Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის გეგმები ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ - რა არ უნდა გამოგრჩეს 17 მაისს


არ ვიქნებით ადვილად პროგნოზირებადები - რას აპირებს ოპოზიცია

სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა და მედიამენეჯერებმა ჟურნალისტებს გააცნეს სამოქმედო გეგმა, რომელიც „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაპატიმრებას უკავშირდება.

ერთობლივი გეგმა მედიას გააცნო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. „ნომერ პირველი საკითხი, რომელიც სასწრაფოდ გადასაჭრელია, დღეები არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ "მთავარი არხი", როგორც თავისუფალი მედიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, გადარჩეს. თითოეული ჩვენგანი, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა, შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სხვადასხვა შესაძლებლობით, რომ არხმა არ შეწყვიტოს მაუწყებლობა“, - თქვა მელიამ.

მისი განცხადებით, იქნება აქტიური კოორდინაცია საერთაშორისო მიმართულებით, ხოლო რაც შეეხება აქციებს, ამ საკითხზე ამბობს, რომ „არ იქნებიან ადვილად პროგნოზირებადები "ქართული ოცნებისთვის“.

სასამართლო დარბაზშივე დაკავებულ ნიკა გვარამიას გუშინ საღამოს სახალხო დამცველი შეხვდა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში. „მნიშვნელოვანი იქნება პრეზიდენტის პოზიცია, ვიცი, რომ მას აღელვებს ევროპული გზა და ევროპული ინტეგრაცია, მე მზად ვარ, მას შევხვდე და გავუზიარო ის მიგნებები, რომელიც სახალხო დამცველს აქვს განაჩენთან და ბრალთან დაკავშირებით“, - თქვა ლომჯარიამ.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.

რას ედავებოდნენ ნიკა გვარამიას? ოთხ ძირითად პუნქტს გაეცანი გვანცა ნემსაძის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ქართული ოქროს მოპოვების ფარული მხარე

თბილისიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 65 კილომეტრში, ბოლნისის რაიონიდან იწყება და დმანისისა და თეთრიწყაროს რაიონებში გრძელდება ტერიტორია, რომელსაც კომპანია RMG ჯგუფი განაგებს.

ამ ფართობზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 2%-ს უტოლდება, კომპანიას ლიცენზია 2041 წლამდე აქვს აღებული. 2012 წლისთვის ქვეყნის უმდიდრეს წიაღისეულს, ორი მსხვილი საწარმო განაგებდა - „მადნეული“ და „კვარციტი“. ამავე წელს მათი მფლობელები გახდნენ რუსი მილიარდერები დმიტრი ტროიცკი და დმიტრი კორჟევი, წარსულში ვლადიმირ პუტინთან ბიზნესპარტნიორობის გამოცდილებით.

საინტერესოა, რომ RMG, რომელიც ქვეყნის უმსხვილესი კერძო დამსაქმებელი კომპანიაა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. კომპანიის თანამშრომლების ნაწილი „ოცნების“ უმსხვილესი შემომწირველია. RMG ჯგუფის თანამშრომლებმა ბოლო წლებში ხელისუფლებას საარჩევნოდ ღიად, დაახლოებით, 1 მლნ 350 ათასი ლარი შესწირეს.

კომპანია მადანს ორი მეთოდით მოიპოვებს - ნიადაგის ღიად გადახსნილი კარიერებიდან და შახტებიდან, საიდანაც მადანი მიწისქვეშ გაყვანილი გვირაბებით ამოაქვთ. ორივე შემთხვევაში ნიადაგის ათასობით კვადრატული მეტრი ფართობი ფეთქდება და იბურღება. ამ დროს ატმოსფეროში მავნე ნივთიერებები გაიფრქვევა, იგივე ხდება მადნის ტრანსპორტირებისას და ნალექების დროს, როდესაც წვიმის და ნადნობი თოვლის წყლები ღია კარიერებს რეცხავს.

ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში ჟურნალისტი გიორგი მგელაძე მოგითხრობთ, როგორ მოიპოვებს რუსი მილიარდერების კომპანია ქართულ ოქროს.

საელჩოები 17 მაისის შესახებ: აუცილებელია გადამწყვეტი მოქმედება საქართველოში ლგბტქი+ პირთა უფლებების დასაცავად

დღეს 17 მაისია, ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ამ თარიღთან დაკავშირებით ერთი დღით ადრე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ და ქვეყანაში მოქმედმა საელჩოებმა.

„კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში. ლგბტქი+ ადამიანები საქართველოს საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფია. თემის წარმომადგენლები აწყდებიან დისკრიმინაციასა და ძალადობას, რომლის შესახებ ინფორმაცია ხშირად ცნობილიც კი არაა, ხოლო მათი უფლებების დაცვა და რეალიზება კვლავაც გამოწვევად რჩება.

ვწუხვართ, რომ ისევე როგორც წინა წლებში, უსაფრთხოების მოსაზრებები ხელს უშლის საქართველოს მოქალაქეებს ღიად გამოხატონ სოლიდარობა ლგბტქი+ თემის მიმართ და ხმა აიმაღლონ ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულია დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება, აღკვეთოს დისკრიმინაცია და ძალადობა და უზრუნველყოს მოქალაქეთა შესაძლებლობა ღიად და საჯაროდ აღნიშნონ IDAHOBIT, მათი უფლებებისა და უსაფრთხოების სათანადოდ დაცვით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

პრემიერი ბრიუსელში გამართავს შეხვედრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიაში გაემგზავრა, სადაც შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვადაზე ადრე დავამთავრეთ კითხვართან დაკავშირებით მუშაობა. კიდევ ერთხელ, მინდა ყველას საჯარო მოხელეს მადლობა გადავუხადო, ვინც იყო ჩართული, მინისტრებს, ყველას, მთელ მთავრობას, ყველა უწყებას, პარლამენტს, რომ დროულად მოხდა კითხვარის შევსება და ევროკავშირისთვის წარდგენა. ამ და სხვა საკითხებზე მექნება შეხვედრები ბრიუსელში, უმაღლეს დონეზე. ასევე მექნება შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ბატონ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან. ასე რომ, ამ შედეგებს საზოგადოებას მოგვიანებით გავაცნობთ“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა გამგზავრებამდე.

ღარიბაშვილის ვიზიტს წინ უძღოდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად შევსებული კითხვარის გადაცემა ევროკავშირისთვის.

წაიკითხე მეტი.

Reuters-ი: უკრაინელი სამხედროები გაჰყავთ „აზოვსტალის“ ქარხნიდან

უკრაინელი სამხედროები, რომლებიც მარიუპოლში „აზოვსტალის“ შენობას იცავდნენ, გაჰყავთ ქარხნის ტერიტორიიდან, - იუწყება სააგენტო როიტერსი და ავტობუსების ფოტოს აქვეყნებს.

რუსეთის ტელეარხი RT ირწმუნება, რომ „აზოვსტალი“ დატოვა 300-მდე სამხედრომ, რომელთაგან დაახლოებით 50 ჯარისკაცი დაჭრილია. ვარაუდობენ, რომ ოპერაცია დილით ადრე გაგრძელდება. გაურკვეველია, სად მიჰყავთ სამხედროები, ან არის თუ არა საუბარი ტყვეებზე.

ორშაბათს საღამოს გამოქვეყნდა ვიდეოჩანაწერო, სადაც აზოვის დანაყოფის მეთაური, დენის პროკოპენკო ამბობს, რომ „ადამიანთა სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით მთელი მარიუპოლის გარნიზონი ასრულებს უმაღლესი სამხედრო სარდლობის დამტკიცებულ ბრძანებას და იმედი აქვს უკრაინის ხალხის მხარდაჭერის“. კერძოდ რა გადაწყვეტილებაზეა საუბარი, დაკონკრეტებული არ არის.

წაიკითხეთ მეტი

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეტევას ემსხვერპლა 10 სამოქალაქო პირი, უკრაინის და აშშ-ის თავდაცვის მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს

სულ მცირე 10 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა რუსეთის მხრიდან ქალაქის დაბომბვას აღმოსავლეთ უკრაინაში 16 მაისს, - ამბობს ლუგანსკის რეგიონის გუბერნატორი, უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადების ფონზე იმის შესახებ, რომ მან სატელეფონო კონსულტაცია გამართა აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან, ლოიდ ოსტინთან.

სერჰი ჰაიდაის თქმით, სამოქალაქო პირები დაიღუპნენ სევეროდონეცკში, სადაც დაბომბვამ ხანძარი გამოიწვია საცხოვრებელ უბნებში.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, მან და ოსტინმა განიხილეს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და ოსტინის მიერ გასულ კვირაში გამართული სატელეფონო საუბარი რუსეთის თავდაცვის მინისტრთან. რეზნიკოვმა ოსტინს უთხრა, რომ უკრაინის ძალები წარმატებით იყენებენ აშშ-ის მიერ მიწოდებულ ჰაუბიცებს.

წაიკითხე მეტი.

საპენსიო სესხი რეფინანსირების განაკვეთს მიებმება და 15% იქნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საპენსიო სესხი რეფინანსირების განაკვეთზე გახდება დამოკიდებული და მაქსიმუმ 15% იქნება. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის გუშინდელ, 16 მაისის სხდომაზე განაცხადა. მისივე სიტყვებით, დასრულდა ტენდერი, რომელშიც „ლიბერთი ბანკმა“ გაიმარჯვა, პენსიონერებს აქამდეც ეს ბანკი ემსახურებოდა.

„დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა. პირობა იყო 7-წლიანი მომსახურების შესახებ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ის სესხები, რომლებსაც პენსიონერებისთვის გასცემენ, მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და იქნება მაქსიმუმ + 15%, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 25,8%-ია, ნაცვლად 30,6%-ისა, რომელიც ჰქონდათ. გამომდინარე იქიდან, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინები გვაქვს, ეს განაკვეთიც მნიშვნელოვნად შემცირდება და ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაუიაფდებათ პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

წაიკითხე მეტი.

"დარტყმა პუტინის ფილოსოფიაზე" - მზადება გაფართოებისთვის და თურქეთის ოქროს ხმა ნატოში

ნატოს გაფართოების წინააღმდეგ მიმართული ულტიმატუმების შემდეგ, უკრაინაში დაწყებული ომით, რუსეთმა ისევ ნატოს გაფართოება დააჩქარა. ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას ნატო „ისტორიულს“ უწოდებს და გრძელდება მოლაპარაკებები თურქეთთან.

მიუხედავად იმისა, რომ ნატოში მიღებას 30-ვე ქვეყნის თანხმობა სჭირდება, ხოლო ალიანსის წევრი თურქეთი ცალსახა მომხრე არ არის, ბრიუსელში დარწმუნებული არიან, რომ ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროცესს ვერაფერი დააბრკოლებს.

სკანდინავიის ამ ორ ქვეყანას ბლოკის წევრობაზე თებერვლამდე არც კი უფიქრია და მათი გადაწყვეტილება სწორედ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო შექმნილმა საფრთხემ განაპირობა.

„შესაძლებელია ეს [პრობლემა] იოლად მოგვარდეს. გაყარეთ თურქეთი და ერდოანი ნატოდან“,- დაწერა ტვიტერზე კანადელმა სენატორმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ლეო ჰაუსაკოსმა, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების თემაზე თურქეთის მიერ ბოლო დღეებში გამოთქმული, ბევრისთვის დამაფიქრებელი, პოზიციის ფონზე.

თუმცა საკითხი ამ ეტაპზე ასე რადიკალურად არ დგას და ანალიტიკოსებისთვისაც ნათელია, რომ ალიანსის კარს მიღმა თურქეთის დატოვება არც ანკარას აძლევს ხელს და არც ნატო აპირებს, შეელიოს სამხედრო რესურსით მეორე ადგილზე მდგარ ძლიერ მოკავშირეს.

შეუშლის თუ არა თურქეთი ხელს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას ნატოში? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

2018 წლის 17 მაისს მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე, რომელიც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მოეწყო, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტს ნიქო გორგილაძეს თავს დაესხნენ.

ამ ინციდენტის შემდეგ ნიქოს, ქობულეთელ ახალგაზრდას, რომელსაც აქტივისტებიც არ იცნობდნენ კარგად, ქუჩაში ხვდებოდნენ, ემუქრებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები მხარში ამოუდგნენ და დახმარებაც აღუთქვეს, ნიქომ საქართველო დატოვა და საცხოვრებლად გერმანიაში წავიდა.

დრეზდენში მას რადიო თავისუფლების პროექტის, „შვილის“ ავტორი გოგი გვახარია შეხვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG