Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 22 ივლისი. See content from before

სამშაბათი, 20 ივლისი 2021

ფესტივალის დაწყების წინ ვიმუქრებოდი, რომ კოვიდს კანის ფესტივალის დღიურებში გვერდს ვერ ავუვლიდი. თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორედ პანდემია განსაზღვრავდა წლევანდელი კინოფორუმის სტილს, მის ფორმასა და შინაარსს. უნდა ვაღიარო, რომ მოვტყუვდი - კორონავირუსი, როგორც ჩანს, უფრო მეტად ჩემს ცნობიერებაში გაიჭედა, ვიდრე მსოფლიოს ნომერ პირველი ფესტივალის პროგრამებში - მეტისმეტად ბევრი პრობლემის გადაწყვეტა მოგვიხდა კანში გამგზავრების წინ, მეტისმეტად ბევრი ქაღალდის შეგროვება. მადლობა კანის ფესტივალის დირექციას და ეროვნულ კინოცენტრს - მათი დახმარების გარეშე საფრანგეთის საზღვარს ვერ გადავკვეთავდით. კი, რა თქმა უნდა, კოვიდი ყოველდღე გვახსენებდა თავს დღეგამოშვებით ჩატარებულ ტესტებსა და პირბადეებით დარბაზებში ჯდომით, მაგრამ ეს იყო და ეს - ეკრანზე, ფესტივალის პროგრამებში ჩართულ ფილმებში ადამიანებს სულ სხვა ტკივილები აწუხებდათ - ძალადობა, მარტოობა, უსიყვარულობა, გარემოს დაბინძურება… ამიტომ კითხვაზე “აღიბეჭდა თუ არა ჩვენი დრო კანის 74-ე კინოფესტივალზე ნაჩვენებ ფილმებში” პასუხი ცალსახად უარყოფითი იქნება: ვერ აღიბეჭდა! და არა იმიტომ, რომ კანის ფორუმის საკონკურსო პროგრამაში ნაჩვენები 23 ფილმის ავტორი გაექცა დროს და დღევანდელობას. მიზეზი ბევრად უფრო ბანალურია: ფილმი ლექსი არაა, რამდენიმე წუთში რომ დაიწეროს. უფრო მეტიც, არც სპექტაკლია, რომელზეც მუშაობა მაქსიმუმ რამდენიმე თვეში დასრულდეს. თითქმის ყველა იმ სურათის გადაღება, რომლებიც კანში ვნახეთ, პანდემიამდე დაიწყო, მერე შეფერხდა, მერე გაგრძელდა, ისევ შეფერხდა… წინააღმდეგობებმა იმოქმედეს, პირველ რიგში, ხარისხზე. ამიტომაც ვერ ვნახეთ რაღაც განსაკუთრებული და ახალი კანში. ერთადერთი ფილმი, რომელსაც პირადად მე “შედევრს”” ვუწოდებდი, დოკუმენტურია და ისიც კონკურსგარეშე ნაჩვენები… უფრო მეტიც, თანამედროვეობას არ ასახავს, მეორე მსოფლიო ომის ქრონიკაა - ესაა გერმანიაში მცხოვრები უკრაინელი რეჟისორის, სერგეი ლოზნიცას, “ბაბი იარი, კონტექსტი” - გამაოგნებელი ამბავი ადამიანური ბოროტებისა. ლოზნიცას ახალი ნამუშევრის ფონზე თითქმის ყველა საკონკურსო სურათი ცოდავს სწორხაზოვნებით, გაუმართავი დრამატურგიით, ასი ათასი ფინალით.

არაა გამორიცხული, სწორედ საკონკურსო პროგრამის სისუსტემ მიაღებინა სპაიკ ლის ჟიურის ეს გადაწყვეტილება: “ოქროს პალმა” ფილმს, რომელმაც საბოლოოდ განდევნა გემოვნების ფენომენი კინოხელოვნებიდან - ჟიული დიუკორნოს “ტიტანს”. აბსურდული რეალობა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, გამოიხატა მხატვრულად დაქსაქსული, პრინციპულად გაუმართავი კინოხულიგნობით - მთავარი გმირი ქალი აქ … ავტომობილისგან აჩენს შვილს. ოღონდ არ იფიქროთ, რომ “ტიტანი” სამეცნიერო ფანტასტიკაა, თუნდაც, სტენლი კუბრიკის, ანდა ანდრე ტარკოვსკის სტილში. არა და არა - ესაა გაბრაზებული კინო, სწორედ იმ განწყობაზე თამაში, რომელმაც ბევრი მოხიბლა ჯერ კიდევ 2 წლის წინ, “ჯოკერში”. ახლა კი გაგრძელდა და სრულ სიგიჟედ იქცა. შეიძლება ითქვას, რომ პანდემიურ კანში სიგიჟემ გაიმარჯვა. და ისიც შეიძლება ითქვას, რომ პანდემიას კინო სხვაგვარად ვერც დაამარცხებდა.

თუმცა შედეგებზე ქვევით. ჯერ ის ფილმები გავიხსენოთ, რომლებიც კანის კინოფესტივალის ფინალში უჩვენეს. იმის მოლოდინი, რომ ფინალი უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ფესტივალის პროლოგი, არ გამართლდა. ლეო კარაქსის “ანეტ”, რომელიც ფესტივალის გახსნის დღეს უჩვენეს, ფესტივალის ბოლომდე “ პალმის” ფავორიტად ითვლებოდა.

“ჩემი ცოლის ისტორია” (უნგრეთი, საფრანგეთი, რეჟისორი ილდიკო ენიედი)

ბერლინის ფესტივალის “ოქროს დათვის” ლაურეატის ახალი სურათი წარმოუდგენლად ლამაზია; მეოცე საუკუნის დასაწყისი, თავისი “არტ ნუვოთი”, გამოხატულია ისე, როგორც 60-70-იანი წლების უნგრული კინოს შედევრებში - დახვეწილი მიზანსცენებით, სურათოვანი კადრებით. სავაჭრო გემის კაპიტანი ცოლად ირთავს “ერთი ნახვით შეყვარებულს”, მაგრამ ძლიერი ვნება მალე გადაიზრდება ეჭვიანობასა და უნდობლობაში, დაახლოებით ისე, როგორც ვისკონტის “უდანაშაულოში”… ცოლის როლში ვიხილეთ ლეა სეიდუ, რომელმაც კანის კინოფესტივალზე ნაჩვენებ კიდევ 3 ფილმში მიიღო მონაწილეობა, თუმცა კანში ვერ ჩამოვიდა - ფესტივალის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ფრანგული კინოს ვარსკვლავს კოვიდი დაუდასტურდა.

“კასაბლანკელი ბიტები” (მაროკო, რეჟისორი ნაბილ აიუში)

არ ვიცი, თბილისში მიმდინარე მოვლენებს უნდა დავაბრალოთ, თუ თავად ფილმს, მაგრამ ფაქტია - ეს იყო სურათი, რომელმაც ყველაზე მეტად იმოქმედა ქართველებზე კანში. შთაბეჭდილება რჩება, რომ “კასაბლანკელი ბიტები” 5-6 ივლისის თბილისურ აქციებს ასახავს - ამბავი ყოფილ რეპერზე, რომელიც, კონსერვატორთა წინააღმდეგობის მიუხედავად, კასაბლანკაში ჰიპ-ჰოპის წრეს ხსნის, ისე ვითარდება, თითქოს არა მაროკოელ თინეიჯერებს, არამედ მათ ქართველ თანატოლებს ვუყურებდეთ. ნიშანდობლივია, რომ რეაქციულისა და დრომოჭმულის ამ ბრძოლაში თავისუფალთან, ახალგაზრდულთან, არანაირი “გარე ფაქტორი” (“რუსეთის ფაქტორი”) არ მოქმედებს - უბრალოდ, ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც სიახლის ეშინიათ და მას “გარყვნილებად” ნათლავენ. რატომ ხდება ასე? ამას არ იკვლევს ფილმი. თუმცა მიზეზების ძებნა არც იყო ავტორის ამოცანა, მან, უბრალოდ, ლამაზი მიუზიკლი გადაიღო შეუწყნარებლობის თემაზე.

“ხსოვნა” (ტაილანდი, საფრანგეთი, რეჟისორი აპიჩანტონგ ვერასეტაკუნი)

ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი “ოქროს პალმის” ლაურეატის, ტაილანდელი ნოვატორის ახალი სურათის მოქმედება კოლუმბიაში ხდება - სწორედ ლათინურ ამერიკაში გაემგზავრება ტილდა სვინტონის გმირი იმ გაუგებარი და შემაწუხებელი ხმების “წარმომავლობის” დასადგენად, რომლებიც მუდმივად ჩაესმის. ფილმის შეფასება გამიჭირდება, რადგან ჩემი კონტაქტი ვერასეტაკუნის ახალ ნამუშევართან მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა - სტატიკური შორი ხედებით აწყობილი სანახაობის აღქმა განსაკუთრებით დასვენებულ გონებას და მშვიდ ნერვებს მოითხოვს… რაც მთავარია, იმ აკვიატებული აზრისგან განთავისუფლებას, რომ ვერასეტაკუნის სტილს არაფერი აქვს საერთო კინოხელოვნებასთან. მე ამას ჯერჯერობით ვერ ვახერხებ.

“ნიტრამი” (ავსტრალია, რეჟისორი ჯასტინ კურზელი)

განსხვავებით “კასაბლანკელი ბიტებისგან”, ამ ავსტრალიურ ფილმს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ამბავს აღადგენს ავსტრალიის ისტორიაში, - ტერორისტულ აქტს პორტ-არტურში 1996 წელს, - აქვს ძალადობის ანატომიის მიზეზთა დადგენის პრეტენზია. ავტორი ტერორიზმის გამართლებამდე არ მიდის, თუმცა ცოტა აკლია გვითხრას, რომ “ტერორიზმი პოეზიაა”. სხვათა შორის, ფილმის მთავარი გმირის წარმოდგენას “საყვარელ ბიჭად” ხელს უწყობს ძალიან კარგი მსახიობი კალებ ლენდრი ჯორსი, რომელიც კანის ჟიურიმ მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარა.

“ფრანს” (საფრანგეთი, რეჟისორი ბრუნო დუმონი)

კანის ფესტივალის საკონკურსო პროგრამის ყველაზე ცუდი ფილმი - ყალბი, კონფორმისტული სატირა, რომელიც ვითომ … მედიის კონფორმიზმს ამხელს. ბრუნო დუმონი ცდილობს შეინარჩუნოს გესლიანი ტონი, დამახასიათებელი მისი ძველი ფილმებისთვის, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამაზე მეტად მთავარი გმირის, პოპულარული ჟურნალისტის რომანტიკული ისტორიები აინტერესებს. ლეა სეიდუ, რომელიც ძალიან მოუხდა ილდიკო ენიედის სტილს, “ფრანსში” ჰგავს თოჯინას, რომელიც, დიდი თავგადასავლების მიუხედავად, მაინც ვერ გადაიქცევა ადამიანად.

დიახ, კანის 74-ე კინოფესტივალი, რომელსაც არაერთი ჩემი კოლეგა ჩაშლას ან შემოდგომაზე გადადებას უწინასწარმეტყველებდა, წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ჩატარდა, თუმცა ლაურეატებს შორის ვიხილეთ არა ისინი, ვის გამარჯვებასაც ველოდებოდით (მე პირადად ყველაზე მეტად ნანი მორეტისა და პოლ ვერჰოვენის ახალი ფილმები მაინტერესებდა), არამედ ნაკლებად ცნობილი, ანდა სრულიად უცნობი ავტორები. უკვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ჟიურის დასკვნითი სხდომა იმდენად ხმაურიანი იყო, რომ სპაიკ ლი იძულებული გახდა რამდენიმე პრიზის შუაზე გაყოფა შეეთავაზებინა ჟიურის წევრებისთვის.

თუმცა ფესტივალის შედეგებს თუ გადავხედავთ, ყურადღებას მიიპყრობს არა იმდენად ე.წ. “ex æquo“, რამდენადაც ცნობილი სახელების მარცხის თავისებური ხაზგასმა: ფესტივალის კონკურსის საუკეთესო ფილმი, ლეო კარაქსის “ანეტ”, აღნიშნეს მხოლოდ პრიზით რეჟისურისთვის (კარაქსი არ გამოცხადდა დაჯილდოების ცერემონიალზე); ტაილანდელ ექსპერიმენტატორს გაუყვეს ჟიურის მეორეხარისხოვანი სპეცპრიზი კონკურსის ერთ-ერთ ყველაზე სუსტი სურათის, “ახედის მუხლის”, ავტორთან, ისრაელელ რეჟისორ ნადივ ლაპიდთან; ფილმისთვის, რომელსაც, კინოჟურნალისტების გამოკითხვით, ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა, რომელიც ერთდროულად ორი - ფიპრესისა და ეკუმენური ჟიურის - პრიზით აღინიშნა, იაპონური “მანქანის მართვისას”, კანის ჟიურიმ გაიმეტა მხოლოდ პრიზი საუკეთესო სცენარისთვის. სამაგიეროდ, გამარჯვებულებს შორის ვიხილეთ ახალგაზრდები - ფინელი იუხო კუოსმანენი, ძალიან სასიამოვნო სურათით “კუპე ნომერი 6”, და, რაც მთავარია, ჟიული დიუკორნო “ტიტანით”. სპაიკ ლის იმდენად ეჩქარებოდა ჟიურის ორიგინალური გადაწყვეტილების გამოცხადება, რომ კინაღამ დაარღვია ფესტივალის დახურვის რეგლამენტი და ცერემონიალის დაწყებისთანავე წამოსცდა, ვინ გახდა კანის 74-ე კინოფესტივალის “ოქროს პალმის”: მფლობელი.

ფესტივალის დახურვის შემდეგ ის კრიტიკოსებიც, რომლებსაც “ტიტანი” არ მოეწონათ, აღიარებენ, რომ კანის 74-ე ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილება ისტორიული მოვლენაა კინოში. და არა იმიტომ, რომ კანში აქამდე “ოქროს პალმა” მხოლოდ ერთხელ, 1993 წელს, გადაეცა ქალ რეჟისორს, ავსტრალიელ ჯეინ კემპიონს, ფილმისთვის “პიანინო”. უფრო მნიშვნელოვანია, რა გადაიღო 2021 წლის ფესტივალის გამარჯვებულმა - ფემინისტური ჰორორი, მიმართული კულტურის, როგორც პატრიარქალური წესრიგის გამოხატულების, წინააღმდეგ.

პანდემიას არა, მაგრამ “Me too”-ს ეპოქას ნამდვილად ასახავს “ტიტანი”. სულ რამდენიმე წლის წინ კინორეჟისორმა ქალებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს კანის ფესტივალების სასახლესთან იმის გამო, რომ ფესტივალის პროგრამაში მინიმუმამდე დაიყვანეს ქალების კინო. აბა, ვინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ “ქალების კინო” ოდესმე მთლად “პალმით” აღინიშნებოდა - გაბრაზებული ქალების კინო, რომელსაც ალბათ სპაიკ ლი თუ დააფასებდა, კანის ფესტივალის ისტორიაში პირველი შავკანიანი რეჟისორი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რა შეიძლება იყოს გაბრაზების მიზეზიც და ფასიც. ისიც იცის, რომ ჭაობიდან ხელოვნებას მხოლოდ ის ამოიყვანს, რაც შოკივით იმოქმედებს. ამიტომაც გაკეთდა არჩევანი “ტიტანზე”. პანდემიურ ჩაკეტილობასა და ჭაობში მხოლოდ შოკი თუ გააცოცხლებდა და გადაარჩენდა კანის ფესტივალს. საერთოდ, კინოხელოვნებას.

ალბათ, გახსოვთ ლუის კეროლის „ელისის თავგადასავალი“, ბანქოს გულის მეფე და დედოფალი რომ ასამართლებენ ჯაჭვებით დაბმულ ვალეტს.

„ჯერ სიკვდილით დასჯა, განაჩენი მერეც მოესწრება!“ - ამბობს დედოფალი, რომელსაც ელისი უწევს წინააღმდეგობას:

„რა სისულელეა! სად გაგონილა სასჯელი მსჯავრის გამოტანამდე?!“

სწორედ რაღაც მსგავსი (დასჯა მსჯავრის გამოტანამდე) მოხდა 5 ივლისს თბილისში, როცა თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, როცა ერთმანეთისგან არ განირჩეოდნენ ქალი და კაცი, ახალგაზრდა და ხანდაზმული, როცა მოუთოკავი აგრესიის სამიზნეში ძირითადად მიკროფონიანი და კამერიანი ადამიანები აღმოჩნდნენ - ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ ეს იყო არა უკონტროლო ძალადობა, არამედ მედიის „სიკვდილით დასჯის“ მიზანმიმართული მცდელობა, რომელსაც არავინ ელოდა არა იმის გამო, რომ მოძალადე ჯგუფები ვერ გაიმეტებდნენ, არამედ იმის გამო, რომ სასჯელის აღსრულებას წინ არ უძღოდა ვერდიქტი, განაჩენი, რომელსაც ახლაღა ვისმენთ ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის სტანდარტული ტექსტებიდან:

„ბოიკოტს გიცხადებთ!“ „არ გელაპარაკებით!“ „თქვენ ხართ მხარე!“ „თქვენ გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი!“ და ა.შ.

„სიკვდილით დასჯა“, ცხადია, შემთხვევით არ გვიხსენებია, შეგვეძლო გვეთქვა „მკვლელობა“, მოძალადეებს დამოუკიდებლად რომ ემოქმედათ, მაგრამ ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს - პოლიციის, პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის მონაწილეობა სასჯელის აღსრულების პროცესებში: წაქეზება, დანაშაულებრივი გულგრილობა და ბოლოს, მოკლულის გვამის გატაცება და ნაჩქარევი (ე.წ. შუალედური) დასკვნის შეკოწიწება ჯალათებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემსუბუქების მიზნით.

რატომ მოგვევლინა სახელმწიფო მკვლელობაში ეჭვმიტანილის ადვოკატად?

ვის ეყოფა ფანტაზია, წარმოიდგინოს, როგორ იტაცებენ შს სამინისტროს თანამშრომლები გიგი უგულავას მიერ „ნაცემ“ მოჭიდავეს, როგორ უტარებენ 24 საათში ექსპერტიზას და ასკვნიან, რომ სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობას არანაირი კავშირი არ აქვს თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან? რით არ არის ეს ლუის კეროლის მასშტაბის აბსურდი?

„ჯერ დასჯა, განაჩენი მერეც მოესწრება“, - როგორც ჩანს, სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს „5 ივლისს“, როცა ჩვენ ყველანი საშინელი სიჩქარით გადავიჩეხეთ ქვის ხანაში, სადაც მხოლოდ ძლიერის, უმრავლესობის სამართალი მოქმედებს, სადაც იქვე იღვრება სისხლი, სადაც მსხვერპლს წაასწრებენ და, სადაც კრიმინალური ცნობიერების პოლიტიკოსები თუ სასულიერო პირები ჟურნალისტებს აღიქვამენ არა მედიატორებად, არამედ დანაშაულის მოწმეებად, რომლებმაც დიდხანს არ უნდა იცოცხლონ.

„თუ სისტემის დედაბოძი სიცრუეში ცხოვრებაა, მაშინ გასაკვირი არაა, რომ მთავარ საფრთხეს სიმართლე წარმოადგენს“, - ვაცლავ ჰაველის ამ სიტყვებს ძალა 40 წლის შემდეგაც არ დაუკარგავს.

გასაგებია, რომ დამოუკიდებელ ქართულ მედიას, რომელიც სულ რაღაც 30 წლისაა, უამრავი პრობლემა აქვს; გასაგებია, რომ მედია ყოველთვის მეტ-ნაკლები წარმატებით ვერ ლავირებს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ინტერესებს შორის, მაგრამ, ამასთან ერთად, ისიც უნდა ითქვას, რომ მედია ყოველთვის - შევარდნაძის, სააკაშვილის თუ ივანიშვილის მმართველობის პერიოდებში - ახერხებდა დახმარებოდა გაჭირვებულებს, სისტემისგან დევნილებს და დაპირისპირებოდა იმათ, ვინც მაძღრად იყვნენ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

ამ 30 წლის განმავლობაში არც ერთ ინსტიტუტს არ უმუშავია ისე კარგად, როგორც იმუშავა მედიამ, როგორც იმუშავეს ჟურნალისტებმა, რომლებიც, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ყველა დროში ამხელდნენ მოძალადეებს, კორუფციაში გაბმულ ჩინოვნიკებს და ა.შ. და ამგვარი ეფექტიანობის მიზეზი, ცალკეულ ჟურნალისტთა და მედიამენეჯერთა პროფესიულ თავდადებასთან ერთად ისიც არის, რომ ქართული მედია არასოდეს ყოფილა ერთგვაროვანი, მონოქრომატული და, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემაც ეს არის.

ვინ იტყვის, რომ “იმედი” და “პოსტივი” უფრო მიუკერძოებელია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტელევიზია?

ვინ იტყვის, რომ მათი დღის წესრიგი არ არის პოლიტიკური?

განა, რამე საწინააღმდეგო ექნება მმართველ პარტიას თუკი ყველა ტელევიზია, როგორც ყოფილმა პრემიერმა გახარიამ თქვა, „იმედის“ ტრენდზე გადავა?

„არხის პოზიცია არის ანტი-ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, ძალიან მკაფიო პოზიციაა. ამ არხს გაუჩნდა პოლიტიკა, სუნი, ფერი, გემო, რაც აქამდე არ ჰქონდა, იყო სტერილური, ანუ დაბალანსებული... დაბალანსებული დაივიწყე, დაბალანსებული ნიშნავს უსუნოს, უგემოს, სტერილურს, ცუდია დაბალანსებული“, - ეს არის ამონარიდი „იმედის“ დირექტორის ნიკა ლალიაშვილის საუბრიდან (24.12.2019), სადაც იგი ცდილობს, წამყვანი და პროდიუსერი ანა ცხოვრებოვა საავტორო გადაცემის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაზე დაითანხმოს.

კი, სხვაც ბევრი ხედავს, რომ ასეთი დაუბალანსებელი და მიკერძოებულია, მაგრამ საქმეც ისაა, რომ პრობლემები ექმნება ყველას, გარდა „იმედისა“ და „პოსტივისა“.

რატომ?

იმიტომ, რომ „იმედი“ და „პოსტივი“ არ აკრიტიკებენ ხელისუფლებას, არ ამბობენ ხელისუფლებისთვის მიუღებელ სიმართლეს, რომელიც, თუ ძალიან მაღალი სტანდარტით მივუდგებით, ხშირ შემთხვევაში, საერთოდაც მოუხელთებელია და, ავის და კარგის გასარჩევად, სწორედაც რომ განსხვავებული მედიაორგანიზაციების სიმრავლეა საჭირო.

„ნორმალურ პირობებში მატყუარა მარცხდება შეუცვლელი რეალობის პირისპირ; არ აქვს მნიშვნელობა გამოცდილი მატყუარის მიერ შეთავაზებული სიცრუის ქსოვილის სისქეს“, - ამ სიტყვების ავტორი, ფილოსოფოსი ჰანა არენდტი დარწმუნებული იყო, რომ ფაქტებს სიცრუის დამარცხების თანდაყოლილი ძალა აქვთ, ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი დათქმით: ძალა აქვთ თავისუფალ საზოგადოებაში, თავისუფალი საზოგადოება კი, წარმოუდგენელია სიტყვის თავისუფლებისა და მედიის მრავალფეროვნების გარეშე.

ხელისუფლებას სწორედაც რომ „ფაქტებისა“ და „თავისუფალი საზოგადოების“ კომბინაციის ეშინია და არა პროპაგანდის, პარტიული მიკერძოების. ფაქტებს რომ ვერაფერს უხერხებს, უპირისპირდება თავისუფალ საზოგადოებას ხან ფიზიკურად (5 ივლისი), ხანაც - ვერბალურად.

როცა ხელისუფლება კრიტიკულ მედიასაშუალებებს ბოიკოტს უცხადებს, გარდა იმისა, რომ არღვევს ვალდებულებას, დაიცვას გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტები, ასევე ცდილობს 5 ივლისს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას: რეპუტაციული ზიანი მიაყენოს მისგან დამოუკიდებელ მედიას და მიუქსიოს თავისი მხარდამჭერები.

არაერთი მაგალითი გვეუბნება, რომ ქვეყანა, რომლის ხელისუფლება თავისუფალ საზოგადოებასა და მის ნაწილს - მედიას უპირისპირდება, მალე დეგრადირდება და ყველა გაგებით დაიხევს უკან, გაფლანგავს, ფუჭად დაკარგავს ყველაზე ძვირფასს - თითოეული მოქალაქისა და მთელი ქვეყნის დროს.

რატომღაც ითვლება, რომ დროზე მეტად სივრცე ფასობს. არადა, როგორც ერთმა დიდმა პოლიტიკოსმა თქვა, სულ პირიქითაა, რადგან დაკარგული ტერიტორიის დაბრუნება შესაძლებელია, დროისა კი - არასდროს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG