Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

სიყვარულზე დაწერეო, მთხოვდნენ ამ ბლოგის მკითხველები. რომ იცოდეთ, რამდენჯერ ვცადე! არ გამოვიდა. მეტისმეტად ბევრი სიძულვილია საქართველოში. სიძულვილი კი, მოგეხსენებათ, გადამდებია.

მაგრამ მოვუსმინე ბარბრა სტრეიიზანდის ახალ ალბომს («Love Is The Answer» რომ დაარქვა ახლა უკვე 67 წლის მომღერალმა) და გამახსენდა, რომ სიძულვილის გარდა, სიყვარულიც გადამდებია.

მიუხედავად იმისა, რომ ბარბრამ არაერთხელ განაცხადა, კინოს და მუსიკას თავს ვანებებო, მაინც ვერ მოითმინა და ახალი დისკის გამოშვებაზე თანხმობა განაცხადა. კანადელ მომღერალს, დიანა კრალს სთხოვა დახმარება (ჯაზის ეს ახალი ვარსკვლავი დღეს ბარბრას პროდიუსერია), მოიწვია კვარტეტი, რომელიც კლასიკურ ჯაზს უკრავს და ჩაწერა ყველასთვის კარგად ცნობილი 12 სიმღერა, მათ შორის ”Smoke Gets in Your Eyes”, მიშელ ლეგრანის მელოდია ფილმიდან ”როშფორელი ქალიშვილები”, ჟაკ ბრელის ”არ მიმატოვო” ("Ne Me Quitte Pas"), დიდი ხანია კიტჩად, კარიკატურად რომ აქციეს მსოფლიო ესტრადაზე

ალბომის ყდას შეხედეთ და ”იუთუბზე” ნახეთ როგორ მღერის. http://www.youtube.com/watch?v=7-a0RXozSRU

ხედავთ, რა ლამაზია?

ეს ის ბარბრა სტრეიზანდია, ერთხელ, ყველაზე გაბრაზებულმა რომ თქვა, პრობლემა თქვენშია და არა ჩემში...ეს თქვენ გაქვთ ”გამრუდებული” წარმოდგენა სილამაზეზეო. პლასტიკურ ოპერაციებზე არც კი უფიქრია. დარჩა ასეთი - სქელი ტუჩებიით, პატარა და ელამი თვალებით, კეხიანი, გრძელი ცხვირითა და მოღუნული ფეხებით - სასაცილო გოგონა, რომელიც 15 თვის იყო მამა რომ გარდაეცვალა. მოგვიანებით კი, მართლაც რომ ცხოვრების ყველა ნომინაციაში გამარჯვებულმა, განაცხადა: ”როცა მითხრეს, ხმა გაქვსო, ეგრევე გავიფიქრე - გამოდის, რომ მამა არ მყავს... მაგრამ ხმა მქონია”

ჰოდა, რა ხდება იცით?

ბარბრა სტრეიზენდის ახალ დისკში, მომღერალს აღარ აქვს ძველებურად წკრიალა ხმა. ბზარი შეეპარა და ასაკი. ამან კი უფრო გაალამაზა. თითქოს ”ისტორიით” გაამდიდრა ბარბრას ვოკალი. "არ მიმატოვოს” როცა მღერის, ერთგან თითქოს ცრემლს ყლაპავს. ბარბრას კლასიკურ დევიზს ”იმღერე ისე, როგორც საუბრობ” ახალი ემატება: ”იმღერე ისე, როგორც ტირი”
ძნელია იმის თქმა რა ატირებს. პირადი ცხოვრება მოწყობილი აქვს. თავისი ერთადერთი ვაჟის მიმართ დანაშაული მას მერე ”გამოისყიდა”, რაც გეების უფლებების დაცვა დაიწყო (არადა, ხომ გახსოვთ, როგორ გაცოფდა, როცა შვილმა საიდუმლო გაუმხილა?). ბარბრა სტრეიზანდი ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და ყველაზე წარმატებულ არტისტად ითვლება ამერიკულ შოუ-ბიზნესში.

ასაკი?

არა. ბარბრას ასაკი სადა აქვს? იგი იმ ადამინების კატეგორიას მიეკუთვნება, ჩემმა მოსკოველმა მეგობარმა, კინორეჟისორმა და კინოკრიტიკოსმა თამრიკო დულარიძემ ”თაობებს მიღმა მყოფები” რომ უწოდა. ეს იშვიათი ჯიშია კაცობრიობის ისტორიაში; ხალხი, რომელიც დროს არ ემორჩილება. მაშინაც კი, როცა რაღაც პროცესის გააზრებას ცდილობს ( ”ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანის ზრდის პროცესი, ადამიანის შესაძლებლობების ზრდის პროცესი” - ეს ბარბრა სტრეიზენდის სიტყვებია). კაცობრიობა სულ მუდამ ცდილობს ასეთი ჯიშის ხალხის ”მითვისებას”. ზოგჯერ წარმატებითაც.

ისევ თამრიკო დულარიძე მომაგონდა ეხლა. მახსოვს, როგორი ცხარე კამათი გაიმართა რობერტ სტურუას ”რიჩარდ მესამის” პრემიერის შემდეგ. ვიღაცამ უთხრა, გენიალური სპექტაკლია. სტურუამ შექსპირი თანამედროვე გახადა. ჩვენამდე მოიტანაო. თამრიკოს პასუხმა არ დააყოვნა: ”ესაა ხელოვნების მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება. იმის მაგივრად, რომ ჩვენ მივიდეთ შექსპირთან...აქეთ ”მოგვაქვს” მისი პიესები?”... აბა რა გინდათ, 16-ე საუკუნეში დავბრუნდეთო? - იკითხა ვიღაცამ.

რუსულად უპასუხა:

”Извини детка, но Шекспир плевать хотел на этот XVI век... Да и на ваш XX век тоже”

შექსპირს დრო საერთოდ არ ადარდებდაო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ჯიშის არტისტებს არც დაბერების ეშინიათ, არც სიკვდილის. ეს ჯიში ცხოვრობს ”განზომილებაში”, რომელსაც თავისუფლება ჰქვია.

მაგრამ ვინა თქვა, რომ თავისუფალთა ჯიში ბედნიერია? რომ სიცოცხლე ახარებს და არასდროს ტირის? იქნებ ბარბრას თუნდაც იმ ქალების ბედი ატირებს, კაცების ძალადობის მსხვერპლნი რომ გახდნენ? ხომ იცით, რამხელა თანხას ხარჯავს იგი ყოველწლიურად ასეთი ქალების, აგრეთვე იმ ბავშვების მხარდასაჭერად, რომელთაც მშობლები სცემენ? თავისუფლება ბედნიერება არ არის. თავისუფლება - ტვირთია. სხვა საქმეა, რომ ამ ტვირთის მუდმივ ზიდვას, ადრე თუ გვიან ჯილდო მოყვება ხოლმე.

უშნო და სასაცილო გოგონას დასცინოდნენ. უკვირდათ, რომ არ ჰქონდა სურვილი გამხდარიყო ისეთი, როგორიც სხვები არიან. უკვირდათ და ბრაზდებოდნენ.

ხალხს არ უყვარს ამ ჯიშის ადამიანები. ისინი ვინც შესძლო საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება. მათ აშინებენ. მათ ”გადაკეთებას” ცდილობენ. ყველაფერს აკეთებენ, რათა ”აქეთ წამოიღონ” და დაიმორჩილონ.

ბარბრამ ამას გაუძლო და დაჯილდოვდა.

ვერავინ წარმოიდგენდა, ალბათ, რომ 67 წლის მომღერლის ახალი ალბომი ჯერ შეერთებული შტატების ჰიტ-აღლუმებში გავიდოდა პირველ ადგილზე, ცოტა ხანში კი ბრიტანეთში აჯობებდა ყველას. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბარბრა, თავისი დისკით ”სიყვარული - პასუხია” ერთი დარტყმით დაამარცხებდა მადონას და მარაია კერის...და ახლადგამომცხვარ ნორჩ ვარსკვლავებს, ”თანამედროვე მუსიკას” რომ ანიჭებენ უპირატესობას, მოდას რომ ქმნიან...ე.ი. დროს რომ ემორჩილებიან

ეს წარმატება კი ხომ ხვდებით რასაც ნიშნავს?

სიკეთისთვის, სიყვარულისთვის, გამძლეობისთვის ადამიანი აუცილებლად დაჯილდოვდება. ადრე თუ გვიან... ეს კანონზომიერებაა, მათემატიკაა!

მაგრამ მთავარი ისაა, რომ არის შანსი, ”ერთნაირობა” - ერთნაირი სიმღერა, ერთნაირი აზრი, ერთნაირი კატლეტი მოდიდან გადავიდეს.

მთავარი ისაა, რომ ჩვენს ”უნიფიცირებულ დროში”, როცა ნელ--ნელა ყველა და ყველაფერი ემსგავსება ერთმანეთს, ”ჰიტ-აღლუმების” სათავეში უნიკალური, განსხვავებული ხვდება - ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრებით და თავისი ხმით იცხოვრა. ყველამ რომ შევძლოთ ეს... ერთ მშვენიერ დღეს რომ გავიღვიძოთ და ჩვენს თავს ვუთხრათ: ”მორჩა, მე აღარავის მივეკუთვნები. მე ჩემი ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო”, აზრზე ხართ, როგორი მრავალფეროვანი გახდება სამყარო? როგორი საინტერესო, როგორი ლამაზი, როგორი მდიდარი?

ესეც ჯილდო იქნება... ანუ პასუხი სიყვარულზე.
ბოლო რამდენიმე დღეა, ვანო მერაბიშვილზე ვფიქრობ. უწინაც ხშირად მიფიქრია, მაგრამ – სხვანაირად. მაშინ მე აქეთ ნაპირზე ვიყავი, ის – იქით ნაპირზე იყო. შეკითხვები მქონდა, პასუხები - არა. სამაგიეროდ, მქონდა ვარაუდები და ჩემი პირადი – მკაფიო – დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ.

ახლა, ბოლო რამდენიმე დღეა, მინდა, მისი ნაპირიდან გამოვხედო მოვლენებს; დავინახო, ვინ მოჩანს იქიდან მეგობრად და ვინ – მტრად.

ეს რომ ადვილი არ არის, საკუთარი გამოცდილებით ვიცი. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ვანოს „ხერხემლობის“ ნიშანწყალიც არ ეტყობოდა, საქმიან სადილზე მიმიწვია. ახლად დანიშნული იყო უშიშროების საბჭოს მდივნად. თბილად შემხვდა და შენობით ვილაპარაკოთო, შემომთავაზა. არადა, მეგობრები არასოდეს ვყოფილვართ. ყველაზე საინტერესო ის არის, რაც სადილზე მიწვევას უძღოდა წინ: რადიო თავისუფლების ეთერში და „24 საათში“ გამოქვეყნდა მასალა, სადაც ვამბობდი, რომ ვანო მერაბიშვილს საზოგადოება იცნობს, როგორც მიწის მესაკუთრეთა უფლებების დამცველს და არა როგორც უშიშროების სპეციალისტს. ამიტომ, ამ კუთხით მას ჩვენ ვერ ვენდობით და თუ პირადად პრეზიდენტი ენდობა, იქნებ, ჯერ საკუთარი ოჯახის უშიშროების გარანტად დანიშნოს და მხოლოდ შემდეგ ანდოს მთელი ქვეყნის უსაფრთხოება-მეთქი.

აი, ამ პუბლიკაციის პასუხი იყო სადილი რესტორანში და თბილი შეხვედრა. მართალია, იმ შეხვედრაზე ორმა მხარემ (სულ ხუთი ადამიანი ესწრებოდა) ერთმანეთს ვერაფერი გააგებინა – რაც მოსალოდნელიც იყო – მაგრამ მაშინ დავიმახსოვრე, რომ ვანო მერაბიშვილის მეგობრები და არამეგობრები არც ისე ადვილი ამოსაცნობია.

თავი დავანებოთ ირაკლი ოქრუაშვილს, კახა ლომაიას და გიგი უგულავას; შინაგან საქმეთა მინისტრთან მათი მეგობრობის თუ მტრობის ისტორია ამ კონკრეტულ მომენტში აქტუალური აღარ არის. ახლა ზურაბ ადეიშვილის ამბავია საინტერესო: არის ის ვანო მერაბიშვილის მეგობარი? ბევრი სწორედ ასე ფიქრობს. მე პირიქით მგონია. გიგა ბოკერია? არ ვიცი – დიდი გამოცანაა. ლევან რამიშვილი?

„ფეისბუკზე“ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებულმა კამპანიამ საფიქრალი გამიჩინა. ბოლო რამდენიმე დღეა, მსურველები ერთიანდებიან ლოზუნგით: „პატრიარქს ვანო პლენში ყავს! ბავშვები გამოუშვით, ფარჩაკებო!!!“ ზუსტად ასე – სამი ძახილის ნიშნით – ვანოს ეწოდა „ფარჩაკი“ და ამ ლოზუნგმა 163 კონკრეტული სახელისა და გვარის მქონე ადამიანი გააერთიანა. მათ შორის, ლევან რამიშვილიც. შემდეგ, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ საჯაროდ გამოფინა შეკითხვა: „არ გეშინია ჩემი, ვანო?“. მომდევნო დღეს კი გაჩნდა ვიდეორგოლი: „კომბლე და მისი ცხვრები“. კომბლე პატრიარქია, მისი ცხვრები კი, რომლებიც ამ პატიოსანი პირუტყვისთვის დამახასიათებელ ბგერებს გამოსცემენ, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფოს ხერხემალი – ვანო მერაბიშვილი არიან. მართალია, ეს ბოლო ვიდეორგოლი ლევან რამიშვილის გვერდზე არ მინახავს, მაგრამ თეა თუთბერიძეს ნამდვილად ჰქონდა (და, ალბათ, აქვს კიდეც) გამოფენილი.

რა გამოდის? საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის დამიზნებული თოფი ნელ-ნელა შინაგან საქმეთა მინისტრისკენ ატრიალებს ლულას? შორიდან ასე ჩანს, რომ ხელისუფლების გავლენის სივრცეში ყალიბდება ორგანიზებული ჯგუფი – 150-მდე ადამიანი – რომელიც ანგრევს ვანო მერაბიშვილის უძლეველობის მითს, „ფარჩაკს“ უწოდებს მას და ბეკეკას ხმებს გამოაცემინებს მის ვიდეოგამოსახულებას.

რაც მთავარია, ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ სახელებს და გვარებს არ მალავენ; აკეთებენ დემონსტრაციულად და საკმაოდ გამომწვევად. ვანო მერაბიშვილი კი დუმს და არ ვიცი, მისი ნაპირიდან ვინ როგორ მოჩანს.

დუმილზე ერთი ამბავი გამახსენდა: წლების წინ, როდესაც მერაბიშვილსა და ოქრუაშვილს შორის დაპირისპირება დაიწყო, ოქრუაშვილს შეუდარებლად უკეთესი სასტარტო პოზიცია ჰქონდა: სხვა რომ არაფერი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს პირდაპირ აკონტროლებდა, „იმედზე“ კი სერიოზული თანამოაზრე ჰყავდა ბადრი პატარკაციშვილის სახით.

როდესაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ამბავი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თავისი რეალური შინაარსით „აფეთქდა“, ვიფიქრე, რომ ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ ფიგურას სასიკვდილო ლახვარი დაესო. მაგრამ, ნურას უკაცრავად! შინაგან საქმეთა მინისტრმა ეს დარტყმა გადაიტანა, წელშიც გასწორდა და პოლიტიკურ მეტოქესაც გვარიანად გაუსწორდა. პროცესის ბოლოს მერაბიშვილი შეუცვლელი გახდა, ოქრუაშვილი კი – სამშობლოდან დევნილი. ჩანაფიქრი მდუმარედ, ზედმეტი ყელყელაობისა და ხმაურის გარეშე განხორციელდა.

თუმცა, ის, რაც დღეს ხდება, თვისებრივად განსხვავებულია. ასეთი მრავალრიცხოვანი „შიდა“ ამბოხი, რაც მეტად პოპულარულ „ფეისბუკზე“ დაიწყო, შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ ჯერ არ ყოფილა. ეს რომ თამამი ახალგაზრდების მეტ-ნაკლებად უწყინარი გართობა არ არის და პროცესში რომ სერიოზული ფიგურები არიან ჩართულნი, პირადად ჩემში ეჭვს არ იწვევს. მით უმეტეს, რომ, პარალელურად, ტელეკომპანია „იმედში“, დღის მთავარ საინფორმაციო პროგრამაში, ჩნდებიან ადამიანები მერაბიშვილთან დაპირისპირებული გუნდიდან: ნოდარ ლადარია და გიგა ზედანია. ზაფხულში ორივე მათგანი საჯაროდ აპროტესტებდა გია ჭანტურიას დანიშვნას საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტზე, რაც ვანო მერაბიშვილის ინტერესებთან დაჯახებას ნიშნავდა. შემოდგომაზე კი ორივე „იმედის“ სახე გახდა. არადა, ჯერ კიდევ ზაფხულში შინაგან საქმეთა მინისტრის გავლენა „იმედს“ აშკარად სწვდებოდა. ახლა, როგორც ჩანს, ვეღარ სწვდება.

ნეტავ, რაღაც ღრუბლისნაირი ხომ არ გამოჩნდა იქითა ნაპირის თავზე?

და თუ ლულა შინაგან საქმეთა მინისტრისკენ ტრიალდება, თოფი ხელში ვის უჭირავს? ვინ არის მთავარი მეამბოხე? და რა ელის მას?

აი, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მომინდა იქით ნაპირზე გადასვლა და ვანო მერაბიშვილის თვალით იქიდან აქეთ გამოხედვა.

მაგრამ ეს შეუძლებელია. უნდა დაველოდოთ.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG