Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცენტები მაიკ პომპეოს ვიზიტიდან - რა არ უნდა გამოგრჩეს 19 ნოემბერს


პომპეო წავიდა - არჩევნების ბოიკოტი რჩება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველო ისე დატოვა, რომ არ შეხვედრია ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებენ. გუშინ მაღალი რანგის სტუმრის თბილისში ვიზიტის დროს მოულოდნელად გადაწყდა, რომ ოპოზიციას მაიკ პომპეოს თანაშემწე, სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპასთან და ევრაზიასთან ურთიერთობის ბიუროს ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ რიკერი შეხვდებოდა.

მანამდე, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პატრიარქის გარდა, მაიკ პომპეო სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით სასაუბროდ შეხვდა არასამთავრობო სექტორს. სახელმწიფო დეპარტამენტი სასამართლოს მიმართ უნდობლობას პრობლემად განიხილავს არჩევნების შედეგების საზოგადოების მიერ აღიარების ჭრილშიც.

18 ნოემბერს ოპოზიციისა და ფილიპ რიკერის შეხვედრაც შედგა. სამსაათიანი საუბრის შემდეგ გამოსულმა ოპოზიციამ თქვა, რომ ბოიკოტი გრძელდება.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

18 ნოემბერს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას კიდევ 3443 ახალი შემთხვევა დაემატა. მესამედი ისევ თბილისში გამოვლინდა. გუშინ დილის მონაცემებით გარდაცვლილთა რაოდენობა 37 იყო.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 086. ქვეყანაში 836 მძიმე პაციენტია, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - 371.

გუშინ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად შეხვდა კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ჰოსპიტლების გადატვირთულობის გამო კლინიკური მართვის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები და მათი მოგვარების გზები. საავადმყოფოების გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად კლინიკური ჯგუფი მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაციის საკითხს განიხილავს.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ნიკოლ ფაშინიანი უარს ამბობს გადადგომაზე და ცვლილებების პირობას დებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ აპირებს გადადგომას და პირობას დებს, რომ იშრომებს იმისათვის, რათა გადაილახოს კრიზისული სიტუაცია.

ოპოზიციის მხრიდან მისი გადადგომის მოწოდებისა და ანტისამთავრობო აქციების მიუხედავად, ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში მასშტაბურ რეფორმებს დაიწყებს, რომელზეც 2021 წლის ივნისში წარუდგენს მოსახლეობას ანგარიშს.

რადიო თავისუფლების სომხურის სამსახურის ცნობით, პრიორიტეტულ ამოცანებს შორის ფაშინიანმა დაასახელა მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესის განახლება და ყარაბაღის სტატუსზე მსჯელობა ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნება, ბოლო შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული სამხედრო და სამოქალაქო პირების ოჯახების სოციალური უზრუნველყოფა და ომის შედეგად დაზიანებული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ამერიკელ მეცნიერთა თანახმად, COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტმა შეიძლება წლები გასტანოს

კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი შესაძლოა წლების განმავლობაში შენარჩუნდეს. ამ დასკვნამდე მივიდა ახალი გამოკვლევა, რომლის შედეგებზე New York Times-ი წერს.

ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნიათ დაავადებასთან ბრძოლის ამ ეტაპზე, როცა მსოფლიო ელოდება ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოჩენას.

როგორც კალიფორნიის ქალაქ ლა ხოლიაში მდებარე იმუნოლოგიის ინსტიტუტში დაადგინეს, COVID-19-ით დაავადებიდან რვა თვის შემდეგაც ორგანიზმის უჯრედები საკმარისად იმუნურია, რათა გაუმკლავდეს ხელახალ ინფიცირებას.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

უფრო ღრმა კრიზისის მოლოდინში

საქართველოს პარლამენტარიზმის 30-წლიან ისტორიაში შესაძლოა პირველად მივიღოთ ერთპარტიული პარლამენტი. თუ ბარიერგადალახული რვა ოპოზიციური პარტიიდან არცერთი არ შეიცვლის პოზიციას, მეათე მოწვევის პარლამენტი წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ერთი, მმართველი პარტიის წევრი დეპუტატებით, რაც აქამდე არ ყოფილა.

1990 წლის 28 ოქტომბერსაც კი, საბჭოთა ხელისუფლების მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი მხოლოდ ორიოდე პარტიამ განაცხადა, ერთპარტიული არც 2008 წლის 21 მაისს არჩეული პარლამენტი გამოვიდა. მართალია, მაშინ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა გაერთიანებულმა ოპოზიციამ, მაგრამ, ცალკეული წევრებისა და სხვა ოპოზიციური პარტიების განსხვავებული პოზიციის გამო, მუქარის სისრულეში მოყვანა ვერ მოხერხდა.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მიღებული პარლამენტი, ე.წ. ნულოვანი ბარიერის გამო, წესით, ერთ-ერთი ყველაზე მრავალპარტიული უნდა ყოფილიყო, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ, შესაძლოა, მივიღოთ პირველი ერთპარტიული პარლამენტი.

რა შეიძლება მოხდეს, როცა პარლამენტში ერთი პარტია შედის? წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

18 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით მდუმარე საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მთავარი ლოზუნგი იყო „გაყალბებულია“.

საპროტესტო ჯაჭვი-აქცია სპეციალურად დაამთხვიეს საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს.

მოქალაქეებს, რომლებიც ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე, რამდენიმე ასეულ მეტრზე ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შექმნილი, ხელში ეჭირათ ცესკოს ოქმების ანალოგი სტიკერები წარწერით „გაყალბებულია" და საქართველოსა და აშშ-ს დროშები. ისინი იდგნენ საგანგებოდ დაკრულ სტიკერებზე - ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმირ პუტინის გამოსახულებით.

XS
SM
MD
LG