Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ევროკავშირის სანქციებს ამ ბლოკისთვის განსაკუთრებული, საამაყო მნიშვნელობა აქვს. უმეტეს შემთხვევებში ეს მისი პოლიტიკის ერთადერთი დამსჯელი ხელსაწყოა - ერთი მათრახი ასობით თაფლაკვერს შორის, როგორებიცაა ფულადი დახმარება, ახლო პოლიტიკური ურთიერთობები, უფრო ღრმა სავაჭრო ხელშეკრულებები ან, უბრალოდ, მოქმედი მთავრობის მიერ გამოთქმული მეგობრული მხარდაჭერა. ყველაზე მეტად კი სანქციები აჩვენებს იმას, რის ნაკლებობასაც მუდამ უკიჟინებენ ხოლმე ევროკავშირს - ერთობას. სწორედ ამიტომ შემაშფოთებელია, რომ ბლოკის ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციების რეჟიმი ნელ-ნელა იშლება.

ლაპარაკია უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩისა, და მისი უახლოესი გარემოცვის - მინისტრებისა და პოლიტიკური მოკავშირეების - თანხების გაყინვაზე უკრაინის სახელმწიფო ფონდების გაფლანგვის გამო. ეს იყო ევროკავშირის პასუხი ქვეყნის რესურსების ფართომასშტაბიან მითვისებაზე. სანქციები რეჟიმის დაცემის შემდეგ დაწესდა, 2014 წლის თებერვალში, - მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას არ მოეწერა ხელი ბრიუსელთან ასოცირების ხელშეკრულებაზე და ამას რამდენიმეთვიანი პროტესტი მოჰყვა მაიდანზე. ეს სანქციები თავის დროზე ევროკავშირის მიერ მისი აღმოსავლელი მეზობლების მიმართ გატარებული პოლიტიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედი გახლდათ.

სხვა სანქციებისგან განსხვავებით, ეს ნამდვილად დიდ ფიგურებს უმიზნებდა. რეჟიმში მოხვდნენ თავად იანუკოვიჩი და მისი ორი ვაჟი, უკრაინის ორი ყოფილი პრემიერი, მისი გენერალური პროკურორი და კიდევ უამრავი მნიშვნელოვანი პოლიტიკოსი. შეადარეთ ეს შემდეგში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რომლის სამიზნეც დიდწილად აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი უცნობი სეპარატისტები იყვნენ, რომლებსაც არც რაიმე ქონება აქვთ ევროკავშირში და, უმეტეს შემთხვევებში, არც იქ მგზავრობის შესაძლებლობა. ამიტომაც იყო იანუკოვიჩის წინააღმდეგ მიღებული ზომები მნიშვნელოვანი. ევროკავშირმა შეძლო მოენახა ერთობა თავის 28 წევრ ქვეყანას შორის იმ 18 ინდივიდის დასასჯელად, რომლებიც მართლაც რაღაცას წარმოადგენდნენ.

ერთი პრობლემა იყო: სია 12-მდე შემცირდა. და 4 მარტს, როდესაც ევროკავშირის ელჩები ბრიუსელში შეიკრიბნენ, მათ გადაწყვიტეს სიიდან კიდევ ორის - ყოფილი პრემიერის, მიკოლა აზაროვისა, და ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის, ედუარდ სტავიცკის, ამოღება. და მართალია, მათი გადაწყვეტილებით, კიდევ 9 ადამიანი, იანუკოვიჩის ჩათვლით, სიაში კიდევ სულ მცირე ერთი წლით დარჩა, მისმა ვაჟმა, ოლეკსანდრმა, სანქციების მხოლოდ 6-თვიანი გაგრძელება მიიღო. ევროკავშირის დიპლომატებმა კულუარულ საუბრებში გვითხრეს, რომ ის სიიდან, სავარაუდოდ, სექტემბერში გაქრება. ბრიუსელში ჩატარებული დებატებიდან გამოჩნდა, რომ მალე სანქციებს სხვებსაც მოუხსნიან - კიდევ ერთ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სერჰი არბუზოვს, შემოსავლების ყოფილ მინისტრ ოლეკსანდრ კლიმენკოს და ყოფილ გენერალ პროკურორ ვიქტორ პშონკასა და მის ვაჟ არტემს.

როგორ მოვედით აქამდე? ერთი პასუხია, რომ სანქციების სია სიჩქარეში შეირჩა და ძირითადად ეყრდნობოდა უკრაინის იმდროინდელი ხელისუფლების რჩევებს. სია უწესოდ შედგა და ამის შედეგებს ევროკავშირი დღეს იმკის. მეორე პასუხი ისაა, რომ ევროკავშირის უმთავრესი, საფუძველმდებარე პრინციპი კანონის უზენაესობაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ, ვისაც კანონის უზენაესობის მაინცდამაინც არ სწამს, შეუძლიათ ბლოკის გადაწყვეტილებები სასამართლოში გაასაჩივრონ. ეს უკვე არაერთხელ მოხდა. ბრიუსელისთვის ყველაზე დიდი დარტყმა გასულ ზაფხულში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება იყო, რომლის მიხედვითაც ამ სიაში 7 ინდივიდი პროცედურული შეცდომის შედეგად იყო მოხვედრილი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროკავშირს შეეძლო სანქციების დაწესება უკრაინის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, მაგრამ მას თავადაც უნდა შეემოწმებინა, გადაწყვეტილების მიღებისას დაცული იყო თუ არა მოპასუხეთა უფლებები ეფექტიანი იურიდიული დაცვის შესახებ. სასამართლოს დასკვნით კი, ბრიუსელს ეს არ გაუკეთებია. ბრიუსელისთვის საბედნიეროდ, გადაწყვეტილების მიღების მომენტში სანქციები უკვე გახანგრძლივებული იყო. ასე რომ, სიიდან არავინ ამოუღიათ - გადაწყვეტილება მხოლოდ 2014-2018 წლის პერიოდს შეეხებოდა. თუმცა ევროკავშირმა უკრაინის გენერალურ პროკურორს სასწრაფოდ მოსთხოვა დამატებითი ინფორმაცია და სამხილები, რათა მომავალში სანქციების სიას პრობლემა აღარ შეჰქმნოდა.

ევროკავშირის დიპლომატების თანახმად, კიევისგან მიღებული ინფორმაცია არ იყო საკმარისი სანქციების სრულად შესანარჩუნებლად და ორი ინდივიდი სიიდან ამის გამო ამოიღეს. ისინი ელიან, რომ წელს სასამართლოში კიდევ ახალი სარჩელები შევა, რომლებიც შეიძლება ევროკავშირმა წააგოს. უმეტესობას არა აქვს იმედი, რომ ამ სიას დიდხანს შეინარჩუნებენ. სავარაუდოდ, იურიდიული ზეწოლის შედეგად ის ნაწილ-ნაწილ შემცირდება ან, სულაც, გაუქმდება, რადგან ნარჩენების გადასარჩენად მეტისმეტი დრო და ძალისხმევა იქნება საჭირო.

ევროკავშირს სურდა, რომ სანქციების მიღებისას მყისიერი და მტკიცე ყოფილიყო. უბრალოდ, დაავიწყდათ, რომ მისივე წესები და პროცედურები საწინააღმდეგო შედეგის მისაღწევადაა შექმნილი.

დემოკრატია არის მაშინ,
როცა მმართველს არ ეშინია.
იშტვან მესარო

„დევნილი და ცენზირებული: კულტურა წნეხის ქვეშ“ - ასე ეწოდებოდა კონფერენციას, რომელიც გერმანიაში გასულ შემოდგომას ჩატარდა და სამ არასრულ დღეს გასტანა. მასში მონაწილეობას იღებდნენ მწერლები, ავტორები, ფილოსოფოსები, არტისტები, ჟურნალისტები და მკვლევარები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან - სწორედ იმ ქვეყნებიდან, სადაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა ავტორიტარული ტენდენციები, სადაც უცხო არ არის ადამიანების სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაცია და სადაც, დემოკრატიული სისტემის მიუხედავად, კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები ცენზურის სამიზნეში მოხვდნენ.

ამ კონფერენციაზე მე საქართველოს წარმოვადგენდი და ჩემი მოვალეობა იყო ჩემს ქვეყნაში არსებული მდგომარეობის შესახებ მესაუბრა: განიცდის თუ არა კულტურა წნეხს და რამდენად თავისუფალია შემოქმედი და, ზოგადად, ადამიანი ჩემს ქვეყანაში.

ბავარიის ამ საკურორტო ადგილას, ტუტცინგის სასახლეში, საიდანაც იალქნებიან ტბასა და შემოჯარულ მთებზე მშვენიერი პანორამა იშლება, შეიძლება ვერც კი წარმოიდგინო, თუ სადმე, დედამიწის რომელიმე კუთხეში, ადამიანები იჩაგრებიან. აქაურობა იმდენად მშვიდი და მომხიბვლელია, რომ გერმანელებშიც კი რაღაც უცნაურის, ხელოვნურის განცდას იწვევს. ბევრისგან გამიგია, რომ დანარჩენი სამყაროსგან თითქოს მოწყვეტილი შტარნბერგერის ეს ტბა მდიდარი გერმანელების „ჰაილე ველთს“ - უპრობლემო სამყაროს - წარმოადგენს. ასეთ გარემოში თითქოს არაბუნებრივიც კი იყო კონფერენციის თემაზე საუბარი, თუმცა ერთ-ერთმა პირველივე გამომსვლელმა და მისმა მონათხრობმა უმალ შთანთქა ზღაპრული ლანდშაფტი, იალქნები, მზე, უღრუბლო ცა და უნგრეთის საშიშ და უიმედო რეალობაში გადაგვისროლა.

არპად შილინგი წარმოშობით უნგრელი რეჟისორია და მასთან არაერთი წარმატებული სასცენო პროექტი ასოცირდება, თუმცა მან ერთ მშვენიერ დღეს უარი თქვა უნგრეთზე, ხელი მოჰკიდა მეუღლეს, ორ შვილს და საფრანგეთში გადასახლდა. არპად შილინგის პირადი ისტორია, რომლის მოყოლასაც ის თითქოს ამ ღონისძიების ფარგლებში არც აპირებდა, იქ მყოფებისათვის გაცილებით ხელშესახებს ხდიდა თანამედროვე უნგრეთს და მის ულტრამემარჯვენეებით დომინირებულ პოლიტიკასა თუ საზოგადოებას, ვიდრე ის, რაც მედიიდან ამ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე გვესმის. რეჟისორმა, რომელიც 2017 წელს უნგრეთში ქვეყნის მტრად შერაცხეს, თავისი გადაწყვეტილება ემიგრაციის შესახებ ასე ახსნა: მე იმიტომ არ წავსულვარ ჩემი ქვეყნიდან, რომ საკუთრივ ჩემთვის რაიმე უკეთესი მომეპოვებინა, ან რაიმე უფრო დიდისთვის მიმეღწია, არა! უბრალოდ, ერთ დღეს მივხვდი, რომ არ მინდოდა ჩემი შვილები იმ ქვეყანაში გაზრდილიყვნენ... რატომ უნდა გავზარდო შვილები იქ, როცა შემიძლია მანქანაში ჩავჯდე, 1000 კილომეტრი გავიარო და სრულიად სხვა ფასეულობების მქონე სივრცეში აღმოვჩნდე?! კითხვას, იყო თუ არა შილინგი საფრანგეთში ბედნიერი, დაუფიქრებლად უპასუხა: მე იქ ერთი წყეული უცხოელი ვარ, მაგრამ, დაე, იყოს ასე! ორბანის უნგრეთს ისევ წყეული უცხოელობა მირჩევნიაო.

კონფერენცია „დევნილი და ცენზირებული: კულტურა წნეხის ქვეშ“
კონფერენცია „დევნილი და ცენზირებული: კულტურა წნეხის ქვეშ“

ამ წერილში თითოეული უდავოდ საინტერესო გამომსვლელის შესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს. იქ იყვნენ ავტორები ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან, ასევე ბელორუსიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, რუსეთიდან... ყველა ისტორია თითქოს ერთ მთლიანობას ქმნიდა, თითქოს ყველა ერთსა და იმავე ამბავს ჰყვებოდა სხვადასხვა კუთხიდან, რაც იმის უტყუარი დასტური იყო, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას ჯერ კიდევ ვერ გაეთავისუფლებინა თავი საბჭოთა და სოციალისტური პერიოდის ტოტალიტარული მართვის ტრადიციებისგან.

კონფერენციის შესავალ სიტყვაში წარმოშობით ხორვატმა ფილოსოფოსმა ბორის ბუდენმა, რომელიც ავსტრიაში მრავალწლიანი ემიგრაციის მერე დღეს ბერლინში ცხოვრობს, კიდევ ერთხელ მიგვითითა სიტყვა „დემოკრატიის“ მნიშვნელობასა და მის ძალაზე. მისი აზრით, დღეს ევროპა და დანარჩენი დასავლური სამყარო ამ სიტყვის ახლებურად გააზრებას ცდილობს. ეს დემოკრატიის ცნების გადააზრების, გადატვირთვის ახალი ეტაპია. დასავლეთის ქვეყნებმა „დემოკრატიის“ პრობლემური, ურთიერთგამომრიცხავი შინაარსების გადაფასების პროცესი უკვე დაიწყეს. ბუდენის აზრით, თუ, მაგალითად, 90-იან წლებში ითვლებოდა, რომ აღმოსავლეთს დასავლეთისგან უნდა ესწავლა, დღეს ყველაფერი შემოტრიალდა და დადგა დრო, რომ დასავლეთმაც ისწავლოს აღმოსავლეთისგან. დემოკრატია, ბუდენის აზრით, მაშინ ჯადოსნურ სიტყვას წარმოადგენდა, დღეს კი მან თავისი „მეჯიქი“ დაკარგა. ფილოსოფოსის აზრით, კულტურა ამ პროცესებში უმნიშვნელოვანესი, შეიძლება ერთადერთი გზამკვლევიც კი იყოს. კულტურა არის ერთგვარი კომპასი, რომელიც გვაჩვენებს იმას, თუ სად ვდგავართ და საით უნდა წავიდეთ.

დემოკრატიაზე არპად შილინგმაც ილაპარაკა და უნგრელი ფილოსოფოსის, იშტვან მესაროს, სიტყვები მოიშველია. მესარო ამბობს, რომ დემოკრატია იქ, სადაც მმართველს ეშინია, ვერ იარსებებს. როდესაც მმართველს შიში უჩნდება, მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯიღა რჩება ტოტალიტარიზმამდე. ალბათ, სწორედ ამგვარი შიშის შედეგია უნგრეთის განათლების სისტემის დღევანდელი მდგომარეობაც, რომელსაც შილინგმა ოკუპირებული უწოდა. მისი მონათხრობის თანახმად, უნგრეთში შეჩერებულია ისტორიული კვლევები, მთელი მეცნიერთა აკადემია დაპყრობილი და მართულია, მეცნიერებმა ქვეყანა დატოვეს. შილინგის აზრით, ვიქტორ ორბანს ისტორიის გაყალბება სურს. პრემიერისთვის არასასურველია ნებისმიერი კვლევა, რომელიც მას ტოტალურ მართვაში ხელს შეუშლის.

შილინგის თქმით, უნგრეთში ჯერ არც ერთი ისეთი ძალა არ მოსულა მთავრობაში, რომელიც განათლებისთვის იბრძოლებდა. თუმცა ის იმასაც აღნიშნავს, რომ ორბანის უნგრეთი ჩიხშია შესული, იქ ფეოდალიზმი გლობალურმა კაპიტალიზმმა ჩაანაცვლა. ორბანმა გახლიჩა ქვეყანა, გააყალბა სტატისტიკა და ჩააგონა ადამიანებს, რომ ყველა, ვინც მის წინააღმდეგ მისცემდა ხმას, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. „Populism fits to global capitalism“, - პოპულიზმი კარგად უწყობს ფეხს გლობალურ კაპიტალიზმს, ამბობს რეჟისორი და დარწმუნებულია, რომ ორბანი კიდევ ერთ-ორ არჩევნებს მოიგებს. ეს პესიმიზმი სრულიად გასაგებია, თუ გავითვალისწინებთ თუნდაც იმ ფაქტს, რომ მრავალწლიანი თანამშრომლობისა და უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კულტურის შექმნის შემდეგ ორბანმა ქვეყნიდან გააძევა უნგრელ-ამერიკელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის, დაფუძნებული ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, რომელმაც ამის შემდეგ თავშესაფარი ვენაში იპოვა.

არტიომ ლოსკუტოვი (მარცხნიდან მეორე)
არტიომ ლოსკუტოვი (მარცხნიდან მეორე)

იმავე ღონისძიებაში სიტყვით გამოვიდა რუსი არტისტი და ოპოზიციონერი აქტივისტი არტიომ ლოსკუტოვი. ის, მრავალი წელია, თავისი აქტივიზმითა და პერფორმანსებით პუტინის რეჟიმს ებრძვის. ლოსკუტოვი ცნობილია აქცია-პერფორმანსით „მონსტრაცია“, რომელიც „დემონსტრაციის“ ერთგვარ გაშარჟებულ ვარიანტს წარმოადგენს და რომელიც რუსეთში ყოველწლიურად აგვისტოში იმართება.

2013 წელს სახელმწიფო სამსახურებმა ლოსკუტოვს, როგორც ცალკე, ინდივიდ ხელოვანს, ხელოვნების შექმნა და მოღვაწეობა აუკრძალეს, თუმცა ის თანამოაზრეებთან ერთად მაინც განაგრძობს „მონსტრაციის“ ყოველწლიური აქციის გამართვას ნოვოსიბირკსა და რუსეთის სხვა ქალაქებში. ლოსკუტოვი ამ საქმიანობისთვის რუსეთის პოლიციის მიერ დაკავებულიც იყო. სწორედ მას ეკუთვნის სიტყვები: „შენ არ ხარ ნამდვილი რუსი მანამ, სანამ არ დაგიჭერენ“.

ამ ახალგაზრდა კაცმა, მისმა მეტყველების მანერამ, წყნარმა და თითქოს უამბიციო მესიჯებმა, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და, ცოტა არ იყოს, დამთრგუნა კიდეც. ის ისეთ დაბალ ხმაზე ლაპარაკობდა, რომ დარბაზში მსხდომებს თითქმის არაფერი გვესმოდა. დაბნეულმა წამყვანებმა მიკროფონი შეამოწმეს და გამომსვლელს სპონტანურად თარჯიმანიც კი მიუსვეს გვერდით, თუმცა რუსი აქტივისტი სრულიად გამართულად მეტყველებდა ინგლისურ ენაზე, ოღონდ - ზედმეტად ჩუმად. „ჩვენ მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ ციხეში არ მოვხვდეთ“, - უპასუხა მან დარბაზიდან დასმულ ერთ-ერთ შეკითხვას.

არ ვიცი, ეს რუსეთში არსებული ტოტალური წნეხის ბრალია, თუ არტისტის იმდღევანდელი განწყობის, ან, ზოგადად, მისი ტემპერამენტის, მაგრამ რატომღაც მისი თითქმის გამქრალი ხმა რუსეთში მცხოვრები პატიოსანი ადამიანების დათრგუნვილ ხმად მივიჩნიე. რა ბედი ელით მათ? ისინი, ალბათ, ყველაზე მიუსაფარი, ჩაგრული და, ამავდროულად, უიმედო ადამიანები არიან (მახსენდება ერთი რუსი ნაცნობის სიტყვები: არ მაქვს იმედი, რომ რუსეთში მომავალი 200 წლის განმავლობაში რაიმე შეიცვლებაო. ეს განწყობა საკმაოდ კარგად ჩანს თანამედროვე რუსულ საავტორო კინოშიც, სადაც წარმოუდგენელია არა მარტო „ჰეფი ენდი“, არა მარტო რაიმე გამოსავალი, არამედ, უბრალოდ, იმედის ქონაც კი.)

წინასწარი გეგმით, კონფერენციის დასასრულს უნდა გამოსულიყო უკრაინელი ჟურნალისტი, ანგელინა კარიაკინა, რომელიც ოლეგ სენცოვის საქმეში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და მნიშვნელოვან ჟურნალისტად ითვლება, თუმცა ეს გამოსვლა არ შედგა და ჟურნალისტი მხოლოდ ონლაინ-ლაივის საშუალებით ჩაგვერთო. ამ მოულოდნელ ცვლილებას კარგი მიზეზი ჰქონდა: სწორედ მაშინ, როცა ის გერმანიაში ჩამოფრინდა, ოლეგ სენცოვის გათავისუფლების შესახებ შეატყობინეს. ამიტომ კარიაკინას მყისიერად უკან გასამგზავრებელი ბილეთი აეღო, რომ სამშობლოში დაბრუნებულ სენცოვს ადგილზე დახვედროდა. როცა წამყვანებმა უკრაინელი რეჟისორის გათავისუფლება გვამცნეს, დარბაზში დიდხანს ტაში არ შემწყდარა. კიევიდან მალევე ჩაგვერთო ანგელინა კარიაკინა და რეჟისორის სამშობლოში დაბრუნების ამბავი მიმოიხილა. თავად საკმაოდ აღელვებული ჩანდა - ეტყობოდა, რომ ბოლო წლებში ის მთლიანად დატყვევებული რეჟისორის ბედით იყო მოცული.

ჩემი გამოსვლის შესახებ ლაპარაკით მკითხველს თავს არ შევაწყენ. ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ადვილად შესაძლებელია იმის წარმოდგენა, თუ რის თქმა შეეძლო დღეს ქართველს ამ კონტექსტში. რასაკვირველია, არ შეიძლებოდა არ მეხსენებინა დევნილი პოეტი ზვიად რატიანი, გაუქმებული „ეროვნული წიგნის ცენტრი“, ზაფხულის პროტესტი რუსთაველზე, ოკუპირებული ტერიტორიები და მცოცავი ოკუპაცია; ასევე ეკლესიის ნეგატიური როლი ქალთა ჩაგვრისა და უმცირესობათა დისკრიმინაციის ფონზე, ან მმართველი გუნდის სიმპათია რუსეთის მიმართ. ჩემს გამოსვლაში ისიც ვახსენე, რომ ჩემი ქვეყნის ბედს, მის გეზსა და მიმართულებას საბოლოოდ 2020 წლის არჩევნები გადაწყვეტს, რომ სწორედ ეს არჩევნები ცხადყოფს, წაართმევს თუ არა ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ღირსების შეგრძნებას, იძულებულს გახდის თუ არა მათ თავი დაუხარონ გავრილოვსა და პუტინის სხვა ქვეშევრდომებს, თუ დადგება სხვანაირი, ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი, საიდანაც შევძლებთ გადავდგათ ნაბიჯები სამყაროს ცივილიზებული ნაწილისკენ, სადაც უპირველესი ფასეულობა ადამიანი და მისი თავისუფალი სიტყვაა.

მთელი კონფერენციის მსვლელობისას და მერეც ყველა გამომსვლელის მიერ დახატულ სურათს ძალაუნებურად ჩემი ქვეყნისას ვადარებდი:

როცა ხორვატი ფილოსოფოსი დასავლეთში გამქრალ დემოკრატიის „მეჯიქზე“ ლაპარაკობდა, ვფიქრობდი, მოასწრო თუ არა საქართველომ თუნდაც დემოკრატიის კონვენციური გაგების გააზრება და ქართულ დღის წესრიგად ქცევა, ვიდრე იგი ევროპელებისათვის „მეჯიქს“ დაკარგავდა.

როცა უნგრელი რეჟისორი ურბანის მიერ ისტორიის გაყალბებაზე საუბრობდა, ჩვენი მეზობელი ქვეყნის აგრესია მახსენდებოდა; რუსეთიც ხომ, უკვე დიდი ხანია, სწორედ იმავე ხერხს მიმართავს? ის უგულებელყოფს ისტორიას და მიზანმიმართულად შავს თეთრს, ხოლო თეთრს შავს არქმევს. ასეთი გაყალბების ავტორებს იმედი აქვთ, რომ ეს ხერხი ადრე თუ გვიან გაჭრის. ისტორია ხომ მეხსიერებაა?! თუ მეხსიერებას წავშლით, თუ ისტორიულ ფაქტებს თუნდაც სადავო ფაქტებად გადავაქცევთ, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მოწინააღმდეგის მიზანი თითქმის მიღწეულია. ჩვენ ისევე უნდა დავიცვათ საკუთარი ისტორია, როგორც საკუთარი საზღვრები, რადგან პირველი ქვეყანას მორალური გადარჩენისათვის სჭირდება, ხოლო მეორე - ფიზიკური არსებობისათვის.

როცა რუსი ოპოზიციონერის ჩუმად წარმოთქმულ სიტყვებს ვუსმენდი, ვფიქრობდი, რომ ჩვენთან ოპოზიციონერ აქტივისტებს ჯერ კიდევ ომახიანი ხმა აქვთ, რომ ჩვენთან შიშიც ისე არ გაბატონებულა, როგორც იქ, ჩრდილოეთში, და რომ ჩვენი ფიქრი ჯერჯერობით მხოლოდ იმით არ შემოიფარგლება, როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ ციხეში არ მოვხვდეთ. საქართველოში ჯერჯერობით დევნისა და დაკავების თემაზე ხუმრობაც კი შეუძლიათ, მაგრამ, იქნებ, სულაც არ ვართ შორს იმ „ჩურჩულისგან“, იქნებ ჩვენც სულ მალე ლოსკუტოვის სიტყვები მოგვესადაგოს: „შენ არ ხარ ნამდვილი ქართველი მანამ, სანამ არ დაგიჭერენ!“

დაბოლოს, ყველაზე მთავარი კითხვა: არის თუ არა შესაძლებელი, რომ ერთხელ ჩვენც, საქართველოს მოქალაქეები, უნგრელი შილინგივით, ან სხვებივით, ქვეყნის დატოვების არჩევანის წინაშე დავდგეთ? არა იმიტომ, რომ სხვაგან უკეთესი ცხოვრება გვსურს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის იდეა და მისი კურსი აღარ იქნება ჩვენივე შინაგანი მდგომარეობისა და თავისუფლების თანხვედრი, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა მმართველი გუნდის თავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ ორ მილიონ სამუშაო ადგილს ქვეყანა ვერ შექმნის და გვახალისებს იმისაკენ, რომ ჩვენ, საქართველოს უმუშევარმა და ღირსებააყრილმა მოქალაქეებმა, ჩვენი ძალა, ნიჭი, სიცოცხლე და ენერგია სხვა ქვეყანაში შრომას დავახარჯოთ; ვუხადოთ გადასახადები ასევე სხვა ქვეყანას, ხანდახან იაფი რეისებით ჩამოვიდეთ საქართველოში, მერე ისევ იაფად წავიდეთ, იქ მოვეწყოთ, იქნებ იქ დავფუძნდეთ კიდეც და ერთ დღეს, ვინ იცის, იქნებ, „წყეულ უცხოელობასაც“ შევეგუოთ?!

ბერლინში დაბრუნებული შემთხვევით აღმოვჩნდი ერთ არალიცენზირებულ ტაქსიში, რომელსაც შშმ ირანელი კაცი მართავდა. კლიენტებს ქუჩაში კრეფდა და, როგორც ჩვენთან იტყვიან, ორ კაპიკს შავად აკეთებდა. მიამბო, თუ როგორ დატოვა ირანი. ის საკაბელო ტელევიზიის ანტენებს ამონტაჟებდა, პოლიცია კი სდევნიდა, რადგან მთავრობას ხელს არ აძლევდა ხალხს ალტერნატიული საინფორმაციო საშუალებებისთვის ეყურებინა, ან რაიმე „დასავლური გარყვნილი“ ენახა. თქვა, რომ ირანში პოლიცია მხოლოდ პოლიცია არ არის და რომ იქ ყველაფერს ცალკე თავისი ზედამხედველი ჰყავს. მაგალითად, არსებობს ჰიჯაბის მაკონტროლებელი პოლიცია, კრიმინალს თავისი პოლიცია ჰყავს, ოჯახურ ამბებსა და კონფლიქტებს - ცალკე და ასე შემდეგ. ისიც თქვა, რომ ყველაზე მეტი შემოსავალი ქვეყანაში სწორედ პოლიციელს აქვს - ისინი იღებენ დახმარებას, ბინას და ასე შემდეგ. ამიტომ ძნელია „ციხის შიგნიდან გატეხა“ და პოლიციელების მთავრობის წინააღმდეგ ამხედრება, მათ ეს არ უღირთ, საკუთარი მაღალი შემოსავლისა და პრივილეგიების გამო.

მძღოლმა ირანის რევოლუციაც ახსენა - თქვა, რომ ხალხს არ უნდა ჰიჯაბი და რომ უმეტესობა ქალების ჩაგვრას არ ეთანხმება. თავადაც წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, თუ როგორ ჩამოეხურა ქვეყანას ჩადრი 70-იანი წლების რევოლუციის შემდეგ და როგორ გადაიქცა თავისუფალი და ევროპული ირანი ჩაკეტილ, რელიგური ექსტრემიზმის ქვეყნად, სადაც ქალები ადამიანებად აღარ ითვლებიან. წუხდა იმ გოგონაზე, რომელმაც ფეხბურთის გულშემატკივრობის გამო თავი დაიწვა და გარდაიცვალა.

კაცს ბერლინში არავინ ჰყავდა, მშობლები და ოჯახის წევრები თეირანში ცხოვრობდნენ. იცოდა ირანული კინოც: კიაროსტამი, ფარჰადი, მაჰბალბაფების ოჯახი... ამ უკანასკნელთ თითქოს შეჰნატრა კიდეც: მაგათ რა უჭირთ, ეგენი, დიდი ხანია, საფრანგეთში ცხოვრობენო.

ჩემს კითხვაზე, ენატრება თუ არა სამშობლო, თქვა, რომ მისი სამშობლო ახლა უკვე წარსულია, მისი ცხოვრება კი ამ ქვეყანაში ახლიდან უნდა დაიწყოს, თუნდაც ასე, არალეგალური სამუშაოთი.

სამშობლო, როგორც წარსული... - ეს სიტყვები, მით უმეტეს ბავარიის კონფერენციის შემდეგ მტკივნეული მოსასმენი იყო. წარმოვიდგინე, რომ მეც ძალიან გამიჭირდებოდა იმ საქართველოში ცხოვრება და შვილების გაზრდა, რომელიც ისევ მოსწყდებოდა თავის ისტორიულ და კულტურულ ორბიტას, ევროპას, და გახდებოდა ჩრდილოეთის მომხიბლავი პროვინცია, საუცხოო სუფრითა და ცეკვა-სიმღერით...

მანქანიდან რომ გადმოვედი, მძღოლმა ბარგი გადმომილაგა, თბილად დამემშვიდობა და წავიდა. წავიდა და შეუერთდა უსამშობლოების ერთ დიდ ოჯახს, რომელიც ამ ერთ მუჭა საქართველოსაც თავისუფლად დაიტევდა, როგორც ზღვა პატარა ნაკადულს.

თუმცა ჩვენ ეს არ გვსურს.
ჩვენ ჩვენი დინება გვაქვს.
ჩვენ ჯერ კიდევ შეგვწევს ბრძოლის უნარი.
ჩვენთან თავისუფლება არაფერზე იცვლება.

ჯერ კიდევ გვაქვს შანსი ავირჩიოთ სამშობლო, როგორც ჩვენი მომავალი, და არასოდეს დავუშვათ, გადაიქცეს ის წარსულად.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG