Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

სამშაბათი, 25 თებერვალი 2020

"რომლისაცა წინაშე ქედდადრეკილ არს ყოველი..." - ამ სიტყებით იწყებს ტექსტს (და ასრულებს ცხოვრებას) დავით IV აღმაშენებელი, გამარჯვებული მეფე, რომელმაც თავისი არსებობის შეჯამებად აქცია სინანულის იდეა.

როცა დავით აღმაშენებელს ახსენებენ, ალბათ, ყველაზე ნაკლებად იხსენებენ მის მიერ შექმნილ უაღრესად პირად, მმართველის მიერ ფსალმუნის თარგზე აგებულ სევდით, თვითჩაღრმავებულობით და მელანქოლიით აღსავსე ტექსტს, მეფის ბოლო აღსარებას - "გალობანი სინანულისანი", რადგან, არსებითად, არც არასდროს და, მით უმეტეს ახლა, დღევანდელ ეპოქაში, არავის ესმის, რატომ უნდა ითხოვოს ვინმესგან პატიება წარმატებულმა პოლიტიკოსმა - სინანული ხომ სისუსტის ნიშანია, ბოდიშებს ხომ მხოლოდ წაგებულები იხდიან?

სინანულის შეუძლებლობა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:27 0:00
გადმოწერა

"გალობანი სინანულისანი" მონანიების ტექსტია, განწმენდის და ტრანსფორმაციის მოლოდინით განმსჭვალული სურვილი, რომ მეფეს შეუნდონ, აპატიონ და შეუსმინონ, რაც რეალურად დიდ და გააზრებულ ბოდიშს ნიშნავს, სიტყვას, რომელსაც ვერაფრით დააცდენინებ დავით აღმაშენებელთან მიუღწევლად პატარა, მაგრამ მასზე ასმაგად პატივმოყვარე მოქმედ ბელადებს...

ლამისაა სიშტერემდე მისული გულუბრყვილობაა, რომ ბოდიშს ან სინანულს ელოდო რომელიმე თანამედროვე პრაგმატიკოს-ავტოკრატისგან, მაგრამ ნუთუ ისევ და ისევ ეპოქებშია განსხვავება და არა პიროვნულ მახასიათებლებში, როცა ალბათ სწორედ დავით აღმაშენებელივით მკაფიო უნდა იყო, რომ სინანულის გამოხატვა-გამოთქმის სიმამაცე გქონდეს და არა იმის შიში, რომ თუკი ბოდიშს მოიხდი და მეტ-ნაკლებად მაინც შეეცდები შენი წარსულის რეფლექსირებას, მაშინვე სუსტად და საწყლად მიგიჩნევენ?!

მართლაც, ვის ვადარებთ, მაგრამ მოგისმენიათ კი ოდესმე სსრკ-ს ბოლო ჟამის რომელიმე ცეკას მდივნის სინანული, ვთქვათ, 9 აპრილის ტრაგედიის გამო?

მოგისმენიათ საქართველოს რომელიმე პრეზიდენტის მობოდიშება რაიმეზე, რაც მათ დროს მომხდარა (გეგონება, ესა თუ ის დრამა სხვის დროს ხდებოდა და არა სწორედ მათ დროს)?

როგორ წარმოგიდგენიათ, ხელისუფლებიდან ვინმე ოდესმე სინანულს გამოხატავს გასული წლის 20 ივნისის გამო?

თუმცა, ალბათ, არც სინანულის გამოხატვა იქნება შეუძლებელი, თუკი ქვეყნის ამჟამინდელი მმართველი ტაქტიკურ ტრიუკად გამოიყენებს საჩვენებელ სინანულს... დროისა და გულების მოგების მცირეხნიანი მიზნით.

აგერ, რამდენიმე დღის წინ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი\პრემიერი გამოვიდა ციხიდან და, ცხადია, არც ერთი სიტყვა არ დასცდენია სინანულის შესახებ, თითქოს მხოლოდ წარმატებებები ყოფილიყო მის პოლიტიკურ წარსულში და არა მორალური (მორალურ-პოლიტიკური) პრობლემები (თუ არა დანაშაულებანი)?

რატომ უჭირთ პოლიტიკოსებს შეცდომების აღიარება და, მით უფრო, სინანული ამ შეცდომების გამო?

ამ დროს, რამხელა ძალა აქვს ზოგადად გულწრფელ და არა თვალთმაქცურ ბოდიშს... არა მხოლოდ წარსულისთვის, არამედ მომავლისათვის.

თუმცა ალბათ მართლაც დავით IV-ის ძალა უნდა გქონდეს, რომ ამის თქმა შეძლო.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

„ისტორიის კარგად წერა თუ გინდა, შენი ვნება, შენი ერთადერთი ბატონი სიმართლეა და მეცნიერება (…). სიმართლისთვის უნდა წერო. ყველაზე ობიექტური, ფრთხილი სამეცნიერო სამუშაო უნდა შეასრულო“ - ასეთი, ანდერძისმაგვარი სიტყვებით ამთავრებს რონალდ სუნი ძალზე საინტერესო ინტერვიუს სალომე ასათიანთან. რონალდ სუნის ეს ანდერძი აღსრულებადია თუ უბრალოდ იდეალია, რომლისკენაც ისტორიკოსი უნდა ისწრაფოდეს?

ძალუძს ისტორიკოსს, ობიექტური დარჩეს? ყველა მეცნიერი არ ეთანხმება ამ იდეას. ბევრი მიჩნევს, რომ ისტორიკოსი - მოსწონს ეს მას თუ არა - მხარედ რჩება. „მოძრავ მატარებელში კაცი წყნარად ვერ იდგება“ - უყვარდა ჰოვარდ ზინს გამეორება. ეს ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსი ხშირად აკრიტიკებდა „გულუბრყვილო კოლეგებს“, რომლებსაც სჯერათ, „რომ უნარი შესწევთ ობიექტურად შეისწავლონ წარსული“. მემარცხენე ორიენტაციის, პოლიტიკაში ძალზე ანგაჟირებული ჰოვარდ ზინი საკუთარ ავტობიოგრაფიასაც არაორაზროვნად დაასათაურებს: You Can't Be Neutral on a Moving Train: A Personal History of Our Times.

რა თქმა უნდა, ჰოვარდ ცინი ერთადერთი არაა, ვინც რონალდ გრიგორ სუნის ანდერძს ან არ, ან ვერ იცავს... არ არის საჭირო იკითხო, თუ რომელი პარტიის წევრი იყო ერიკ ჰობსბაუმი. საკმარისია მეოცე საუკუნის ამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიკოსის ნაშრომები წაიკითხო, რათა მიხვდე, თუ რა გამოუსწორებელ მარქსისტთან გვაქვს საქმე. მარქსიზმი კი, ფროიდიზმისა არ იყოს, ხომ ზეინტერპრეტაციის ნევროზითაა დაავადებული?!

ჰოვარდ ზინის და ერიკ ჰობსბაუმის პოლიტიკურ ანგაჟირებულობას ხშირად აკრიტიკებდა ბრიტანელი ისტორიკოსი ნორმან დევისი, რომელსაც უყვარს გამეორება, რომ ისტორიკოსისათვის დოკუმენტი წმინდა, ხელშეუხებელი უნდა იყოს, ხოლო შეხედულება თავისუფალი ნებისმიერი იდეოლოგიისაგან. კი, მაგრამ არის ისტორია ნედლი, დაუმუშავებელი ფაქტების აღდგენა, როგორც ეს ნორმან დევისს (ან რონალდ სუნის) წარმოუდგენია? თუ ისტორია არის ფაბულა, რომლის შეთხზვასაც ისახავს მიზნად ისტორიკოსი და რომელსაც იგი აკეთებს ფაქტების გადარჩევის, მათი იერარქიზირების, მათი ინტერპრეტაციის საშუალებით?

ბედის ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ფაქტებით ჟონგლიორობა და ისტორიის კონსტრუირება წინასწარ დასახული ფაბულის მიხედვით თვით ნორმან დევისსაც დაბრალდა... პოლონეთის ამ ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ სპეციალისტს 1986 წელს სტენფორდის უნივერსიტეტი დაადანაშაულებს გადაჭარბებულ პოლონოფილიაში, პოლონური ანტისემიტიზმის მიჩქმალვაში და ცხვირწინ მიუჯახუნებს კარებს... აქ კიდევ ერთი დეტალია დასამატებელი - დევისის მეუღლე პოლონელია... სხვათა შორის, ნორმან დევისს იმავე ბრალდებას წაუყენებს მეორე ბრიტანელი დიდი ისტორიკოსი, წარმოშობით ებრაელი ტონი ჯადტი. ითამაშა ისტორიკოსების ამ დებატებში რაიმე როლი ეთნიკურმა თუ მატრიმონიულმა უხილავმა ძაფებმა? მხოლოდ და მხოლოდ კლიოს თუ ექნება ამ კითხვაზე პასუხი...

რაც შეეხება ტონი ჯადტს, ის ისტორიკოსებს ასევე იმ საფრთხეზე მიანიშნებდა, რომელსაც სავარაუდოდ წარსულის ვერც ერთი მკვლევარი ვერ გაექცევა - ის, რომ მეცნიერის შემოქმედება ეპოქის სულისკვეთებით, ე.წ. Zeitgeist-ით არის დეტერმინირებული. მაგალითად, ტონი ჯადტი იხსენებდა, რომ 1966 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლისას, მას მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპირებული საფრანგეთის ისტორიას ისე ასწავლიდნენ, რომ იქ ერთი სიტყვაც არ იყო ნათქვამი ფრანგი ებრაელების ბედზე. როგორც ჯადტი იხსენებდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახის წევრები შოას (ჰოლოკოსტის) მსხვერპლი იყვნენ, მისდა სამარცხვინოდ საერთოდ არ გასჩენია კითხვა, როგორ შეიძლება ვიშის რეჟიმზე ისე ისაუბრო, რომ ებრაელების ბედი არ ახსენო.

არადა, თუ წარსულის კვლევის არეალს განსაზღვრავს თანამედროვე ეპოქის ინტერესები, ხომ დიდია ალბათობა, რომ ისტორია კოლექტიური მეხსიერების სამსახურში ჩადგეს?! და ამ დროს რისკი, რომ მოხდეს ისტორიის მობილიზება ერთი რომელიმე ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური თუ კლასობრივი ჯგუფის საკეთილდღეოდ, ხომ ძალზე იზრდება?!

თუ გრიგორ სუნი იდეალისტია, თუ მისი ანდერძის ასრულება შეუძლებელია, არის ეს პესიმიზმის მიზეზი? ალბათ არა... თვალსაზრისების სიმრავლე ღია საზოგადოებაში ადრე თუ გვიან ხომ გამოავლენს მიკერძოებულობას?! ამასთან ერთად შესაძლებელია, რომ ისტორიკოსმა სუნისეული „პროგრამა მაქსიმუმის“ ნაცვლად, ორუელისეული „პროგრამა მინიმუმით“ მაინც იხელმძღვანელოს. „მე შევეცადე ობიექტურად აღმეწერა ბარსელონაში მიმდინარე ბრძოლები. ცხადია, არავის შეუძლია იყოს აბსოლუტურად ობიექტური ამგვარი მოვლენების აღწერისას. (...) ამიტომ მკითხველს ვაფრთხილებ ჩემი მიკერძოებული აზრებისა და შეცდომების გამო. და მაინც, მე მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთე, რომ გულწრფელი ვყოფილიყავი“ - ჯორჯ ორუელის მიერ ესპანეთის სამოქალაქო ომზე დაწერილი უკიდურესად სუბიექტური, მაგრამ გულწრფელი წიგნის ეს ერთ-ერთი ბოლო პასაჟი ალბათ კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური როგორც წარსულის, ისე აწმყოს მკვლევართათვის...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG