Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ახლახან მსოფლიოს სამ ქვეყანაში სამ სხვადასხვა ენაზე სამი ახალი რომანი გამოიცა. ესენია: მიშელ უელბეკის “რუკა და ტერიტორია”, ჰარუკი მურაკამის “1Q84” და დავით დეფის “დემნა გედევანიშვილი”. ახალი რომანისთვის უელბეკს საფრანგეთის მთავარი ლიტერატურული ჯილდო – გონკურების პრემია მიენიჭა, მურაკამის ოპუსმა იაპონიაში ყველა აქამდე არსებული რეკორდი მოხსნა და რამდენიმემილიონიანი ტირაჟით გაიყიდა, დეფის ნაწარმოები კი სრულიად უყურადღებოდ დატოვა ქართულმა კრიტიკამ. ეს კი, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაა. შეცდომა, რომელიც დანაშაულზე მეტია.

ამ სამ მწერალს აქ ერთად ვახსენებთ, ოღონდ, მიაქციეთ ყურადღება, მათ არაფერი აქვთ საერთო. იმას გარდა, რომ ისინი ერთ დროს ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. თუმცა მივყვეთ თანმიმდევრულად.

ბევრი შენიშნავს, “რუკა და ტერიტორია” უელბეკის ყველაზე ბნელი და სრულყოფილი ნაწარმოებია, ეტყობა, მწერალი დაღვინდაო. სიმართლე ითქვას, უელბეკი კი არ დაღვინდა, ამჟავდა. სამწუხაროდ, მაჭარი დაუღვინებლად გაფუჭდა. როგორც ყოველთვის, ფრანგი თავის ახალ რომანშიც წუწუნებს. აქაც უშედეგოდ ცდილობს ევროპის დაისის დაჩქარებას. ეგაა, ამჯერადაც სულ ამაოდ იჭინთება. მისი წუწუნი არაფრით აღემატება იმ აბეზარი კოღოს წუილს, სპილოს რომ დასტრიალებს, ემანდ სად ვუკბინოო. “რუკა და ტერიტორიაში” ორი მთავარი პერსონაჟია: მხატვარი და ფოტოგრაფი ჯედ მარტენი და მწერალი მიშელ უელბეკი. დიახ, ერთ-ერთ პერსონაჟად წიგნში თვითონ უელბეკი გვევლინება, რომელსაც მისივე სახლში მოკლავენ, შემდეგ კი მას და მის ძაღლს ლაზერული სკალპელით დაანაწევრებენ. პარიზელი გამომძიებელი ჟასლენი და ლეიტენანტი ფარბერი რომანის ბოლოსკენ შემთხვევით მიაგნებენ მკვლელს – ნიცაში მცხოვრებ დოქტორ პეტისოს. ბევრი არაფერი. წუწუნის გარდა, შეუძლებელია, თვალში არ მოგხვდეს ისიც, თუ როგორ ელოლიავება და ეფერება უელბეკი რომანში თავის თავს, როგორი გრძნობით აღწერს საკუთარ თვალებს, გამოხედვას, აჩეჩილ თმას, გაუპარსავ წვერს... ველვეტის შარვალსაც კი! როგორ სათუთად ათავსებს საკუთარ გვამს პატარა, საბავშვო კუბოში და ა.შ. ერთგან იმასაც კი ამბობს: “თურმე, “ელემენტარული ნაწილაკების” ავტორი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება კეკლუცობდა შეურიგებელი ათეიზმით, ჩუმად ლოცულობდა კურტენეს ეკლესიაში, სიკვდილამდე ნახევარი წლის განმავლობაში”.

მურაკამის “1Q84” სამი სქელტანიანი წიგნისგან შედგება. ესაა ორი ცალკეული და ერთმანეთში გარდამავალი ისტორია, რომლებიც, თავის მხრივ, პარალელურ რეალობებში ვითარდება: 1984 წლის ტოკიოსა და 1Q84 წლის ტოკიოში. რომანში ორი პროტაგონისტია: ახალგაზრდა ქალი – აომამე, რომელიც “სხვანაირად” აღიქვამს სამყაროს (აქ ღამის ცაზე ორი მთვარე დგას, ტაქსის მძღოლი იანაჩეკის “სინფონიეტას” უსმენს, ჩაკეტილ სექტაში პატარა გოგონებს აუპატიურებენ, და ა.შ.) და ახალგაზრდა კაცი – ტენგო, მათემატიკოსი, რომელიც ტოკიოს ერთ-ერთ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს და მწერლობაზე ოცნებობს. ეს ტენგო, გამომცემელ კომაცუს დაჟინებული თხოვნით, გადაათეთრებს ახალგაცნობილ გოგონას – ფუკაერის რომანს “ჰაეროვანი ჭუპრი”. ნაწარმოებს აკუტაგავას პრემიას ანიჭებენ საუკეთესო დებიუტისთვის... მაგრამ მოულოდნელად ფუკაერი ქრება. აომამესა და ტენგოს გზები კი იკვეთება. თანდათან ცხადი ხდება, რომ ბავშვობაში აომამე და ტენგო კლასელები ყოფილან და მათ ერთმანეთი ყვარებიათ. იმის მიუხედავად, რომ წიგნში სავსეა მისტიკა, დევნა, ძალადობა და სასპენსი, “1Q84” უფრო ვოდევილს ჩამოგავს, ვიდრე ფენტეზისა და დეტექტივის ელემენტებით შეზავებულ რომანს. თან ცოტა გაუგებარია, ნაწარმოები ამხელა რატომ არის. მასში მოთხრობილი ამბის მოყოლა გაცილებით მოკლედაც შეიძლებოდა. დაბოლოს, თუკი უელბეკი თავისი წუილით აბეზარ კოღოს ჩამოგავს, მურაკამი უფრო იმ ჭრიჭინას გავს, ზაფხულის ღამით გაუთავებლად რომ ჭრიჭინებს.

დეფის სიყვარულით გაჟღენთილი “დემნა გედევანიშვილი” ერთის მხრივ დავით გურამიშვილის ლირიკას მოგვაგონებს, თავისი სენსუალიზმითა და გმირობისადმი ტენდენციებით კი შოთა რუსთაველს ენათესავება. თუმცა დეფი ერთობ დაშორებულია გურამიშვილის მძაფრ ქრისტიანულ შეგნებასაც და რუსთაველის საგმირო სულისკვეთებასაც. “დემნა გედევანიშვილში” დეფი ყოველგვარ კონფესიასა და გმირობაზე მაღლა დგას. ქართულ ლიტერატურაში ძნელია მეორე შემოქმედის პოვნა, რომელსაც დეფიზე უფრო გამახვილებული გრძნობა აქვს ბუნების საიდუმლოების ასახსნელად და მისი მშვენიერების ასათვისებლად. დეფი დაჯილდოვებულია არაჩვეულებრივი მდიდარი ქვეცნობიერით, მის სულს კი სრულიად ბუნებრივი დიალოგის გამართვა შეუძლია არა მარტო ადამიანებთან, არამედ პეპლებთან და ყვავილებთანაც კი. რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ დეფი ყველაზე ალალი მწერალია თანამედროვე ქართველ ავტორებს შორის. ამიტომაც “დემნა გედევანიშვილი” რაღაც სასწაულის შთაბეჭდილებას უფრო ახდენს მკითხველზე, ვიდრე მხოლოდ მხატვრულ ბელეტრისტიკას ძალუძს. ამ რომანში დეფი სამყაროს როგორც ზეკონფესიური არსება წარმოგვიდგება, მისთვის აქ ყველაფერი სულიერია. ამიტომ აქ შეიძლება ვერავითარი არსებითი განსხვავება ვერ დავინახოთ ადამიანსა და პეპელას შორის. ძნელია, აქვე ქართული ხალხური ანდაზა არ გაგახსენდეს: "ააფრინე ალალიო, რაც არ არი, არ არიო". ასევე გაგახსენდება ცნობილი ქართული სიმღერაც: “ჭრელო პეპელავ, გაფრინდი ნელა, დელიავ რანუნი”. როგორც ვხედავთ, საუბარი აქ ორივეგან - ანდაზაშიც და სიმღერაშიც - ფრენაზე, სიალალეზე და პეპლებზეა. აქედან კი ნათლად ჩანს, რომ არც ერთი ქართველი მწერალი ისე ფაქიზად არ დასწაფებია ნოყიერი ქართული ფოლკლორის წყაროებს, როგორც დეფი, ვითარცა პეპელა ყვავილს. მეტიც, იგი იმდენ ხანს სწოვს ამ ყვავილს, რომ დღეს თვითონ დეფი ნამდვილ პეპლად ქცეულა.

ეს ალალი პეპელა როგორღაც განმარტოებულად დგას თანამედროვე მწერლებისგან. აქვე გასათვალისწინებელია “პეპლის ეფექტიც”. მოგეხსენებათ, საბუნებისმეტველო მეცნიერებებში ამ ტერმინით ზოგიერთი ქაოტური სისტემის თვისება აღინიშნება. კერძოდ, სადღაც ინდოეთში პეპლის ფრთის მოქნევამ შეიძლება წყნარ ოკეანეში ქარიშხალი გამოიწვიოს. პეპლის ეფექტზე ალუზია გვხვდება რეი ბრედბერის ცნობილ მოთხრობაშიც “და იქმნა ჭექა”, სადაც პეპლის სიკვდილი შორეულ წარსულში ცვლის სამყაროს მომავალს. ბევრი ქვეყნის მითოლოგიაში პეპელა სულის, უკვდავების, აღდგომის და ტრანსფორმაციის სიმბოლოა. ჩინეთში პეპელა უკვდავებას, სიხარულს და ზაფხულს აღნიშნავდა. მექსიკაში პეპელა გაზაფხულისა და სიყვარულის ღმერთის – “ყვავილთა უფლისწულ” შოპიჩილის ატრიბუტს წარმოადგენდა. ძველი ბერძნები პეპელას სულის უკვდავების სიმბოლოდ თვლიდნენ, და ა.შ. პეპლის თემა, თავის მხრივ, ოთარ იოსელიანთან გვაგზავნის. მოგეხსენებათ, 1992 წელს ეკრანებზე გამოვიდა მისი ფილმი "პეპლებზე ნადირობა". დეფი კი იოსელიანის ერთ-ერთ ფილმში წამყვან როლს ასრულებს. რადგან კინოზე მიდგა საქმე, ბარემ ფილმი "ფარვანა", იგივე "პეპელა" უნდა ვახსენოთ – სტივ მაკქუინისა და დასტინ ჰოფმანის მონაწილეობით: გმირობის, მეგობრობისა და გამძლეობის სახელმძღვანელო. აქ არც პუჩინის ოპერა “მადამ ბატერფლაი“ უნდა დავივიწყოთ. დაბოლოს, დაოსური იგავის მიხედვით, ერთხელ ჩუან-ძის დაესიზმრა, რომ თვითონ პეპელა იყო. როცა გაიღვიძა, ვეღარ მიხვდა, თვითონ ჩუან-ძია, რომელსაც დაესიზმრა პეპელა, თუ პეპელაა, რომელსაც ესიზმრება ჩუან-ძი...

აქვე ისიც გავითვალისწინოთ, რომ არც ერთ შემოქმედს არ ძალუძს მხოლოდ მხატვრული მიღწევებით ააღელვოს მისი თანამედროვენი. ამიტომაც გვევლინება დეფი ახალ იპოსტასში. იგი პოეტი-ჯედაი ხდება. დიდი ადამიანების ხასიათი ხომ ხშირად ბრძოლაში იწრთობა და კაჟდება. როგორც ჩანს, ტყუილად არ დაუდგამს ჯედაის თავზე ყვავილების გვირგვინი. ეს გვირგვინი, საჭირო დროს, შეიძლება რაინდულ მუზარადად იქცეს.

“დემნა გედევანიშვილიც” თავისებური ყვავილია. ასე რომ, ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ შეიძლება საოცარი გარდასახვის მოწმენიც კი გავხდეთ. პეპლის ეფექტის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, “დემნა გედევანიშვილის” მკითხველი ჩვენს თვალწინ უნებურად იქცეს პეპლად. მსგავსი მეტამორფოზა კი შეუძლებელია უელბეკისა და მურაკამის რომანების კითხვისას. ბევრიც ეცადონ, ეს ავტორები ვერ აქცევენ მკითხველს პეპლად. რადგან თავიანთი წიგნებით მათ არ შეუძლიათ იმის გაცემა, რასაც ნექტარი ჰქვია – კოღო და ჭრიჭინა ამას მოკლებულნი არიან. მკითხველი რომ პეპლად აქციო, კარგად უნდა გესმოდეს პეპლების ენა და, სულ მცირე, შენ თვითონ უნდა იყო პეპელა.
ბოლო კვირის განმავლობაში ტელევიზიები დიდ ყურადღებას უთმობენ ქართულ სამხედრო მრეწველობას. პრეზიდენტი თავად წარუდგენს საზოგადოებას ჯავშანმანქანებს „დიდგორსა“ და „ლაზიკას“, აგრეთვე, უპილოტო საფრენ აპარატს; აქებს მათ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.

ნებაყოფლობით რეზერვთან დაკავშირებული ხმაურის ფონზე, ქართულ სამხედრო მრეწველობაზე მკვეთრი სატელევიზიო აქცენტი და პირადად პრეზიდენტის ჩართულობა (რაც აქცენტს კიდევ მეტად აძლიერებს) საზოგადოების ნაწილს მოსალოდნელ საფრთხეზე აფიქრებს. თუმცა, მე მინდა, ამ ფაქტებს სულ სხვა თვალით შევხედოთ.

მთავარი პოლიტიკური მოვლენა, რომელიც წარმართავს საქართველოს სახელმწიფოს, ხელისუფლებისა და პირადად პრეზიდენტის ცხოვრებას, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებია. რომელი ძალაც არჩევნებს მოიგებს, ის ძალა დანიშნავს პრემიერ-მინისტრს ერთი წლის შემდეგ. პრემიერის პოსტზე ამა თუ იმ ადამიანის ყოფნას კი რაიმე ვადა არ ზღუდავს. ამიტომ, ვინც 2012 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს, ის ძალაუფლებას მრავალი წლით მოიპოვებს.

არჩევნებში გამარჯვების ლეგიტიმაციას ორი ფაქტორი განაპირობებს: საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არჩევნების შედეგების აღიარება.

იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობის ორი ვადა ეწურება, მის გაპრემიერებას პრობლემა ორივე მიმართულებით ექმნება: საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს; საერთაშორისო საზოგადოებაც - თავის ქვეყნებში პოლიტიკური ცხოვრების წესიდან გამომდინარე - ბუნებრივად მიიჩნევს, თუკი საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება. ეს დამოკიდებულება გამოიხატება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების დაჟინებული მოთხოვნით.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უპრეცედენტო ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა, იძულებულია, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ზემოთ ჩამოთვლილი ორივე ფაქტორის განეიტრალებაზე იზრუნოს.

როგორც ჯერჯერობით ჩანს, საქართველოს მოსახლეობასთან ურთიერთობაში იგი უპირატესობას ძველ, უკვე გამოცდილ ტაქტიკას ანიჭებს (პირად შეხვედრებს, „ობიექტების“ გახსნას, პროპაგანდას, ხალხის დაშინებას, პარტიის აქტივისტების კოორდინირებულ მუშაობას...). ხოლო საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობაში იკვეთება „ამბოხის“ თემა, რომელიც ერთგვარი იზოლაციონიზმის საფრთხეს შეიცავს, მაგრამ, სააკაშვილის ათვლის წერტილიდან, ორმაგად ეფექტიანიც შეიძლება აღმოჩნდეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიხეილ სააკაშვილს საჯაროდ მოუწოდა, რომ რეფორმატორის იმიჯი შეინარჩუნოს, საერთო წესებს დაემორჩილოს და რეგიონში მისაბაძ მაგალითად დარჩეს იმით, რომ, თავისი საპრეზიდენტო ვადის მიწურულს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს. საპირწონე ლიდერის არსებობის პირობებში, ეს მოწოდება საქართველოს პრეზიდენტისთვის სერიოზული საფრთხის შემცველია. და ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ზღვარზე, თქვას „არა!“, - რაც მას მეამბოხე ლიდერის რანგში გადაიყვანს.

„არა!“ რომელსაც ამობს მეამბოხე ადამიანი, ნიშნავს: „მეტისმეტად დიდხანს ვითმენდი! აქამდე რაც იყო, იყო. ამიერიდან კი სულ სხვანაირად იქნება!“ ამბოხი ყოველთვის გულისხმობს ორ მხარეს - ძლიერს, რომელიც სუსტს თავისი წესებით აცხოვრებს და სუსტს, რომელიც აღარ არის თანახმა, ძლიერის წესებს დაემორჩილოს.

მეამბოხე, როგორც წესი, მარტოა, მაგრამ მის პროტესტს საფუძვლად ყოველთვის უდევს იდეა, რომელიც ძვირფასია ბევრი ადამიანისთვის და რომელსაც ზოგადსაკაცობრიო ღირებულება აქვს. მიხეილ სააკაშვილის ამბოხის მთავარი იდეა, ჩემი აზრით, იქნება საქართველოს დამოუკიდებლობა, მისი სახელმწიფო სუვერენიტეტი.

ამიტომ, საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევასთან ერთად; სხვა სახელმწიფოების ოფიციალური პირების ვიზიტებთან ერთად; ტრადიციულ პროდასავლურ რიტორიკასთან ერთად; - დარწმუნებული ვარ, გაძლიერდება სხვა დისკურსი: „საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და თავად გადაწყვეტს, მისცეს თუ არა მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს“; „ჩვენ აღარ ვცხოვრობთ საბჭოთა კავშირში, როცა „ზემოდან“ გვკარნახობდნენ, როგორ უნდა მოვქცეულიყავით“; „ვინ არის ჯონ ბასი, რომ მისი გაღიზიანება ჩვენთვის შემაშფოთებელი იყოს?“

საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის პროპაგანდის ჭრილში, გააქტიურდება თემები, რომლებიც პირდაპირ იქნება დაკავშირებული ჩვენს სრულფასოვან სახელმწიფოებრივ იდენტობასთან. მათგან ერთ-ერთია საქართველოს სამხედრო მრეწველობის თემა; მეორე - ახალი ქალაქის - ლაზიკის - მშენებლობის თემა. ალბათ, სხვა თემებიც გაჩნდება, რომელთა შესახებ მომავალში ვიმსჯელებთ.

ამბოხის მთავარ იდეად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკდებლობის თემის გადაქცევა, სავარაუდოდ, მისაღები იქნება საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის, რომელიც არჩევნების წინ მჭიდროდ შემოიკრიბება მიხეილ სააკაშვილის - როგორც ეროვნული გმირის - ირგვლივ. „მე ვაპროტესტებ, - ესე იგი, ჩვენ ვარსებობთ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო!“ - მიხეილ სააკაშვილი ამ „მესიჯს“ აამუშავებს არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებისთვის „ადგილის მისაჩენად“ არჩევნების წინა პერიოდში, არამედ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგის გასაზრდელადაც. სწორედ ამგვარად შეიძლება ესახებოდეს პრეზიდენტს ამბოხის ორმაგი ეფექტიანობა.

რაც უფრო მეტად მოირგებს მიხეილ სააკაშვილი მეამბოხე ლიდერის მანტიას და რაც მეტად შეეცდება, საქართველო დამოუკიდებელ მოთამაშედ წარმოაჩინოს, მით მეტად გაძლიერდება მისი გუნდის მხრიდან კრიტიკული და ცინიკური განცხადებები უცხო ქვეყნების (განსაკუთრებით, აშშ-ის) ლიდერების თუ დიპლომატების მიმართ.

იმედია, მიხეილ სააკაშვილის ახალი სტრატეგია იმდენად მტკივნეული და დამანგრეველი არ აღმოჩნდება, რომ ქვეყანამ ვერ შეძლოს 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისა და უცხოელი მეთვალყურეების მონაწილეობით.

თორემ, შეიძლება, საქმე იქამდე მივიდეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთი რევოლუცია მოაწყოს - ამჯერად პრეზიდენტის რანგში.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG