Accessibility links

site logo site logo

კიბერთავდასხმა ლუგარის ლაბორატორიაზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 4 სექტემბერს


შსს: ლუგარის ლაბორატორიის ბაზებიდან ინფორმაციის მოსაპოვებლად კიბერთავდასხმა განხორციელდა

გუშინ ცნობილი გახდა ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებზე კიბერთავდასხმის შესახებ. შეტევის ობიექტი გახდა რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიაც. შსს-ს ინფორმაციით, ჰაკერებმა წაიღეს დოკუმენტები და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ის გაყალბებული სახით გაავრცელეს ინტერნეტში. უწყების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სისტემაზე კიბერთავდასხმა ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ განხორციელდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ლუგარის ლაბორატორიის ყველა ინფორმაცია გამჭვირვალეა და ნაკლებსავარაუდოა, თავდასხმის მიზეზი ინფორმაციის მოპარვა ყოფილიყო.

რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია არაერთხელ გამხდარა რუსული დეზინფორმაციის სამიზნე, როგორც მედიაში, ასევე მოსკოვის ოფიციალურ განცხადებებში. ახლაც, კიბერთავდასხმას დაემთხვა რუსი დეპუტატის იური შვიტკინის კომენტარი, რომელიც მან გააკეთა ალექსეი ნავალნის სისხლში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტის აღმოჩენის შესახებ. შვიტკინმა „რია ნოვოსტის“ 2 სექტემბერს უთხრა, რომ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის მომწამლავ ნივთიერებას რუსეთი არ აწარმოებს, მისი თქმით, მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს.

წაიკითხე მეტი.

ადვოკატი: ექსპერტიზა მედიკამენტურ ინტოქსიკაციას ასახელებს ბაჩალიაშვილის სიკვდილის გამომწვევ მიზეზად

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი გარდაცვლილის ოჯახთან ერთად გაეცნო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მოამზადა. ადვოკატის თქმით, ექსპერტიზის დასკვნაში სიკვდილის მიზეზად მედიკამენტებით გამოწვეული ინტოქსიკაცია სახელდება, რაც ამყარებს გამოძიების ვერსიას თვითმკვლელობის შედეგად. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნაში იგივე ოთხი მედიკამენტია დასახელებული, რაც წინასწარი დასკვნის მიხედვით აღმოჩნდა თამარის სხეულში: საძილე, მაღალი წნევის და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები.

ოჯახს და ადვოკატს თვითმკვლელობის ვერსია სარწმუნოდ არ მიაჩნია და კვლავ ითხოვენ სატელიტური ანტენებიდან მიღებულ ჩანაწერებს იმ ადგილიდან, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი და ავტომობილი იპოვეს.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

შაქარაშვილის საქმეზე ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის ერთი პირი დააკავეს

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

პროკურორ ამირან გულუაშვილის თქმით, საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგინდა, რომ ვ.ა. „საკუთარი თავის წარმოჩენისათვის“, მედიასაშუალებას მოუყვა მის მიერ გამოგონილი ამბავს.

თითქოსდა მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად სეირნობისას, შეესწრო ოთხი უცნობი პირის საუბარს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმესთან. მისი თქმით, თითქოსდა, საუბრისას ნახსენები იყო, შაქარაშვილის და საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი პირის გვარი. ასევე, თითქოს, საუბარი იყო გაურკვეველი ნივთის გადაგდებაზე“, - აცხადებს პროკურატურა.

პროკურორის თქმით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ვ.ა. იმ დროს და იმ ადგილას საერთოდ არ ყოფილა, სადაც, მისი თქმით, საუბარს შეესწრო.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

სიახლეები კორონავირუსის გავრცელების შესახებ

დღეს ცნობილი გახდება ინფორმაცია კორონავირუსის ახალი შემთხვევების შესახებ.

3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადასტურებული შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია, 4-ის წყარო კი უცნობია და მიმდინარეობს ეპიდკვლევა მისი მოძიებისა და კონტაქტების დადგენის მიზნით.

რაც შეეხება დანარჩენებს, მათგან, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 8 პაციენტი დადასტურებულ პირთან კონტაქტებია, 7 კი შემოტანილი შემთხვევაა და მათ შორის 4 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

ამ დროისათვის საქართველოს კოვიდცენტრებში ვირუსის დადასტურებული შემთხვევით სულ 262 პაციენტი მკურნალობს, მათგან 3 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, 16 მძიმე, უმრავლესობა კი საშუალო სიმძიმის.

დღეიდან საჯარო სკოლების მონიტორინგი იწყება

საჯარო სკოლები 15 სექტემბერს განაახლებენ მუშაობას. პანდემიის გამო სკოლებს პაუზა 6 თვე გაუგრძელდა. უსაფრთხოების წესების შესრულების გასაკონტროლებლად დღეიდან საჯარო სკოლების მონიტორინგი იწყება.

15 სექტემბრიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განსხვავებული წესებით დაიწყება. კორონავირუსის პრევენციისთვის წესდება სანიტარიული ნორმები და სკოლაში გადაადგილების წესები.

წაიკითხე მეტი.

ევროკავშირი გადაჭრით გმობს ალექსეი ნავალნის მოწამვლას და რუსეთს მოუწოდებს დანაშაულის გამოძიებისკენ

ევროკავშირი გადაჭრით გმობს ალექსეი ნავალნიზე რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმას „ნოვიჩოკის“ ჯგუფში შემავალი ანალოგიური ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური აგენტით, რომელიც სერგეი და იულია სკრიპელებზე, სოლსბერიში მომხდარი თავდასხმის დროს იქნა გამოყენებული, 2018 წლის 4 მარტს, - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების უმაღლესი წარმომადგენლის სპიკერის, პიტერ სტანოს, მიერ ევროკავშირის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

ალექსეი ნავალნიმ, რომელიც 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში გონი დაკარგა. კომაში მყოფი რუსი პოლიტიკოსი 22 აგვისტოს გადაიყვანეს ბერლინის კლინიკა „შარიტეში“, სადაც კვლევების შედეგად საწამლავის კვალი აღმოჩნდა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

აშშ აცხადებს, რომ არ შეუერთდება გლობალურ პროექტს COVID-19-ის ვაქცინის თაობაზე

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს COVID-19-თან დაკავშირებულ საერთაშორისო ძალისხმევაში, რადგან არ სურს, შეზღუდული იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მხრიდან.

დამოუკიდებლად მოქმედების გადაწყვეტილება მოჰყვა ივლისის დასაწყისში თეთრი სახლის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გაყვანის პროცესის დაწყებას. ტრამპი აცხადებს, რომ WHO-ს რეფორმირება ესაჭიროება და რომ ის ჩინეთის ძლიერი გავლენის ქვეშაა.

ზოგიერთი ქვეყანა დამოუკიდებლად ზრუნავს ვაქცინის საკმარისი მარაგის უზრუნველყოფაზე, მაგრამ სხვები ერთობლივად ცდილობენ წარმატება მოიპოვონ ამ მიმართულებით მუშაობაში. 170-ზე მეტი ქვეყანა ქმნის COVID-19-ის ვაქცინაზე წვდომის გლობალურ ფონდს - COVAX-ს.

წაიკითხე მეტი.

რა მიზანი აქვს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას საქართველოში

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეამ“ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ საქართველოში „სრულმასშტაბიანი იდეოლოგიური ოპერაციის“ მიმდინარეობაზე. კვლევაში ჩინეთის ტაქტიკა რუსულ რბილ ძალასთანაა შედარებული. კვლევის თანახმად, პეკინის ტაქტიკა მოსკოვისგან განსხვავდება და ის სამი ძირითადი ფაზისგან შედგება:

  • პირველი ფაზა - სასურველ სახელმწიფოში ჩინეთი იძლევა ბიზნესდაპირებებს, აბამს ბიზნესკავშირებს და დებს ფულს.
  • მეორე ფაზა - ფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმები, ყალიბდება ბიზნესსაბჭოები, მეგობრობის ჯგუფები, საპარლამენტო თანამშრომლობისა თუ სხვა სახის ოფიციალური ფორმატები.
  • მესამე ფაზა - მასპინძელი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბიზნესი და პოლიტიკური ინსტიტუტები იზიარებენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის იდეოლოგიას და ექცევიან მისი ზეგავლენის ქვეშ.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველო უკვე შესულია ყველაზე პრობლემურ - მესამე ფაზაში.

წაიკითხე მეტი.

გადარჩენის როგორი შანსი აქვს რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის? გერმანიის მთავრობის თანახმად, ის მოკვლის მიზნით მოწამლეს სამხედრო კლასის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით. შხამების ცენტრებისა და კლინიკური ტოქსიკოლოგიის ევროპის ასოციაციის მკვლევარი, ისმაილ ეფენდიევი ამბობს, რომ სასიკვდილო შეიძლება იყოს წვიმის წვეთზე 30-ჯერ მცირე დოზა. გერმანელი ექიმები ინფორმაციას მკურნალობის შესახებ, ალბათ, მიიღებენ ბრიტანელი კოლეგებისგან, რომლებსაც „ნოვიჩოკით“ სოლსბერიში მოწამლულის მკურნალობის გამოცდილება აქვთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG