Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 12 მაისი. See content from before

ორშაბათი, 9 მაისი 2011

„იუტუბით“ გავრცელებულ კადრებზე აშკარად ჩანს, რომ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი სახეში ხელს ურტყამს დაცვის პოლიციის თანამშრომელს, რომელიც მის დაშოშმინებას ცდილობს. იმ დღეს, 7 მაისს, ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეების, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდისა და „სოხუმის“ შეხვედრის ბოლოს, თბილისის სპორტის სასახლეში, სხვა უსიამოვნო, მე ვიტყოდი, აღმაშფოთებელი ფაქტიც მოხდა. შსს-ის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, ბესარიონ ლეჟავამ, მატჩის მსაჯს, მაკა კუპატაძეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა: ჯერ სახეში თავი დაარტყა, მერე კი წიხლიც მიაყოლა.

პოლიციის უფროსის ხელი, როგორც სატელევიზიო კადრებით შეიძლება დავასკვნათ, დაცვის პოლიციის თანაშრომელს მხოლოდ იმისთვის მოხვდა, რომ რიგითმა პოლიციელმა, ეტყობა, ვერ იცნო ჯინსებში გამოწყობილი მაღალჩინოსანი, რომელიც კომისრების მაგიდისკენ მიიწევდა და მსაჯებს ხმამაღლა უყვიროდა რაღაცას. ან იქნებ გიორგი გეგეჭკორისათვის სულაც არ არის უცხო საბჭოთა იმპერიის ფუძემდებლის დევიზი: „ურტყი შენიანს, რათა სხვები დაშინდნენ?“

არ ვიცი. გულწრფელად გითხრათ, ძალიან გული მტკივა იმის გამო, რაც 7 მაისს საკალათბურთო მატჩის დროს მოხდა. რადგან კალათბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ და სულ ახლახან, ნაქირავებ ბინაში, ქართული არხებიც კი დავაყენებინე ძირითადად იმ მიზნით, რომ თვალი ვადევნო ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატის შეხვედრებს, რომლებიც ემოციურად და უამრავი მაყურებლის თანდასწრებით მიმდინარეობს. ეს ხომ სწორედ ის არის, რაც ნამდვილად აკლდა დიდი ტრადიციების მქონე ქართულ კალათბურთს!

მაგრამ ძალიან აღვშფოთდი იმ თავ-პირის მტვრევისა და მუშტი-კრივის გამო, რაც ტელეეკრანებზე მთელმა საქართველომ იხილა. ახლაც კოშმარივით მახოვს 90-იანი წლების ბოლო, როდესაც აღვირახსნილი კალათბურთელების მიერ ნაცემი საბრალო მსაჯები თავს გასახდელში გაქცევით შველოდნენ და ეროვნული ჩემპიონატის მატჩების მსაჯობა ლამის ლომის ხახაში თავის შეყოფას უდრიდა.

ის, რაც 7 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში მოხდა, ნებისმიერი ჭეშმარიტი გულშემატკივრის სამართლიან აღშფოთებას იწვევს. ვინც იმდენად ვერ აკონტროლებს საკუთარ ემოციებსა თუ ნერვებს, რომ მსაჯს (ამ შემთხვევაში - მსაჯ ქალს) ფიზიკურად უსწორდება, სპორტში არაფერი ესაქმება. ამდენად, ვფიქრობ, წელიწადნახევრიანი დისკვალიფიკაცია, რომელიც ბესარიონ ლეჟავას კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომისიამ შეუფარდა, მეტისმეტად ლმობიერი სასჯელია.

ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უწყება, რომელიც იმავე დღეს მომხდარ მეორე ინციდენტს განიხილავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, წესით, დისციპლინური წესით უნდა დასაჯოს თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი. ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, გიორგი გეგეჭკორმა საჯაროდ უნდა მოუხადოს ბოდიში დაცვის პოლიციის იმ თანამშრომელს, რომელსაც მაღალჩინოსნის ხელი მხოლოდ იმისთვის მოხვდა, რომ, მაკა კუპატაძისა არ იყოს, მხოლოდ მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა.

1 მაისი

პირველად 1 მაისის დემონსტრაციაზე, თანაც საკუთარი ნებით, 2000 წელს ბერლინში ვიყავი. მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე დასავლეთის უმეტეს ქვეყნებში დასვენების დღეა და მანიფესტაციებითა თუ სხვადასხვა სახის საჯარო ღონისძიებებით აღინიშნება. ბერლინში კი მას განსაკუთრებული დღესასწაულის მნიშვნელობა აქვს: ყოველი წლის 1 მაისს ბერლინის ყველაზე მემარცხენე და მულტიკულტურულ უბან კროიცბერგში ტარდება უზარმაზარი მანიფესტაცია, რომელიც, ტრადიციულად, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებით, ავტომანქანების დაწვით, მაღაზიების ვიტრინების ჩალეწვითა და მასობრივი ცემა-ტყეპით მთავრდება. სწორედ ამ ფინალური აქტისათვის მემარცხენე-რადიკალებიც – ე.წ. „ავტონომებიც“ და პოლიციაც მთელი წელი ემზადებიან: საპირველმაისოდ ბერლინში გერმანიის სხვა რეგიონებიდან შემოჰყავთ პოლიციის დამატებითი ძალები, რომლებსაც ამ დღეს დემონსტრანტების ხელკეტით გატყეპვის საპატიო უფლება აქვთ. „ავტონომებისათვის“ კი პირველი მაისი ისეთივე წმინდა თარიღია, როგორც მორწმუნე-ქრისტიანებისათვის შობა და აღდგომა: ამ დღეს, ბერლინში მათ უნიკალური საშუალება ეძლევათ, სახელდახელოდ აგებულ ბარიკადებზე შემოდგნენ და მათთვის საძულველი სახელმწიფოს ყველაზე მეტად საძულველი სტრუქტურის – პოლიციის წარმომადგენლებს ქვები თუ „მოლოტოვის კოქტეილები“ (ბენზინიანი ბოთლები) ესროლონ. ასეთი სანახაობა თუ მასში მონაწილეობის სურვილი უკვე დიდი ხანია უამრავ ადამიანს იზიდავს გერმანიის დედაქალაქისაკენ. ამან უკვე საპიველმაისო ტურიზმიც კი გააჩინა, რამაც საპროტესტო თუ საერთაშორისო სოლიდარობის პოლიტიკურ შინაარსებს მძაფრსიუჟეტიანი ატრაქციონი ჩაანაცვლა.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, 1 მაისი მაინც საკმაოდ მრავალფეროვანი პოლიტიკური შინაარსის აქციაა, რომელსაც საზოგადოების ყველა სოციალური ჯგუფი თავისებურად გამოხატავს: ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები სოციალური სამართლიანობის თემაზე ლაპარაკობენ და ხაზს უსვამენ, რომ ამ სფეროში ყველაზე მეტი კომპეტენცია წორედ მათ აქვთ; პროფკავშირები სამუშაო პირობების და ანაზღაურების გაუმჯობესებას მოითხოვენ, ეკლესიების წარმომადგენლებიც კი მეტი სოციალური სამართლიანობისა და სოლიდარობისაკენ მოუწოდებენ მთავრობებსა თუ ფირმების მენეჯერებს. ესაა პირველი მაისის დღესასწაულის „ოფიციალური“ მხარე.

„არაოფიციალური“ პროგრამა კი უკვე 30 აპრილის საღამოს „ვალპურგიის ღამის“ აღნიშვნით იწყება. ძველი გერმანულ-ჩრდილოევროპული ტრადიციის თანახმად, რომელიც გოეთეს „ფაუსტშიცაა“ მოთხრობილი, ამ ღამეს კუდიანები და ალქაჯები იკრიბებიან და ე.წ. „შაბათობას“ აწყობენ, ანუ ცოცხებზე, ძირითადად კი ცხოველებზე ამხედრებული დაფრინავენ. ბოლოს კი ღამე დიდი წვეულებითა და სხვადასხვაგვარი ექსცესებითაც მთავრდება. სოფლის მოსახლეობა კუდიანებისგან თავს ჭიაკოკონებით იცავდა. ამგვარი ლეგენდები გვიანი შუა საუკუნეების ევროპაში „კუდიანთა პროცესებისა“ და ალქაჯებად შერაცხულების კოცონზე დაწვის საფუძველიც გახდა. ამ მასობრივ ისტერიას XVI-XVII საუკუნეების ევროპაში ათეულობით ათასი ადამიანი შეეწირა: რაღაცით განსხვავებულობა - „საეჭვო“ გარეგნობა, აზრები, მეტყველების მანერა, თმის უცნაური ფერი - ხშირად საკმარისი მიზეზი იყო იმისათვის, რომ ეკლესიას თუ ადგილობრივ ფეოდალებს ეს განსხავებული ადამიანები კუდიანებად შეერაცხათ და კოცონზე დაეწვათ.

თანამედროვე ბერლინურ ვალპურგიის ღამეს ძველ ლეგენდებთან საერთო აღარაფერი აქვს, თუმცა ექსცესებისგან არც ეს „პროფანული“ ზეიმია თავისუფალი და ხშირად პოლიციასთან შეტაკებებითაც მთავრდება. თუმცა ზეიმის მთავარი ნაწილი მაინც 1 მაისს შუადღისას ბერლინის ლეგენდარულ მემარცხენე უბან კროიცბერგის ერთ პარკში იწყება, სადაც მანიფესტანტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ნიშნით ჩაგრული თუ დისკრიმინირებული ადამიანების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ. გარეგნულად ეს აქცია პატარა „ვუდსტოკსაც“ ჰგავს: სცენაზე ანტიგლობალისტურ, ანტირასისტულ და ანტისექსისტურ სიტყვებს ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი მუსიკოსების კონცერტი ენაცვლება. ასე გრძელდება შებინდებამდე, სანამ „ავტონომები“ გამოჩნდებიან და იწყება მსვლელობაც, რომელიც უკვე გვიან ღამემდე პოლიციასთან შეტაკებებით გრძელდება. მეორე დღეს კი გერმანული მედიის მთავარი თემა დემონსტრაციაზე დაშავებული პოლიციელების, დაკავებული „ავტონომებისა“ და დამწვარი ავტომანქანების რაოდენობის წინა წლებთან შედარებებია.

გერმანია კონსტიტუციით სოციალური სახელმწიფოა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო თავის პრიორიტეტად სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფას მიიჩნევს, რაც საყოველთაო სოლიდარობის პრინციპებს ეფუძნება: მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები მეტად იბეგრებიან, ვიდრე დაბალშემოსავლიანები. ეს კი, საბოლოო ჯამში, სოციალური ბალანსისა და სტაბილურობის საფუძველია. ამიტომაა შესაძლებელი, რომ მსოფლიოში სახელგანთქმულ გერმანულ უნივერსიტეტებში სწავლა ფაქტობრივად უფასოა, არსებობს საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა, უმუშევართა და სოციალურად სუსტთა დახმარება და ა.შ. მიუხედავად ამისა, 1 მაისის დემონსტრაციებზე ყოველწლიურად მხოლოდ ბერლინში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოდის.

1 მაისი, უპირველეს ყოვლისა, სოლიდარობის დღესასწაულია, რომელიც ადამიანთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ პროტესტის ცნობიერებას და სოციალურ მგრძნობელობას ავითარებს. რამდენადაც ამგვარი ცნობიერება საბჭოთა ადამიანებისათვის უცხო იყო, ხოლო პირველი მაისი საბჭოთა პროპაგანდის უშინაარსო და ყალბი პარადებით შემოიფარგლებოდა, ადამიანებში სოლიდარობის გრძნობისა და სოციალურ პრობლემებზე დაფიქრების ნაცვლად მხოლოდ უკურეაქციას იწვევდა.

პოსტსაბჭოთა ხანაში, განსაკუთრებით ნაცმოძრაობის მმართველობის დროს, საბჭოთა პარადებს ეროვნულ-პატრიოტული პროპაგანდა და სამხედრო აღლუმები ჩაენაცვლა და თავისი ყალბი პათოსითა თუ უნიჭო თეატრალობით, შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა წინამორბედებსაც გადაუსწრო. მალე ნაცმოძრაობას კონკურენტად გამოუჩნდა ეკლესიაც, რომელმაც უშინაარსო საბჭოთა პარადების „საკრალური“ სუროგატები შექმნა და თავისი მრავალრიცხოვანი მრევლი თბილისის ქუჩებში აამოძრავა.

სამხედრო აღლუმები თუ საეკლესიო მსვლელობები, რომლებიც „საქართველოს გაბრწყინებისა“ და მომავალი გამარჯვებების ფანტაზიებით მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ადამიანების კიდევ უფრო მეტი ილუზიებით კვებას ემსახურება, რეალურ პრობლემებზე თვალის დახუჭვისა და სოციალური ცნობიერების სრული დაგლუვებისკენაა მიმართული, ისევე, როგორც საეჭვო გემოვნების „კულტურული“ ღონისძიებები, რომლებშიც ხელისუფლება ასეულობით ათას ლარს ხარჯავს, რათა ხელოვნებისგან ერთობ შორს მდგარმა პრეზიდენტის თანმხლებმა ამალამ ბათუმში ყოფნისას არ მოიწყინოს და ფართო მასებსაც თავი გაბრწყინების წინა საფეხურზე მყოფი, ყველაზე ლამაზი, თავისუფალი და წარმატებული ქვეყნის მოქალაქეებად მოეჩვენოთ და მადლიერებმა ხმა მმართველ პარტიას, ფული კი ეკლესიას მისცენ...

საქართველოში პირველი მაისიც და სოციალური კრიტიკაც დღემდე საბჭოთა გადმონაშთებად მიიჩნევა. „ლიბერტარიანული“ საბაზრო ეკონომიკით გამდიდრებულები და მათი მეხოტბეები, ფასიან სწავლებას და არაკომერციული კულტურის სახელმწიფო დაფინანსებიდან გათავისუფლებას პროგრესად რომ მიიჩნევენ, უკვე სრულიად ღიად სოციალური შოვინიზმის ქადაგება ევროპული განვითარების გზად მიაჩნიათ, რომლის შესახებაც მათი ცოდნა ევროპის დასასვენებელ ადგილებში ყოფნითა და შოპინგ-ტურებით შემოიფარგლება. განათლებავერმიღებული და სოციალურად გადუხჭირებული ადამიანები კი საქართველოს მრავლად სჭირდება მიზერულ ანაზღაურებიან მომსახურეობის სფეროში დასასაქმებლად, რათა მორიგი შვებულებიდან თუ შოპინგიდან დაბრუნებულმა ქართველმა „ლიბერტარიანელმა ბიზნესმენებმა“ საქართველოშიც თავი „ევროპულად“ იგრძნონ.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG