Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ პარტიული სია ცნობილია - რა არ უნდა გამოგრჩეს 11 სექტემბერს


ვინ არიან „ქართული ოცნების“ სიის სათავეში?

მმართველმა პარტიამ გუშინ საღამოს პარტიული სიის ოცი კანდიდატი წარადგინა. პირველი ნომერი მოქმედი პრემიერი გიორგი გახარიაა. მას მოსდევს მეორე ნომრად პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარტიის აღამასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე.

„ქართული ოცნების“ ძველ და ახალ სახეებთან ერთად ოცეულში მოხვდნენ სპორტსმენები - კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და მორაგბე დავით კაჭარავა.

სიის პრეზენტაციამდე სიტყვით გამოვიდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მან ოცეული დაახასიათა, როგორც სირთულეებთან გამკლავების შემძლე, მოტივირებულ პროფესიონალთა გუნდი.

მიუხედავად იმისა, რომ მედიით გავრცელებულ პროგნოზებში ოცეულში თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც სახელდებოდა, ის გუშინ გამოცხადებულ სიაში არ აღმოჩნდა.

საარჩევნო სია სრულად ნახე აქ.

უკვე ოფიციალურად - ბორჯღალოსნები „რვა ერში“ ითამაშებენ

საქართველოს სარაგბო ნაკრები ნოემბერ-დეკემბერში გასამართ „რვა ერის“ თასზე ითამაშებს. ინფორმაცია, რომლის შესახებაც ბრიტანეთის სპორტულმა გამოცემებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს, გუშინ საღამოს საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა.

„სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას – დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს, ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში, სადაც პატივი ექნება ეთამაშოს მსოფლიო რაგბის ისეთ გრანდებს, როგორებიცაა ინგლისი, ირლანდია, უელსი და სხვები”, - წერია რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რამდენით მოიმატებს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა?

დღეს კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა გახდება ცნობილი საიტზე stopcov.ge. ბოლო დღეებია, რაოდენობა ახალ რეკორდულ ნიშნულს აღწევს დღიურად გამოვლენილ შემთხვევებზე. მაგალითად, ბოლოს, 10 სექტემბერს, 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

წითელი ზონა ისევ ბათუმია, თუმცა ოცზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ქუთაისშიც. ისინი ყველა #32-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები არიან. ამის გამო ქუთაისში ხვალიდან სპეციალურ კარავში დაიწყება მოსახლეობის ტესტირება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით ისეთი მკაცრი შეზღუდვები, როგორც გაზაფხულზე იყო, არ დაწესდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა ლოკალური, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდეს.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

საქართველო ღიაა უცხოური ინვესტიციებისთვის - პოზიტიური და კრიტიკული აქცენტები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2020 წლის ანგარიში საქართველოში საინვესტიციო გარემოს შესახებ.

ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ საქართველოში „მთლიანობაში, ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის პირობები კარგია“, მაგრამ მათთვის ცნობილია, რომ „ზოგიერთი კომპანია გამოხატავს ნდობის მზარდ ნაკლებობას სასამართლოს სექტორის უნარის მიმართ, კომერციულ დავებში გადაწყვეტილება მიიღოს დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად“.

დოკუმენტი მკითხველებს ამცნობს, რომ ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში შედარებით სწრაფად და მოქნილად ხდება და საქართველო მეორე ადგილზეა საკუთრების რეგისტრაციის მხრივ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც 2020 წელს შეაფასა მსოფლიო ბანკმა ბიზნესის წარმართვის მხრივ.

წაიკითხე მეტი.

ვრცელდება განსხვავებული ცნობები ალექსეი ნავალნის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ

გერმანული გამოცემა „შპიგელის“ თანახმად, კლინიკა „შარიტეში“ მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდა და პაციენტს დაუბრუნდა მეტყველების უნარი.

„შპიგელმა და ბელინგკატმა დაადგინეს, რომ ნავალნის კვლავ შეუძლია ლაპარაკი და, სავარაუდოდ, შეუძლია გაიხსენოს თავისი კოლაფსის დეტალები. მისი განცხადებები სახიფათო იქნება იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ამ თავდასხმის უკან დგანან“, - წერს „შპიგელი“ თავის პარტნიორ, საგამოძიებო ვებსაიტზე დაყრდნობით.

ალექსეი ნავალნის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესების შესახებ ცნობებს არ ენდობა მისი პრესმდივანი, კირა იარმიში, რომელმაც „შპიგელში“ გამოქვეყნებულ ცნობას „ერთობ გადაჭარბებული“ უწოდა.

წაიკითხე მეტი.

როგორ ხვდება ჯანდაცვის სისტემა COVID-19-ის მეორე ტალღას? - რიცხვები, მონაცემები

არის თუ არა ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა, ამის თაობაზე ხელისუფლება და ექიმების ნაწილი ჯერ ვერ შეთანხმებულა. მაგალითად, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში COVID-19-ის მეორე ტალღა წამოვიდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია კი თვლის, რომ მეორე ტალღა ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში გვექნება, მაშინ, როდესაც სეზონური გრიპიც გააქტიურდება.

10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველომ მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა და ნარინჯისფერ ზონაში გადაინაცვლა, თუმცა, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. 10 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში 100 ათას მოსახლეზე 10,2 ინფიცირებული მოდის, რაც ამ ცვლილების მიზეზი გახდა.

როგორია ამ დროისთვის ქვეყნის მზადყოფნა პანდემიის პირისპირ, გვყოფნის თუ არა საავადმყოფოს საწოლები, ტესტები და საკარანტინო სივრცეები, წაიკითხე ყველა დეტალი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

44 წლის ჰენაძ შუტაუ, სატვირთო მანქანის ბელარუსი მძღოლი, საავადმყოფოში გარდაიცვალა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით მას მერე, რაც უშიშროების ძალებმა ესროლეს. ეს მოხდა ქვეყნის დასავლეთში მდებარე ქალაქ ბრესტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG