Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 14 დეკემბერი. See content from before

პარასკევი, 11 დეკემბერი 2020

სინამდვილეში, აღსრულდა ჩვენი ხალხის საკმაოდ მსუყე ნაწილის დიდი ხნის ქართული ოცნება და 2020 წლის გაყალბებული პარლამენტით საქ სსრ უმაღლესი საბჭო აღდგა, რომელიც 1990 წლის არჩევნებით და დამოუკიდებლობის გამოცხადებით გაუქმდა: როგორც იქნა, რევანში შედგა საძულველ დემოკრატიაზე, რომლის მთავარი მტერიც ერთპარტიულობა იყო.

ახლა პარტიაც ერთია და პარლამენტიც დაკარგულ უმაღლეს საბჭოობას დაუბრუნდა, რადგან რაც არ უნდა თქვან ვერარჩეულთა (მაგრამ ძალაუფლებაშენარჩუნებულთა) ცნობიერმა თუ გაუთვითცნობიერებელმა მხარდამჭერებმა, ამ ხალხს ცვლილებები უკვე 30 წელია სძულს და მაინც და მაინც 2020 წელს არ შესძულებია: მთელი ეს წლები საქ სსრ-ს დაკარგვა სტკიოდათ და აგერ, როგორც იქნა, ერთპარტიული საბჭოს სახით დაიბრუნეს კიდეც.

რადგან - მოდი, თავს ნუღარ მოვიტყუებთ - კარგად რომ ჩაფხიკო ქართული ოცნების მყარი მხარდამჭერის არაცნობიერი (ჩემ მტერს, მაგრამ მაინც), ნურავინ მიწყენს, უმეტესად ლატენტურ, მორიდებულ ან უკვე მოურიდებელ პრო-რუსს მიიღებს: უფრო სწორად, დამოუკიდებლობის ოცდაათი წლით დაბნეულ და გაღიზიანებულ შემჭკნარ რუსეთუმეს - ამ სიტყვის უაღრესად ფართო, ფატალისტურ-ბიოგრაფიულ-ესთეტიკური გაგებით...

ანუ ქვეცნობიერ-ჩაფხეკილი "ქოცი" (არ მიყვარს ეს ნეოლოგიზმი, მაგრამ სხვა გზა არაა), რეალურად არა ამა წლის 31 ოქტომბრიდან, არამედ 1990 წლის 28 ოქტომბრიდან ნაწყენი რუსეთუმეა: მასკვა. კრემლ. ეწი ოტნოშენია.

ამრიგად ამ ნაწყენს მართლა ის კი არ აღელვებს, რომ 2012 წლამდელი სისხლისმსმელები არ მობრუნდნენ ხელისუფლებაში, არამედ როგორმე წინ არ მიერეკებოდეს ვინმე და თუ შესაძლებელია, ისევ იქ მიბრუნდეს, საიდანაც დამოუკიდებლობის ხმამაღალი და შემაწუხებელი გამოცხადებით გამოაგდო თუნდაც მხოლოდ ამ ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა (და ეს ხმამაღალი გამოცხადება რომ შემაწუხებელი იყო, 1991 წლის მიწურულს დადასტურდა).

ერთი სიტყვით, ფუნდამენტურ ქოცს (ღმერთო ჩემო, ისევ ეს საშინელი სიტყვა) არა დემოკრატია, არამედ სწორედ დამოუკიდებლობა აწუხებს, უბრალოდ ზოგს წმინდა ადამიანურად ერიდება ამის აღიარება...

დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტი კი შინაარსს გულისხმობს და არა მხოლოდ ფორმას, თორემ პარლამენტი (თუ რაც ჰქვია) დიდ ცხენოსან ბერდიმუჰამედოვსაც კი ჰყავს თურქმენეთში, და იმან, ვინც შესაძლოა არგუმენტირებულ პრობლემად მიიჩნიოს დღევანდელი პოლიტიკური ოპოზიციისთვის საპარლამენტო ტრიბუნის დაკარგვა, უპირველესად, ალბათ, სწორედ ის უნდა დაინახოს პრობლემად, რომ ჩვენმა დიდმა მეზებრემ მართლაც "ტრიბუნამდე" დაიყვანა პარლამენტარიზმი, რაც ასევე ძველი ოცნებაა: აბა, საქ სსრ-ს უმაღლესი საბჭო ხომ მხოლოდ ისღა იყო, ვინ იჯდა, იდგა ან თვლემდა ტრიბუნასთან, სხვა რა...

პარლამენტში ოპოზიციის არშესვლა პროცესის ნაწილია და არა დასასრული - პროცესის, რომელიც საქ სსრ-ს რევანშისტების მმართველობის ცვლილებით უნდა დასრულდეს, რაც ნამდვილად არ არის ადვილი, მაგრამ რომელი ხელისუფლება შეცვლილა საქ სსრ-დან მოყოლებული დღემდე ადვილად, რომ ამის შეცვლა გამოდგეს მარტივი?!

რეალური პარლამენტი ახლა იქაა, სადაც ცოცხალი პროცესია - ანუ რეანიმირებული საქ სსრ-უმაღლესი საბჭოს კედლებს მიღმა, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით - ქუჩაში.

როგორც ძველი ქართული ანდაზა გვასწავლის, არის რაღაცეები, რასაც ვერ იმასიზამ. ოქროს სიტყვებია. ონლაინ უამრავ რეცეპტს გადააწყდები, რომლის ავტორიც გარწმუნებს - ამას რა უნდა, ამის იმისქნა მარტივი და სასიამოვნო საქმეაო. არადა, სიცრუეა. გაგტანჯავს! თავბედს გაწყევლინებს!

არა, მაგას ვერაფრით დავუშვებ. ხმამაღლა ვიყვირებ - არ ღირს! შეეშვი! თან, გეტყვი თუ რატომაც არ ღირს და, თუ მაინცდამაინც არ ეშვები, სანაცვლოდ რის გაკეთება შეგიძლია.

და ვიდრე ამ ჩემს სიას ცინიკური სახით გადახედავდე (გიცნობ, ვიცი რა ჩიტიც ხარ!) და ჩაიცინებდე - ჰა, ეს ხომ ბევრჯერ გამიკეთებია, რა უნდაო - ძმაკუშ (ან დაკუშ) სათაურს ამიხედე, რა. დამარცვლით წაიკითხე. ხედავ, რა წერია? დამწყები კულინარების სხოდკა გვაქვს. თუ ძაან მაგარი ხარ, მიდი და შენხელებს შეეჯიბრე!

Deep frying (ქართული შესატყვისი, მგონი არც გვაქვს, არა? ფრიტიურში შეწვა? ეგრე ჯობია?)

რატომ არ ღირს: ამერიკელები ხრაშუნის ხამები არიან. (ბრიტნი სპირსის სიმღერა I’m a Slave 4 Khrashoon მაგაზეა). უამრავი რეცეპტი აქვთ ასეთი, რომ, აი, შესაწვავად გაამზადე, ვთქვათ, ქათმის ნაჭრები, ან კარტოფილი ან რამე ეგეთი, მერე ერთი ქვაბი ზეთი აათუხთუხე და ეგ ნაჭრები ცოტა ხნით შიგ აბანავეო. განა რა, ერთი შეხედვით თითქოს რთული არაფერია და, იცოცხლე, მართლა ხრაშუნა გამოდის.

ბრიტნის სახე, როდესაც ხრაშუნის ხმა ესმის
ბრიტნის სახე, როდესაც ხრაშუნის ხმა ესმის

მაგრამ აი, მეორეჯერაც შევხედოთ. ჯერ, მოდი იმით დავიწყოთ, რომ ძალიან ხარჯიანია - უამრავი ზეთი მიდის. მერე, იმით გავაგრძელოთ, უამრავი მდუღარე ზეთი მიდის.

მდუღარე. ზეთი. შხეფები. ტკივილი. ყროლი.

სამზარეულოც, შემოსასვლელში დაკიდებული ტანსაცმელიც და საერთოდ, მთელი კორპუსიც სუნით იჟღინთება.

აი, რისთვის? უაიი? ვარუმ? პურკუა? მუშენი?

ხრაშუნის გამო? არ ღირს ხრაშუნი ამად.

თუ ფიქრობ, რომ სპეციალური ფრიტიურის ყიდვაა გამოსავალი, მეცოდები! უბრალოდ, მეცოდები! 200 ლარი უნდა გადაიხადო ხელსაწყოში, რომელსაც მაქსიმუმ სამჯერ გამოიყენებ. არც კი. ხომ იცი რომ ეგრე იქნება.

თან, გაქვს მაგის დასადგამი ადგილი? ან, დასადგამი იქით იყოს და, შესანახი ადგილი გაქვს? მე შენ გეკითხები, გაქვს სამზარეულოში მაგის ადგილი?

ასევე, გეხვეწები, მითხარი, გამოყენებულ ზეთს რას უზამ? წერენ, თავად ზეთი კი არ ყარს, იქ ჩარჩენილი ნამცეცები და ქათმის ნაწილები უშვებს სუნს და კარგად თუ გაფილტრავ მერე კიდევ რამდენჯერმე შეგიძლია გამოიყენო, ვიდრე კანცეროგენად გადაიქცევაო. ეგ ალბათ ეგრეა, მაგრამ, ახალგაზრდავ, მზად ხარ სამზარეულოში ლიტრობით ზეთი ასხა ერთი ჭურჭლიდან მეორეში? ისე რომ არ დაწუწო? მზად ხარ ზეთის წუწების ასაწმენდად? მე და დავით ქაცარავა გეუბნებით, რომ შენ დღეს ამისთვის მზად არ ხარ!

თან რა? ეგ ხომ მხოლოდ გადაავადებს გარდაუვალ პრობლემას - ადრე თუ გვიან ეგ ზეთი თავიდან მოსაშორებელი იქნება. რაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია (ერთი რჩევაა, რომ გაყინო და როცა გამაგრდება ნაგავში გადააგდო), მაგრამ, აბა ვის უნდა ნახმარი ზეთის ყინვა?

ახალგაზრდავ! ნუ შესწირავ ოქროს წლებს ზვარაკად ქრანჩის კერპს. ეგ საქმე სპეციალისტებს დაუთმე!

ამ ქალს შენი დამწვარი ზეთის სუნი ცხრა კორპუსის დაშორებითაც კი ტანჯავს
ამ ქალს შენი დამწვარი ზეთის სუნი ცხრა კორპუსის დაშორებითაც კი ტანჯავს

აბა, რა ვქნა?: რა და, იმავე რეცეპტს მიჰყევი და ბოლოს, ჩვეულებრივ, მამაპაპურ, ზომიერზეთიან ტაფაზე შეწვი. ფაქტურას დავთმობთ, სამაგიეროდ, თავს და მეზობლებს დავზოგავთ და ბოლოს მაინც გემრიელი იქნება. თუ მაინცდამაინც პიწკინის გარეშე ვერ ძლებ, მაგისთვის შეუქმნიათ „კეიეფსი“ და „მაკდონალდსი“. დაე, იმათ იფიქრონ ზეთის თავიდან უსაფრთხოდ მოშორებაზე.

“ნამდვილი” პესტო

რატომ არ ღირს: უყურებ რეცეპტს და თვალებს არ უჯერებ. ეს რა მარტივი ყოფილა? 5 წუთის საქმეა - ბაზილიკი, ზეითუნის ზეთი, კედრის კაკალი, პარმეზანი და ნიორი ე.წ. კომბაინში ჩაყარე და ბჟჟ ბჟჟ ქენი. მორჩა. სულ ეგაა.

აბა, რატომ არ ღირს?

რატომ და, იცი ბაზილიკი სად იყიდება? არ იცი! ასე ყველგან კი არ იღება. უნდა ეძებო. ისუნსულო. არკვიო. დარქვებზე შესვლა ისწავლო. ბაზარში შენი კაცი უნდა გყავდეს - ბაზილიკის კანალი.

მერე კიდე აღმოჩნდება, რომ დილერს შაშკვლავი შემოუსაღებია. მოიცა, ეგ როგორ? ზუსტად იგივე არაა? მეც ეგრე მეგონა, მაგრამ თურმე ეგ ცხარე კამათის თემა ყოფილა. კომენტებში ხალხი ხოცავს ერთმანეთს - ზოგი ამბობს ზუსტად იგივეაო, სხვები ამტკიცებენ - არა, სულ სხვა არომატი აქვსო. მე, გენაცვალე, მაგაში ვერ გავერევი. ბევრი მაქვს დასაკარგი და მაგ ხალხის მეშინია.

მიდი და არკვიე, ბაზილიკუმია, შაკვლავიკუმი თუ კიდე რამე სხვა
მიდი და არკვიე, ბაზილიკუმია, შაკვლავიკუმი თუ კიდე რამე სხვა

თან, კარგი, ვთქვათ დაჯექი ბაზილიკის კანალზე, კედრის კაკალს რას უშვები? განა არ იშოვება - იცოცხლე, ყრია სუპერმარკეტებში. მტვერი ადევს. იშვიათად თუ ახლებს ხოლმე ვინმე ხელს. რატომ? ფასს დახედე! იცი, რა ღირს? მე გეტყვი, რაც ღირს - 100 გრამი ასე, 25 ლარის მიდამოებში. 25 ლარი, ბილ! დვაცაწპიაწ!

ამას დავამატოთ ძვირიანი პარმეზანიც (კარგი, ვთქვათ პეკორინოთი ჩავანაცვლებთ, რომელიც კი, უფრო იაფია, მაგრამ ათ ლარამდე მაგასაც უნდა) და გამოვა, რომ ერთ ჩაყრა პესტოში ოდოძვირი მივაფშვნიტეთ (შატბერაშვილი ftw!). კი, ალბათ გემრიელი იქნება, მაგრამ აი, ეგეთი გემრიელიც არა.

ამ ჯალალაბადელმა ყაყაჩოები გაჩეხა და კედრის კაკალზე გადაერთო - ოპიუმზე ძვირად იყიდებაო.
ამ ჯალალაბადელმა ყაყაჩოები გაჩეხა და კედრის კაკალზე გადაერთო - ოპიუმზე ძვირად იყიდებაო.

აბა, რა ვქნა?: „ნამდვილი“ ბრჭყალებში შემთხვევით არ გვიწერია. ბაზილიკიანი და კედრის კაკლიანი არის ტრადიციული პესტო, „ალა ჯენოვეზე“. თუმცა, პესტოს სხვა რეცეპტებიც არსებობს. შაშკვლავს ქინძითაც ანაცვლებენ და ისპანახითაც. კედრის ძვირიანი კაკლის ნაცლად ასევე ძვირიან, მაგრამ უფრო გონივრულფასიან ნიგოზს და ნუშს იყენებენ. ეგ ვარიანტებიც ზუსტად ისეთივე მარტივია და თან ბევრად იაფი გამოდის. თუმცა, ცხადია, „ის“ კონკრეტული გემო არ ექნება. თუ ტრადიციული პესტო გინდა, რავი, 25 ლარად წესით ფოე-ფოე მაღაზიაში გენუელი გლეხების დაკოჟრილი ხელით დამზადებულ პრემიუმ ქილაც კი მოგივა. ან, რავი, ნორმალური პესტოები 7-10 ლარად დევს ჩვეულებრივი მარკეტების დახლებზეც.

ფენოვანი ცომი

რატომ არ ღირს: ერთი ქართული კულინარიული საიტი გვაუწყებს: „ფენოვანი ცომის სახლში მომზადება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენსო“. მართლაც, ეგზოტიკური ინგრედიენტები ამას არ ჭირდება - მხოლოდ ფქვილი, მარილი, კარაქი და წყალი უნდა. მაგრამ, აი მეორე ქართული საიტი რას წერს: „ამ ცომის საიდუმლო არის ცომის და ინსტრუმენტების მუდმივი გაციება. ყოველი გაბრტყელების შემდეგ ცომი უნდა შევინახოთ მაცივარში 30 წუთითო.“

მოკლედ, სუპერსაჩალიჩო ამბავია. ფენოვანი ცომის მთელი მუღამია, რომ კარაქის თხელი ფენები ცომის თხელ ფენებს შუა მოექცეს რათა მერე, ამ ცომს რომ ღუმელში შედებ, აფუვდეს და გაიფურჩქნოს.

ფენოვანი ცომი ინგლისურად ითარგმნება, როგორც puff pastry dough. შესაბამისად, ამ კაცის სახელი ქართულად "ფენოვანი მამიკო" იქნება. სასაცილოა? არა! მაინც ვიცინი თუ არა? 5 წუთია, ვერ ვჩერდები!
ფენოვანი ცომი ინგლისურად ითარგმნება, როგორც puff pastry dough. შესაბამისად, ამ კაცის სახელი ქართულად "ფენოვანი მამიკო" იქნება. სასაცილოა? არა! მაინც ვიცინი თუ არა? 5 წუთია, ვერ ვჩერდები!

საჩალიჩო ნაწილი კი ისაა, რომ ცომთან ლაციცისას ცხიმი ძალიან არ უნდა დარბილდეს (თორემ შეიწოვს და არ ივარგებს) და არც ძალიან ცივი უნდა იყოს (კარაქი ზედმეტად მაგარი თუ იქნა თხელ ცომს გახევს). ამიტომ, როგორც ზემოთ ეწერა, წაჯე-უკუჯექის შოუ უნდა ჩაატარო - შედო მაცივარში, დრო დაინიშნო, მერე გამოიღო, ყურადღება მიაქციო... განა რა, შეუძლებელი არ არის, მაგრამ ზედმეტ ჩართულობას კი მოითხოვს.

ფენების რაოდენობას რაც შეეხება, აი, მოდი ინგლისურენოვანი "ვიკიპედიიდან" მოვიყვან ციტატას: "The number of layers in puff pastry is calculated with the formula: l=(f + 1)^n". ქართულად არ გითარგმნით, იმიტომ, რომ შინაარსს აი, რა მნიშნველობა აქვს? ხომ ხედავთ, ფორმულა წერია. ფორმულა! ზემოთ აშვერილი ისრით!

თან, მთავარი კი ისაა, რომ ამდენი წვალების შემდეგ მიიღებ ფენოვან ცომს, რომელსაც აი, თავს დავდებ, ვერ განასხვავებ მაღაზიაში ნაყიდისგან.

აბა, რა ვქნა?: გაყინული ფენოვანი ცომის კილოიანი შეკვრა ღირს ასე, 5 ლარი. არ ჯობია, იყიდო და მერე ის გამოთავისუფლებული დრო ან ამ ცომის შიგთავსის მომზადებას დაუთმო, ან, რავი, სერიალი ნახო ან წიგნი წაიკითხო ან რამე?

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG