Accessibility links

site logo site logo

დმანისში კონფლიქტი ჩაცხრა - რა არ უნდა გამოგრჩეს 18 მაისს


დმანისში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა დაპირისპირება ამოწურულად გამოაცხადეს

დმანისის მერიაში გუშინ საღამოს გამართული შეხვედრის შემდეგ მონაწილეებმა თქვეს, რომ კონფლიქტი ამოწურულია. შეხვედრას დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ეთნიკურად ქართველმა ადგილობრივმა მცხოვრებმა იმედი გამოთქვა, რომ აღარ განმეორდება მსგავსი ინციდენტები. „ეს იყო დასასრული. დასასრული იყო მისაღები, როგორც ჩვენთვის, ისე აზერბაიჯანელებისთვის“.

ეთნიკურად აზერბაიჯანელი მაღაზიის მეპატრონე, სადაც დაპირისპირება დაიწყო, ამბობს, რომ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებმა უნდა გააგრძელონ მშვიდობიანი თანაცხოვრება. „ჩვენ უნდა შევძლოთ მშვიდობიანი თანაცხოვრება. ამაში დარწმუნებული ვარ. ყველანი საქართველოს მოქალაქეები ვართ. მე ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში დავიბადე“.

რა მოხდა გუშინ დმანისში?

16 მაისს მედიაში გავრცელდა კადრები დმანისიდან, სადაც ერთმანეთს უსწორდებიან ხელკეტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით (თოხი, ურო) შეიარაღებული პირები. სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანდა, დმანისში ეთნიკურად ქართველი და ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ორი ჯგუფის ფიზიკური დაპირისპირება.

დაპირისპირება გაგრძელდა 17 მაისს, დილით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე დაძაბულობის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ყველას მოუწოდა სიმშვიდისკენ იმისათვის, რომ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო.

ადგილობრივებიც მომხდარ ჩხუბში ეთნიკურ მოტივს გამორიცხავენ, თუმცა მედიასთან კომენტარებში ისმოდა ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზები.

17 მაისს ვითარება ისე დაიძაბა, რომ დმანისში შს მინისტრი ვახტანგ გომელაურიც ჩავიდა. ქალაქის შესასვლელთან შეზღუდული იყო გადაადგილება.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

17 მაისიდან კომენდანტის საათი 2 საათით შემოკლდა

საქართველოში გადაადგილება 21:00-ის ნაცვლად 23:00 საათიდან შეიზღუდა. გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღეს.

შესაბამისად, ე.წ. კომენდანტის საათი იმოქმედებს 23:00-დან 05:00 საათამდე.

გარდა ამისა, კაფე-რესტორნებს შეეძლებათ შაბათ-კვირას ღია სივრცეების ამუშავებაც.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს:

„ჩვენ ახლა გადავდივართ პიკს და გარკვეულად დაღმავალ ფერდზე გავდივართ. ამას მიუთითებს ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კლების ტენდენცია როგორც ინფიცირების მაჩვენებლის, ისე დადებითობის“.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის თქმით, საზოგადოებაში სერიოზული ვნებათაღელვაა დათბობასთან ერთად ღამის კარანტინის გამო, ამიტომ მოძებნილი უნდა ყოფილიყო ოქროს შუალედი: „სრული შემსუბუქება დაუშვებელია ჯერჯერობით, სანამ ეპიდსიტუაცია სერიოზულად არ დამშვიდდება, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, ასევე, გათვალისწინება მოსახლეობის განწყობის. ამიტომ ეს ოქროს შუალედი მოიძებნა, რომ შემცირდა ღამის კარანტინის ხანგრძლივობა“.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ისრაელის თავდასხმისას მოკლეს "ისლამური ჯიჰადის" მეთაური

ისრაელი აცხადებს, რომ მისმა საჰაერო იერიშმა იმსხვერპლა ღაზაში ექსტრემისტების გავლენიანი მეთაური და გაანადგურა "ჰამასის" მიერ გამოყენებული გვირაბები. ექსტრემისტებმა განაახლეს სარაკეტო იერიშები ისრაელის ქალაქებზე, რის გამოც აშშ "მძლავრ შეშფოთებას" გამოთქვამს ძალადობის ესკალაციის თაობაზე.

ისრაელის არმია აცხადებს, რომ 17 მაისს, დილით ადრე ინტენსიური საჰაერო იერიში განახორციელა ღაზის სექტორზე და გაანადგურა ექსტრემისტების 15 კილომეტრის სიგრძის გვირაბები, ისევე, როგორც "ჰამასის" მეთაურების ცხრა სახლი. ისრაელის განცხადებით, კიდევ სხვა თავდასხმას ემსხვერპლა ჰასემ აბუ ჰარბიდი, ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური ჯიჰადის" მეთაური. ჰარბიდის მკვლელობა, სავარაუდოდ, მწვავე რეაქციას გამოიწვევს ექსტრემისტული ჯგუფისგან, რომელიც "ჰამასის" გვერდით იბრძვის.

ქალაქ ღაზაში ძლიერად დაზიანდა სამსართულიანი სახლი, რომლის მოსახლეობა აცხადებს, რომ ისრაელმა ისინი იერიშამდე 10 წუთით ადრე გააფრთხილა და მათ შენობა დატოვეს.

წაიკითხე მეტი.

დღეს საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაა დაგეგმილი

დღეს, 13:00 საათზე პარლამენტში საპარლამენტო არჩევნების დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაა დაგეგმილი, რომელზეც შეიმუშავებენ და დაამტკიცებენ სამოქმედო გეგმას.

პირველი სხდომა 13 მაისს ჩატარდა და მასზე კომისიის თავმჯდომარედ უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აირჩიეს. მისი მდივანი კი დავით ზილფიმიანი იქნება „ევროპელი სოციალისტებიდან“. ამ კომისიაში ოპოზიციიდან მხოლოდ აღნიშნული პარტიის ორი წევრია წარმოდგენილი.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, საჭირო აღარ არის 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

წაიკითხე მეტი.

ასლან ბჟანია ბაშარ ალ-ასადს შეხვდა

სირიაში „ოფიციალური ვიზიტით" მყოფი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია შეხვდა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს.

როგორც აფხაზეთის „პრეზიდენტის" ადმინისტრაცია იუწყება, ასადმა განაცხადა, რომ „აფხაზეთის სახელმწიფოს ხელმძღვანელის ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის განვითარებაში. ის ახალ იმპულსს მისცემს თანამშრომლობას აფხაზეთსა და სირიას შორის სხვადასხვა სფეროში".

ასლან ბჟანიამ კი შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა ბაშარ ალ-ასადს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობისა და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისთვის.

„ამას ჩვენთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა გამყარდება და წარმატებით განვითარდება“, - აღნიშნა ბჟანიამ.

წაიკითხე მეტი.

უკრაინა-საქართველო: ძვრები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ

კიევსა და თბილისს შორის გაცივებულ ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკა გაჩნდა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი; ხოლო მანამდე - შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს შორის. რუსეთის აგრესიის სამიზნე ორ ქვეყანას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ძლიერი ამბიცია აკავშირებს; თუმცა დღემდე ამ მხრივ ძალების რეალური გაერთიანება ვერ მოხერხდა. თბილისის მხრიდან ურთიერთობების მკვეთრი გაცივება საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდებოდა.

17 მაისს, კიევში, უკრაინამ, საქართველომ და მოლდავეთმა „ასოცირების ტრიო“ დააფუძნეს და ახლა უკვე ერთობლივი ძალისხმევით აპირებენ სვლას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. „სამი სახელმწიფო ერთად უფრო ძლიერია“, - თქვა დღეს მასპინძელი ქვეყნის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ასოცირების ტრიოს“ შექმნას რამდენიმე მიზანი აქვს, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის გაღრმავება და პროცესში თანამშრომლობაა.

რა შანსები აქვთ უკრაინასა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე? სასარგებლოა თუ არა საქართველოსთვის უკრაინასთან ერთად მოქმედება როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატოსთან მიმართებით?

წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ლგბტქი უფლებების დამცველმა გაერთიანება "თბილისი პრაიდმა", NDI-ის მხარდაჭერით, დაიწყო მუშაობა პოლიტიკურ პარტიებთან ლგბტქი უფლებების შესახებ საერთო შეთანხმების მისაღწევად.

"თბილისი პრაიდმა" მიმართა ყველა ძირითად პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში. 16 მაისს, 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოეწერა დოკუმენტს და შეთანხმდა, რომ თითოეული მათგანი, მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, იბრძოლებს ქვიარ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პარტიები შეთანხმდნენ, რომ დაიცავენ თითოეული მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა და არ დაუშვებენ პოლიტიკურ პროცესში ჰომოფობიის ნიადაგზე სოციალური შუღლის გაღვივებასა და სიძულვილის ენის გამოყენებას.

შეთანხმებას ხელს აწერენ: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "გირჩი", "ევროპული საქართველო", "გირჩი-მეტი თავისუფლება", "რესპუბლიკური პარტია", "კანონი და სამართალი", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ლელო", "რეფორმერი", მოძრაობა „დროა“, "სამართლიანობისთვის", "ერთიანი საქართველო", "თავისუფალი დემოკრატები", "პროგრესი და თავისუფლება" და "გამარჯვებული საქართველო".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG