Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

2 წლის მანძილზე (შარშან მსოფლიოს ნომერი პირველი კინოფორუმი ვერ ჩატარდა პანდემიის გამო) დაგროვდა ძალიან ბევრი ფილმი და უზარმაზარ პროგრამაში გარკვევა აშკარად რთული გახდა. განსხვავებული ჟანრების, განსხვავებული სტილის ამ ლაბირინთში ჟიურის ნამდვილად გაუჭირდება გადაწყვეტილების მიღება.

“ანეტ”(რეჟისორი ლეო კარაქსი, საფრანგეთი)

ლეო კარაქსის ახალმა ფილმმა, რომელსაც თითქმის 10 წელი ელოდნენ მისი თაყვანისმცემლები, ნამდვილად გაამართლა. სახელგანთქმული კომიკოსის (ადამ დრაივერი) და მისი ცოლის, ასევე სახელგანთქმული მომღერლის (მარიონ კოტიარი) სიყვარულის ისტორია აუცილებლად გაგახსენებთ “პონტ-ნოფის შეყვარებულებს”. თუმცა ახალგაზრდა კარაქსისთვის დამახასიათებელი რომანტიკულობა აქ იცვლება ტრაგიზმით და თავისებური თვითგვემითაც - რჩება შთაბეჭდილება, რომ ადამ დრაივერის გმირი რეჟისორის ალტერ-ეგოა, მთელი ფილმი კი აღსარება ხელოვანისა, რომლისთვისაც ძალადობა პროფესიული მოღვაწეობის, საერთოდ, ცხოვრების წესის განმსაზღვრელი გახდა.

“აჰედის მუხლი”(რეჟისორი ნადავ ლაპიდი, ისრაელი)


ბერლინის კინოფესტივალის “ოქროს დათვის” ლაურეატის სურათი გვიამბობს კინორეჟისორზე, რომელიც ისრაელის ერთ მიყრუებულ სოფელში ჩადის მაყურებელთან შესახვედრად და თავისი ახალი ნამუშევრის საჩვენებლად. აქ მას მასპინძლობას უწევს ახალგაზრდა ქალი, ბიბლიოთეკარი - ყურადღებას არ აკლებს და თანაც აფრთხილებს, თუკი მაყურებელთან შეხვედრის დროს ისაუბრებს ომის თემაზე და პალესტინელების ჩაგვრაზე, მის ახალ ფილმს კულტურის სამინისტრო აღარ დააფინანსებს. მიუხედავად პოლიტიკური სიმწვავისა “აჰედის მუხლი” უაღრესად სწორხაზოვანი, პრეტენზიული ფილმი გამოვიდა. სურათის მეორე ნაწილში ლაპიდი “ღეჭავს” თემას და სახიერება აღარ ჰყოფნის მის გასაღრმავებლად.

“კუპე ნომერი 6” (რეჟისორი იუხო კუოსმანენი, ფინეთი)

ჯერჯერობით კონკურსის ეს ერთ-ერთი საუკეთესო სურათი აუცილებლად გაგახსენებთ რიჩარდ ლინკლეიტერის პოპულარულ ფილმს “მზის ამოსვლის წინ”. აქაც იქნება შეხვედრა მატარებელში, აქაც იქნება სასიყვარულო ისტორია სექსის გარეშე; ფინელი ლესბოსელი სტუდენტი, რომელიც მოსკოვში სწავლობს არქეოლოგიას, მურმანსკში მიემგზავრება. მატარებელში გაიცნობს ახალგაზრდა რუს მეშახტეს, არყის და სექსუალური გოგოების დიდ მოყვარულს… მაგრამ ის არ მოხდება, რასაც მაყურებელი მოელის. “კუპე ნომერი 6” დაგინგრევთ აკვიატებებს და წინასწარ განწყობებს. ესაა სურათის მთავარი ღირსება.

“ყველაფერი კარგად დასრულდა” (რეჟისორი ფრანსუა ოზონი, საფრანგეთი)

კანის ფესტივალზე უკვე ისმის კომპლიმენტები ოზონის მისამართით, არაერთმა კოლეგამ აღნიშნა, რომ ესაა ყველაზე პროდუქტიული ფრანგი რეჟისორის საუკეთესო ნამუშევარი, რომ ევთანაზიის შესახებ ასეთი კარგი ფილმი არ გადაღებულა. ჩემი აზრით, ოზონს არაფერი ახალი არ გაუკეთებია. უფრო მეტიც, მსახიობები აქ კიდევ უფრო ცუდად თამაშობენ, ვიდრე ოზონის სხვა სურათებში

“გაყოფა” (რეჟისორი კატრინ კორსინი, საფრანგეთი)

თუ არ ვცდები ესაა პირველი მხატვრული ფილმი “ყვითელი ჟილეტების” აქციებზე საფრანგეთში. სურათის ავტორი ცდილობს რამდენიმე ძალიან აქტუალური პრობლემის ერთად თავმოყრას, თუმცა მათი გაერთიანებისთვის რეჟისორული ოსტატობა აშკარად არ ჰყოფნის.

“ენები” (რეჟისორი მაჰამატ ჰარუნი, ჩადი)

ლამაზი ფილმი აფრიკის (და არ მარტო აფრიკის) ქვეყნებისთვის მტკივნეულ თემაზე - აბორტის აკრძალვაზე და ქალებზე ძალადობაზე. როგორც კინო უაღრესად პრიმიტიულია, მაგრამ შესაძლებელია ამ უბრალოებით იგებს კიდეც. ფაქტია, პრემიერის შემდეგ გადამღებ ჯგუფს დიდი ოვაციები გაუმართეს. არაა გამორიცხული, რომ სპაიკ ლიმ, პირველმა შავკანიანმა ჟიურის თავმჯდომარემ კანის ფესტივალის ისტორიაში, ეს უბრალოება და სილამაზე დააფასოს.

“ყველაზე ცუდი ადამიანი მსოფლიოში” (რეჟისორი იოაჰიმ ტრიერი, ნორვეგია)

შეიძლება ითქვას, რომ ესაა “ახალგაზრდული ფილმი” თხრობის მანერით, სტილით, თავისუფალი რეჟისურით. თუმცა სურათის გმირები ნამდვილად აღარ არიან თინეიჯერები, რომლებმაც ჯერ კარგად არ იციან, რა უნდათ ცხოვრებაში. მათ უკვე შეუსრულდათ 30 წელი, მაგრამ ვერ გარკვეულან თავიანთ გრძნობებში და ვნებებში. აღრეულია ემოციები და შესაბამისად, აღრეულია ჟანრებიც - ტრიერის ფილმი ხან ლირიკული დრამაა, ხან კომედია, ხანაც მელოდრამა. სადღაც ფილმის მეორე ნახევრიდან მაყურებელთან ეს თამაში მოსაბეზრებელი ხდება. თუმცა ნორვეგიულ ფილმს თაყვანისმცემლებიც გამოუჩნდა - აგერ “გარდიანი” “ყველაზე ცუდ ადამიანს” ჯერჯერობით ფესტივალის საუკეთესო საკონკურსო ფილმად ასახელებს.

“ბენედეტა” (რეჟისორი პოლ ვერჰოვენი, საფრანგეთი)

უნდა ვაღიარო, რომ დიდი ხანია ველოდებოდი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ავტორის ახალ სურათს. გადაღების დროს ვერჰოვენს, რომელიც უკვე 82 წლისაა, ოპერაციის გაკეთება მოუხდა. შესაბამისად “ბენედეტას” პრემიერა გადაიდო. ამას მოჰყვა პანდემია, რომელმაც, საერთოდ, კინაღამ ჩაშალა პროექტი. მაგრამ ვერჰოვენმა მაინც შეასრულა პირობა და დაასრულა თავისი მორიგი სკანდალური სურათი მეჩვიდმეტე საუკუნის მონაზონ ქალზე, რომელსაც გარყვნილებასა და “ეშმაკთან ზავში” ადანაშაულებენ. სურათში არის რამდენიმე ძლიერი სცენა ვერჰოვენის სტილში (პათეტიკას და იუმორს შორის ზღვარი სრულიად გამქრალია)

კანში, კლასიკური კინოს რეტროსპექტივის პროგრამაში უჩვენეს თენგიზ აბულაძის “მონანიება”. ფილმის აღდგენილი ვერსიის პრემიერას დაესწრნენ სცენარის თანაავტორი ნანა ჯანელიძე და მთავარი როლის შემსრულებელი ავთო მახარაძე.

1987 წელს, კანის ფესტივალზე “მონანიების” ჩვენება პოლიტიკურ სკანდალს უკავშირდება. ჟიურიმ, რომელსაც ივ მონტანი ხელმძღვანელობდა, “ოქროს პალმა” გადასცა ფრანგ რეჟისორს, მორის პიალას ფილმისთვის “სატანის მზის ქვეშ”. მთელი ფესტივალის მანძილზე პიალას სურათს კრიტიკოსთა ყველაზე დაბალი შეფასება ჰქონდა. ანტიკლერიკალიზმით ყოველთვის გამორჩეული კანის ფესტივალის ელიტა დასცინოდა პიალას, ხოლო გაზეთმა “ლიბერასიონმა” პიალა დაახასიათა როგორც “მარაზმის სტადიაში მყოფი”. დასრულდა ფესტივალი და ყველასთვის მოულოდნელად “ოქროს პალმის”მფლობელი მორის პიალა გახდა. ჟიურის გადაწყვეტილებას დარბაზი სტვენით შეხვდა. “მე თუ არ გიყვარვართ, არც მე მიყვარხართ” - იყვირა პიალამ სცენიდან.

კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრი იყო რუსი-საბჭოთა რეჟისორი ელემ კლიმოვი,რომელიც “პერესტროიკის” ეპოქის დაწყებისთანავე კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე გახდა და არაერთი აკრძალული ფილმი ჩამოიღო თაროებიდან. მათ შორის აბულაძის “მონანიება”. ყრილობაზე,რომელმაც კლიმოვი კავშირის თავმჯდომარედ აირჩია, დამარცხდა “მიხალკოვ-ბონდარჩუკების მაფიად” ცნობილი ჯგუფი.

კანის ფესტივალზე კლიმოვი გაემგზავრა “პერესტროიკის” მთავარი ფილმის, “მონანიების” ტრიუმფისათვის. აბულაძის გამარჯვება პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იყო. საქართველოსთვის კი ორმაგად მნიშვნელოვანი: გამოვიდოდა, რომ ახლა უკვე მეორე ქართველის ფილმი მოუტანდა საბჭოთა კინოს “ოქროს პალმას”. პირველი იყო მიხეილ კალატოზიშვილი (“მიფრინავენ წეროებით”) და ახლა მეორე იქნებოდა აბულაძე.

1987 წლის საკონკურსო პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია კანის ფესტივალების ისტორიაში. მიუხედავად ამისა ფესტივალის ბოლო დღემდე კრიტიკოსთა გამოკითხვაში ლიდერობდა ნიკიტა მიხალკოვის “ოჩი ჩორნიე”, უფრო მეტიც, მიხალკოვს მხარს უჭერდა ჟიურის თავმჯდომარე ივ მონტანი.

აღმოჩნდა, რომ ჟიური დასკვნით სხდომაზე ხმები ისე გაიყო, რომ 12 საათიანი თათბირი უშედეგოდ დამთავრდა. ყველას სხვადასხვა ფილმი მოწონდა და თავის ფავორიტს ასახელებდა. “მონანიება”, როგორც ჩანს, არ იყო არც განსაკუთრებული ფავორიტების და არც “ანტიფავორიტების” სიაში. ამით ისარგებლა ელემ კლიმოვმა - როგორც კი დაინახა, რომ მიხალკოვმა “პალმა” ჩააწყო, სკანდალით დაემუქრა ფესტივალს. მერე კი ეშმაკობას მიმართა - შესთავაზა ივ მონტანს “პალმა” მორის პიალას მიეციო. მონტანი, ფრანგი პატრიოტი უარს როგორ იტყოდა? სამაგიეროდ კლიმოვმა დიდი პრიზი მოითხოვა “მონანიებისთვის”, რაზედაც უარი უკვე ვეღარ უთხრეს.

საბოლოოდ ფესტივალი ქართული კინოს და რაც მთავარია “პერესტროიკის” გამარჯვებით დასრულდა - აბულაძის ფილმმა კანის ფესტივალზე 3 პრიზი მოიპოვა.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG