Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

შაბათი, 31 ოქტომბერი 2009

ბოლო დღეებში ორი სახელი და გვარი მოვისმინე და წარმოვთქვი სხვებზე ხშირად: თეა თუთბერიძე და ზაზა აზმაიფარაშვილი. მერე დავფიქრდი, ამ ორი ადამიანის ბოლოდროინდელი ისტორია მხოლოდ დროში დაემთხვა ერთმანეთს, თუ აქვს რამე საერთო იმ მოვლენებს, რაც მათ გადახდათ თავს?

გონება (იქნებ, უფრო, გამოცდილება) ორი მიმართულებით ფიქრისკენ მიბიძგებს: პოლიტიკური გადაწყვეტილება და სიტყვის თავისუფლება. ორივე მათგანი – თეა თუთბერიძეც და ზაზა აზმაიფარაშვილიც – პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლია და ერთადერთი ბერკეტი, რასაც მათი დაცვა რეალურად შეეძლო – სიტყვის თავისუფლება – გამოუყენებელი დარჩა.

ჩემი ნატვრაა, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, რომელშიც მოქალაქე თეა თუთბერიძე საჯაროდ იტყვის რამე ისეთს, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს და მოქალაქე თეა თუთბერიძე კი მაინც ჯიუტად გააგრძელებს თავისი პოზიციის გამოხატვას. ამავდროულად, თეა მარტო არ იქნება, მის ნათქვამს სხვები აიტაცებენ და მიზანმიმართულად გაავრცელებენ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ისევე, როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, საკუთარ აზრზე დარჩება და შორიდან მიადევნებს თვალს მოქალაქე თეა თუთბერიძეს, რომელიც შეუპოვრად გააგრძელებს საკუთარი პოზიციის რაც შეიძლება ფართოდ განვრცობას.

გულით მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გვაქვს ასეთი ქვეყანა. ის, რასაც მოქალაქე თეა თუთბერიძე, თავის მეგობრებთან ერთად, აკეთებდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებამდე და აკეთებს ამ განცხადების შემდეგაც, გარანტირებულია არა მისი გამოხატვის თავისუფლებით, არამედ მაღალ დონეზე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებით, რომელიც ადგილს აღარ ტოვებს რაიმე შინაარსის თავისუფლებისთვის.

გამოხატვის თავისუფლება რომ ქაღალდზე რჩება, როგორც კი მოქალაქის (რაგინდ უვნებელი) ქმედება ხელისუფლების ხედვას უპირისპირდება, ამას ზაზა აზმაიფარაშვილის ისტორიაც ადასტურებს. მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს მან უდირიჟორა ფონდ „იავნანას“ საქველმოქმედო კონცერტს თბილისში, რომელზეც პაატა ბურჭულაძემ სამი ტენორი მოიწვია: იტალიელები – მარკო ბერტი და პიერო ჯულიაჩი და ქართველი ბადრი მაისურაძე. კონცერტზე შემოსული თანხა შარშან აგვისტოს ომში გარდაცვლილი მეომრების შვილებისთვის იყო განკუთვნილი. სულ 50 000 ლარი შეგროვდა. კონცერტის შემდეგ მესამე დღეს – 23 ოქტომბერს – კულტურის სამინისტროს ვებგვერდზე გამოიფინა მინისტრის ბრძანება ზაზა აზმაიფარაშვილის გათავისუფლების შესახებ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის თანამდებობიდან.

ვებგვერდზე ამ მოულოდნელი გადაწყვეტილების ამოკითხვის შემდეგ, ბატონ ზაზას არ უსარგებლია სიტყვის თავისუფლების თუნდაც ერთი მისხლით და არაფერი უთქვამს იმის გარდა, რომ მან არ იცის გათავისუფლების მიზეზი და არც ის, უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება 20 ოქტომბრის კონცერტს.

ზაზა აზმაიფარაშვილს, ცხადია, არ უთქვამს, რომ მანამ, სანამ პაატა ბურჭულაძე მოსკოვში საქველმოქმედო კონცერტზე იმღერებდა და ამ თუ სხვა მიზეზით ხელისუფლებას გაინაწყენებდა, ფონდ „იავნანას“ საქველმოქმედო ტელემარათონებს ნაციონალურ ტელევიზიებში საათები ეთმობოდა. 20 ოქტომბრის კონცერტის შესახებ კი საზოგადოებრივ მაუწყებელს სიტყვა არ დასცდენია. „რუსთავი 2“-სა და „იმედზე“ სიუჟეტები მხოლოდ დღის საინფორმაციო პროგრამებში გავიდა, ხოლო საღამოს მთავარი გამოშვებები მთლიანად ენდი გარსიას მიეძღვნა.

ბატონ ზაზას არ უთქვამს, რომ საქართველოში ზოგს ესმის და ზოგს – არა, რატომ უნდა ემღერა, ან არ უნდა ემღერა მოსკოვში პაატა ბურჭულაძეს; ზოგმა, შეიძლება, როგორღაც ისიც გაიგოს, რომ ბურჭულაძის ამ „შეცდომის“ შემდეგ ფონდ „იავნანას“ მიმართ ხელისუფლების მხარდაჭერა – თუნდაც, საინფორმაციო უზრუნველყოფის კუთხით – შემცირებულიყო, ან შეწყვეტილიყო. მაგრამ საღი აზრისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა გაეშვათ სამსახურიდან ადამიანი, რომელმაც ომში დაღუპულთა შვილებისთვის გამართულ კონცერტზე უდირიჟორა ორკესტრს, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში უამრავი შრომა შეალია, რომელიც ფეხზეც დააყენა და წელშიც გამართა. ორკესტრიც, ჯერჯერობით, დუმს – არც კითხვებს სვამს, არც აპროტესტებს. არადა, მეტისმეტია...

„გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ. ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ. პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ. კათოლიკეებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ. შემდეგ მე მომადგნენ... და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო...“ გერმანელი პასტორის, მარტინ ნიმიოლერის ამ ცნობილ სიტყვებს დღეს საქართველოში ხშირად ვიმეორებთ, მაგრამ როგორღაც უმისამართოდ.

ჩვენთან პირველად ტელევიზიებს მიადგნენ და სეირს ვუყურეთ; სასამართლოს და პოლიციას რომ მიადგნენ, ხმა არ ამოგვიღია; ბიზნესს რომ მიადგნენ, არც კი შევწუხებულვართ; სკოლებს რომ მიადგნენ, არც მაშინ გვითქვამს რამე; სპორტს რომ მიადგნენ, ვერც მაშინ ვივარგეთ და თეატრებს რომ მიადგნენ, მაშინ ხომ საერთოდ გავისუსეთ, თითქოს, სულ არაფერი მომხდარიყოს.

არც თეა თუთბერიძეს, არც ზაზა აზმაიფარაშვილს, არც პაატა ბურჭულაძეს, არც ფონდ „იავნანას“, არც ოპერის ორკესტრის წევრებს და არც ჩვენ არ შეგვიძლია, ხელისუფლებას პასუხი მოვთხოვოთ პოლიტიკისგან დაშორებულ სფეროებში პოლიტიკური მიზანშეწონილობით მიღებული მახინჯი გადაწყვეტილებების გამო. თეა რომ ბევრს ლაპარაკობს და ბატონი ზაზა რომ დადუმებულია, სინამდვილეში, მთავარი პრობლების წინაშე ორივე ერთნაირად უსუსურია, ორივე ერთნაირად უტყვია. თითოეული ჩვენგანიც პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლი უკვე მაშინ გახდა, როდესაც თავი გერმანელი პასტორის მდგომარეობაში ჩაიყენა.

ბოლოს და ბოლოს, ერთმანეთს ოდესმე ხომ უნდა ვკითხოთ, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ?

* * *

და ბლოგი რომ დავწერე, მხოლოდ შემდეგ გამიჩნდა შეკითხვა: ნეტავ, პასტორ ნიმიოლერის ამბავი რითი დასრულდა?
მაინც გავტეხე ფიცი. ერთსა და იმავეს ვიმეორებდი, კუსტურიცაზე ხმას არ ამოვიღებ, კანის ფესტივალამდე მოვიცდი-მეთქი; ნინია კაკაბაძეს ვუთხარი, აუ, რა ამბავი ატყდება მომავალი წლის მაისში, რა ჩართვები და რა ლაივები! „ბატონო გოგი, მართლა ცუდად მიიღეს, ხო, კანში კუსტურიცას ანტიქართული ფილმი?“ - მკითხავენ თბილისიდან. მე კი ამაყად ვუპასუხებ, რომ კუსტურიცას ბუტაფორულ, ცარიელ ფსევდობალაგანებს დიდი ხანია, ვეღარ ვუყურებ; რომ შემოქმედებითი კრიზისის დროს, მართლმადიდებლად მონათლული კუსტურიცას ფილმი „აღთქმა“ თავისებური რეკორდსმენია ჩემს ცხოვრებაში: კანში, ამ სურათის პრემიერაზე, დარბაზი ფილმის დაწყებიდან მესამე (!) წუთზე დავტოვე (სხვათა შორის, ნინიასთან ერთად).

ეჰ, ვინ მაცალა? უარი უთქვამს ფილმის გადაღებაზე. უმოგზაურია ვლადიკავკაზ-ცხინვალში, ჩემი საყვარელი ოსური ხაჭაპური უჭამია, რუსული ეკლესიის რაღაც ჯილდო მიუღია, სერბიისთვის რუსეთისგან ერთი მილიარდი ევრო „ჩაუწყვია“ (ამის არ მჯერა, მაგრამ არაფერია გამორიცხული), მერე კი გამოუცხადებია, საიდან მოიგონეთ, სულ სხვა გეგმები მაქვსო.

ვიღაცამ თქვა, რენი ჰარლინის მომავალმა ფილმმა შეაშინაო, ვიღაცამ თქვა, კოკოითი გაიცნო და გული გაუსკდაო. რა ვიცი, ისიც თქვეს, ქეთი დოლიძემ მისწერა წერილი და ამან გადააფიქრებინაო.

ფაქტია, რომ საქართველოში, სადაც ცოტა ხნის წინ წყევლიდნენ და აგინებდნენ, ისევ შეუყვარდათ ემირ კუსტურიცას ფილმები. ახლა უკვე ჩვენი „ერთმორწმუნე ძმის“ ფილმები.

ასე ვიცით ჩვენ!

აი, ბუშის ვიზიტი ხომ გახსოვთ?

„სირცხვილია რა! - მირეკავენ ჩემი ევროპელი მეგობრები და გაოგნებულები არიან! რას გავს ეს ტაშ-ფანდური?“ ვერ ვიხსენებ, რომელმა პოლიტიკოსმა განაცხადა იმ დღეებში. „ევროპელი მეგობრები“ როგორ დაურეკავდნენ, წარმომიდგენია. შეიძლება იქიდან დაურეკეს, ბერლუსკონი რომ ჰყავთ დღეს პრემიერ-მინისტრი. თუმცა, ისინი საკუთარ თავს მიხედავენ; მე უფრო ჩვენი ცხოვრების მთავარი კითხვა მადარდებს: „რას იტყვის ხალხი?“ რას იტყვის ამაზე ევროპა? რას იტყვის ამერიკა? რას იტყვის რუსეთი? რას იტყვიან მშობლები, მეზობლები, მეგობრები? ხელისუფლება და ოპოზიცია? ბიჭები, გოგოები, „ენჯეოშნიკები“, ჟურნალისტები, მღვდლები?..

მოვიდა ამას წინათ ჟურნალისტი გოგონა და მკითხა, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის იმიჯისთვის ჰარლინის ფილმიო?

ჯერ ერთი, ეს ჰარლინი ვინაა, აქამდე აზრზე არ ვიყავი. თანაც, რა უნდა ვთქვა წინასწარ, როცა ფილმი არ დასრულებულა? იქნებ კუსტურიცასავით მოიქცეს? მიირთვას კარგი ხაჭაპური (ამჯერად ქართული), „დაირტყას“ დავით აღმაშენებლის ორდენი, „პაჩკა-პაჩკა დოლარები“ ბიუჯეტიდან; მერე კი დაგვცინოს ენდი გარსიასთან ერთად.

რა ვქნათ მერე? რას იტყვიან ჩვენი საყვარელი ტელეჟურნალისტები, რომლებმაც რუსთაველზე თავმოყრილი „მასოვკა“ იმ დღის მთავარ სახედ აქციეს? თან, ჩვეულ სტილში - ხმამაღლა. თავაწეული (დროდადრო თმას რომ გაისწორებენ ხოლმე აღელვების ნიშნად), საყვარელი გამოთქმებით „მინდა გითხრა“, „დააფიქსირა“, „გააჟღერა“ და ა.შ.

„ენდი გარსია ჩვენთანაა! უფრო მეტიც, ახლა უკვე ემირ კუსტურიცაც ჩვენთანაა!“

იმდენად აღიგზნო სრულიად ქართული მედია, რომ ერთი ტელეკომპანიის პროდიუსერისგან სმს-იც კი მივიღე: „გოგი, შემთხვევით კუსტურიცას ტელეფონი ხომ არა გაქვს?“

რა ვიცი, ამ ხალხს რომ ჰკითხო, ღმერთი სწამს. და თუ მართლა ასეა, რაში უნდა ადარდებდეს, რას იტყვის მასზე ემირი, ენდი და, თუ გნებავთ, თეა თუთბერიძე?

თუკი სწამს და თუკი მართალია, რისი ეშინია?

P.S.: მთავარი დამავიწყდა. ამ ჩემს ბლოგებში ხომ სამიზნე ჩემივე თანამოაზრეები და ჩემივე სოციალური წრე მყავს.

„რუსთაველზე მასოვკას უყურებ? არ მითხრა ახლა, რომ ამ ხალხზე არ ცოფდები?“

ესეც სმს-ია. ოღონდ იმ სიმღერიდან, „რას იტყვის ჩვენზე ევროპა?“

არ ვცოფდები, მეგობრებო, არა. რადგან ასეთ „მასოვკებს“ ჰოლივუდი მუდმივად იღებს. ეგაა, რომ „მასოვკებით“ არ იწყება ახალი ამბები ქვეყნის მთავარ ტელეარხებზე. მაგრამ ჩვენ ხომ ყველას, ვაკელებსაც და გლდანელებსაც, თბილისელებსაც, ზესტაფონელებსაც, როგორც, ამას წინათ, ლადო ვარდოსანიძემ თქვა კარგად, „ისევ თოხი გვიჭირავს ხელში“...

ამ უნუგეშო პროვინციალიზმს, ამ ხალხურ ქრისტიანობას, მისთვის დამახასიათებელი წარმართული ატრიბუტებით (მამა-მარჩენალი, მოძღვარი, დამრიგებელი, ავტორიტეტი, ახალგაზრდების კოლექტიური ლოცვა პლენერზე, სანთლებით ხელში) ჯერჯერობით ვერავინ უშველა.

ქვეყანა იზრდება. მაგრამ სოფელი სოფლად რჩება.

მრავლდება ერი, საქართველოს მიმართულების მთავარი „ვექტორი“ კი ისევ ვაკეა - ჭავჭავაძე, ბარნოვი, ფალიაშვილი.

მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG