Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 3 მაისი. See content from before

ორშაბათი, 2 მაისი 2011

1 მაისი

პირველად 1 მაისის დემონსტრაციაზე, თანაც საკუთარი ნებით, 2000 წელს ბერლინში ვიყავი. მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე დასავლეთის უმეტეს ქვეყნებში დასვენების დღეა და მანიფესტაციებითა თუ სხვადასხვა სახის საჯარო ღონისძიებებით აღინიშნება. ბერლინში კი მას განსაკუთრებული დღესასწაულის მნიშვნელობა აქვს: ყოველი წლის 1 მაისს ბერლინის ყველაზე მემარცხენე და მულტიკულტურულ უბან კროიცბერგში ტარდება უზარმაზარი მანიფესტაცია, რომელიც, ტრადიციულად, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებით, ავტომანქანების დაწვით, მაღაზიების ვიტრინების ჩალეწვითა და მასობრივი ცემა-ტყეპით მთავრდება. სწორედ ამ ფინალური აქტისათვის მემარცხენე-რადიკალებიც – ე.წ. „ავტონომებიც“ და პოლიციაც მთელი წელი ემზადებიან: საპირველმაისოდ ბერლინში გერმანიის სხვა რეგიონებიდან შემოჰყავთ პოლიციის დამატებითი ძალები, რომლებსაც ამ დღეს დემონსტრანტების ხელკეტით გატყეპვის საპატიო უფლება აქვთ. „ავტონომებისათვის“ კი პირველი მაისი ისეთივე წმინდა თარიღია, როგორც მორწმუნე-ქრისტიანებისათვის შობა და აღდგომა: ამ დღეს, ბერლინში მათ უნიკალური საშუალება ეძლევათ, სახელდახელოდ აგებულ ბარიკადებზე შემოდგნენ და მათთვის საძულველი სახელმწიფოს ყველაზე მეტად საძულველი სტრუქტურის – პოლიციის წარმომადგენლებს ქვები თუ „მოლოტოვის კოქტეილები“ (ბენზინიანი ბოთლები) ესროლონ. ასეთი სანახაობა თუ მასში მონაწილეობის სურვილი უკვე დიდი ხანია უამრავ ადამიანს იზიდავს გერმანიის დედაქალაქისაკენ. ამან უკვე საპიველმაისო ტურიზმიც კი გააჩინა, რამაც საპროტესტო თუ საერთაშორისო სოლიდარობის პოლიტიკურ შინაარსებს მძაფრსიუჟეტიანი ატრაქციონი ჩაანაცვლა.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, 1 მაისი მაინც საკმაოდ მრავალფეროვანი პოლიტიკური შინაარსის აქციაა, რომელსაც საზოგადოების ყველა სოციალური ჯგუფი თავისებურად გამოხატავს: ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები სოციალური სამართლიანობის თემაზე ლაპარაკობენ და ხაზს უსვამენ, რომ ამ სფეროში ყველაზე მეტი კომპეტენცია წორედ მათ აქვთ; პროფკავშირები სამუშაო პირობების და ანაზღაურების გაუმჯობესებას მოითხოვენ, ეკლესიების წარმომადგენლებიც კი მეტი სოციალური სამართლიანობისა და სოლიდარობისაკენ მოუწოდებენ მთავრობებსა თუ ფირმების მენეჯერებს. ესაა პირველი მაისის დღესასწაულის „ოფიციალური“ მხარე.

„არაოფიციალური“ პროგრამა კი უკვე 30 აპრილის საღამოს „ვალპურგიის ღამის“ აღნიშვნით იწყება. ძველი გერმანულ-ჩრდილოევროპული ტრადიციის თანახმად, რომელიც გოეთეს „ფაუსტშიცაა“ მოთხრობილი, ამ ღამეს კუდიანები და ალქაჯები იკრიბებიან და ე.წ. „შაბათობას“ აწყობენ, ანუ ცოცხებზე, ძირითადად კი ცხოველებზე ამხედრებული დაფრინავენ. ბოლოს კი ღამე დიდი წვეულებითა და სხვადასხვაგვარი ექსცესებითაც მთავრდება. სოფლის მოსახლეობა კუდიანებისგან თავს ჭიაკოკონებით იცავდა. ამგვარი ლეგენდები გვიანი შუა საუკუნეების ევროპაში „კუდიანთა პროცესებისა“ და ალქაჯებად შერაცხულების კოცონზე დაწვის საფუძველიც გახდა. ამ მასობრივ ისტერიას XVI-XVII საუკუნეების ევროპაში ათეულობით ათასი ადამიანი შეეწირა: რაღაცით განსხვავებულობა - „საეჭვო“ გარეგნობა, აზრები, მეტყველების მანერა, თმის უცნაური ფერი - ხშირად საკმარისი მიზეზი იყო იმისათვის, რომ ეკლესიას თუ ადგილობრივ ფეოდალებს ეს განსხავებული ადამიანები კუდიანებად შეერაცხათ და კოცონზე დაეწვათ.

თანამედროვე ბერლინურ ვალპურგიის ღამეს ძველ ლეგენდებთან საერთო აღარაფერი აქვს, თუმცა ექსცესებისგან არც ეს „პროფანული“ ზეიმია თავისუფალი და ხშირად პოლიციასთან შეტაკებებითაც მთავრდება. თუმცა ზეიმის მთავარი ნაწილი მაინც 1 მაისს შუადღისას ბერლინის ლეგენდარულ მემარცხენე უბან კროიცბერგის ერთ პარკში იწყება, სადაც მანიფესტანტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ნიშნით ჩაგრული თუ დისკრიმინირებული ადამიანების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ. გარეგნულად ეს აქცია პატარა „ვუდსტოკსაც“ ჰგავს: სცენაზე ანტიგლობალისტურ, ანტირასისტულ და ანტისექსისტურ სიტყვებს ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი მუსიკოსების კონცერტი ენაცვლება. ასე გრძელდება შებინდებამდე, სანამ „ავტონომები“ გამოჩნდებიან და იწყება მსვლელობაც, რომელიც უკვე გვიან ღამემდე პოლიციასთან შეტაკებებით გრძელდება. მეორე დღეს კი გერმანული მედიის მთავარი თემა დემონსტრაციაზე დაშავებული პოლიციელების, დაკავებული „ავტონომებისა“ და დამწვარი ავტომანქანების რაოდენობის წინა წლებთან შედარებებია.

გერმანია კონსტიტუციით სოციალური სახელმწიფოა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო თავის პრიორიტეტად სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფას მიიჩნევს, რაც საყოველთაო სოლიდარობის პრინციპებს ეფუძნება: მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები მეტად იბეგრებიან, ვიდრე დაბალშემოსავლიანები. ეს კი, საბოლოო ჯამში, სოციალური ბალანსისა და სტაბილურობის საფუძველია. ამიტომაა შესაძლებელი, რომ მსოფლიოში სახელგანთქმულ გერმანულ უნივერსიტეტებში სწავლა ფაქტობრივად უფასოა, არსებობს საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა, უმუშევართა და სოციალურად სუსტთა დახმარება და ა.შ. მიუხედავად ამისა, 1 მაისის დემონსტრაციებზე ყოველწლიურად მხოლოდ ბერლინში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოდის.

1 მაისი, უპირველეს ყოვლისა, სოლიდარობის დღესასწაულია, რომელიც ადამიანთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ პროტესტის ცნობიერებას და სოციალურ მგრძნობელობას ავითარებს. რამდენადაც ამგვარი ცნობიერება საბჭოთა ადამიანებისათვის უცხო იყო, ხოლო პირველი მაისი საბჭოთა პროპაგანდის უშინაარსო და ყალბი პარადებით შემოიფარგლებოდა, ადამიანებში სოლიდარობის გრძნობისა და სოციალურ პრობლემებზე დაფიქრების ნაცვლად მხოლოდ უკურეაქციას იწვევდა.

პოსტსაბჭოთა ხანაში, განსაკუთრებით ნაცმოძრაობის მმართველობის დროს, საბჭოთა პარადებს ეროვნულ-პატრიოტული პროპაგანდა და სამხედრო აღლუმები ჩაენაცვლა და თავისი ყალბი პათოსითა თუ უნიჭო თეატრალობით, შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა წინამორბედებსაც გადაუსწრო. მალე ნაცმოძრაობას კონკურენტად გამოუჩნდა ეკლესიაც, რომელმაც უშინაარსო საბჭოთა პარადების „საკრალური“ სუროგატები შექმნა და თავისი მრავალრიცხოვანი მრევლი თბილისის ქუჩებში აამოძრავა.

სამხედრო აღლუმები თუ საეკლესიო მსვლელობები, რომლებიც „საქართველოს გაბრწყინებისა“ და მომავალი გამარჯვებების ფანტაზიებით მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ადამიანების კიდევ უფრო მეტი ილუზიებით კვებას ემსახურება, რეალურ პრობლემებზე თვალის დახუჭვისა და სოციალური ცნობიერების სრული დაგლუვებისკენაა მიმართული, ისევე, როგორც საეჭვო გემოვნების „კულტურული“ ღონისძიებები, რომლებშიც ხელისუფლება ასეულობით ათას ლარს ხარჯავს, რათა ხელოვნებისგან ერთობ შორს მდგარმა პრეზიდენტის თანმხლებმა ამალამ ბათუმში ყოფნისას არ მოიწყინოს და ფართო მასებსაც თავი გაბრწყინების წინა საფეხურზე მყოფი, ყველაზე ლამაზი, თავისუფალი და წარმატებული ქვეყნის მოქალაქეებად მოეჩვენოთ და მადლიერებმა ხმა მმართველ პარტიას, ფული კი ეკლესიას მისცენ...

საქართველოში პირველი მაისიც და სოციალური კრიტიკაც დღემდე საბჭოთა გადმონაშთებად მიიჩნევა. „ლიბერტარიანული“ საბაზრო ეკონომიკით გამდიდრებულები და მათი მეხოტბეები, ფასიან სწავლებას და არაკომერციული კულტურის სახელმწიფო დაფინანსებიდან გათავისუფლებას პროგრესად რომ მიიჩნევენ, უკვე სრულიად ღიად სოციალური შოვინიზმის ქადაგება ევროპული განვითარების გზად მიაჩნიათ, რომლის შესახებაც მათი ცოდნა ევროპის დასასვენებელ ადგილებში ყოფნითა და შოპინგ-ტურებით შემოიფარგლება. განათლებავერმიღებული და სოციალურად გადუხჭირებული ადამიანები კი საქართველოს მრავლად სჭირდება მიზერულ ანაზღაურებიან მომსახურეობის სფეროში დასასაქმებლად, რათა მორიგი შვებულებიდან თუ შოპინგიდან დაბრუნებულმა ქართველმა „ლიბერტარიანელმა ბიზნესმენებმა“ საქართველოშიც თავი „ევროპულად“ იგრძნონ.
ჯერჯერობით გიგი თევზაძის დამკვიდრებულ სიტყვა ”უმსჯელობას” ბრჭყალებში ვსვამ. არადა ძალიან მომწონს და ძალიან მინდა მოვხსნა ეს იდიოტური ბრჭყალები. სიტყვაც მომწონს და ისიც, რასაც ეს სიტყვა აღნიშნავს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მომწონს, როგორ აღნიშნავს აკვიატებულ აზრს და ტვინის სიჯიუტეს - რაღაცნაირი თვითირონიით. ”ჩემი უმსჯელობაა” - ამას რომ ვამბობთ, თითქოს საკუთარ თავს დავცინით და ვაღიარებთ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვახასიათებს სისუსტეები... აი, ლუის ბუნუელისა არ იყოს; აიღო და ორ დიდ კატეგორიად დაყო ის, რაც უყვარს და ის, რაც სძულს. არადა თავის ფილმებში ბუნუელი არასდროს ყოფილა კატეგორიული და არც განსაკუთრებული სიყვარული თუ განსაკუთრებული სიძულვილი გამოუხატავს რაღაცის ან ვიღაცის მიმართ.

მაგრამ ცხოვრებაში სულ სხვანაირი იყო - ცოტა სექსისტი, ცოტა ჰომოფობი, ცოტა შურიანი, ცოტა მატყუარა. ამ ყველაფერს აღიარებდა (როგორც ”უმსჯელობას”), თავის თავს ებრძოდა და შემოქმედებაში (!) ახერხებდა ”უმსჯელობებისგან” განთავისუფლებას. ამიტომაც მიყვარს ბუნუელი; არასდროს მორალისტობს, არასდროს კეკლუცობს, არასდროს ”გვიკითხავს სახარებას”, რადგანაც იმ მგლისა არ იყოს, მასაც ”ცხვრისკენ გაურბის თვალი”.

პირველმა იმან მესროლოს ქვა, ვისაც ”უმსჯელობები” არ ახასიათებს! ჰოდა, მოდით ამ 1 მაისს, გაზაფხულისა და სოლიდარობის ამ მშვენიერ დღეს, გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი ”უმსჯელობები”.

ჩემით დავიწყოთ. ერთი კვირის წინ ჩემი პროფილის დეაქტივაცია მოვახდინე. უბრალო მიზეზით - რთულ გადაცემას ვამზადებთ რუმინეთის რევოლუციაზე და ეს ფეისბუკი ძალიან მაცდენდა. ამას დაემატა ჩემი ძველი სისუსტე, რომელსაც ასევე შეიძლება ვუწოდოთ ”უმსჯელობა” - მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში, რომელმაც მთლიანად გადამისროლა ფიგურული სრიალის ფრანგულ და რუსულ ფორუმებზე.

რამდენადაც ვიცი, ფეისიბუკს არა აქვს ფუნქცია, რომლითაც შეგიძლია აუხსნა მეგობრებს, რატომ ხურავ პროფილს. დატოვო ეს სტატუსი და ისე წახვიდე. ამიტომაც ჩემი ერთკვირიანი არდადეგები ზოგიერთმა ეჭვიანმა მეგობარმა ასე გაიგო: ”გოგი გვახარიამ მეგობრების სიიდან ამომშალა”, ”გვახარიამ დამბლოკა”.. ოჰ, ეს პრეტენზიული, ქედმაღალი გვახარია განსხვავებულ აზრს რომ ვერ იტანს და ამავე დროს, განსხვავებულობას ქადაგებს!

ახლა ეჭვიანი მეგობრები აღიარებენ, რომ დროზე ადრე გამოიტანეს დასკვნები. ჯერ შერცხვებათ, მერე კი გაიზიარებენ, რომ ემოცია (და კლავიატურაზე მპოსტავი თითები) ტვინს წინ არ უნდა უსწრებდეს. ბაბუაჩემისა არ იყოს; მეუბნებოდა ხოლმე ”ჯერ გაიგე რა ხდება და მერე გამოიტანე დასკვნები.”

ეტყობა, ბავშვობიდან მახასიათებდა ”უმსჯელობები”.. ბავშვობაში რა მჭირდა არ მახსოვს. ახლა კი ნამდვიალად ვიცი - 1. ქართველი ქალი საჭესთან, როგორც წესი, სახიფათოდ არღვევს წესებს და ქმნის ავარიულ სიტუაციას 2. ანდრეი ტარკოვსკის ქართველი თაყვანისმცემლები არჩევნებში ხმას მისცემენ ან ”ქართულ პარტიას”, ანდა ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს (ზურაბ ნოღაიდელს) 3. სააკაშვილის მომხრეებს აუცილებლად მოეწონებათ ”ჭამა და სექსი” 4. ჟულიეტ ბინოშის ქართველი ფანების აბსოლუტური უმრავლესობა ვაკეში, ან ვერაზე ცხოვრობს 5. ცხვირმოჭრილი და ტუჩდაბერილი ქალი და კაცი ვერასდროს იგრძნობს, მაგალითად, აი ამ მუსიკის გენიალურობას 6. ქართველი ჰომოფობი კაცები ლატენტური გეები არიან (და არა მარტო ლატენტურები) 7. ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ”პატრიარქი იხსნის საქართველოს”, წარმართული ვნებებით ცხოვრებს და ქრისტიანობასთან იმდენი აქვს საერთო , რამდენიც ბორჯომში, დასასვენებლად ჩასულ პეტრე ჩაიკოვსკის - ქართულ კულტურასთან 8. ადამიანები, რომელთაც ფეისბუკის ”ფავორიტ გვერდებში” აღიშნული აქვთ ”ყვითელი ტელეგადაცემები” და, მით უმეტეს, ისინი, ვინც ამართლებს ამ გადაცემების არსებობას, ვერ იქნებიან ჩემი ფრენდები, რადგანაც, დიახაც, დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაცემები აძლიერებენ და ამრევლებენ ”უმსჯელობებს” ჩვენს ისედაც დაკომპლექსებულ სივრცეში, აფერხებენ პროგრესს და ფიტავენ ქართველი მაყურებლის ტვინებს.

ეს ყველაფერი მხოლოდ ნაწილია აკვიატებული აზრების იმ სიისა, რომელსაც მთლიანად გაგაცნობდით, ეგზიბიციონისტური ვნებები რომ მახასიათებდეს და მიყვარდეს გულის ბოლომდე გადაშლა. თანაც კარგად მაქვს გააზრებული - ”უმსჯელობის” ტვირთისგან ადამიანი აუცილებლად განთავისუფლდება, თუკი მეტი გულისყურით გაიზარებს ამ ცრურწმენებს. განთავისუფლების ეს პროცესი რაღაც განსაკუთრებულ სიამოვნებას მიანიჭებს. მაგრამ განთავისუფლების ეს პროცესი გარკვეული თვალსაზრისით მისი თვითმკვლელობაც იქნება - ”უმსჯელობებზე” უარის თქმა იდენტურობაზე, მის განსხვავებულობაზე იმოქმედებს. ამიტომაც ეს ”უმსჯელობანი” გარკვეული დოზით საჭიროცაა იმისთვის, რომ დავრჩეთ ადამიანები - სუსტები, დაუხვეწავები, ჩვენი აკვიატებებით ცოტა სასაცილონი. ეს ”უმსჯელობანი” ქმნიან იმას, რასაც სიცოცხლე ჰქვია და რაც ბევრად უკეთესია, ვიდრე სიკვდილი და თვითმკვლელობა!

ადამიანთა სისუსტის ასეთი გამართლება, ბუნებრივია, გაგაკვირვებთ იმისგან, ვინც იმავე ფეისბუკში ყველას არ იმეგობრებს და სასწრაფოდ შლის მეგობრების სიიდან თუნდაც ”ყვითელი შოუს” ადვოკატებს. ასევე შლის იმათ, იდენტობის პრობლემა ბოროტი ბიძიების და დეიდების - ბურჟუა-ლიბერალების შემოგდებული რომ ჰგონიათ, რათა ხალხმა, მათი პარანოიული ტვინის მტკიცებით, ვეღარ დაინახოს, როგორ იხოცებიან შიმშილით ქართველები...

მაგრამ, აკი გითხარით, მე თქვენზე უფრო სუსტი ვარ. თანაც აბსოლუტურად დარწმუნებული იმაში, რომ სიხარბე კლავს და ეს ჩემი 2 000 მეგობარი ფეისბუკზე სრულიად საკმარისად მიმაჩნია აზრთა გაზიარებისთვის, ინფორმაციის მიღებისთვის, ურთიერთობებისთვის.

არც ”კლასიკურ ლიბერალად” მივიჩნევ თავს. ცხოვრებაში მგონი ერთადერთი კრედო მაქვს: ”მე არ ვარ კაცობრიობის მეგობარი, მე მისი მტრის მტერი ვარ”. ეს ჰენრი ჰეველოკ ელისის ცნობილი ციტატის ინტერპრეტაციაა - ლეონარდოზე თქვა: «...Leonardo is the foe, not of man, but of the enemies of man”... და კარგად თქვა: ადამიანი ”არ ვარგა”, მაგრამ ის კიდევ უფრო არ ვარგა, ვინც ადამიანს ამ დაუხვეწაობის გამო ებრძვის და ვისაც არ სჯერა, რომ ადამიანი უკეთესი გახდება, თუკი პირველ რიგში თავის დაუხვეწაობას, თავის ”უმსჯელობებს” აღიარებს.

ამიტომაც, ძვირფასო ფეისბუკელო ფრენდებო, წაშლილებო, დაბლოკილებო, ჩემი ახირებების მსხვერპლნო... ამ ბლოგის მკითხველებო, ჩემო თანამოაზრეებო და ოპონენტებო, მელანქოლიკოსებო და ანონიმებო, მოდით, გავიხედ-გამოვიხედოთ - ვნახოთ, რამდენი გემრიელი ცხვარია ჩვენს გარშემო!

ჯერ გავიგოთ და მერე გამოვიტანოთ დასკვნები!

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG