Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

„მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო,
ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“.



* * *

დღეს ხუთშაბათია, ახალი ბლოგის დღე. მაღვიძარა 11.00–ზე რეკავს. ვგრძნობ, რომ ძილი არ მყოფნის, მაგრამ გაღვიძების დროა. ვრთავ კომპიუტერს, ბლოგს ვათვალიერებ და რამდენიმე კომენტარს ვაქვეყნებ. შემდეგ ვხსნი ფოსტას, საქმიან წერილებს ვპასუხობ და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ვუგზავნი ტარიელ ცეცხლაძეს ბათუმში. ამ დროს ვიგებ, რომ ჩემი უსაყვარლესი ბიცოლა მოსულა სტუმრად. რაღაც მაქვს გადასაცემი. მასთან ერთად ვსვამ ყავას, ცოტას ვსაუბრობ და წასასვლელად მზადებას ვიწყებ.

* * *

დღეს ოთხ საათზე „ცხელი შოკოლადის“ ოფისში ამერიკის ელჩი, ბატონი ჯონ ბასი, მედიაკლუბის წარმომადგენლებს გვხვდება. ჯერ ზუსტად არ ვიცი, ვინ ესწრება შეხვედრას, მაგრამ ვიცი, რომ ჟურნალისტიკის პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ.

ვიდრე წავალ, ერთი საქმე მაქვს მოსაგვარებელი. ღამით „საკანი N5“–ის სტუმარი ვარ და მინდა, „უცნობს“ ბლოგზე გამოქვეყნებული რამდენიმე საინტერესო და სახალისო მასალა ამოვუბეჭდო. წაიკითხავს და მიხვდება, რომ ჩვენი ბლოგი გონიერი და ნიჭიერი ადამიანების შეკრების ადგილია.

* * *

ბატონ ელჩთან შეხვედრა ორ საათს გრძელდება. გულწრფელად ვუხსნით ჩვენს პრობლემებს. ყურადღებით გვისმენს და ფურცელზე სქემებს ხაზავს. საუბრის დიდი ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთმობა. თუმცა, ზოგად სურათსაც ყველა ჩვენ–ჩვენი შტრიხებით ვავსებთ. ბოლოს გვეკითხება, რისი გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი, მაგალითად, უახლოესი სამი თვის განმავლობაში. მომწონს ეს შეკითხვა. ვკონკრეტდებით მედიამფლობელების და სარეკლამო ბიზნესის მსხვილი მოთამაშეების გამჭვირვალობაზე. ბატონი ჯონ ბასი გვპირდება, რომ ჩვენთან დიალოგს ამით არ ამთავრებს. კმაყოფილი ვარ. ამერიკის ახალი ელჩი ჯერ ტელეეთერშიც კი არ მყავდა ნანახი, ისე გავიცანი პირადად; ხოლო ძველ ელჩს ერთხელაც არ შევხვედრივარ. არაფერი მიშლის ხელს, ვიფიქრო, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ის პრიორიტეტები იცვლება და უფრო მეტად ორიენტირებული ხდება, მაგალითად, სიტყვის თავისუფლებაზე.

* * *

„ცხელი შოკოლადის“ რედაქციიდან ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში მივდივარ. მაგვიანდება. ექვსზე კომისიის სხდომა გვაქვს და სტუმრებმა მიმასწრეს. რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ათ ქალაქში კონკურსი გამოვაცხადეთ. სკოლის მოსწავლეებს ბავშვის უფლებათა კონვენციის ტექსტის „გადმობავშვურება“ და ზოგიერთი მუხლის ილუსტრირება შევთავაზეთ. უამრავი ნაშრომი დაგვიგროვდა. მიკვირს, როგორი აქტიურები არიან 10–14 წლის ბავშვები, განსაკუთრებით, რეგიონებში.

კომისია კონკურში გამარჯვებულ ნამუშევრებს არჩევს. მეც ვუერთდები. ვკითხულობთ კონვენციის თითოეულ მუხლს და საუკეთესო ინტერპრეტაციას ვეძებთ. სახალისო სამუშაოა, თანაც, კომისიის წევრები ერთმანეთზე საინტერესო ადამიანები არიან. ლიდერი მაინც ბატონი გია მურღულიაა. ხუთ წუთში ერთხელ იგავ–არაკს ან ანეკდოტს ყვება. მის გვერდით მყოფთათვის სასიამოვნო და სასარგებლო ყოველთვის ერთმანეთშია ჩაწნული. ჯერ ვფიქრობ, მერე კი ხმამაღლა ვამბობ: „ბატონო გია, იმდენი საინტერესო ამბავი რომ ვიცოდე, რამდენიც თქვენ იცით, რა შესანიშნავ ბლოგებს დავწერდი!“ ყველაფერი კარგი ბლოგს მახსენებს.

ჩვენი თანამშრომლების მეორე ჯგუფი გვერდით ოთახში ახალ პროექტზე მუშაობს. პერიოდულად გავდივარ და მათ ამბავს ვკითხულობ, მერე ისევ ბავშვების ტექსტებს ვუბრუნდები. პრინციპში, ყველაფერი რიგზეა, რადგან ირგვლივ მხოლოდ გონიერი და საქმიანი ადამიანები არიან. კმაყოფილი ვარ.

* * *

სტუმრებს ვაცილებთ და ჩემებთან ვრჩები. 23.00–იდან „საკანი N5“–ის სტუმარი ვარ. კიდევ ერთხელ (მერამდენედ!) მეკითხებიან, დარწმუნებული ვარ თუ არა, რომ „უცნობს“ უნდა ვესტუმრო. მისი საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, მაგრამ ორი დღის წინ ამ საკნის ერთ–ერთმა სტუმარმა გია იაკობაშვილმა უდიერად მოიხსენია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელზეც ჩემს კოლეგებთან ერთად თითქმის ორი წელია, ვმუშაობ. მეც ამ ქარტიას მიმაყოლა. ჰოდა, ახლა „საკანში“ მივდივარ, რომ ავხსნა, რა და როგორ არის სინამდვილეში. ჩემს თანამშრომლებს (რომლებიც, პირველ რიგში, ჩემი მეგობრები არიან) ეშინიათ, კიდევ რამე უსიამოვნებას არ გადავეყარო. მე მშვიდად ვარ. მათგან ბოლო რჩევებს ვისმენ და „მაესტროში“ ტაქსით მივდივარ.

* * *

საკანი ისევ ისეთია, როგორიც ბოლო სტუმრობისას დავტოვე. პატიმარი თბილად მხვდება და ვიცი, რომ საშუალებას მომცემს, ყველაფერი ვთქვა, რის სათქმელადაც აქ მოვედი. ვთქვა, რომ ქარტია საზოგადოების ხელში ჟურნალისტების კეთილსინდისიერების ტესტია; რომ ამ დოკუმენტის ყველა სიტყვა ასზე მეტ ადამიანთან არის შეთანხმებული; რომ მე ქარტიის პროექტზე მთელი წელი უხელფასოდ ვიმუშავე, მასში მთელი გული და სული ჩავდე და დიდი უსამართლობაა, ვინმემ ამ პროექტში ანგარების ნიშანწყალი დაინახოს.

ერთი საათის განმავლობაში ვსაუბრობთ და ვხედავ, რომ „უცნობის“ გულში ღრუბელი საბოლოოდ გავფანტე. ზრდილობისთვის კი არ მეთანხმება, – ეჭვი მართლა აღარ ეპარება, რომ ქარტია საჭირო დოკუმენტია და რომ მე კეთილსინდისიერი ადამიანი ვარ. კიდევ რამდენიმე თემაზე ვსაუბრობთ, მაგრამ სრულიად თავისუფლად ვგრძნობ თავს, რადგან ვიცი, რომ სწორად მოვიქეცი, როცა „უცნობს“ ვესტუმრე. შინ დაბრუნებული ვიგებ, რომ „საკანი N5“ არსებობას წყვეტს. მგონი, მე ბოლო გადაცემის სტუმარი ვიყავი. მაგონდება, რომ მე ვიყავი ბოლო სტუმარი შალვა რამიშვილის გადაცემისაც, რომლის სახელწოდება არ მახსოვს და რომელიც „202“–ზე გადიოდა შალვას დაპატიმრებამდე.

* * *

შინ დაბრუნებულს, ბლოგზე კომენტატორები მელოდებიან. როგორ იქნა, მძიმე დღის ბოლოს, მათთან სასაუბროდ მოვიცალე. ყოველი დღე ბლოგით მთავრდება, რაც შესანიშნავია. ახლა ვმსჯელობთ, გამოვაქვეყნოთ თუ არა „რეზონანსში“ ბლოგის მასალა. თუ გამოვაქვეყნებთ, რა ფორმით. მაკომ ბევრი იშრომა, ტექსტი შეამოკლა და დახვეწა, თემური კი ჯიუტობს და ვეტოს უფლებას ითხოვს! სოლომონი და კავკასიოლოგი, ტრადიციულად, ერთმანეთის გაკენწვლით ერთობიან. ალექსანდრემ შესანიშნავი კომენტარი გამოგზავნა. გამთენიისას „უცხოც“ გამოჩნდა. ამასობაში, ლევან რამიშვილს ვწერ წერილს იმის გასარკვევად, გვესტუმრება თუ არა ბლოგზე დამდეგი კვირის ორშაბათს და სამშაბათს. ჩვენი მიმოწერა „ფეისბუქზე“ საათნახევარს გრძელდება და სრულდება იმით, რომ ლევანი ამ კვირაში ვერ გვეწვევა, თუმცა, მე მას წარმატებებს ვუსურვებ და ისიც მადლობას მეუბნება. ემოციურად დატვირთული მიმოწერაა, რადგან ძეგლივით ცივ ლევან რამიშვილს გულწრფელობისკენ ვუბიძგებ და ისიც მომყვება. კმაყოფილი ვარ – რამდენიმე წლის წინ აგებულ ყრუ კედელში, მგონი, ნაპრალი ჩნდება.

* * *

გამთენიისას, ხუთის ნახევარზე, ახალი ბლოგის წერას ვიწყებ, აი, ამ ბლოგის, რომლის კითხვასაც სულ მალე დაასრულებთ. დილის ცხრა საათი ხდება, თვალები თავისით მეხუჭება და ჩემი დღეც სრულდება. ერთი ჩვეულებრივი დღე, რომელშიც ზოგიერთი პერსონაჟი და ინტერიერი ყოველდღიურად იცვლება (ელჩის მაგივრად, ვთქვათ, რომელიმე საერთაშორისო ან ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი; სტუდია „მაესტროს“ ნაცვლად, ვთქვათ, „რადიო თავისუფლება“ ან რადიო „პალიტრა“). მაგრამ სცენარის ღერძი თითქმის უცვლელია. უცვლელია ჩემი განწყობაც: რთული დღე დასრულდა, მაგრამ, პრინციპში, კმაყოფილი ვარ.

ყველაფერთან ერთად, იმით ვარ კმაყოფილი, რომ დღევანდელი დღე დღევანდელ საქართველოში შედგა. ეს ბლოგიც მასზეა: მასში ჩვენს მოძრაობაზე, მისი ღონისა და სიცოცხლის იმედზე.
გადაცემაში ”მუსიკა, მუსიკა” და ჩემ ბლოგებში მე უკვე ავღნიშნე, რომ ძალიან მაინტერესებს თემა ”პოლიტიკური ხელოვნება და პოლიტიკა ხელოვნებაში”. კარგად მესმის ამ უზარმაზარი პრობლემის ჩემ მიერ დასმის პრეტენზიულობა, მაგრამ რას ვიზამ - ვერ გავექცევი იმას, რაც ნამდვილად მაღელვებს. ალბათ, უფრო მოკლედ საკითხი შეიძლება სამი ”ხ”-ს საშუალებით ჩამოყალიბდეს: ”ხელოვნება, ხელისუფლება, ხალხი”. დიდხანს ვიფიქრე, ამასთან დაკავშირებით რა მაგალითის მოყვანა შეიძლებოდა - მით უფრო, რომ რამდენიმე წლის წინ რუსულ-ებრაული წარმოშობის ამერიკელმა მუსიკათმცოდნემ სოლომონ ვოლკოვმა არსებულ პრობლემას უაღრესად საინტერესო ნაშრომი ”ხელოვანი და ბელადი” მიუძღვნა. ვოლკოვის წიგნში შოსტაკოვიჩისა და სტალინის ურთულესი ურთიერთობა იყო განხილული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის ზემოდ მოყვანილი სამსიტყვიანი ფორმულის მხოლოდ ორ მესამედს ეხებოდა.

ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ჩემი უსაყვარლესი კომპოზიტორის, სერგეი რახმანინოვის მაგალითზე სამივე კომპონენტი ერთობლიობაში განმეხილა. იმედი მაქვს, რომ მკითხველი რუსოფილიაში არ დამადანაშაულებს: საქმე ისაა, რომ საქართველოში რახმანინოვი ყოველთვის ძალიან უყვარდათ. ეს თანაბრად ეხებოდა საფორტეპიანო მუსიკის შემსრულებლებს და უბრალო მსმენელს. ძნელი სათქმელია, თუ რით იყო განპირობებული ასეთი განწყობა - არ არის გამორიცხული, რომ ამაში დიდ როლს თამაშობს კომპოზიტორის შემოქმედებაში შესამჩნევი აღმოსავლური ტენდენცია და ის გარემოება, რომ მისი ნაწარმოებების უმრავლესობაში ლაიტმოტივად ჟღერს საეკლესიო ზარები (ამასთან დაკავშირებით გავიხსენოთ სვანური ”ზარი”). დღეს თბილისის კონსერვატორიის მუზეუმში ინახება რახმანინოვის როიალი, რომელზეც ის უკრავდა 1911 წელს თბილისის საოპერო თეტრში გამართულ კონცერტზე. რახმანინოვი ლექსო თორაძის, ეთერ ანჯაფარიძის, ალექსანდრე კორსანტიას, ნანა დიმიტრიადის საყვარელი კომპოზიტორია. თავის კერპს ისინი შემოკლებით ”რახ”-ს უწოდებენ. უნდა აღინიშნოს, რომ მის ნაწარმოებებს საქართველოში გასული საუკუნის ორმოციან წლებშიც კი უკრავდნენ - ეს იყო დრო, როდესაც რუსეთში რახმანინოვი, ფაქტობრივად, ”პერსონა ნონ გრატად” ითვლებოდა: საბჭოთა ხელისუფალნი ამერიკაში მცხოვრებ ხელოვანს ანტიკომუნისტურ განწყობას არ პატიობდნენ. არადა, რა განწყობა უნდა ჰქონოდა მუსიკოსს, რომელსაც ე.წ. ”ოქტომბრის რევოლუციის” დროს გამხეცებულმა გლეხებმა მშობლიურ ივანოვკაში საყვარელი როიალი ფანჯრიდან გადაუგდეს?! გენიალურ კომპოზიტორს, დირიჟორს და პიანისტს ემიგრაციაში წასვლამ მუსიკის შექმნის და დოროჟორობის საშუალება მკვეთრად შეუზღუდა - ოჯახისათვის საარსებო თანხის მოსაპოვებლად ის იძულებული იყო შემოქმედების არეალი ფორტეპიანოზე დაკვრით შემოეფარგლა. სამშობლოსთან ყველა კონტაქტი იყო გაწყვეტილი...

ახლა კი გიამბობთ ისტორიას, რომლის კომენტარი მკითხველისთვის მიმინდვია. ამისთვის მცირე ხნით გადავინაცვლოთ გასული საუკუნის ორმოციანი წლების ნიუ-იორკში, სადაც მეორე მსოფლიო ომის მძიმე პერიოდშიც არ წყდება ინტენსიური საკონცერტო ცხოვრება. სახელგანთქმულ ”კარნეგი-ჰოლში” ტარდება სერგეი რახმანინოვის სოლო კონცერტი. დარბაზი მსმენელს ვერ იტევს. ჩვენგან განსხვავებით, დასავლეთში კონცერტები და სპექტაკლები ყოველგვარი დაგვიანების გარეშე, წუთი წუთზე იწყება. იმ დღეს მსმანელი ამაოდ ელოდა კონცერტის დროულად დაწყებას - პიანისტი სცენაზე არ გამოდიოდა. დარბაზის დირექციის შეწუხებული წარმომადგენლებმა რახმანინოვს საარტისტოში მიაკითხეს: ”რაშია საქმე, მისტერ რახმანინოვ?” - მიმართეს მათ მაესტროს. პასუხი მენეჯერებისათვის გამაოგნებელი აღმოჩნდა: ”ლოჟაში ზის საბჭოთა ელჩი, - თქვა რახმანინოვმა - სანამ ის არ წავა, მე კონცერტს არ დავიწყებო!”. მუსიკოსის ხისტი ხასიათის გათვალისწინებით, ნათელი იყო, რომ ის თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა. დირექციის წარმომადგენელი იძულებული გახდა ელჩის ლოჟაში შესულიყო და საბჭოთა დიპლომატისთვის რახმანინოვის გადაწყვეტილების შესახებ მოეხსენებინა. ელჩმა უსიტყვოდ დატოვა დარბაზი. კონცერტი დაიწყო.

გავიდა სულ მცირე ხანი და საბჭოთა არმიას, რომელიც ფაშისტებს ებრძოდა, რახმანინოვმა გაუგზავნა საკუთარი სახსრებით შეძენილი მედიკამენტთა ვაგონი...

P.S. დიდი მუსიკოსის შთამომავლები არაფრით არ თანხმდებიან მისი ნეშტის ნიუ-იორკის სასაფლაოდან დღევანდელ რუსეთში გადასვენებაზე.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG