Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

2013 წლის სექტემბერში გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა:

"მე ვერ გეტყვით, რომ სტალინის პიროვნება რამენაირად გადავაფასე, მაგრამ შემიძლია დროის გასვლის პარალელურად გითხრათ, რომ ერთ საუკუნეში (...) სტალინი იქნება აღქმული როგორც ერთ–ერთი ძალიან დიდი მხედართმთავარი და ეს იქნება ის, რასაც დაწერენ სტალინზე, იმიტომ, რომ ის რეალურად იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი იმპერიის ხელმძღვანელი და აგრეთვე მხედართმთავარი, რომელმაც მოიგო მეორე მსოფლიო ომი. (...) სტალინს ამ გამარჯვებაში ლომის წილი აქვს, შესაბამისად, სტალინს მომავალში აღიქვამენ, როგორც ძალიან დიდ პოლიტიკოსს და ძალიან დიდ მხედართმთავარს“.

2015 წლის 9 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი ვეტერანების მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მილოცვას შემდეგი სიტყვებით დაასრულებს: "და, რაც მთავარია, ეს ომი ქართველმა მოიგო და ამიტომ არის უფრო განსაკუთრებული“.

შევეცადოთ გავერკვეთ, რამდენად სწორია ქვეყნის პირველი პირების თანმხვედრი აზრები (რაც თავისთავად ძალზე იშვიათია), სტალინ მხედართმთავარზე.

ამისათვის მე კითხვას ცოტა სხვანაირად დავსვამ: შეეძლო ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება?

ობიექტური ანალიზი აჩვენებს, რომ ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი, როცა მას გამარჯვების მცირედი შანსი გააჩნდა, იყო 1941 წლის ივნისს-ნოემბერში. ეს შანსი ხდება ნულოვანი 6 დეკემბერს, წითელი არმიის მიერ მოსკოვთან დაწყებული კონტრშეტევის შედეგად. 1941 წლის 5 დეკემბერს ჩრდილოეთით ვერმახტს ალყაში ჰყავს ლენინგრადი, ცენტრში ვერმახტი დაბანაკებულია მოსკოვის გარეუბანში, ხოლო სამხრეთით - როსტოვთან, კავკასიის კარებთან. ამ მომენტში მესამე რაიხის მიერ ოკუპირებულია საბჭოთა კავშირის ტერიტორია, რომელიც სამჯერ უფრო დიდია, ვიდრე საფრანგეთი. წითელი არმიის დანაკარგები ამ პერიოდისათვის არის არნახული: ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 3 987 700 (მოკლული და ტყვედ მოხვედრილი) სამხედრო მოსამსახურე (დანაკარგების ზუსტ რიცხვს ვერასდროს ვერ გავიგებთ, მაგრამ სავარაუდოდ ამ მომენტში იგი 5 მილიონზე მეტია). ტექნიკის მხრივ საქმე კიდევ უფრო კატასტროფულია: დაკარგულია 20 500 ტანკი (საერთო რაოდენობის 89%) და 21 200 თვითმფრინავი. დღემდე მსოფლიო სამხედრო ისტორიაში ვერმახტის ეს მიღწევა რჩება უნიკალური.

აქედან გამომდინარე, სტალინის, როგორც მხედართმთავრის, შესწავლა ყველაზე საინტერესო ამ პერიოდშია. ეს მით უმეტეს მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სტალინს კონცენტრირებული ჰქონდა არა მხოლოდ პოლიტიკურ-ეკონომიკური და სამხედრო-ოპერატიული მართვის აბსოლუტურად ყველა ბერკეტი, არამედ ყოველდღიური ტაქტიკური ხელმძღვანელობის ფუნქციებიც. საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის პირველ 167 დღეს (22 ივნისი - 5 დეკემბერი) ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც სტალინი მიიღებს ეკონომიკურ და საერთაშორისო ასპარეზზე, არ ჰქონდა იმწუთიერი მნიშვნელობა. ამ გადაწყვეტილებების შედეგები ყველაზე ადრე 1942 წლის დასაწყისში აისახება კონფლიქტზე. ასე რომ, მე სტალინ მხედართმთავარზე ლაპარაკისას მხოლოდ წმინდა სამხედრო საკითხებით შემოვიფარგლები.

სტალინს, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებით ჯერ მარშალი (1943 წელს) და შემდეგ გენერალისიმუსი (1945 წელს) ხდება, არ ჰქონდა არანაირი სამხედრო განათლება. (აქვე აღვნიშნავ, რომ ჰიტლერი, რომელიც სტალინისგან განსხვავებით პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა და ორჯერ იყო დაჯილდოებული რკინის ჯვრით, დაემორჩილება სამხედრო ტრადიციებს და არ ჩამოიკიდებს ფელდ-მარშლის ჯვარს გულზე.)

ის, რომ სტალინის სამხედრო გამოცდილება მხოლოდ სამოქალაქო ომით შემოიფარგლებოდა, ამას იოსებ ჯუღაშვილი არც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მალავდა: „მივიღე თქვენი 30 იანვარს მოწერილი წერილი კლაუზევიცზე და თქვენი მოკლე თეზისები ომზე და ომის ხელოვნებაზე - წერდა სტალინი სამხედრო ისტორიკოს ევგენი რაზინს 1946 წლის თებერვალში. - ლენინი თავის თავს არ თვლიდა სამხედრო საქმის სპეციალისტად არც ოქტომბრის რევოლუციამდე და არც ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ანუ სამოქალაქო ომის დამთავრებისას. სამოქალაქო ომის დროს ლენინი, ჩვენ, ცეკას ახლაგაზრდა წევრებს, გვაიძულებდა, რომ საფუძვლიანად შეგვესწავლა სამხედრო საკითხები. რაც შეეხება კლაუზევიცს, როგორც სამხედრო სპეციალისტი, ის, რა თქმა უნდა უკვე მოძველდა. კლაუზევიცი იყო მანუფაქტურული ომის ეპოქის სპეციალისტი. მაგრამ ახლა ომის მანქანის პერიოდია. ნათელია, რომ ომის მანქანის პერიოდი მოითხოვს ახალ სამხედრო იდეოლოგებს. სასაცილოა დღეს გაკვეთილების აღება კლაუზევიცისგან.“

სტალინის ეს პასუხი ჟურნალ „ბოლშევიკში“ გამოქვეყნდა 1946 წელს, რაც მიანიშნებს, რომ ამ წერილის ადრესატი არა ევგენი რაზინი, არამედ ზოგადად საბჭოთა კავშირის მოქალაქეები უნდა ყოფილიყვნენ. ორი რამ არის ამ წერილში ნიშანდობლივი: სტალინი აღიარებს, რომ იგი როგორც სამხედრო სპეციალისტი სამოქალაქო ომის დროს ჩამოყალიბდა და იგი ასევე ბუნდოვნად მიანიშნებს მკითხველს, რომ ახალ ეპოქაში კლაუზევიცის ადგილს ახლა თვით სტალინი იკავებს. პრინციპში აქ ახალი არაფერი არ არის: უკვე 1943 წლიდან კრემლის პროპაგანდას მიჩვეული ჰყავდა მოსახლეობა, რომ წითელი არმიის ყოველი გამარჯვება „სტალინისტური სტრატეგიის ტრიუმფი“ გახლდათ.

ვინაიდან სამოქალაქო ომი ცარიცინში (ყოფილი სტალინგრადი, ამჟამინდელი ვოლგოგრადი) ხდება სტალინის სამხედრო სკოლა, კარგი იქნება, მოკლედ შევჩერდეთ სტალინის ცხოვრების ამ ეპიზოდზე. ეს მით უფრო საინტერესოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ცარიცინში იოსებ ჯუღაშვილი გამოავლენს თვისებებს, რომლებიც გახდება მისი პოლიტიკური ცხოვრების წესი ათწლეულების განმავლობაში. ამ მხრივ დოკუმენტები ცარიცინის შესახებ საოცრად ჰგავს დიდი ტერორის და დიდი სამამულო ომის პირველი პერიოდის დოკუმენტებს: თუნდაც ეჭვი, ან ძიება შეთქმულებისა, ან გამოვლენა არარსებული "მეხუთე კოლონისა", საკუთარ შეცდომებში სხვების დადანაშაულება და აშ.

სამოქალაქო ომის დასაწყისში ბოლშევიკების ნაწილი, უპირველეს ყოვლისა წითელი არმიის არქიტექტორი ტროცკი, გააცნობიერებს, რომ შეუძლებელია ომის წარმოება პროფესიონალი სამხედროების გარეშე. ტროცკი გადაწყვეტს, ყოფილი ცარისტული არმიის ოფიცრები გამოიყენოს ბოლშევიკური რეჟიმის მტრების წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ვინაიდან ბოლშევიკები ცარისტული არმიის ოფიცრებს არ ენდობოდნენ, მათ წითელი კომისრების კონტროლს დაუქვემდებარებენ.

1918 წლის ივნისში, ქვეყანაში შიმშილის ზრდასთან ერთად, სტალინი ლენინის მიერ ცარიცინში იქნება მივლინებული, რათა ამ ქალაქიდან რუსეთის ცენტრალურ რაიონებში ხორბალი გაეგზავნა. მაგრამ ცარიცინში ჩასული სტალინი გადაწყვეტს, თავის თავზე სამხედრო ფუნქციაც აიღოს.

ცარიცინის დაცვას ხელმძღვანელობდა ცარისტული არმიის ყოფილი გენერალ-ლეიტენანტი და ბოლშევიკების მხარეს გადასული ანდრეი სნესარევი, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსი სამხედრო მოაზროვნე. ცარიცინიდან სტალინის მიერ ლენინისთვის გაგზავნილ ტელეგრამებში სამხედრო პროფესიონალების მიმართ დამოკიდებულება ძალიან კარგად არის ასახული: „სპეციალისტები [ბოლშევიკები პროფესიონალ სამხედროებს სამხედრო სპეციალისტებს (военспецы) უწოდებდნენ - ლ.ო.] არის კაბინეტის ხალხი, ანუ მკვდრები, რომლებიც არ არიან ადაპტირებული სამოქალაქო ომისათვის. ამ ჩვენ სამხედრო სპეციალისტებს, რომლებიც ნამდვილი მეწაღეები არიან, ამდენი რომ არ ეძინოთ და უსაქმურად არ იყვნენ, ხაზი [რკინიგზის - ლ.ო.] არ იქნებოდა გაწყვეტილი. თუ ხაზი იქნება აღდგენილი, ეს მოხდება არა სამხედროების დამსახურებით, არამედ მათ მიუხედავად. მათ, როგორც შტაბის მოხელეებს, ერთადერთი, რაც შეუძლიათ, ეს არის ნახაზების კეთება. ხოლო რაც შეეხება ოპერატიულ და ლოჯისტიკის საკითხებს - აბსოლუტურად გულგრილნი არიან. (...) თუ ჩვენი წითელი არმია იზრდება, ამის დამსახურება ისაა, რომ ახალი ჯარისკაცების გვერდით იზრდებიან ახალი რევოლუციური მეთაურები. თავზე მოახვიო მათ ეს მოღალატეები [ანუ სამხედრო პროფესიონალები - ლ.ო.], ეს ნიშნავს, მთლიანად მოშალო ფრონტის ხაზი“.

და მართლაც, სტალინის სიტყვა და საქმე მხარდამხარ მიდიოდნენ: სტალინი გადააყენებს „მოღალატე“ სამხედროებს და ჯარების ოპერატიულ ხელმძღვანელობას თავის თავზე აიღებს. აგვისტოში, დილეტანტ სტალინის მეთაურობის შედეგად, სამხედრო სიტუაცია ცარიცინში კატასტროფულად გაუარესდება. ამ სამხედრო დამარცხებაზე სტალინის რეაქცია ნიშანდობლივი იქნება: იგი დაიწყებს კონტრრევოლუციური შეთქმულებების გამოვლენას, სამხედროების მასობრივად დაპატიმრებას და დახვრეტას.

მსგავსი იქნება სტალინის რეაქცია წითელი არმიის კატასტროფულ მარცხებზე 1941 წელს. დიდი სამამულო ომის პირველ 167 დღეში სტალინის მოქმედების რამდენიმე დამახასიათებელი ასპექტი შეგვიძლია გამოვყოთ:

  • სრული რეაქტიულობა და ქაოტურობა მართვაში
  • ყოველგვარ საფუძველს მოკლებული რეპრესიები
  • სამხედრო ოპერაციებში სამოქალაქო ომის „გმირებზე“ და კომუნისტებზე დაყრდნობა

“სტავკის“, მხედართმთავრობის უმაღლესი ორგანოს, შექმნას (იმ ფორმით, რომლითაც იგი ომის მთელ პერიოდში იარსებებს) სტალინი მოუნდება 48 დღეს. ანუ კონფლიქტის პირველი 48 დღის განმავლობაში ფორმალურადაც კი არ არსებობდა ნათლად გამოკვეთილი სამეთაურო იერარქია.

ოპერატიულ დონეზე მართვა კიდევ უფრო უსისტემო და მოუწესრიგებელი იქნება: ფრონტის, ანუ არმიების ოპერატიულ-სტრატეგიული გაერთიანების, შექმნის და დაშლის პერიოდებს შორის მხოლოდ რამდენიმე დღე გადიოდა (შედარებისათვის: პირველი მსოფლიო ომის დროს, ცარისტული არმიის ფრონტები უცვლელად მოქმედებდა კონფლიქტის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში). ასევე კალეიდოსკოპური სიჩქარით ხდებოდა ფრონტების მხედართმთავრების დანიშვნა და მოხსნა. ამ მხედართმთავრების სახელები და გვარები კი - ბუდიონის, ვოროშილოვის, ტიმოშენკოს თუ კულიკის - დღეს ასოცირებულია სამოქალაქო ომთან, სტალინის დაახლოებულ ვიწრო წრესთან და... სამხედრო უგუნურებასთან.

ციებ-ცხელების და რეაქტიულობის გარდა ამ პირველი 167 დღისათვის დამახასიათებელი გახლდათ რეპრესიული მანქანის ამოქმედება. იმ პერიოდში, როდესაც სამხედრო სპეციალისტები სანთლით საძებნი იყვნენ, სტალინი ააქტიურებს თავის ჩვეულ რეპრესიულ პოლიტიკას: 23 ივნისს, ჯუღაშვილის ბრძანებით კირილ მერეცკოვს, გენშტაბის ყოფილ ხელმძღვანელს აპატიმრებენ... რათა 6 სექტემბერს ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლონ და ფრონტზე გაუშვან. 24 ივნისს აპატიმრებენ პაველ რიჩაგოვს, საჰაერო ფლოტის ხელმძღვანელს... რათა 28 ოქტომბერს ახსნა-განმარტების გარეშე დახვრიტონ. 27 ივნისს მოვა პროსკუროვის, სამხედრო დაზვერვის ყოფილი შეფის და პაველ რიჩაგოვის ორი მოადგილის რიგი (სამივეს 28 ოქტომბერს დახვრეტენ). შემდეგ დადგება დასავლეთის ფრონტის ხელმძღვანელობის დაპატიმრების ჯერი. დასავლეთის ფრონტის მეთაურების დაპატიმრებისათვის სტალინი მიავლენს ლევ მეხლისს, წითელი არმიის მთავარ კომისარს. (მოგვიანებით ლევ მეხლისი იქნება ერთადერთი, რომელიც გასამართლების გარეშე, სამხედროების მწყობრის წინ დახვრეტს გენერალს). პავლოვს და დასავლეთის ფრონტის სხვა მეთაურებს დაბრალდებათ მტრისათვის ფრონტის ხაზის გახსნა და ისინი დახვრეტილნი იქნებიან 22 ივლისს. ოქტომბერში, იმავე მოტივით - მტრისთვის ფრონტის ხაზის გახსნა - სტალინი გადაწყვეტს ივან კონევის, მომავალი მარშლის, დახვრეტას. კონევს ოქტომბერში (როგორც მომავალ მარშალ ბაგრამიანს - 1942 წელს) ჟუკოვი გადაარჩენს დახვრეტისგან. სავარაუდოდ ჟუკოვის არგუმენტი ბელადს მოტივირებულად მოეჩვენება: „დახვრეტას ყოველთვის მოასწრებთ, ფრონტზე კი გამოცდილი გენერლების დიდი დეფიციტია“.

გენერლების დახვრეტის პარალელურად, ფრონტის ხაზის გამაგრების მიზნით, სტალინი დაიწყებს პარტიული და კომკავშირული აქტივისტების მობილიზებას და სამხედრო ნაწილებში მათ გაშვებას: ბელადი დარწმუნებული იყო, რომ კომუნისტების დიდი რაოდენობა ნაწილებში (მისი აზრით, მინიმუმ 15%), მდგრადს გახდიდა სამხედრო შენაერთს და მის დეზინტეგრაციას ააცილებდა თავიდან. ამ პრინციპით ივნისის ბოლოს სტალინი ფრონტზე გააგზავნის 95 000 პარტიელ და კომკავშირულ აქტივისტს, რომლებსაც ერთი დღეც კი არ ჰქონდათ ნამსახურები ჯარში. 1941 წლის 20 ივლისს, ისევე როგორც ტროცკი და ლენინი 1918 წელს, სტალინი აღადგენს ჯარში ორმეთაურობის პრინციპს, როდესაც ნებისმიერი სამხედრო რგოლის მეთაურის ნებისმიერ ბრძანებისთვის მარქსიზმ-ლენინიზმის სპეციალისტის, ე.წ. პოლიტიკური კომისრის, ვიზირება იქნება საჭირო.

მე კიდევ შემიძლია სტალინის კატასტროფული გადაწყვეტილებების ნუსხა გავაგრძელო (მაგალითად, ვახსენო კიევის ოპერაცია: 1941 წლის 23 აგვისტო - 19 სექტემბერი), მაგრამ ალბათ ესეც საკმარისია.

დასკვნის გამოტანის ნაცვლად მინდა კითხვით მივმართო საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს:

  1. როგორ შეიძლება განიხილო ადამიანი დიდ მხედართმთავრად, როდესაც იგი უარყოფს სამხედრო საქმის სპეციფიკას და ოფიცრების კორპუსს მინიმალურ ავტონომიასაც კი უკრძალავს?
  2. როგორ შეიძლება განიხილო ადამიანი დიდ მხედართმთავრად, როდესაც იგი სამხედრო დისციპლინას აიგივებს იდეოლოგიასთან, პროფესიონალიზმს კლასობრივ ცნობიერებასთან, ხოლო 1941 წელს თანამედროვე ომის წარმოებისათვის იყენებს სამოქალაქო ომის რეცეპტებსა და მეთოდებს?

ვისაც თავისუფლების სიკეთეთა მომკა სურს, მან ჩემსავით მისი დაცვის დამქანცველი შრომაც უნდა იტვირთოს.

თომას პეინი, „კრიზისი“.

საქართველოს პარლამენტს ცვლილებები შეაქვს სისხლის სამართლის კოდექსში. იმ კანონპროექტის მიხედვით, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, სხვადასხვა ჯგუფს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით ძალადობისკენ მოწოდება სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯოს. ჩემდა გასაოცრად, ამ სრულიად მიუღებელ ინიციატივას არ მოჰყოლია ისეთი ძლიერი პროტესტი, როგორსაც იმსახურებს.

კანონპროექტის ბოლო ვერსიის მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დაისჯება:

„საჯაროდ მოწოდება ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით ძალადობრივი ქმედებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი, ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, თუ იგი ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.“

გთავაზობთ ხუთ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი პარლამენტმა ამ კანონპროექტის მიღებას:

მიზეზი #1: კანონის მიღების საჭიროება არ არსებობს, ის არ იცავს იმას, ვინც დასაცავია, და მისი მიღება ხდება ადეკვატური საზოგადოებრივი დისკუსიის გარეშე.

არ არის საჭირო, ვიცნობდეთ ყველა გამოკვლევის შედეგებს, ისედაც ყველამ ვიცით, თუ ვის მიმართ ძალადობისკენ მოუწოდებენ საქართველოში ყველაზე ხშირად − რა თქმა უნდა, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი პირების მიმართ. ამ გარემოებას კანონპროექტი სრულიად უგულებელყოფს. კანონმდებელი, რომელიც ვერ ბედავს, ამ მუხლით დაცული ჯგუფების ჩამონათვალს დაამატოს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშანიც (რადგან ზუსტად იცის, რომ ამით რელიგიურ უმრავლესობას გაანაწყენებს), სულ მცირე, უნდობლობას მაინც იწვევს. ამას ემატება ისიც, რომ ბევრი გავლენიანი არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაცია (მათ შორის, ლგბტ პირების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები), ინიცირების მომენტიდანვე ეწინააღმდეგება ამ კანონის მიღებას. ცნობილი არ არის, აგრეთვე, ითხოვდნენ თუ არა ამგვარი ცვლილების შემოღებას რელიგიური უმცირესობები (და არა რელიგიური უმრავლესობა) − იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში არსებული სამართლებრივი რეჟიმის პირობებში სახელმწიფო თითქმის ვერასდროს ახერხებდა მათი უფლებების დაცვას. არადა, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების თანახმად, სწორედ დისკრიმინაციისა და ძალადობის პრაქტიკისა და არსებული კონტექსტის ანალიზი უნდა უძღოდეს ასეთი კანონების მიღებას.

ამას გარდა, არავინ იცის, კონკრეტულად ვის გაუჩნდა ასეთი კანონის მიღების იდეა. იქნებ ეს პროექტიც საპატრიარქოსთან დაახლოებულ იმ ჯგუფს ეკუთვნის, რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელთა მკაცრ დასჯას რომ მოითხოვდა? საპატრიარქომ ჯერ კიდევ 2015 წლის 17 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ხაზს უსვამდა, რომ ევროპის კავშირის ბევრ ქვეყანაში რელიგიური გრძნობების უხამსი და ცინიკური ფორმით საჯაროდ შეურაცხყოფა და ღვთის გმობა სისხლის სამართლის დანაშაულია. „განსაკუთრებით მძიმეა ეს დანაშაული იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივებას.“

თითქოს ყველაფერი ცხადია, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, არავინ იცის, ვის სურვილს ასრულებს პარლამენტი, რადგან ოფიციალური ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ეკლესია კი ჯერჯერობით დუმს.

რაც შეეხება საზოგადოებრივ დისკუსიას, ყველას გვახსოვს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა. როცა უმცირესობა ითხოვდა უფლებებს, უმრავლესობა გააფთრებით ებრძოდა მას და ცდილობდა, არაფერი დაეთმო. ახლა კი, როცა უმრავლესობისთვის იქმნება გარანტიები, ის ჩუმად არის.

მიზეზი #2: კანონი ვერ აკმაყოფილებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ლეგიტიმური შეზღუდვისათვის საჭირო ვერცერთ კრიტერიუმს

გამოხატვის თავისუფლება შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი, თავზარდამცემი და შემაწუხებელი. ეს არის ფასი, რომელსაც ვიხდით დემოკრატიისთვის, თუკი, რა თქმა უნდა, არ ვკამათობთ იმაზე, რომ დემოკრატიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია აზრთა თავისუფალი გაცვლა-გამოცვლა ყოველგვარი შეზღუდვებისა და შიშის გარეშე. ისიც ყველამ ვიცით, რომ გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური არ არის. ხოლო იმისათვის, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მართებულად ჩაითვალოს, ამ შეზღუდვას კანონი უნდა ითვალისწინებდეს, ის ლეგიტიმური მიზნის პროპორციული უნდა იყოს და აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. პირველ კრიტერიუმზე ქვემოთ ვისაუბრებ, ხოლო შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს რაც შეეხება, ცხადია, თეორიულად ისიც შეიძლება არსებობდეს (მაგალითად, სახელმწიფოს უსაფრთხოება, საზოგადოებრივი წესრიგი, სხვა ადამიანთა უფლებები და თავისუფლებები და ა.შ.). თუმცა, ასეთი შემთხვევები, ჩემი აზრით, პროპორციულობისა და „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობის“ გამოცდას ვერ ჩააბარებს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუნდაც ის ადამიანს შეურაცხყოფდეს, თავზარს სცემდეს ან აღაშფოთებდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც აშკარაა ამ შეზღუდვის მწვავე სოციალური საჭიროება. ამ აუცილებლობის არსებობას დიდი ხანია გვიმტკიცებენ სრულიად აბსურდული იდეის − უმრავლესობის უფლებების დამცველები. არადა, ადამიანის უფლებები სწორედ უმრავლესობის ძალაუფლების დასამუხრუჭებლად არსებობს და არა მისთვის უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად. რაც შეეხება უმცირესობებს, რომელთა დაცვასაც უნდა ემსახურებოდეს, პირველ ყოვლისა, ეს კანონი: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა, სამწუხაროდ, მათ წინააღმდეგ უფროშეიძლება იქნეს გამოყენებული, ვიდრე მათ დასაცავად.

ამ კრიტერიუმების გარდა, კიდევ არსებობს ერთი კრიტერიუმი: საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ამგვარი დანაშაულის არსებობის შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება დამნაშავის განზრახვას. არადა, კანონპროექტი ამ საკითხს საერთოდ უყურადღებოდ ტოვებს.

მიზეზი #3: კანონი ბუნდოვანია, ხოლო ბუნდოვანი კანონი შეიცავს ფართო ინტერპრეტაციის და, შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ თვითნებური გამოყენების ხიფათს

თავიდან ასეთი შეკითხვა უნდა დავსვათ: რატომ არის აუცილებელი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა? მაგალითად, Article 19-ის რეკომენდაციების თანახმად, სანქციები ჯერ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში უნდა იყოს გათვალისწინებული და მხოლოდ ამის შემდეგ, როგორც უკიდურესი ზომა, შეიძლება გვქონდეს სისხლის სამართლის კოდექსშიც. სისხლის სამართლის კანონებში ხომ სახელმწიფოებმა ძალადობისკენ მოწოდების მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე და სერიოზული შემთხვევები უნდა გაითვალისწინონ. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციით კი, რაკი სისხლისსამართლებრივი სანქციები გამოხატვის თავისუფლებაში სერიოზულ ჩარევას წარმოადგენს, პროპორციულობის პრინციპი მკაცრად უნდა იყოს დაცული. ამ ყველაფერს მივყავართ მეორე მნიშვნელოვან კითხვამდე: რატომ ცვლის თავის პოლიტიკას ასე მკვეთრად სახელმწიფო, რომელმაც ძლივს მოახერხა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება და ამოქმედება?

კანონით დაისჯება არა მხოლოდ ზეპირი ან წერილობითი საჯარო მოწოდება, არამედ ნებისმიერი სხვა საშუალებით გამოხატული მოწოდებაც. ასე რომ, ჰიპოთეტურად შეიძლება ვიგულისხმოთ: ზაზა ბურჭულაძის რომანი, ლია უკლებას ნამუშევარი, ახალგაზრდა არტისტების სტენსილები საპატრიარქოსთან, ნინია კაკაბაძის სტატუსი ფეისბუკზე. ვიცი, ეს მაგალითები სიცილადაც არ ეყოფათ კანონპროექტის ავტორებს, რომლებიც გვეტყვიან, სიტყვაზე გვენდეთ, ასეთი რამ თავშიც არ გაგვივლიაო. მაგრამ არ შეიძლება ბუნდოვანი იყოს კანონი (მით უფრო, სისხლის სამართლის კანონი), რომელიც არათუ გვიკრძალავს გარკვეულ ქმედებებს, არამედ გვსჯის კიდეც მათი შესრულებისთვის. დამკვიდრებული საერთაშორისო ნორმაა: იმისათვის, რომ კანონი კანონად ჩაითვალოს, ის, პირველ ყოვლისა, უნდა იყოს ოფიციალური სამართლებრივი აქტი, შემდეგ − ხელმისაწვდომი და ბოლოს − მკაფიო, რათა ადამიანს შეეძლოს, განჭვრიტოს თავისი ქმედების შედეგი. აღნიშნული კანონპროექტი კი ნამდვილად არ არის მკაფიო, ცხადი და არაორაზროვანი და, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

აღსანიშნავია, რომ გვაქვს ძალადობრივი ქმედების განხორციელების „აშკარა, პირდაპირი და არსებითი საფრთხის“ კრიტერიუმიც (რაც თავდაპირველ ვერსიაში არ იყო და მხოლოდ სახალხო დამცველის წინადადების საფუძველზე შევიდა), ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის შესაძლებლობას (თუმცა, სხვა საკითხია, როგორ მოხდება ამ საფრთხის შეფასება). მაგრამ, მიუხედავად ამისა, კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებს „აშკარა და მყისიერი საფრთხის ტესტს“, რომელიც ჯერ კიდევ 1969 წელს, „ბრანდენბურგის საქმეზე“ დაადგინა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ.

მოკლედ გიამბობთ საქმის ვითარებას:

კლარენს ბრანდენბურგი ექსტრემისტული გაერთიანება „კუ-კლუქს-კლანის“ ლიდერი იყო. მან ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში მოაწყო აქცია, რომელზეც ისმოდა შეძახილები: „დააბრუნეთ ებრაელები ისრაელში!“, „დავასამაროთ ზანგები!“, „თავისუფლება თეთრებს!“ და სხვა. ამ აქციის მოწყობით ბრანდენბურგმა დაარღვია შტატის კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც, იკრძალებოდა სიძულვილის ან ძალადობის შემცველი მასალის გამოქვეყნება. ის დააპატიმრეს. ბრანდენბურგმა სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა და 1969 წლის 9 ივნისს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბრანდენბურგის სიტყვის თავისუფლება ოჰაიოს შტატმა დაარღვია, რადგან შტატის კანონი არ მოითხოვდა იმის გარკვევას, მოჰყვა თუ არა მოწოდებას უკანონო ქმედება. ამ ორი საკითხის − მოწოდებისა და უკანონო ქმედების − გამიჯვნას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. რაკი საკითხი მეტისმეტად ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა, სასამართლომ იგი ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია. მოკლედ, ძალადობრივი ქმედების განხორციელების საფრთხე არა მხოლოდ აშკარა, პირდაპირი და არსებითი, არამედ მყისიერიც (იმწუთიერი) უნდა იყოს და კანონპროექტი ვერც ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

მიზეზი #4: კანონს ექნება „მსუსხავი ეფექტი“, ან გამოყენებული იქნება ოპონენტების წინააღმდეგ

როგორც აღვნიშნეთ, ამ კანონით ადამიანი ვერ მოახერხებს საკუთარი ქმედების შედეგების განჭვრეტას. სწორედ ეს არის ბუნდოვანი კანონების ბუნება და მნიშვნელოვანი ნაკლი. ამას გარდა, მათ აქვთ ე.წ. „მსუსხავი ეფექტი“, რომელიც იწვევს თავშეკავებას და უკანდახევას. მსუსხავი ეფექტი ნიშნავს იმას, რომ ადამიანი იბნევა, არ იცის, რა არის დაშვებული და რა − აკრძალული და, შესაბამისად, თავს იკავებს წინააღმდეგობრივ თემებზე დისკუსიისგან. წინააღმდეგობრივ თემებზე დისკუსიის გარეშე კი დემოკრატიის ფასი ნულია!

ასევე, გაუგებარია, რამდენად გავრცელდება კანონი მედიაზე. თუ გავრცელდა, მაშინ ეს, ბუნებრივია, დამატებით საფრთხეებთან იქნება დაკავშირებული. ხოლო თუ ეს საკითხი ღიად დარჩა, კანონი მედიაზეც მსუსხავ ეფექტს მოახდენს.

რაც შეეხება კანონის გამოყენებას ოპონენტთა წინააღმდეგ, ჩემი აზრით, მისი გამოყენება რეპრესიებისთვის ნამდვილად არ მოხდება, თუმცა რეპრესიების საშიშროების შექმნა და ამის თეორიული დაშვება ნამდვილად შექმნის „მსუსხავ ეფექტს“ და სახელმწიფო მიზანს მიაღწევს.

მიზეზი #5: სახელმწიფო კრძალავს სიძულვილით მოტივირებულ მოწოდებას, თუმცა ეფექტიანად არ ებრძვის სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს

არავინ ვიცით, რა ბედია ეწია საბი ბერიანის მკვლელობის საქმეს. ეს მკვლელობა, სავარაუდოდ, სიძულვილით, ტრანსფობიით იყო მოტივირებული. ასევე, არავინ იცის, რამდენად იყენებს სახელმწიფო სისხლის სამართლის კოდექსში 2012 წელს შესულ ცვლილებას, რომელიც მას საშუალებას აძლევს, უფრო მკაცრად დასაჯოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩამდენი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 (1) პუნქტის მიხედვით: დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

რამდენიმე დღის წინ ანალოგიური კანონი მიიღო კვიპროსმა, რომლის მოსახლეობის 73% მართლმადიდებელი ქრისტიანია. კანონი პირდაპირ კრძალავს ძალადობისკენ მოწოდებას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიხედვით. სამწუხაროა, რომ საქართველო არაფერს აკეთებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აღსაკვეთად ან თავიდან ასაცილებლად, და, სამაგიეროდ, ილაშქრებს სიძულვილის მოწოდების წინააღმდეგ; თანაც ისე, რომ ყველაზე საძულველ (და ყველაზე დაუცველ) ჯგუფს მოიხსენიებს კატეგორიაში „და სხვა“. ამიტომ ეს კანონპროექტი არათუ მხარდაჭერას არ იმსახურებს, არამედ აქტიური წინააღმდეგობის ღირსიცაა.

დასკვნა

ჩამოთვლილი ხუთი მიზეზი მხოლოდ იმის დასაბუთებას ემსახურება, თუ რატომ არ ვარგა ეს კონკრეტული კანონპროექტი. რაც შეეხება, ზოგადად, სიძულვილით მოტივირებული ძალადობისკენ მოწოდებას, საერთაშორისო სამართალსა და პრაქტიკაში ამ მხრივ აზრთა სხვადასხვაობაა. საპატრიარქოც და საქართველოს პარლამენტიც სრულიად მართებულად იშველიებენ ევროპის ქვეყნების მაგალითებს, სადაც, აშშ-ისგან განსხვავებით, სიძულვილის ენა ბევრგან არის კრიმინალიზებული. თუმცა, ახლა ის დროა, როცა, რაც უნდა ირონიულად ჟღერდეს, საპატრიარქოსა და სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ვთხოვოთ ეროვნული კონტექსტის გათვალისწინებაც. ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას ახლა სასიცოცხლოდ სჭირდება გამოხატვის უფრო მეტი თავისუფლება. მხოლოდ ამით მივაღწევთ უფრო ეთიკურ მედიასა და საზოგადოებას, რომელიც აღიარებს და პატივს სცემს მრავალფეროვნებასა და თანასწორობას.

საერთაშორისო მასშტაბის ერთადერთი აქტი, რომელიც ითხოვს სიძულვილით მოტივირებული ძალადობისკენ მოწოდების აკრძალვას, არის 1966 წლის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, რომლის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ყოველგვარი ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური შუღლის გაღვივებისაკენ მიმართული გამოსვლა, რაც წარმოადგენს დისკრიმინაციის, მტრობის ან ძალადობის წაქეზებას, უნდა აიკრძალოს კანონით.“

აღნიშნულ პაქტზე მუშაობისას ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ავტორმა, ელენორ რუზველტმა ყველა გააფრთხილა, რომ ასეთი აკრძალვა წაახალისებდა მთავრობებს, რელიგიური და ეროვნული შუღლის თავიდან აცილების საბაბით დაესაჯათ ყოველგვარი კრიტიკა. ელენორ რუზველტის ამ გაფრთხილებას აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს, ამიტომ ამ საკითხის რეგულირებისას ქვეყნებს უკიდურესი სიფრთხილე ჰმართებთ.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას საკმაოდ კარგი კანონმდებლობა უმაგრებს ზურგს. მაგრამ აქტიურ მოქალაქეთა ერთი ნაწილი და ფიქრობს, რომ, რაკი ამ პროგრესს მივაღწიეთ, ძალიანაც რომ მოვისურვოთ, უკან ვეღარ წავალთ. მოქალაქეთა მეორე ნაწილი კი (უნდა ვაღიარო, მათ შორის მეც ვარ), ძალიან დავიღალეთ ჩვენივე თავისუფლების მუდმივი დაცვით. ამიტომაც მოვიყვანე თომას პეინის სიტყვები დასაწყისში: თავისუფლების გამუდმებულმა დაცვამ დაღლილობა იცის და, თუ გვინდა, მართლაც შევირგოთ ის სიკეთეები, თავისუფლებას რომ მოაქვს, უნდა გავიაზროთ, რომ დაღლის უფლება არ გვაქვს. რადგან სახელმწიფო სწორედ მაშინ იხელთებს დროს, როცა დავიქანცებით. თავისუფლების გარანტი კარგი სახელმწიფოა, კარგი სახელმწიფო კი არ არსებობს ფხიზელი და სახელმწიფოსადმი ჯანსაღი უნდობლობით გამსჭვალული მოქალაქეების გარეშე.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG