Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ფრანგ ფილოსოფოსს მიშელ ფუკოს (1926-1984) ზოგჯერ სტრუქტურალისტად, უფრო ხშირად პოსტსტრუქტურალისტად, ან პოსტმოდერნისტადაც მოიხსენიებენ. თავად ფუკოს ასეთი კლასიფიკაციები დროის უაზრო კარგვად მიაჩნდა. თავისი ცხოვრების ბოლო პერიოდში, როდესაც პოპულარობის ზენიტში იმყოფებოდა, ფუკო ყველანაირ ზოგად და ადამიანების დამაჯგუფებელ ცნებებს გაემიჯნა. მისი თქმით, ისეთი ტერმინიც კი, როგორიცაა „ინტელექტუალი“, უშინაარსო და არაფრისმთქმელია: „არსებობენ ადამიანები, რომლებიც რომანებს წერენ ან ავადმყოფების განკურნებას ცდილობენ; ეკონომიკას აანალიზებენ ან ელექტრონულ მუსიკას ქმნიან; ზოგი ასწავლის, ზოგი ხატავს, ზოგიც სრულიად გაუგებარია, რას საქმიანობს, მაგრამ ინტელექტუალობა რა არის, ჩემთვის უცნობია. [...] არსებობენ არა ინტელექტუალები, არამედ არის დისკურსი ინტელექტუალობის შესახებ.“

თავის ერთ, შედარებით, ადრეულ ნაშრომში, რომელიც ნიცშეს უძღვნა, ფუკო წერდა, რომ „საგნების ჭეშმარიტება დისკურსის ჭეშმარიტების მიერ იბინდება და ქრება კიდეც“. ჩვენ უკვე საგნებს, მოვლენებს, ადამიანებს კი არ ვხედავთ, არამედ მათ შესახებ შექმნილ დისკურსებს, მოძღვრებებს, მზა ცოდნებს. ისეთი დიდი მოაზროვნეებიც კი, როგორებიც იყვნენ მარქსი და ფროიდი, რომლებმაც თანამედროვეობის ორი ყველაზე დიდი დისკურსი დააფუძნეს, თავად შთაინთქნენ საკუთარ ქმნილებებში. მათი ადგილი კი მარქსიზმმა და ფროიდიზმმა დაიკავა.

ადამიანი მოკვდა! – როგორც ფუკომდე თითქმის ერთი საუკუნით ადრე ნიცშემ კაცობრიობას ღმერთის სიკვდილი აუწყა, ფუკო ცოდნისა და დისკურსების სამყაროდან ადამიანის გაქრობაზე ალაპარაკდა. მეცნიერულმა ცოდნამ ადამიანები დაახარისხა ნორმალურებად და არანორმალურებად, ჯანმრთელებად და ავადმყოფებად, ჭკვიანებად და გიჟებად. სამედიცინო სფეროში არსებობს მხოლოდ ავადმყოფობა და მისი სიმპტომები, ფსიქიატრიამ კი, რომელიც ახალ დროებაში გაჩნდა, ისე გარიყა სულიერ ავადმყოფებად შერაცხული ადამიანები, როგორც შუა საუკუნეებში საზოგადოება კეთრიანებს იცილებდა. ცოდნა, მცოდნეობა ძალაუფლების ინსტრუმენტი გახდა, რომლისთვისაც არსებობენ არა ცალკეული ადამიანები, არამედ მხოლოდ ადამიანთა ბიომასა. ფუკოს გამოგონილი ტერმინია „ბიო-ძალა“ - ძალაუფლების ეს ტექნიკა, რომელიც მიმართულია არა ინდივიდების, არამედ მთელი მოსახლეობისაკენ და ისეთი ბიოლოგიური პროცესების დარეგულირებას გულისხმობს, როგორიცაა შობადობა, კვდომა, ჯანმრთელობა. ეპოქა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ფუკოს აზრით, არის ადამიანების, მათი სხეულების მართვის ხანა. „ძალაუფლების მიკროფიზიკა“ სწორედ სხეულისა და აზროვნებისათვის გარკვეული ფორმის მიცემის, მათი მოდიფიკაციისკენაა მიმართული.

მიუხედავად იმისა, რომ ფუკოს გარდაცვალების შემდეგ პოლიტიკური ვითარება თანამედროვე მსოფლიოში საგრძნობლად შეიცვალა, მრავალი ანალიტიკოსი დღესაც ფიქრობს, რომ ძალაუფლების ანალიზის სფეროში ფუკომ ჯერჯერობით ბოლო სიტყვა თქვა. ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით წარმოუდგენელია ძალაუფლებისა და მართვის ფენომენზე საუბარი ფუკოს ნაშრომების გვერდით ავლით.

ფუკოსთან ძალაუფლება არაა ფლობის საგანი ან რომელიმე პიროვნებისა თუ სოციალური კლასის საკუთრება. ფუკოს ნაკლებად აინტერესებდა ძალაუფლების რეპრეზენტაციის თემა, მისი თვითინსცენირებები, და მან მთელი ყურადღება რეალური მექანიზმებისაკენ გადაიტანა. „ძალაუფლება მოქმედებს მცირე ელემენტების მეშვეობით, როგორიცაა ოჯახი, სექსუალური ურთიერთობები, აგრეთვე ცხოვრების პირობები და მეზობლობა. [...] ძალაუფლება არ ექვემდებარება ფლობას, რამდენადაც ის მუდამ თამაშობს, მუდამ რისკავს. ძალაუფლება ისე მოიგება და წაიგება, როგორც ბრძოლა. მისი არსი საომარი მდგომარეობაა და არა მისაკუთრება.“

ომის მეტაფორას ფუკოს ნააზრევში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: არა მხოლოდ ძალაუფლება, არამედ საზოგადოებრივი ურთიერთობები, მათ შორის ცალკეულ ინდივიდებს შორის კამათი, მეგობრობა და სიყვარულიც კი, ომის ნიშნის მატარებელია. საზოგადოება იქმნება და ყალიბდება სამოქალაქო ომის ფონზე. „საზოგადოება“, როგორც XIX საუკუნის პროდუქტი, არის არა უნივერსალური ნების გამოხატულება, არამედ ძალაუფლების მხრიდან ადამიანების სხეულებზე ერთგვარი სამედიცინო ჩარევის შედეგი, რომელიც, „საზოგადოებრივი სხეულის“ სიჯანსაღის დაცვის იდეით, „სხვანაირების“ იზოლაციისა თუ განადგურებისაკენაა მიმართული.

ფუკოს ხშირად ნიცშეს ადარებენ და ზოგჯერ „XX საუკუნის ნიცშედაც“ მოიხსენიებენ. ამგვარი შედარებების ამოსავალი პრინციპი ისაა, რომ, როგორც ნიცშემ, ფუკომაც ეჭვქვეშ დააყენა საყოველთაოდ აღიარებული თუ დამკვიდრებული ზნეობრივი ღირებულებები და იდეალები. ფუკო შეეცადა ეჩვენებინა, რომ სწორედ იქ, სადაც ყველაზე ხმამაღლა ქადაგებენ სიკეთესა და სიწმინდეს, ადამიანების დაკაბალებისა და მანიპულაციის ყველაზე სასტიკი მექანიზმები და სტრატეგიები იმალება. მიუხედავად ასეთი მძიმე და მუქ ფერებში დანახული სურათისა, ფუკო არ ყოფილა „პესიმისტი“. მას არც ფილოსოფოსის საქმედ მიაჩნდა სამყაროს გამოსწორების რეცეპტების შემუშავება, მაგრამ, განსაკუთრებით სიცოცხლის ბოლო წლებში, როდესაც ფუკო თავის დაუმთავრებელ პროექტზე - „სექსუალობის ისტორიაზე“ - მუშაობდა, მის ერთ-ერთ უმთავრეს თემად „სიცოცხლის ხელოვნება“ იქცა.

„სიცოცხლის ხელოვნება“ არის არა კოლექტიური ხსნის პროგრამა, არამედ ინდივიდუალური სტრატეგია, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, საკუთარი ცხოვრება ნებისმიერ ვითარებაში ხელოვნების ნაწარმოებად აქციოს. ამ მიმართულებით ფუკოს მიერ დატოვებული ერთადერთი „მცნება“ იყო: „არ შეიყვარო ძალაუფლება!“. ხელოვნების ნაწარმოებად კი მან აქცია თავის პირადი ცხოვრება, რომელიც 60-70-იანი წლების დასავლურ საზოგადოებას რევოლუციურ მაგალითად მოევლინა. ფუკო ამბობდა, რომ თუ რომელიმე საგანი ან ნაგებობა ხელოვნების ნაწარმოებია, რატომ არ უნდა იყოს საკუთარი ცხოვრება ხელოვნება? საკუთარი ცხოვრებისადმი ამგვარ დამოკიდებულებაში ის ყველაზე დიდ განმათავისუფლებელ ძალას ხედავდა. მიიღე საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ხარ, მისდიე საკუთარ სურვილებს და არა ვიღაცების მიერ დაწესებულ ნორმებსა და სტერეოტიპებს! „სექსუალობის ისტორიაში“ ფუკო წერდა: „ჩვენ ვისჯით თავს იმიტომ, რომ ვიღაცამ სექსი დანაშაულად გამოაცხადა“.

ფუკო ერთ-ერთი პირველი თანამედროვე ფილოსოფოსი იყო, ვინც საკუთარ ჰომოსექსუალობას არ მალავდა და სექსუალობის ამ ფორმას დამკვიდრებული ნორმატიული წარმოდგენების სრულიად ალტერნატიულ სახეობად განიხილავდა. ფუკოს თქმით, ჰომოსექსუალობაში მიმზიდველი და მომხიბვლელი არის არა თავად სექსუალური აქტი, არამედ ურთიერთობათა ის ფორმები, რომლებიც ბოლომდე არანაირ ინსტიტუციონალიზაციას არ ექვემდებარება. ჰომოსექსუალობის მიმართ ტრადიციულმა არატოლერანტულმა დამოკიდებულებამ განაპირობა მისი განსაკუთრებული გამომხატველობითი ენა და სიმბოლიკა, რომელიც სრულიად ყოფით ბანალურობასაც კი ხელოვნებას ამსგავსებს. სიტყვათა ორაზროვნება და თამაში, თეატრალურობა და შავი იუმორი, ყველაფერი, რაც ერთსქესიანი ურთიერთობებისათვისაა დამახასიათებელი, ამავე დროს, სუბვერსიულ, რევოლუციურ პოტენციალს შეიცავს და თავისი არსით იმ მექანიზმების წინააღმდეგაა მიმართული, რომლებითაც ძალაუფლება ადამიანებზე და მათ სხეულებზე ძალადობს.

ყველაზე უჩვეულო ფუკოს ცხოვრებაში ალბათ მაინც ის იყო, რომ მან ევროპელი ინტელექტუალისა და უნივერსიტეტის პროფესორის სტერეოტიპების დანგრევა შეძლო. უკვე საერთაშორისო აღიარების მქონე ფოლოსოფოსი საკუთარ სტუდენტებთან თანაბარ და თითქმის ფამილარულ ურთიერთობებს ამყარებდა, მათთან ერთად დადიოდა ღამის კლუბებსა თუ დისკოთეკებზე, მათთან ერთად სვამდა და იღებდა ნარკოტიკებს, მონაწილეობდა დემონსტრაციებში და იდგა ბარიკადებზე. შიდსით დაავადებულმა ფუკომ სიკვდილიც სიცოცხლის, როგორც ხელოვნების ნაწარმოების, ბოლო შტრიხად მიიღო.

მიშელ ფუკო 1926 წლის 15 ოქტომბერს დაიბადა. წელს მას 85 წელი შეუსრულდებოდა.
სიცხადისთვის, ცოტა სწორხაზოვანი დეკლარაციით დავიწყებ - ჩემი აზრით, საჯარო სკოლებში და სახელმწიფო უნივერსიტეტებში მღვდლების, ქადაგებების და ლოცვების ადგილი არ არის. რელიგიის ისტორიის გაკვეთილები სხვა საქმეა - მაგრამ ქადაგება და მოსწავლეების ინდოქტრინაცია საჯარო სასწავლებლების ფუნქცია არ უნდა იყოს. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ რელიგია ადამიანის პირადი, ინტიმური საქმეა და მისი გამოვლინება სახლის და ტაძრის სივრცეში უნდა ხდებოდეს; საჯარო სივრცეში კი დაცული უნდა იყოს რელიგიისგან თავისუფლების უფლება. ზოგადად, ვიზიარებ იმ ხალხის პოზიციას, ვისაც სწამს, რომ ადამიანის უფლებები და თავისუფლება რელიგიურ ინტერესებზე და პრაქტიკაზე უფრო მნიშვნელოვანია.

მაგრამ ის, რაზეც ახლა ვწერ, მხოლოდ სეკულარიზაციის პრინციპებს ან ლიბერალურ შეხედულებებს არ უკავშირდება. საკითხი ბევრად უფრო მწვავედ დგას და კონცეფციების თუ იდეოლოგიების შესახებ განყენებულ დისკუსიას კი არა, გადაუდებელ მოქმედებას საჭიროებს.


- ჯალალ ედ-დინმა დასაჯა ისინი. მემატიანე წერს, რომ მტკვარი - აი ხომ იცით, ახლაც რომ ჩამოდის…
- დიახ…
- წითლად შეიღებაო მტკვარი და იმდენი ის იყოო, დახოცილი, აი გვამი რომ ქვია, ხომ იცით, ადამიანის სხეულები?
- დიახ..
- ფეხით რომ გადასულიყავი ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზეო, ფეხი არ დაგისველდებოდაო. აი, ასე იყო მოფენილი, თურმე, მტკვარი ამდენი მოწამე ხალხით.


ეს გახლავთ საუბარი სასულიერო პირს - როგორც წერენ, სასულიერო აკადემიის პრორექტორსა - და თბილისის 23-ე საჯარო სკოლის ერთ-ერთი დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შორის. მთელი საუბრის განმავლობაში ბავშვები ფეხზე დგანან და უსმენენ მოძღვარს, რომელიც განაგრძობს: „იქ მეზობელი მეზობელს ამხნევებდა, მამა შვილს ამხნევებდა, შვილს - დედ-მამა, ბებიები, ბაბუები, ყველანი იქ იყვნენ - ერთად აწამეს ყველანი. ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა ტკივილი იქნებოდა ყველასათვის?“

ფეხზე მდგომი ბავშვები მღვდელს კვლავ ერთადერთი სიტყვით უპასუხებენ: „დიახ!“.

ამ სცენის ამსახველი ვიდეოს ნახვის შემდეგ მოსვენება დავკარგე. ვიდეოს კომენტარებად ზოგმა დაწერა, სურათი იმდენად გროტესკულია, რომ უკვე სასაცილოც კიაო. მაგრამ მე, ეტყობა, იუმორის გრძნობა არ მეყო. ჩვეულებრივ, საქართველოს „ირანიზაციაზე“ და „თალიბანიზაციაზე“ განგაშს დისტანციით ვუყურებ ხოლმე და „ბავშვების მავნე ზეგავლენისგან დაცვის“ შესახებ პათეტიკურ განცხადებებშიც არაერთხელ შემიმჩნევია ზერელე მორალიზმი და გადაჭარბებული პანიკა. მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა ამ კლიშემ კონკრეტული მნიშვნელობა მიიღო.

აღწერილი შემთხვევა, ჩემი აზრით, ფსიქოლოგიური ძალადობის აშკარა და ძალიან დამთრგუნველი მაგალითია - ცნობისმოყვარე, ფაქიზი და დაუცველი პატარების დაშინების მაგალითი ავტორიტეტის, სტატუსისა და ძალაუფლების მქონე „მამაოს“ მხრიდან. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს შემთხვევა სცილდება სეკულარიზმის - ანუ რელიგიისა და პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი სივრცეების განცალკევების საჭიროების - შესახებ მსჯელობას. ეს სასულიერო პირი რელიგიის შესახებ კი არ ქადაგებს, შემაშინებელ, 6-7 წლის ასაკის ბავშვის ფსიქიკისა და ნერვული სისტემისთვის ყოვლად შეუფერებელ ამბავს ჰყვება - თანაც შემზარავი დეტალების მაქსიმალური ხაზგასმით.

ცხადია, იმის ზუსტად თქმა, მაინც რა მოსდის ბავშვს, როცა წარმოიდგენს, როგორ აბიჯებს დახოცილი ხალხის გვამებს და ასე გადადის სისხლისგან წითლად შეღებილი მტკვრის ერთი ნაპირიდან მეორეზე, ფსიქოლოგებს თუ შეუძლიათ (წამების და სიკვდილის წინ მშობლების მიერ „გამხნევებული“ შვილების წარმოდგენაზე რომ აღარაფერი ვთქვათ). მაგრამ კარგი რომ არაფერი მოსდის, ეს, მგონი, აშკარაზე აშკარაა. ბავშვებს მდიდარი წარმოსახვა აქვთ. ამ ასაკში, ალბათ, უკვე შესწევთ უნარი, ფანტაზიების სამყარო რეალობისგან განასხვაონ - მაგრამ მათთვის ხშირად წარმოსახვითი იერსახეებიც რეალისტურ კონტურებს იძენს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს იერსახეები ამაფორიაქებელი და ემოციურად დამუხტულია. ტანჯვის, გვამების, სისხლის, წამების, დაუნდობელი მტრის ხატის წარმოდგენამ - და ამ ყველაფრის „ღმერთის“ იდეასთან დაკავშირებამ - შეუძლებელია, დიდი შიში არ გამოიწვიოს. მით უმეტეს, როცა ამას მოჩვენებებისა და „შავი ხელის“ შესახებ ამბებით გატაცებული რომელიმე თანატოლი კი არა, ავტორიტეტი უყვებათ: ანაფორაში გამოწყობილი, ძალაუფლებისა და დიდი ირაციონალური კაპიტალის მქონე ზრდასრული ადამიანი.

ყველაფერს, ცხადია, ამ ერთ მღვდელს ვერ დავაბრალებთ. შიშის გამოწვევა, ირაციონალური შფოთვის გამძაფრება, სასჯელის იდეის ხაზგასმა, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს ზოგადად ახასიათებს. როცა საქმე ზრდასრულ მრევლს ეხება და მისი წევრები ამ ყველაფერს იზიარებენ - ეს, როგორც ლიბერალები იტყვიან ხოლმე, მათი არჩევანია და მას პატივი უნდა ვცეთ. კი, გარეშე თვალისთვის - მათთვის, ვისაც ამ ენასთან, თუ „დისკურსთან“, შეხება ხშირად არ გვიწევს - რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად აღიქმება ზოგიერთი სასულიერო პირის განცხადებები, მაგალითად, ცოდვილების დამკბენ „უცნაურ მწერებზე“, ზარების ხმით დახოცილ ბაქტერიებზე, ან უწინ ხეზე მცხოვრებ, ძალიან ლამაზ და ფაფუკ გველებზე. აღარაფერს ვამბობ უფრო სერიოზულ, უფრო პოლიტიკურ და უფრო შოვინისტურ მოსაზრებებზე, მაგალითად, „დაწყევლილი“ კათოლიკური ეკლესიის, დაბადებით თეთრი და შემდეგ ცოდვების გამო გაშავებული „საწყალი ზანგების“, ქალებში არსებული „სიბინძურის“ თუ რუსეთზე ღმერთის ნებით დამოკიდებული საქართველოს შესახებ. მაგრამ ზრდასრული ხალხი მაინც თავად ირჩევს, რა გაიზიაროს და რა - არა. ამასთან, იმის დაშვებაც შეიძლება, რომ კონტექსტის, თუ დისკურსის, „შიგნით“ ეს მოსაზრებები რაღაც სხვა მნიშვნელობებსაც ატარებს - იქნებ ნაკლებად უცნაურს, ვიდრე „გარედან“ ჩანს.

ბავშვების შემთხვევა კი სხვაა. ამ შემთხვევაში „არჩევანზე“ ლაპარაკი უადგილოა; მათ ძალიან გაუჭირდებათ დისტანცირება უფროსის - მით უფრო, ავტორიტეტიანი სასულიერო პირის - შეგონებებისგან. და ზუსტად ამიტომ, ბავშვებთან მიმართებით განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.

მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, საპატრიარქოში და მისი წარმომადგენლების მოქმედებაში კი არა, სახელმწიფო სტრუქტურების უუნარობაშია. წესით და რიგით, სწორედ სახელმწიფო უნდა იყოს იმის გარანტი, რომ საჯარო სკოლაში ბავშვი ასეთი რამისგან დაცული იქნება. დაწყებითი განათლება საქართველოში სავალდებულოა - ბავშვის სკოლაში ტარებას მშობლებს სახელმწიფო ავალდებულებს. შესაბამისად, სწორედ სახელმწიფო უნდა აგებდეს პასუხს იმაზე, რომ საჯარო სკოლებში მისულმა ბავშვმა ფსიქოლოგიური ტრავმები არ მიიღოს.

თან ხომ ცხადია, რომ ეს შემთხვევა გამონაკლისი არ არის. აქამდეც არაერთხელ გამიგონია, როგორ უყვებიან მღვდლები მოსწავლეებს ჰაერში მფრინავი დემონების შესახებ; როგორ აიძულებს კლასის დამრიგებელი გოგონებს თავსაფრების ტარებას, საკლასო ოთახში ლოცვის დროს დასახურად; როგორ იქცევა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლე თანაკლასელების ათვალწუნების ობიექტად. 2003 წლის შემდეგ განათლების სფეროში დაწყებულ რეფორმას ეს განუკითხაობა, თითქოს, უნდა აღეკვეთა - მაგრამ, როგორც ვხედავთ, ასე არ მომხდარა.

იმის ახსნისას, თუ რატომ არ მომხდარა, არა მგონია არგუმენტად სასწავლო პროცესის „დეცენტრალიზაცია“, სკოლების თვითრეგულაცია და სახელმწიფოს როლის მინიმალიზაცია გამოდგეს. ჯერ ერთი, როგორც ვხედავთ, განათლების სფერო - ყველა სხვა სფეროსთან ერთად - კვლავაც უაღრესად ცენტრალიზებულია და უშუალოდ ექვემდებარება სამთავრობო, პოლიტიკურ კონტროლს. და სულაც რომ ლიბერტარიანულ სამოთხეში ვცხოვრობდეთ, ბავშვების ტრავმისგან დაცვის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ბოლომდე მაინც ვერ მოეხსნებოდა.

ცხადია, რომ მიზეზი საპატრიარქოს გავლენას უკავშირდება - მისი გაკრიტიკების, მისთვის წინააღმდეგობის გაწევის სირთულეს. რაც უნდა დამთრგუნველად გამოიყურებოდეს ამ კონკრეტული კლასის დამრიგებელი, რომელიც ღიმილით ადევნებს თვალს გვამებით სავსე მტკვრის შესახებ ქადაგებას - და როგორი რელიგიური პოპულიზმის დემონსტრირებასაც უნდა ახდენდნენ სახელისუფლო თუ ოპოზიციური პოლიტიკოსები - შეუძლებელია ასეთი „გაკვეთილები“ ბევრს მოსწონდეს. უბრალოდ, სამღვდელოების წარმომადგენლებს წინააღმდეგობას ვერ უწევენ - მასწავლებელი იმავე მღვდლის რისხვას, ან თავისი კოლეგებისგან გაკიცხვას უფრთხის, პოლიტიკოსი - „მართლმადიდებლობასთან მებრძოლის“ და „ტრადიციების წამრთმევის“ იარლიყს.

ასეთი ტაბუების შექმნას და გამყარებას თავისი მიზეზები აქვს, და ამაზე ახლა ვერ ვისაუბრებთ. ახლა მთავარი სხვა რამ არის. ვხედავთ, რომ ჩვენს დღევანდელ რეალობაში ვერ ხერხდება მართლმადიდებლობის გამიჯვნა საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში მიმდინარე სასწავლო პროცესისგან; იქ მოსწავლეების რელიგიური ინდოქტრინაცია ხდება და არა რელიგიების ისტორიის რაციონალური შესწავლა. ასეთ ვითარებაში ეფექტიანი იქნებოდა რელიგიური სწავლების საერთოდ შეწყვეტა - ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ მოხერხდებოდა შედარებით კვალიფიციური მასწავლებლების მომზადება, რომლებიც ქადაგების ნაცვლად მოსწავლეებს და სტუდენტებს რელიგიის ისტორიას და თეოლოგიის საფუძვლებს გააცნობდნენ. მაგრამ რადგან ეს შეუძლებელია, მაშინ მინიმალური ზომები მაინც აუცილებლად უნდა გატარდეს - სახელმწიფო სტრუქტურებმა და, საკუთრივ, სკოლებმა ოდნავი კონტროლის დამყარება მაინც უნდა სცადონ. ვთქვათ, სასულიერო პირებს სთხოვონ, ბავშვთა ფსიქოლოგებთან ან პედაგოგებთან შეათანხმონ, რას და როგორი ფორმით მოუყვებიან ბავშვებს და მოზარდებს. სცადონ მაინც - იქნებ თავად სამღვდელოებაშიც მოიძებნონ პირები, რომლებიც არ იქნებოდნენ წინააღმდეგი, მეტი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ ბავშვებთან და მოზარდებთან ურთიერთობას.

მესმის, რომ ეს თემა, შესაძლოა, დიდად აქტუალურად არ აღიქმებოდეს დღევანდელ რეალობაში, როცა ხალხის ერთი ნაწილი ახალი პოლიტიკური მხსნელის გამოჩენით არის აღტკინებული; მეორე ნაწილი იმაზე დარდობს თუ ქილიკობს, რომ ჩვენი საზოგადოება ჯერაც ვერ გათავისუფლებულა „მესიის“ მოლოდინისგან; მესამე, პოლიტიკური ძალაუფლების სტრუქტურებთან დაახლოებული ნაწილი კი სულ უფრო აშკარად ავლენს პანიკის სიმპტომებს, ახლად აღმოცენებული წონიანი ოპონენტის წინააღმდეგ ერთმანეთზე უფრო ტლანქი და თავაშვებული ნაბიჯების გადადგმით. მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. იმისათვის, რომ მესიებს და მხსნელებს აღარ ველოდოთ - და აღარც მმართველ ფიგურებს მივცეთ ძალაუფლების უზურპაციისა და თავაშვებული ნაბიჯების გადადგმის უფლება - საჭიროა კრიტიკული აზროვნების, ძალაუფლების მიმართ სკეპტიციზმისა და სამოქალაქო გამბედაობის გაღვივება. საამისოდ კი მეეჭვება, სასწავლებლებში დოგმების, მითებისა და შიშზე აგებული მორჩილების კულტივაცია სწორი გზა იყოს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG