Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 11 აგვისტო. See content from before

ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2011

საქართველოს შიდა ტერიტორიებიდან დევნილებს, რომლებსაც საერთაშორისო სამართალი „იძულებით ადგილნაცვალ პირებს უწოდებს“, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში ღირსეულ დაბრუნებას 10 წელი ჰპირდებოდა ედუარდ შევარდნაძე, შემდეგ 5 წელი - მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ 2008 წელს კონტროლს აღადგენდა სამაჩაბლოზეც და აფხაზეთზეც. მაგრამ ამ სახელმწიფო ამოცანის შესრულება გაურკვეველი ვადით გადაიდო - 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ „დევნილების“ რაოდენობა კიდევ 100 000 კაცით გაიზარდა და დაიკარგა უახლოეს მომავალში მათი „ღირსეული დაბრუნების“ უმცირესი შანსიც კი.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ და იუპიტერი არ განვარისხოთ უსიამოვნო ამბებისა და თარიღების გახსენებით, ვისაუბრებ მხოლოდ დღევანდელ მოვლენაზე, რომლის ეპიცენტრი თბილისის ცენტრში მდებარე სასტუმრო „აფხაზეთია“.

საქართველოს ხელისუფლება 2009 წლიდან ახორციელებს იძულებით ადგილნაცვალ პირთა განსახლების პროგრამას, რომელიც შეთანხმებული, მოწონებული და კურთხეულია საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან. ამ პროგრამის მიზანია, ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები შეუქმნას დევნილებს, გადაანაწილოს ისინი იმ რეგიონებში, სადაც ბევრი მიტოვებული საცხოვრებელი სახლია, მიწის ნაკვეთით, რომელიც დევნილს საარსებო საშუალებას გაუჩენს. ანუ ხელისუფლება ცდილობს, ხელი შეუწყოს აქამდე არსებულ „კომპაქტური ჩასახლების“ ადგილებში მცხოვრებ დევნილთა საზოგადოებაში ინტეგრაციას, განსახლების პროცესს დემოგრაფიული ეფექტი შესძინოს და დევნილების მიერ სტიქიურად დაკავებული შენობა-ნაგებობები კანონიერ მფლობელებს დაუბრუნოს.

თუმცა, არსებობს ერთი სავალდებულო პირობა: ხელისუფლებამ ნებისმიერი ალტერნატიული ფართი უნდა გაარემონტოს, შეიყვანოს დენი და წყალი, თუ შესაძლებელია, ბუნებრივი აირიც, გახადოს იგი საცხოვრებლად ვარგისი და დაეხმაროს დევნილს დასაქმების პრობლემის მოგვარებაში. აქამდე საქართველოს ხელისუფლება - დევნილთა საქმეების სამინისტრო (ეკონომიის მიზნით ვკვეც სუბელიანის უწყების სახელს) ამ პირობას მეტ-ნაკლებად იცავდა. რა თქმა უნდა, იყო ძალის გამოყენებით, კავალერისტული მეთოდით დევნილების გამოსახლება, ზოგ შემთხვევაში (მაგალითად, სოფელ ფოცხოეწერში) საყოფაცხოვრებო პირობები ანდა ჩატარებული რემონტის ხარისხი არ გამოდგა შესაფერისი, ზოგან სკოლისა და პოლიკლინიკის პრობლემა აღმოჩნდა მოუგვარებელი, ზოგჯერ დევნილებამდე ერთჯერადი დახმარებისა და პირველადი საჭიროების ნივთების მიტანა დაგვიანდა... დეტალებს არ ჩავუღრმავდები, მაგრამ, ვიმეორებ, ასეა თუ ისე, ალტერნატიული ფართი არსებობდა და ამ მხრივ ხელისუფლება მეტ-ნაკლებად პირნათელი იყო როგორც საკუთარი დევნილების, ისე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე.

მაგრამ ის, რაც სასტუმრო „აფხაზეთში“ მყოფი 20 წლის წინ ცხინვალის რეგიონიდან დევნილების ირგვლივ ხდება, საფუძველშივე ეწინააღმდეგება ზემოხსენებულ პრინციპს, ყოველგვარ საღ აზრს და ელემენტარული ეკონომიის ცოდნას.

როგორც აღმოჩნდა, საქართველოს ხელისუფლებას 270 ოჯახისათვის არ აქვს მომზადებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი! საცხოვრებელი სახლების რემონტი რუსთავში მხოლოდ ნოემბერში დასრულდება, მანამდე კი ხელისუფლება მზად არის, ბინის ქირა გადაუხადოს ასობით ოჯახს, წინააღმდეგ შემთხვევაში დევნილებს უახლოეს დღეებში პოლიციის ძალით გამოყრიან სასტუმრო „აფხაზეთის“ შენობიდან და ღია ცის ქვეშ დატოვებენ.

არა, აქ უსათუოდ რაღაც ანომალიასთან გვაქვს საქმე. ზოგჯერ მართლა მგონია, რომ ხელისუფლება თავადვე იგონებს პრობლემებს, რადგან მშვიდ ვითარებაში არსებობა უკვე ვეღარც წარმოუდგენია.

თუ ეს ასე არ არის, მაშინ იქნებ ვინმემ ამიხსნას ყველაზე ახალგაზრდა და პროდასავლური ქართული ხელისუფლებიდან: რატომ არ შეიძლება, რომ ცხინვალიდან დევნილები დარჩნენ სასტუმრო „აფხაზეთში“ ნოემბრამდე, სანამ მათთვის გამოყოფილი საცხოვრებელი ფართი რუსთავში საბოლოოდ გარემონტდება? ასე ხომ 270 ოჯახისათვის სამი თვის ბინის ქირის თანხაც დაიზოგება და ეროვნული ენერგიაც, რომელსაც დამოუკიდებლობის ოცი წლის განმავლობაში, ძირითადად, საპროტესტო გამოსვლებსა და უშედეგო სამხედრო ავანტიურებში ვხარჯავთ?
ჩემი ბლოგისთვის წინა სტატია იმის შესახებ დავწერე, რომ პოლიტიკური სიტუაცია ჩიხურია: ოპოზიციური პარტიებიც – როგორც „რადიკალები“, ასევე „ზომიერები“ – ჩიხში არიან და ხელისუფლებაც ჩიხშია. მოგვიანებით გამოქვეყნდა ინტერვიუ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილთან, რომელიც შემდეგი სიტყვებით სრულდება: „სიტუაცია არის აბსოლუტურად ჩიხური. რევოლუცია უკვე შეუძლებელია იმიტომ, რომ ნიჰილიზმის ტალღაა, ნდობა არ არსებობს. მაგრამ ვითარების შეცვლა არჩევნების გზითაც შეუძლებელია.“

ბოლო კვირების განმავლობაში – ვიდრე პოლიტიკოსები პასიურობდნენ და არაფერს გვეუბნებოდნენ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება არსებული ჩიხიდან გამოსვლა – ინტერნეტულ სივრცეში გამოქვეყნდა ორი სტატია, რომლებიც ზუსტად ასახავს სამომავლო პროცესების ორ შესაძლო მიმართულებას.

პირველი სტატიას „გამოხედვა წარსულიდან“ ჰქვია. მისი ავტორი ვასილ მაღლაფერიძე საქართველოს ისტორიას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს და აღწერს, რომ, გეოპოლიტიკური ფაქტორიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაზე გავლენის მოპოვებით არაერთი დიდი სახელმწიფო იყო დაინტერესებული: არაბეთი, სპარსეთი, ოსმალეთი, ბიზანტია, რუსეთი... ხოლო საქართველო ზოგჯერ რომელიმე მათგანის პირდაპირი გავლენის ქვეშ ექცეოდა და თვითმყოფადობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგებოდა, ზოგჯერ კი ახერხებდა, რომ საკუთარი ინტერესები სხვადასხვა ქვეყნის ინტერესების დაბალანსებით დაეცვა. ვასილ მაღლაფერიძე წერს, რომ დღეისათვის საქართველოს უარი აქვს ნათქვამი ბალანსის მცდელობაზე და არჩეული ჰყავს ერთი სტრატეგიული პარტნიორი – ამერიკის შეერთებულ შტატები, რომელიც, თავის მხრივ, დაინტერესებულია გავლენის შენარჩუნებით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე. შესაბამისად, სტატიის ავტორის აზრით, ამერიკა საქართველოში ყოველთვის იმ ხელისუფლებას დაუჭერს მხარს, რომელიც პრიორიტეტს აშშ-ის ინტერესებს მიანიჭებს და არ ეცდება სხვადასხვა ქვეყნის ინტერესების დაბალანსებას.

ვასილ მაღლაფერიძე წერს, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება მთლიანად საგარეო ვექტორს ეფუძნება: „ამჟამად საქართველოს ჰყავს ერთმნიშვნელოვნად პროამერიკული პრეზიდენტი, პროამერიკული აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება და ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილიც კი პროამერიკელია. ამერიკისთვის ამაზე ხელსაყრელი პოლიტიკური სპექტრი შეუძლებელია არსებობდეს“.

სტატიაში ისტორიის პოლიტიკური ასპექტების ანალიზის შედეგად გაკეთებულია დასკვნა, რომელიც სამომავლო პროგნოზს მოიცავს: „ამერიკისთვის ბევრად უფრო მისაღებია ის ხელისუფლება, რომელიც „რკინის ხელით“ უზრუნველყოფს პროამერიკული პოლიტიკის გატარებას, ვიდრე ბუნდოვანი პოლიტიკური მომავალი, რომელიც მის ინტერესებს დემოკრატიული პროცედურების ლაბირინთში უპირებს ჩაკარგვას. აქედან გამომდინარე, სანამ ერთპოლუსიანი პოლიტიკა გაგრძელდება, საქართველოს პარლამენტში სახელისუფლო პარტია ყოველთვის შეინარჩუნებს საკონსტიტუციო უმრავლესობას“.

ამ პროგნოზიდან გამომდინარეობს, რომ 2012/13 წლებში საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მთავარი მოთამაშეები უცვლელად შენარჩუნდებიან სწორედ იმის გამო, რომ შესანიშნავად ართმევენ თავს მათ მიერვე დასახულ ზეამოცანას – საკუთარი ძალაუფლების მიბმას ამერიკის სახელმწიფო ინტერესებზე.

სრულიად საპირისპირო დისკურსს ავითარებს დავით ზურაბიშვილი სტატიაში „ფოტოგრაფების საქმე – პრეცედენტი, რომელიც შედგა“. სტატიის ავტორისთვის „ფოტოგრაფების საქმე“ – კონკრეტულად, ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორების პირობითი სასჯელებით გათავისუფლება – იმის დასტურია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უპირობო მხარდაჭერას აღარ უცხადებს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ახირებებს. დავით ზურაბიშვილი წერს: „ამერიკის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ არის ლოიალური, ოღონდ, გარკვეულ ფარგლებში. ამერიკელებს არ ანაღვლებთ, რას უზამს სააკაშვილი იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ასოცირებულები არიან რუსეთის ინტერესებთან. მათ პრინციპში აკმაყოფილებთ საქართველოს ხელისუფლების მკვეთრად ანტირუსული და პროამერიკული კურსი, აკმაყოფილებთ საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა, აშშ ადმინისტრაციის ნებისმიერი სურვილი შეასრულოს, მაგრამ 7 ნოემბრის და 8 აგვისტოს შემდეგ სააკაშვილი ამერიკის სრული და უპირობო მხარდაჭერით ვეღარ სარგებლობს“.

დავით ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის კარტ-ბლანშის მიცემას ამერიკის ადმინისტრაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაწყვეტს, თუ ნაციონალური მოძრაობა ერთადერთი პროამერიკული ძალა აღმოჩნდება საქართველოში. ამიტომ, ოპოზიციამ ამერიკის საელჩოსთან საპროტესტო აქციები კი არ უნდა გამართოს, არამედ, უნდა შექმნას ხელისუფლების საპირწონე პროდასავლური ძალა, რომელიც „ხელისუფლებას დემოკრატიის პრინციპების პოზიციიდან დაუპირისპირდება“. დავით ზურაბიშვილის ინფორმაციით, „ამერიკის ოფიციალური წრეები საკმაოდ არაორაზროვნად მიუთითებენ, რომ 2013 წლის შემდეგ მათთვის მიუღებელია პირადად მიხეილ სააკაშვილის ყოფნა ხელისუფლების სათავეში, გინდ პრეზიდენტის, გინდ პრემიერ-მინისტრის სახით“.

თუ ზემოთ აღწერილ ორ ხედვას შევაჯამებთ, შესაძლებელი იქნება ვისაუბროთ პროცესების განვითარების ორ – ურთიერთგამომრიცხავ – სცენარზე.

1. ნაციონალური მოძრაობა 2012 წლის საპარალამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით იმარჯვებს, მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი ხდება და ამ პროცესს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია.

2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს იგებს არა ნაციონალური მოძრაობა, არამედ სხვა პროდასავლური, პროამერიკული ძალა, რომელიც, ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით, ნამდვილად დემოკრატიასა და ლიბერალურ ღირებულებებზეა ორიენტირებული. ამ პროცესს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, რომლისთვისაც მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის დარჩენა ხელისუფლების სათავეში.

ერთადერთი, რაც ამ ორ – ურთიერთგამომრიცხავ – პროგნოზს აერთიანებს – ამერიკის როლი და გავლენაა. ავტორები ერთხმად აღიარებენ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის ინტერესებს შეუძლია საქართველოში პოლიტიკური პროცესის შეცვლა ან მისი უცვლელად შენარჩუნება.

მსჯელობა იმის შესახებ, დაინტერესებულია თუ არა ამერიკა, რომ საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლება უფრო დემოკრატიული პოლიტიკური ძალებით შეიცვალოს, დიდი ხანია, მიმდინარეობს. ვასილ მაღლაფერიძის მსგავსად ფიქრობს, მაგალითად, გიორგი მარგველაშვილი, რომლის ერთ–ერთი ინტერვიუს სათაურია: „დასავლეთს სააკაშვილისთვის ყურის აწევაზე უარი აქვს ნათქვამი“. მეორე მხრივ, დავით ზურაბიშვილის მსგავსად ფიქრობს, მაგალითად, ზაზა ფირალიშვილი, რომელმაც ოპოზიციური „ექვსეულის“ ჩამოყალიბების შემდეგ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბრძანა: „პირველი რიგის ამოცანაა არა ხელისუფლების შეცვლა, არამედ მისი დამაბალანსებელი სრულფასოვანი ალტერნატივის არსებობა“.

ჩემი პირადი შთაბეჭდილებით, შემიძლია, ვასილ მაღლაფერიძის მსგავსად მოფიქრალთა რიცხვს მივამატო ზაზა შათირიშვილი და სოსო ცისკარიშვილი. დავით ზურაბიშვილის მსგავსად მოფიქრალთა რიცხვში კი მარინე ჩიტაშვილს დავასახელებდი.

ასე რომ, თემა აქტუალური და რთულია. რომელი ხედვა, რომელი პოლიტიკური ანალიზია უფრო ღრმა და სწორი? შესაბამისად, რომელი პროგნოზი გამართლდება? როგორი იქნება ამერიკის ადმინისტრაციის მოლოდინი და ინტერესი მომავალ წლებში – საქართველოში დღეს არსებული ხელისუფლების შენარჩუნება თუ მისი შეცვლა?

ამ შეკითხვებს ძალიან კონკრეტული პასუხი გაეცემა 2012/13 წლებში. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ზღვარს დაუდებს კამათს იმის შესახებ, სარგებლობს თუ არა დღევანდელი ხელისუფლება ამერიკის უპირობო და უსაზღვრო მხარდაჭერით.

საქმე ისაა, რომ საქართველოში ნაციონალურ მოძრაობას არ ჰყავს იმდენი მომხრე, რომ პარტია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით იყოს წარმოდგენილი. საარჩევნო გარემო – მედიის, სასამართლოს, პოლიციის, საჯარო სკოლების როლი არჩევნებში – მთლიანად ერთი პარტიის ინტერესებზეა მორგებული. ეს ინტერესები გამყარებულია როგორც საკანონმდებლო, ისე – ფინანსური და საკადრო რესურსით. ამ ფაქტორების ერთობლიობა ნაციონალური მოძრაობისთვის საჭირო შედეგს უზრუნველყოფდა ყველა არჩევნებში 2004 წლიდან დღემდე და ასე იქნება მომავალშიც. არჩევნების შედეგებს ყოველთვის ადასტურებდნენ და დამატებით ლეგიტიმაციას ანიჭებდნენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები. დისკრიმინაციულ პირობებში მყოფი ოპოზიციური პარტიები კი, მართალია, თავიდან ხელისუფლების შეცვლის პირობას დებდნენ, მაგრამ ბოლოს მარცხს ეგუებოდნენ და ახალ წრეს ისევ ძველებური რიხით იწყებდნენ. თუმცა, მომავალ არჩევნებში სულ სხვა – განსაკუთრებული – რეალობის ათვლა იწყება. 2012 წელი წყალგამყოფია იმ მხრივ, რომ სააკაშვილს პრეზიდენტობის ორი ვადა ეწურება და, არსებული კონსტიტუციის პირობებში, 2013 წელს დაიწყება მისი უვადო მმართველობა, რასაც საფუძველი 2012 წელს არჩეულ პარლამენტში ჩაეყრება. უვადო მმართველობა კი ნიშნავს აბსოლუტურ ძალაუფლებას, მისგან გამომდინარე ყველა კარგად ცნობილი შედეგით.

ამ შედეგების დადგომას რაიმე ძალისხმევა არ სჭირდება. ძალისხმევა სჭირდება მათ თავიდან აცილებას და სწორედ ეს ძალისხმევა უნდა გამოჩნდეს უახლოეს თვეებში – თითოეული იმ „მოთამაშის“ მხრიდან, ვისაც საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურს. ბოლო წლების გამოცდილების გათვალისწინებით, ამერიკის ადმინისტრაციისთვისაც, საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც და, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობისთვის, ცხადზე ცხადია: სანამ უდიდესი ენერგია არ ჩაიდება საარჩევნო გარემოს შესაცვლელად, სანამ მთელი გარემო არ მოერგება პატიოსანი არჩევნების ჩატარების მიზანს, – მანამ არც არჩევნების შედეგები შეიცვლება.

შემოდგომიდან, როგორც კი პოლიტიკური პროცესი გაცოცხლდება, ადვილი მისახვედრი იქნება, რომელი პროგნოზის გამართლებას უნდა ველოდეთ 2012 წლისთვის. თუ დავით ზურაბიშვილის პროგნოზს უწერია გამართლება (ესე იგი, თუ მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერება ამერიკისთვის მიუღებელია), მომავალ ერთ წელიწადს საქართველო უმძიმეს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ბრძოლაში გაატარებს. ეს იქნება ღირსების წელიწადი, როცა საქართველოს მოსახლეობის პროტესტი, პოლიტიკური პარტიების პატიოსანი შრომა და ამერიკის მხარდაჭერა დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელ ცვლილებებს მოიტანს.

ხოლო თუ 2012 წლის შემოდგომამდე დარჩენილ დროს მსუბუქად გადავაგორებთ, პირადად მე ბოლო რჩევა დამრჩება იმედგაცრუებული მოსახლეობისთვის: ძვირფასო მოქალაქეებო, არჩევნების ღამეს, როცა ნაციონალური მოძრაობა მორიგ გამარჯვებას ფოიერვერკებით მოგვილოცავს, გავხსნათ კომპიუტერი, მოვძებნოთ ვასილ მაღლაფერიძის სტატია „გამოხედვა წარსულიდან“ და კიდევ ერთხელ ყურადღებით წავიკითხოთ.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG