მაგრამ გლობალური აუდიტორიისთვის, რომელიც დიდწილად არ იცნობს ამ დახურულ და ძირითადად მუსლიმ ქვეყანას და ხალხს, აუცილებლად ჩნდება შეკითხვა: რატომ ხდება რომ შუა აზიასა და ტერორიზმის ურთიერთკავშირზე საუბრისას ასე ხშირად ჩანან უზბეკები?

ამ ოთხივე თავდასხმის შემთხვევაში ეჭვმიტანილებს წლების წინ ჰქონდათ დატოვებული უზბეკეთი (სანკტ-პეტერბურგის შემთხვევაში - ყირგიზეთი).

შუააზიელი მიგრანტების უდიდესი ნაწილისთვის ეს ნიშნავს რუსეთს, სადაც რამდენიმე მილიონი მათგანი მუშაობს სეზონურ მუშახელად. ზოგიერთი მათგანი სწორედ რუსეთში ხვდება ისლამისტური ექსტრემისტული ჯგუფების პროპაგანდას. მათი ნაწილი რადიკალიზაციას განიცდის...

ეს გარემოება, თუ ბოლო პერიოდის კვლევებს დავუჯერებთ, ბევრად ზრდის მათი რადიკალიზაციის საფრთხეს. Open Democracy, მაგალითად, ასკვნის, რომ თავიანთ სამშობლოში არმყოფი შუააზიელი მიგრანტები გაცილებით უფრო ადვილად ექცევიან რადიკალი ისლამისტი ჯგუფების გავლენის ქვეშ.

შუააზიელი მიგრანტების უდიდესი ნაწილისთვის ეს ნიშნავს რუსეთს, სადაც რამდენიმე მილიონი მათგანი მუშაობს სეზონურ მუშახელად. ზოგიერთი მათგანი სწორედ რუსეთში ხვდება ისლამისტური ექსტრემისტული ჯგუფების პროპაგანდას. მათი ნაწილი რადიკალიზაციას განიცდის და, გავრცელებული ვარაუდით, შემდეგ თითქმის ყველა მათგანი მიემგზავრება კონფლიქტურ რეგიონებში - სირიაში, ერაყში, ავღანეთში ან იემენში.

აქ ერთი უცნაური გარემოება იჩენს თავს: მაშინ როცა არსებობს ბევრი აღრიცხული შემთხვევა, როცა ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან ან ტაჯიკეთიდან ჯგუფები ან თემები მიემგზავრებიან კონფლიქტურ ზონებში, უზბეკეთიდან ამგვარი მოგზაურობის შესახებ ცნობები არ არის.

თუმცა როცა საქმე ტერორისტულ თავდასხმებს ეხება, მაშინ არ ასახელებენ ყაზახ, ყირგიზ ან თურქმენ ინდივიდს. შესაბამისად, კიდევ უფრო მწვავედ გაისმის შეკითხვა - რატომ უზბეკები?

ამ კითხვის პასუხი, შესაძლოა, ნაწილობრივ უკავშირდებოდეს პოსტსაბჭოთა უზბეკეთის რეპრესიულ და მღელვარე გარემოს.

პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის პირობებში - ქარიმოვისა, რომელიც შარშან გარდაიცვალა და მანამდე ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, 1991 წლიდან, მართავდა - მეამბოხეთა ხმებს, განსაკუთრებით ისლამისტებისას, მიიჩნევდნენ რეჟიმისთვის შექმნილ საფრთხედ და აჩუმებდნენ.

მას შემდეგ უზბეკეთის სახელმწიფო ქვეყანაში მკაცრად აკონტროლებდა ისლამთან დაკავშირებულ აქტივობებს - აწესებდა რა შეიძლებოდა თქმულიყო მეჩეთებში წარმოთქმულ ქადაგებებში, რისი სწავლება შეიძლებოდა მედრესეებში, როგორი იყო მისაღები ჩაცმულობა და გარეგნული იერი მუსლიმებისთვის...

ნებისმიერი პირი, ვინც უზბეკეთის მთავრობას გააკრიტიკებდა, მაშინვე სახელმწიფოს მტრად ცხადდებოდა - როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ქარიმოვის ერთ-ერთი პირველი კრიტიკოსის, „ადოლატის“, ანუ „სამართლის“, სახელით.

„ადოლატი“ ისლამისტური ჯგუფი იყო, რომელიც დამოუკიდებლობის პირველ კვირებში გამოდიოდა მოწოდებით უზბეკეთს ხელისუფლების ისლამური ფორმა შემოეღო.

როცა 1991 წელს უზბეკეთის ხელისუფლებამ კონტროლის განმტკიცება სცადა აღმოსავლეთის რეგიონზე, ნამანგანზე, სადაც „ადოლატი“ აქტიურობდა, და ადგილობრივი სასულიერო პირების შეცვლის ბრძანება გასცა, პროცესები გეგმის მიხედვით არ განვითარდა. საპროტესტო აქციებზე ათიათასობით მოქალაქე გავიდა და ქარიმოვი იძულებული გახდა პირადად ჩასულიყო ადგილზე ვითარების დასაშოშმინებლად, თუმცა, ამის ნაცვლად, მას მოუწია დამჯდარიყო და სასულიერო პირობის ახალგაზრდა მოსურნისთვის, ტოჰირ იულდაშისთვის, მოესმინა კარგი მმართველობის თემაზე.

ეს იყო უკანასკნელი ლექცია, რომელიც ქარიმოვმა რომელიმე ისლამისტური ჯგუფისგან მოისმინა.

მანჰეტენზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი საიფულო საიპოვი
მანჰეტენზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი საიფულო საიპოვი

მას შემდეგ უზბეკეთის სახელმწიფო ქვეყანაში მკაცრად აკონტროლებდა ისლამთან დაკავშირებულ აქტივობებს - აწესებდა რა შეიძლებოდა თქმულიყო მეჩეთებში წარმოთქმულ ქადაგებებში, რისი სწავლება შეიძლებოდა მედრესეებში, როგორი იყო მისაღები ჩაცმულობა და გარეგნული იერი მუსლიმებისთვის.

ამის გამო უზბეკეთში ბევრ მუსლიმს გაუჩნდა კითხვა, ხომ არ იყენებდნენ მათ რწმენას სახელმწიფოს სამსახურში. გაჩნდა კითხვები საზოგადოებაში ისლამის როლისა და რელიგიის წინაშე პირადი პასუხისმგებლობის შესახებ.

ქვეყანა ვინც დატოვა, მათმა ნაწილმა ალტერნატიულ წყაროებს მიაშურა ინფორმაციის მისაღებად - მაგალითად, უცხოეთის მეჩეთებში წარმოთქმულ ქადაგებებს ან ინტერნეტში გავრცელებულ რადიკალურ ისლამისტურ მესიჯებს.

დღეს ბევრი უზბეკი ცხოვრობს სამშობლოდან შორს, უცხო ქვეყნებში და სხვა კულტურებში. ბევრს გაუჭირდა ასიმილირება, ბევრი იზოლირებული რჩება, ბევრს ფინანსური პრობლემები აქვს...

ცხადია, მხოლოდ ეს გარემოება არ არის პასუხი კითხვაზე, რატომ ჩნდება უზბეკების სახელები ბოლო პერიოდის ტერორისტულ აქტებთან კავშირში, თუმცა რეპრესიული გარემოს არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან მან, შესაძლოა, მტრული და რადიკალური განწყობები გააძლიერა.

მარტივად რომ ვთქვათ, უზბეკეთში ისლამი მთავრობის მიმართ წინააღმდეგობის ძალად ჩამოყალიბდა.

უზბეკეთის ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის პირველივე წლებში ამოძირკვა სეკულარული ოპოზიცია - მიუხედავად გაფრთხილებებისა, რომ ამით ოპოზიცია, უბრალოდ, იატაკქვეშეთში გადავიდოდა და, შესაძლოა, რადიკალიზაცია განეცადა. ეს გაფრთხილება ახდა. მოვლენები ზუსტად ამგვარად განვითარდა.

1999 წელს უზბეკეთის ისლამისტური მოძრაობის ლიდერის როლში ასპარეზზე დაბრუნდა ტოჰირ იულდაში - ის კაცი, რომელმაც 1991 წელს ნამანგანში პრეზიდენტ ქარიმოვს ლექცია წაუკითხა. პირველ ეტაპზე მოძრაობის მიზანი იყო ქარიმოვის მთავრობის დამხობა და ისლამური სახალიფოს დაარსება.

მოძრაობამ მიზნებთან მიახლოებაც ვერ შეძლო, თუმცა უზბეკეთის მთავრობისთვის ის დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა შფოთის წყაროს - უკვე ავღანეთიდან, სადაც ჯგუფი ალ-ყაიდას და თალიბანს შეუერთდა. მაგრამ უზბეკეთის ისლამისტურმა მოძრაობამ დაამკვიდრა იდეა, რომ უზბეკეთში მთავრობისა და, ზოგადად, რეპრესიის წინაააღმდეგ ბრძოლისთვის ისლამიზმზე დაფუძნებული ძალა იქნებოდა ყველაზე ეფექტიანი.

დღეს ბევრი უზბეკი ცხოვრობს სამშობლოდან შორს, უცხო ქვეყნებში და სხვა კულტურებში. ბევრს გაუჭირდა ასიმილირება, ბევრი იზოლირებული რჩება, ბევრს ფინანსური პრობლემები აქვს.

ამ ჯგუფებიდან ზოგიერთი შვებას კომპიუტერებიდან მიღებულ რჩევა-დარიგებაში ეძებს. ისინი ინტერნეტს მიაშურებენ პასუხების, მიმღებლობისა და მიზნის საძიებლად.

კონკრეტული ინციდენტი თუ მომენტი, რომელიც მათ ცვლის, ყოველთვის განსხვავებულია, მაგრამ პასუხის გზა - ძალადობა - ხშირად მეორდება და ამ გზის მიზეზები - ნაწილობრივ მაინც - უკავშირდება დამოუკიდებლობის შემდგომ უზბეკეთში მათ მიერ მიღებულ გამოცდილებას.

(ბლოგპოსტში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების პოზიციებს).

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG