Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეთანხმება ვერ მოხდა. მოლაპარაკებები გრძელდება - რა არ უნდა გამოგრჩეს 18 მარტს


განცხადებები „ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ

ოპოზიცია და ხელისუფლება ისევ ვერ შეთანხმდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით, „ქართული ოცნების" და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა დასრულდა უშედეგოდ, თუმცა მომდევნო დღის იმედით.

მიუხედავად ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ შეთანხმების ტექსტი უკვე იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს ყველა საკითხზე. თუმცა მან გუშინაც გაიმეორა, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას მმართველი გუნდი ისევ უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

მოლაპარაკებების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემაც აღნიშნა, რომ „პროცესი სწორი მიმართულებით წავიდა". „მთავარია, ოპოზიციამ საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისთვის, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები“, - დაამატა მან.

რაზე მიმდინარეობდა დისკუსია დახურულ კარს მიღმა? ევროკავშირში რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, დღის წესრიგში დგას ერთგვარი ამნისტიის კანონის მიღებისა და არჩევნებამდე მისასვლელი გზის გამონახვის საკითხები.

მოლაპარაკებების დეტალებს მხარეები მოზომილად უყვებიან მედიას, თუმცა ოპოზიციამ გუშინ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მათ პრიორიტეტებს: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა, რომელიც ამ მოლაპარაკებებს პარტიის სახელით ესწრება, ისიც კი აღნიშნა, რომ თუ ეს ორი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ოპოზიცია „გარდამავალ პარლამენტში შევა“.

შეხვედრა კი იმით დაიწყო, რომ მოლაპარაკებები პროტესტის ნიშნად დატოვა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. მისი თქმით „პოლიტპატიმრებისა" და რიგგარეშე არჩევნების თემა პირველ საკითხად არ განიხილებოდა.

მოგვიანებით „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ კომენტარი გააკეთა ამ ფაქტზე და თქვა, რომ შალვა ნათელაშვილი შეხვედრაზე უნდა დარჩენილიყო, რათა მას „სრული სურათი ჰქონოდა“ მოლაპარაკებებზე.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

„ბოლოდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში აღელვებს NATO-ს“ - იენს სტოლტენბერგი

საქართველოში შექმნილი ბოლოდროინდელი მდგომარეობა აღელვებს NATO-ს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრო, ჩვენი ახლო პარტნიორობა ასევე გულისხმობს იმას, რომ რთული დისკუსიებისგან თავს არ ვიკავებთ. ბოლოდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში აღელვებს ნატოს და მოელის, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს მიემხრობა, როგორც წინა წლებში ხდებოდა. ეს გულისხმობს პოლიტიკური განსხვავებების გადაჭრას დიალოგის გზითა და დამყოფი რიტორიკისა და ქმედებებისგან თავის შეკავებას. ნატო მხარს უჭერს მედიაციის პროცესს, რომელსაც ხელმძღვანელობს ევროკავშირი. ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ, რომ იმუშაოთ ოპოზიციასთან იმისთვის, რომ იპოვოთ საერთო ენა და საერთო გამოსავალი“, - თქვა სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი გამოეხმაურა. ფეისბუკზე მან დაწერა, რომ საქართველოს არ აქვს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო.

„რაც შეიძლება სწრაფად უნდა შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაცია, ოპოზიციური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში, რათა მან ნორმალურად ფუნქციონირება შეძლოს და ყველა პარტიამ ერთად უნდა შეათანხმოს პოლიტიკური პროცესის წინ წაწევის გზა“, - წერს ჯეიმს აპატურაი.

წაიკითხე მეტი.

COVID-ვაქცინის პირველი დანაკარგები - რას ვაკეთებთ, რომ ვაქცინა არ გავაფუჭოთ?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 15 მარტს, ანუ, ვაქცინაციის პირველ დღეს ვაქცინის 3 დოზა დაიკარგა. ეს დანაკარგი ასე ახსნა ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ:

„ვაქცინა შემოსულია 10-დოზიან ფლაკონებში. იმისათვის, რომ დანაკარგი გვქონდეს მინიმუმი, როდესაც ფლაკონი გაიხსნება, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ რიგში გვყავდეს 10 ასაცრელი ადამიანი. აი, გუშინ, დღის ბოლოს, როცა ამცრელთა რიგში აღარ იყო 10 ადამიანი და იყო 7, სამი დოზა კი გამოუყენებელი რჩებოდა, შემოდიოდა ზარები დაავადებათა კონტროლის ცენტრში და აქედან ჩვენები, საღამოს მიდიოდნენ და იცრებოდნენ. გუშინ, მთელი დღე ჩვენ დავამთავრეთ სამი დანაკარგით. ორი გვქონდა რეგიონში. ერთ შემთხვევაში, შპრიცი, რომელშიც უკვე ამოღებული ვაქცინა იყო, ძირს დავარდა“.

მაშინ, როდესაც მსოფლიო ვაქცინის დეფიციტს ებრძვის, ვაქცინაცია საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს, და ვაქცინის თითოეული დაკარგული დოზა კიდევ უფრო ანელებს ამ ტემპს, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესში, ზედმიწევნით იყოს გაწერილი ის რისკები და ალტერნატიული გზები, რაც ქვეყანას დოზების დანაკარგს აარიდებს თავიდან.

რა გზებით შეიძლება დანაკარგის თავიდან აცილება? წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრება. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფეისბუკ-პოსტი გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი აცრისკენ მოუწოდებს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მყოფ ყველა პირს.

საქართველოში აცრა 15 მარტიდან დაიწყო. ამ ეტაპზე ქვეყანაში AstraZeneca-ს 43 ათასი ვაქცინაა შემოსული. ეს ორეტაპიანი აცრის მხოლოდ პირველ ეტაპზე სამყოფი დოზაა. ამ ეტაპზე აცრა ნებაყოფლობითია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის.

აპრილის თვეში ქვეყანა ელოდება ამავე დასახელების ვაქცინის კიდევ 86 000 დოზას. მანამდე, 22 მარტიდან კი, Pfizer-ის ვაქცინები უნდა შემოვიდეს საქართველოში.

გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

შსს-ს ცნობით, პოლიტიკოსი გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე - 1979 წელს დაბადებულ ა.დ.- ზე ფიზიკურად იძალადა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პოლიტიკოსის მხრიდან ძალადობაზე ჰყვება ქალი, რომელმაც პოლიციას მიმართა. ასმათ დვალიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გოგი წულაია არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მასზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მცდელობა ჰქონდა.

წულაიას ადვოკატი, ვლადიმერ გელბახიანი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას უარყოფს.

„ძალადობას ბატონი გოგი წულაია უარყოფს, მით უმეტეს, სექსუალური გამორიცხულია. ადამიანს აქვს 6 თვის წინ გაკეთებული უმძიმესი შუნტირების ოპერაცია. ტკივილები აქვს საერთოდ პოტენციურ უნარებთან დაკავშირებით. ეგ ექსპერტიზითაც დადასტურდება. ეგ არის გამორიცხული და გამოგონილი, ასევ ვთქვათ, ბრალდება“, - თქვა ადვოკატმა.

წაიკითხე მეტი.

აშშ-მა გააფართოვა სკრიპალებისა და ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები

აშშ-მა გააფართოვა რუსეთის მიმართ სანქციები, რომლებიც ადრე შემოიღო სერგეი და იულია სკრიპალების სოლსბერიში და ალექსეი ნავალნის ტომსკში მოწამვლის გამო. ამის შესახებ აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო იტყობინება.

განცხადების თანახმად, 18 მარტს აშშ წყვეტს რუსეთში ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტსა და რეექსპორტზე აკრძალვებში მოქმედ გამონაკლისებს. საქმე ეხება თავდაცვითი და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდებაზე აკრძალვებს.

ყველაზე სერიოზული პრობლემები შეექმნება რუსეთის საავიაციო და კოსმოსურ დარგებს: ამერიკული ექსპორტი მათთვის უკვე 2021 წლის 1 სექტემბრიდან შეწყდება, ნათქვამია აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.

ამავე დროს, ინსტრუქცია აშშ-ის ხელმძღვანელობას უტოვებს გამონაკლისების გაკეთების უფლებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თუკი ის მიიჩნევს, რომ ამა თუ იმ საექსპორტო გარიგების დამტკიცება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს შეესაბამება.

მამაო, ავიცრა? ექიმო, ვილოცო?

ღმერთი იმდენად ბოროტი როდია, რომ ყველაფერი ასე გაართულოსო, თქვა ასი წლის წინ ალბერტ აინშტაინმა, როცა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა ფარდობითობის ზოგადი თეორიის შექმნაზე.

ღმერთმა, როგორც ჩანს, გადაუჭრელი სირთულის პრობლემა არც ვირუსებით შეგვიქმნა. მეცნიერებმა მალევე გამოიგონეს ვაქცინა, რომლის დახმარებითაც კაცობრიობამ თავი უნდა დააღწიოს პანდემიას, მაგრამ, იმავე მეცნიერების ენით რომ ვთქვათ, ვაქცინის დამზადება პანდემიის დამარცხების მხოლოდ აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. ვაქცინამ რომ ეფექტიანად იმოქმედოს, ის ორგანიზმში უნდა შეიყვანოს კაცობრიობის დიდმა ნაწილმა, დაახლოებით 70%-მა მაინც.

2021 წლის 25 იანვარს NDI-ის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 41% აპირებდა კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებას. რამდენიმე თვით ადრე გამოკითხული რესპონდენტების 53% კი საერთოდაც დარწმუნებული იყო, რომ მისი რელიგიის მიმდევრებს, covid-19-ით დაინფიცირებისგან, რწმენა იცავდა.

წაიკითხე ჯიმშერ რეხვიაშვილის ბლოგი.

XS
SM
MD
LG