Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 10 სექტემბერი. See content from before

ორშაბათი, 9 სექტემბერი 2013

„ფიდბეკი“ იმ კატეგორიის შენაძენია ქართული ენისთვის, როგორიც „კოჰაბიტაცია“, „ბექგრაუნდი“, „კონტენტი“, „სეივი“, „ქეისი“, „ბორდი“ და სხვა მისთანები. შეგახსენებთ, რომ ადრე მის ნაცვლად გამოხმაურებას, უკუკავშირს ხმარობდნენ. ახლა რატომ გავიხსენე, გეტყვით. აი, მე რომ პოსტს ვწერ და თქვენ რომ მას კომენტარს უკეთებთ, ამის მაგალითია. ან, როცა ვინმეს კომენტარი გამიჩენს იდეას ახალი პოსტის დასაწერად, ესეც გამოდგება. ანდა სულაც ყოველგვარი კომენტარის გარეშე, როცა პოსტის გამოქვეყნებას რაღაც შედეგი მოჰყვება.

ამ უკანასკნელი შემთხვევის ერთ მსუბუქ ილუსტრაციას გავიხსენებ. შეიძლება თქვენც გახსოვდეთ - ერთი პოსტი მქონდა შარშან იმის შესახებ, თუ როგორ დავესწარი ლონდონში “არსენალ”-“ლივერპულის” შეხვედრას. ამ პოსტის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს ახლობელმა თავისი დაბადების დღის აღსანიშნავ სუფრაზე ერთი კაცის გვერდით დამსვა და მითხრა, თქვენ ერთად უნდა ისხდეთ - ეს ბარსელონაში იმ თამაშზეა ნამყოფი, ფიგუს ღორის თავი რო ესროლესო. უცებ ავმაღლდი ჩემ თვალში - აშკარად პრესტიჟული ადგილი მერგო.

მაგრამ მხოლოდ ამ ისტორიული მომენტის თვითმხილველის გვერდით ჯდომით არ შემოიფარგლა ამ პოსტით გამოწვეული ექო. ერთი ამხანაგისგან საჩუქარიც კი მივიღე. ეს იყო “არსენალის” საფირმო შარფი. საერთოდ რომ ჰქონდა, გამიკვირდა - კლასიკური ბარსელონელია თავისი კატალონიით, მესით, არგენტინის ნაკრებით, მარადონათი და მთელი მაგათი ატრიბუტიკით.

თურმე დეიდამისი ბრიტანეთში ყოფილა მივლენებით და იქიდან ჩამოუტანია. წასვლის წინ უკითხავს, სუვენირად რა გინდაო. ამხანაგი მსუბუქად ჩაფიქრდა და ეს შარფი შეუკვეთა.

ვერ ვიხსენებ, ფასის თემას რატომ შევეხეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივზე ბევრად ძვირი მიუცია. ლონდონში ყოფნისას ქალბატონს თავიდან ამოუვარდა “არსენალი”, მაგრამ შოტლანდიაში, გლაზგოში, “გლაზგო რეინჯერსის” მაღაზიას რომ გადააწყდა, შარფი გაახსენდა.

როცა დახლთან მდგომმა ქალბატონმა დააზუსტა, რომ მაღაზიაში შესულ უცხოელს ნამდვილად “არსენალის” შარფის შეძენა უნდოდა, გულწრფელი გაოცება აღებეჭდა სახეზე და უთხრა, ერთი წუთით დამელოდეო. ცოტა ხანში ისევ გამოვიდა დახლთან ვიღაც მამაკაცთან ერთად. ეტყობა უფროსი იყო. კაცმა კიდევ ერთხელ გაამეორებინა ქალბატონს, თუ რისი შეძენა უნდოდა. პასუხი რომ მოისმინა, უთხრა, 35 ფუნტი დაგიჯდება, თან ცოტა ხანი უნდა მადროვოო და გამომცდელად შეხედა. დეიდას ეძვირა, მაგრამ იფიქრა, რომ დისშვილის გაწბილება უფრო ძვირი დაუჯდებოდა და ამიტომ შარფში მის საშუალო ფასზე ხუთჯერ ძვირი გადაიხადა.

აბა საიდან უნდა სცოდნოდა თბილისელ ქალბატონს, რომ შოტლანდიაში, განსაკუთრებით კი “გლაზგო რეინჯერსის” მაღაზიაში, “არსენალი” ისევე უყვართ, როგორც საქართველოში რუსეთის სარაგბო ნაკრები. ანუ ეს დაახლოებით იგივე იქნებოდა, თბილისის რომელიმე სტადიონის სპორტულ მაღაზიაში თამაშის წინ რუსეთის დროშა რომ მოგეთხოვა.

ეს სასიამოვნო უკუკავშირის მაგალითია. ახლა უსიამოვნოს მივხედოთ. ერთხელ კომენტარში სიტყვა „ქველმოქმედი“ გამოიყენეს. „ფიდბეკის“ ჩემეული ხედვა ხომ მოგახსენეთ და ახლა „ქველმოქმედსაც“ ვეცდები რამე ვუყო.

სახალხო მსახიობებისა და მეცნიერებისთვის გაწეული ქველმოქმედება არ გამიგია მე. ეგ ქველმოქმედება კი არა, ჩვეულებრივი თვითრეკლამაა, რომლისთვისაც ლოკალურ “სელებრიტებს” და “ფეისებს” იყენებ. ქველმოქმედმა ჩვენნაირ შეუმდგარ სახელმწიფოში ალბათ უნდა გახსნას მოხუცთა და უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი და დააფინანსოს მისი ფუნქციონირება, დააარსოს უკურნებელი სენით დაავადებულ და უნარშეზღუდულ ადამიანთა დახმარების ფონდები, ხელი შუწყოს ახალგაზრდებისთვის შესაფერისი განათლების მიღებას.

მთელ მსოფლიოში მსახიობები და მუსიკოსები აფინანსებენ საქველმოქმედო აქტივობებს და აქ კიდევ პირიქითაა - თურმე მათი დაფინანსება სატრაბახოა. ამ ქველმოქმედების შემდეგ ან ჩვენმა მეცნიერებმა რამე შესძინეს კაცობრიობას, ან ჩვენმა მსახიობებმა რამე შექმნეს ისეთი, რასაც შემახსენებთ?! კარგი, კაცობრიობას თავი დავანებოთ - სამშობლოს?! მშობლიურ ქალაქს ან სოფელს?! ან სულაც ქუჩას ან სახლს, სადაც ცხოვრობენ (სადარბაზოებთან გაკრულ მახინჯ დაფებს არ ვგულისხმობ)?!

ისრაელში ყოფნისას, სხვა რამეებთან ერთად, იერუსალიმის უნივერსიტეტიც ვნახე. გამწვანებულ გორაკზე მიმოფანტულ კამპუსებს შორის ორმა მიიპყრო ჩემი ყურადღება: ერთს ბარბრა სტრეიზენდის სახელი ეწერა უშველებელი ასოებით, მეორეს - ფრენკ სინატრასი. აი, ეს არის ჩემთვის ქველმოქმედება. ოღონდ არ მკითხოთ, რატომო.
მგონი ჩვენ ფუნდამენტური საკითხები არასწორად გვესმის. სოფელ ჭელაში მომხდარმა ამბებმა მიბიძგა ამ აზრისაკენ, თუმცა ეს ამბები ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლია.

მაგალითად, საკითხი, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩამოყალიბდა აზრის ფორმაში გახვეული განცდა, თითქოს დემოკრატია ხალხის მმართველობა იყოს, რომელიც, თუ ხალხმა ვერ ივარგა, ბრბოს მმართველობაში გადადის.

ეს ასე არაა.

მაგრამ ლაპარაკი ინსტიტუტებზე, რომლებიც ამ ბრბოს შეაჩერებს, არაა ეფექტიანი. ინსტიტუტი აბსტრაქტული წესია, რომელსაც ასრულებ. ამ წესის უკან ვიღაც უნდა იდგეს. ვიღაც, ვინც წესს იცავს.

რადგანაც წესებს არ იცავენ, პოლიტიკოსებმა ადვილი გამოსავალი მონახეს - ქართველ ხალხს აბრალებენ. დაბალი პოლიტიკური კულტურა ჰქონია და ჩვენ რა ვქნათო.

ბოდიში, მაგრამ დემოკრატია ასე არ მუშაობს.

იმიტომ, რომ პირველ რიგში ინსტიტუტებს იცავს ელიტა და უკვე მეორე რიგში - ხალხი.

მაგალითი განვითარებული დემოკრატიის ქვეყნიდან: თქვენ იცით, ვინ იყო ენოქ პაუელი?

1968 წელს ბრიტანელმა დეპუტატმა კონსერვატიული პარტიიდან და ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა წარმოთქვა სიტყვა, სადაც ემიგრანტების მიერ გამოწვეულ პრობლემებსა და „სისხლის მდინარეებს“ წინასწარმეტყველებდა. ჩვენ გიჟები უნდა ვიყოთ, უფლებას რომ ვაძლევთ სხვა რასის წარმომადგენლებს, უკონტროლოდ შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაშიო.

სიტყვის წარმოთქმიდან მეორე დღესვე პაუელმა დაკარგა თავისი პოზიცია პარტიაში, რადგან მის მიერ წარმოთქმული სიტყვა განხილულ იქნა როგორც „წამქეზებლური და საზიანო რასობრივი ურთიერთობებისათვის“. ამის შემდეგ ის ვეღარასოდეს დაიკავებს წამყვან პოლიტიკურ თანამდებობას. რამდენიმე წელიწადში პაუელს მოუხდება, პარტიიდან გავიდეს.

პოლიტიკურმა ელიტამ, რომელიც, მოგეხსენებათ, ბრიტანეთში, ძირითადად, ორი დაპირისპირებული პარტიისაგან შედგება, თითქოს პირი შეკრა: პაუელის პოზიცია მიუღებელი აღმოჩნდა მთელი პოლიტიკური სპექტრისათვის. მას ჰქონდა ხალხის მხარდაჭერა: გამოკითხვების მიხედვით, პაუელის პოზიციას ემხრობოდა მოსახლეობის 74%; მის მხარდასაჭერად პროფკავშირები დემონსტრაციებსა და მსვლელობებს აწყობდნენ, მაგრამ პოლიტელიტამ ჩათვალა, რომ ეს ხალხი უპასუხისმგებლო ლიდერის მიერ იყო აჟიტირებული.

დღეს საქართველო ადგას გზას, რომლის ბოლოსაც ქვეყნის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტა ენოქ პაუელებისგან იქნება შედგენილი.

არა, პაუელსაც დაუმსახურებლად ნუ შეურაცხვყოფთ: კაცი კემბრიჯის უნივერსიტეტში კლასიკური ლიტერატურის სპეციალისტი იყო და ჰეროდოტე დღესაც მისი რედაქციით გამოდის; “სისხლის მდინარეც“ ციტატაა - ვერგილიუსის „ენეიდიდან“, რომელიც, დარწმუნებული იყავით, პაუელს ორიგინალში ჰქონდა წაკითხული. მას, შესაძლოა, პოლიტიკური საღი აზრი არ ეყო, თორემ ასეთი განათლებისა და ზოგადი კულტურის ლიდერი ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, საერთოდ არც გვყავს. მისი ანალოგი ფიგურები საქართველოში წერა-კითხვასთანაც მწყრალად იქნებიან.

ან, პრინციპში, ენოქ პაუელის მაგალითი რად გვინდა? ოცდახუთი წლის წინათ ჩვენ აქ უკვე ვიყავით. ოღონდ, განსხვავებით ბრიტანეთისაგან, ვერაფერი მოვუხერხეთ ამ „პაუელებს“ და ქვეყანაც თავზე დავინგრიეთ.

არადა, რა მარტივი ტესტი არსებობს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტისათვის: შეგეძლოს მაშინაც კი შეთანხმდე საბაზისო საკითხებზე, როცა ეს შენს უშუალო ინტერესებში არ შედის; შეგეძლოს იმასთანაც კი შეთანხმდე საბაზისო საკითხებზე, ვინც შენი მოწინააღმდეგეა.

სხვა შემთხვევაში, სახეზე გვექნება არა ერთი ქვეყანა, არამედ რაღაც სხვა, რაზეც ლაპარაკიც კი სახიფათოა - სიტყვებს საშინელი ძალა აქვთ.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG