Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 29 აპრილი. See content from before

პარასკევი, 22 აპრილი 2011

ცოტა არ იყოს, შიშმა შემიპყრო, როდესაც დავაპირე იმის დაწერა, რომ „ჭამა და სექსი“ კარგი კომედიაა. ჯერ ერთი, შეიძლება დამაბრალონ, რომ უგემოვნო პრიმიტივი ვარ. ამაზე პასუხად მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რასაც ჩემი ყველა მეგობარი დაგიდასტურებთ: სინამდვილეში მე მძაფრად მიყვარს არტჰაუზის რთული, ეზოტერული, ნელი და იდუმალი ფილმები. ხოლო მიზეზი, რის გამოც ვამბობ, რომ „ჭამა და სექსი“ კარგი კომედიაა, შემდეგია: მასობრივ ფილმებს მე არტჰაუზის კრიტერიუმებით არ ვსჯი. მაღალი ხელოვნების პრეტენზია კარგად შემიძლია განვასხვავო მასობრივი ხელოვნების პრეტენზიისაგან და ამიტომ, როდესაც ვუყურებ ფილმს, რომლის სურვილიცაა კარგად გამართოს, მე მას არ ვთხოვ ღრმა ფილოსოფიურ წიაღსვლებსა და ესთეტიზმს. უბრალოდ, იმას ვსჯი, გამართო თუ არა მან. „ჭამა და სექსი“ კარგი კომედიაა, იმიტომ რომ მან ეს ნამდვილად მოახერხა. და არა მხოლოდ მე - გადატენილი დარბაზის სიცილ-ხორხოცი ამაზე ნათლად მეტყველებდა!

შიშის მეორე მიზეზი ის იყო, რომ შეიძლება შეთქმულების თეორიის ნაწილი გავხდე, რომლის მიხედვითაც „ჭამა და სექსის“ შექებით მე კულტურას ვებრძვი და საქართველოში სინგაპურს ვაშენებ. ვიფიქრე კიდეც, რა დამამტკიცებელი საბუთი შეიძლება მქონდეს, რომ ამას არ ვშვრები-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ შეთქმულების თეორიის წინააღმდეგ არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ ჭრის, ამიტომაც შევეშვი ამ საქმეს.

ფილმის ნახვამდე მასზე უკვე იმდენი რამ მქონდა წაკითხული, რომ ბოლო კადრებამდე არც კი ვიყავი დარწმუნუბული, რომ რამის დამატება მინდოდა. დიახ, მშვენიერი კომედიაა. უკანასკნელი წლების საუკეთესო ფილმი? არა მგონია. ჩემი აზრით, დიტო ცინცაძის „რევერსი“ როგორც იდეის, ისე განხორციელების თვალსაზრისით, საგრძნობლად ჯობდა. გამოირჩევა თუ არა ისეთი ბრიყვული ფილმების ფონზე, როგორიცაა, მაგალითად, „ოცნების ქალაქი“? ძალიან გამოირჩევა და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ფილმი ახალი ხარისხიანი ქართული კინოს დასაბამი იქნება.

მაგრამ ყველაფერი ფილმის ბოლო წუთებზე შეიცვალა. ჯერ ერთი, ფარულმა რეკლამამ ანუ product placement-მა გამაღიზიანა. ფარული რეკლამა ნორმალურ ქვეყანაში ნიშნავს რეკლამას პროდუქტისა, რომელიც შემდეგ მომხმარებელმა უნდა იყიდოს. აი, მაგალითად, დევიდ ლინჩი ასე აკეთებდა „ჰაინეკენის“ რეკლამას. „ჭამა და სექსში“ ბოლო კადრებში ფარული რეკლამა სხვა სახეს იღებს.
ჯერ ერთი, ფილმის ბოლო დიალოგი მიმდინარეობს წიგნების ახალი ბაზრობის ფონზე, რაც სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, „გაპიარდეს“ თბილისის საკრებულოს ინიციატივა, რომელმაც გააქრო წიგნები ქუჩებიდან, მაგრამ ჯერჯერობით ვერ შექმნა ბიბლიოფილების თავშეყრის ახალი ადგილი. მეორეც, ბოლო კადრში დავინახეთ მათე კირვალიძე, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა, როგორც „ქრონიკის“ იმდენად თავზეხელაღებული პოლიტიკური პროპაგანდის ავტორმა, ლამის საბჭოთა „მოამბეს“ რომ არ უდებს ტოლს.

ორივე ეს მომენტი მე აღვიქვი არა როგორც ფილმის, არამედ როგორც ქვეყნის პრობლემა. ორივე შემთხვევა, ჩემი აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში ეკონომიკური ინტერესები ზედმეტად მჭიდროდაა დაკავშირებული პოლიტიკურთან. და ეკონომიკური პროდუქტების რეკლამის მაგივრად ორივე შემთხვევაში ხელში შეგვრჩა პოლიტიკური პროდუქტების რეკლამა. მაგრამ ვიღაცამ შეიძლება ეს ჩემი პერსონალური პარანოიის შემოტევად ჩათვალოს, ამიტომ გადავალ მთავარ პრობლემაზე.
უკვე აღინიშნა, რომ ყველაზე უარესი და მოსაწყენი ნაწილი ფილმის შესავალია. ჩემი აზრით, ეს იმის ბრალია, რომ ფილმის შემქმნელებს ძალიან კარგად გამოსდით თხრობა და არც ისე კარგად - რეფლექსია. ფილმის ბოლო კადრებიც ამ პრობლემის გამოხატულებად მეჩვენება.

ფილმის ბოლო ეპიზოდს ლაიტმოტივად გასდევს ხინკლის ჭამა. სახინკლეში ჯერ განუვითარებელ ქართველ კაცსა და მის ჩაგრულ ცოლს ვხედავთ, შემდეგ - ამ ჩაგრულ ცოლსა და მის დაქალებს. ჰოდა, ფილმის ბოლოს ცოლი გაიცნობს დადებით, განვითარებულსა და განათლებულ ექიმს, რომელთანაც რომანის გაბმას იწყებს. ჰოდა, ექიმი ეკითხება, სუში გასინჯული გაქვსო? აღმოჩნდება, რომ ჩაგრულ ცოლს სუში არ აქვს გასინჯული. მაშინ მე გაგასინჯებ სუშისო, ჰპირდება მას ექიმი. ესაა ფილმის ბოლო სიტყვები.
ფილმის შემოქმედებით ჯგუფს ამით შეიძლება ორაზროვნების შემოტანა ეწადა ან იმის თქმა, რომ დროა, ქართველებმა საკუთარი მენიუ გავამრავალფეროვნოთ. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ფილმი მთავრდება სუშით, რომელიც (ბინარულ) ოპოზიციაშია ხინკალთან. ხინკალი გამოდის ჩამორჩენილი ქართველების საჭმელი, სუში - განვითარებულების, ეს უკვე აღარაა პარანოია - ესაა მხატვრული ნაწარმოების ლოგიკა, რომელიც იკითხება იმისდა მიუხედავად, თუ რის თქმა უნდოდათ ფილმის შემქმნელებს. იმედია, არავინ აპირებს იმაზე დავას, რომ ეს მცდარი და გაუმართლებელი დაპირისპირებაა.

საქმე გვაქვს ისევ და ისევ რეფლექსიის პრობლემასთან, რომელმაც მშვენივრად მოყოლილ ამბავში არასწორი სიმბოლო შემოიტანა.
საქართველო წინ მიდის თუ უკან?

საზოგადოებაში ამ საკითხზე თანხმობა არ არსებობს, მაგრამ არსებობს საპირისპირო მოსაზრებების ერთგვარი ბალანსი.

ზოგი იმაზე აკეთებს აქცენტს, თუ რა შენდება, ზოგიც იმაზე – თუ რა ინგრევა. ზოგისთვის ხელისუფლების მხარდასაჭერად საკმარისია დაგებული გზები, შეღებილი ფასადები, გაზრდილი პენსია, საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავეთა ნორმალური ხელფასი, უწყვეტი ელექტროენერგია, ბიზნესის დაწყების სიიოლე, მართვის საშუალო და ქვედა რგოლებში კორუფციის აღმოფხვრა, ქურდულ სამყაროსთან წარმატებული ბრძოლა, მანქანების ქურდობა-ძარცვის აღკვეთა და კიდევ ზოგიერთი რამ, რაც ახლა არ მახსენდება.

ზოგისთვის კი არ არის საკმარისი, რადგან ამ ზოგს მიაჩნია, რომ ის, რაც დაინგრა, გაფუჭდა, დაიკარგა, გაცილებით ფასეულია იმასთან შედარებით, რაც აშენდა და დამშვენდა.

ხელისუფლების მომხრეთა მცირე ნაწილი ანგარებიანი ინტერესებით არის მიბმული გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე. მათთვის ხელისუფლების შეცვლა ცხოვრების დანგრევის ტოლფასია. მომხრეების უფრო დიდი ნაწილი კი უბრალოდ ფიქრობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლებასაც ჯობია და ახლანდელ ოპოზიციასაც.

საქართველოს მოსახლეობის სულ სხვა – პროტესტული – ნაწილისთვის ნებისმიერი ხელისუფლება უკეთესია, ვიდრე ამჟამინდელი. ამ პოზიციის მიმდევრებს სხვადასხვა დროს მხარი დაუჭერიათ ირაკლი ოქრუაშვილისთვის, ლევან გაჩეჩილაძისთვის, ბადრი პატარკაციშვილისთვის და ხვალაც ნებისმიერს მიემხრობიან, ვინც მიხეილ სააკაშვილის დამარცხების პირობას დადებს.

ლოგიკა გვიკარნახებს, რომ ხელისუფლება მანამ არ შეიცვლება, სანამ არ დაირღვევა საზოგადოების ცნობიერებაში ამჟამად არსებული მყიფე წონასწორობა აშენებულსა და დანგრეულს შორის.

მაგრამ, არსებობს კი ეს წონასწორობა?

* * *
ვარდების რევოლუციის არსი ის იყო, რომ პატრიარქის (ედუარდ შევარდნაძის) ჰეგემონია დაამხო და შეცვალა მანიპულატორის (მიხეილ სააკაშვილის) ჰეგემონიით. ეს კი უბრალო ამბავი არ გახლავთ არც თეორიულ და არც პრაქტიკულ განზომილებაში. პატრიარქის ჰეგემონია დგას ტრადიციულ მორალზე, საზოგადოების იერარქიულ მოწყობაზე, პიროვნებების (და არა კანონის) ავტორიტეტზე. მანიპულატორის ჰეგემონიის დასამყარებლად აუცილებელია პატრიარქის ავტორიტეტის მსხვრევა და, მასთან ერთად, ტრადიციული ღირებულებების დაკნინება, მარგინალიზაცია, რასაც, როგორც წესი, საზოგადოების მოდერნიზაციის საჭიროებით ამართლებენ. ეს ურთულესი გზა მიხეილ სააკაშვილმა თავბრუდამხვევი სისწრაფით და წარმატებით გაიარა.

პატრიარქის ჰეგემონია, ზოგადად, ხელს უშლის მანიპულატორს, რადგან ტრადიციული საზოგადოება ძალიან მტკიცე და აგრესიულია თავისი ღირებულებების დაცვაში. მეორე მხრივ, სწორედ ტრადიციული საზოგადოება ამზადებს კარგ ნიადაგს მანიპულაციისთვის, რადგან ასეთ საზოგადოებაში არ არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც ხელს შეუშლიდნენ, ან, სულაც, გამორიცხავდნენ ადამიანებით თამაშს.

პატრიარქის როლით მოხიბლულმა ედუარდ შევარდნაძემ, თავის დროზე, ჰუმანიზმი გამოიჩინა და თავისუფლების რამდენიმე სარკმელი შეაღო. მან გზა გაუხსნა გამოძიებით ჟურნალისტიკას და მძაფრ პოლიტიკურ დებატებს როგორც მედიაში, ასევე – პარლამენტში. მაგრამ, არჩევნების მუდმივი გაყალბების პირობებში, თავისუფლების ეს დოზა საკმარისი მხოლოდ რევოლუციისთვის აღმოჩნდა. შევარდნაძის მთავარ შეცდომად შეგვიძლია მივიჩნიოთ სწორედ მუდმივი და მზარდი შეუსაბამობა მეტ-ნაკლებად თავისუფალ საზოგადოებრივ აზრსა და არჩევნების ხისტ შედეგებს შორის.

მიხეილ სააკაშვილმა ეს შეუსაბამობა ჯერ შესანიშნავად გამოიყენა, შემდეგ – სხარტად აღმოფხვრა. საკმაოდ სწრაფად დაიხურა თავისუფლების ის სარკმლები, რომლებიც ედუარდ შევარდნაძემ გახსნა. არჩევნების შედეგებიც გაცილებით მეტად გახისტდა. მოქალაქეთა კავშირს არ ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც 2004 წლის გაზაფხულიდან დღემდე აქვს ნაციონალურ მოძრაობას; მოქალაქეთა კავშირს არასოდეს ჰქონია უმრავლესობა ყველა საკრებულოში, რასაც 2006 წლის შემოდგომიდან დღემდე ინარჩუნებს მიხეილ სააკაშვილის პარტია.

ეს წარმატებები პირდაპირ უკავშირდება მანიპულატორის ოსტატობას. ოსტატობის არსი კი ისაა, რომ ადამიანებს არარსებული მოაჩვენოს არსებულად, ცუდი – კარგად, წაგებული – მოგებულად, სუსტი – ძლიერად. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შიშის გრძნობა, მაგრამ სირცხვილისა და პროტესტის გრძნობა არ უნდა გააჩნდეს.

წარმატებული მანიპულაციისთვის თავიდანვე ორი ამოცანა იყო გადასაჭრელი: არასასურველი („ამრევი“) ინფორმაციისგან მოსახლეობის იზოლირება და საზოგადოების შიგნით მორალური საყრდენების ნგრევა.

პირველი ამოცანა საბოლოოდ მაშინ შესრულდა, როდესაც, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ტელეკომპანია „იმედი“ ხელისუფლების კონტროლს დაექვემდებარა. ყველა ნაციონალური მაუწყებლის გაუკონტროლებლად სრული და ტოტალური მანიპულაცია შეუძლებელი იქნებოდა. 2008 წლის გაზაფხულისთვის ეს პრობლემა წარმატებით გადაიჭრა.

რაც შეეხება საზოგადოების შიგნით მორალური საყრდენების მორღვევას, ეს პერმანენტული ამოცანაა. პროცესი იწყება ამორალური ქცევების წახალისებით. გავიხსენოთ, როგორ „გააგმირეს“ დავით კირკიტაძე, რომელმაც პარლამენტის დაცვის წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა; რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით დანიშნეს მინისტრებად საეჭვო კომპეტენციის ადამიანები; როგორ აზეიმეს მოსახლეობის ნაწილს წაგებული ომი; როგორ „ჩარეცხეს“ აკადემიური წრეები; როგორ და რამდენჯერ დემონსტრაციულად ცემეს ოპოზიციონერები და მათი მხარდამჭერები...

პარალელურად, რეიტინგული ტოკშოუების, საინფორმაციო და საავტორო პროგრამების მეშვეობით, წლების განმავლობაში მიმდინარეობს „კარგის“ და „ცუდის“, „კეთილის“ და „ბოროტის“, „სიმართლის“ და „ტყუილის“ აღრევის მუდმივმოქმედი სატელევიზიო შტურმი/პროპაგანდა. ნანუკა ჟორჟოლიანი, რომლის ტელეფონზე განხორციელებული ზარის გამო სამი ახალგაზრდა დაიჭირეს და, მათ შორის, ერთი აწამეს, დღეს ყველაზე პოპულარული და მოდური სატელევიზიო სახეა. მთელი საქართველო უყურებს მის გადაცემას, მსჯელობს გადაცემის ავ-კარგზე და ცოტა ვინმე თუ ფიქრობს, რა ჯოჯოხეთი მოელის, თუკი ამ სიმპათიურ წამყვანთან მისი გზა ირიბად გადაიკვეთა. საქართველოს ეროვნული ტელევიზიებით თითოეული ოჯახის დონეზე მკვიდრდება ის ღერძულა იდეა, რომ დღეს საქართველოში წარმატება ღირებულებების უკუპროპორციულია.

ფაქტობრივად, საქართველოში შექმნილია უზნეობის ინდუსტრია, რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფს კვლავწარმოებას.

* * *
რა დაამარცხებს მანიპულატორის ჰეგემონიას?

თავის ზღაპარში „მეფის ახალი სამოსი“ ჰანს კრისტიან ანდერსენმა მანიპულაციის ზუსტი ალგორითმი აღწერა. შიშველ მეფეს ქვეშევრდომები არარსებულ სამოსს უქებენ – ზოგი ანგარების, ზოგი კი – შიშის გამო. ჰოდა, პატარა ბიჭი, რომელსაც ამ ფარსის არაფერი გაეგება, გულწრფელად შესძახებს: „მეფე შიშველია!“

სინამდვილეში, ჩვენ გვჭირდება არა პრიორიტეტებზე შეთანხმება – რა უფრო ღირებულია: ავტობანი თუ სიტყვის თავისუფლება? მუდმივი ელექტროენერგია თუ სასამართლოს დამოუკიდებლობა? ჩვენ გვჭირდება ტყუილისგან, ფარისევლობისგან, შიშისგან გათავისუფლება და სიმართლისთვის თვალის გასწორება.

მგონი, ადრეც მითქვამს. საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კენეთ იალოვიცმა, ერთხელ გულშიჩამწვდომი სიტყვები ბრძანა: „დემოკრატია მამაცი ხალხის საქმეა. მჯერა, ქართველებს ეყოფათ სიმამაცე, ააშენონ დემოკრატიული ქვეყანა.“

მანიპულაციის ჰეგემონიიდან გამოსვლის და გადარჩენის ყველა გზა სიმართლეზე გადის – ეს ვიცი. ოღონდ, არ ვიცი, ჩვენ როდის ვიქნებით მზად იმისთვის, რომ გადავრჩეთ.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG