Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 26 აპრილი. See content from before

ორშაბათი, 25 აპრილი 2016

„არა მგონია, რომ უახლოეს მომავალში, მომდევნო რამდენიმე წელიწადში, ან სულაც უფრო მეტხანს, ნატოს შემდგომი გაფართოება შესაძლებელი იყოს“ - განაცხადა 22 აპრილს აშშ-ის ელჩმა ნატოში დუგლას ლუტმა ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე ლონდონში.

დუგლას ლუტი მაგონებს ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარ „იმპერატორის ახალი ტანსაცმლის“ პერსონაჟ პატარა ბიჭუნას, ანუ იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც გაბედავს და განაცხადებს იმას, რაც თითქოს ყველასთვის ნათელი უნდა ყოფილიყო, სულ ცოტა, ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ. იქნებ ამერიკელი დიპლომატის ამ განცხადებამ გონზე მოიყვანოს საქართველოს პოლიტიკური „ელიტა“, რათა ეს უკანასკნელი, სულ ცოტა, რვა წლის დაგვიანებით შეეცადოს, სხვა გზები ეძებოს, თუ როგორ დაიცვას საქართველო რუსეთის მორიგი ავანტიურისგან?! მაგალითად, ძალიან მიკვირს, რატომ არასდროს გამოიჩინეს ძალისხმევა ქართველმა პოლიტიკოსებმა, რათა საქართველოს მიეღო ამერიკის შეერთებული შტატების Major non-NATO ally-ს (MNNA) სტატუსი (მთავარი მოკავშირე ნატოს ფარგლებს გარეთ). სტატუსი, რომელიც, სულ ცოტა, აღჭურვის და წვრთნის მხრივ ბევრად უფრო დიდ შესაძლებლობებს აძლევს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებული ქვეყნების არმიებს, ვიდრე ის „ჰაერში გამოკიდებული“ სიტუაცია, რომელშიც საქართველოა 2008 წლის აპრილიდან მოყოლებული. რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოს მხრიდან საჭირო ძალისხმევის შემთხვევაში, თბილისი აუცილებლად მიიღებდა ვაშინგტონიდან MNNA-ს ქვეყნის სტატუსს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ამ ძალისხმევის შემთხვევაში საქართველოს, 28 ქვეყნის ნაცვლად, მხოლოდ ვაშინგტონის, ანუ მისი სტრატეგიულ პარტნიორის დარწმუნება მოუხდებოდა.

2016 წლის 22 აპრილს ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა ის, რაც, წესით, ბავშვისთვისაც ნათელი უნდა ყოფილიყო: ნატოს წევრ ქვეყნებს შორის საქართველოსათვის წევრობის შეთავაზებაზე კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია. ძალიან მაიტერესებს, ქართული პოლიტიკური „ელიტა“ იცნობს ნატოს ქარტიას? იცის, რომ წევრი ქვეყნები გადაწყვეტილებას ერთსულოვნად იღებენ? იცის, თუ რა ტიპის სიძნელეებს წააწყდა MAP-ის გზაზე დამდგარი საქართველო 2008 წლის აპრილში? ვიქტორია ნულადს (აშშ-ის მაშინდელ ელჩს ნატოში და ახლანდელ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს), არ მოუყოლია მათთვის 2008 წლის სამიტზე ვალტერ შტაინმაიერის (გერმანიის მაშინდელი და ახლანდელი საგარეო საქმეთა მინისტრის) შეხედულება იმის შესახებ თუ რატომ არ უნდა მიენიჭათ საქართველოსთვის MAP-ი? არც ის იციან, რომ 2008 წლის აგვისტოს მერე შტაინმაიერების რაოდენობა, სულ ცოტა, ხუთჯერ გაიზარდა ნატოს წევრ ქვეყნებს შორის?! არც კონდოლიზა რაისის ძალზედ გულახდილი მოგონებები წაუკითხავთ, სადაც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი დეტალურად აღწერს ნატოს ბუქარესტის სამიტს? ბოლოს და ბოლოს, ის აბსურდული დიპლომატიური ფრაზები მაინც არ მობეზრდა თბილისის „პოლიტელიტას“, რომლებსაც იყენებენ „ნატოს შესასვლელის წინ გაჩხერილი“ მდგომარეობის აღსაწერად?! (ერთი ქართველი პოლიტიკოსის მიერ სულ რაღაც სამიოდ დღის წინ წარმოთქმულმა ერთ-ერთმა ასეთმა მორიგმა ფრაზამ ძალიან გამახალისა: „(Georgia as) the most interoperable non-Nato member military force“)... ვერ ხვდებიან, რომ ეს მოსახლეობაში მხოლოდ და მხოლოდ ნატოს იდეით განხიბვლას გამოიწვევს? და დღეს მათ კიდევ გაუკვირდებათ, თუ პრორუსული ძალები ერთიანი ლოზუნგით - „ჩვენ ხომ გაფრთხილებდით!“ - საერთო ფრონტით გაეშურებიან ოქტომბრის არჩევნებისკენ ?! თუ გაკვირვების მაგივრად ხელისუფლება და ოპოზიცია ჯგროდ ივლის ერთი ტოკშოუდან მეორეში და ერთმანეთის ქილიკში - „ეს თქვენი ბრალია“ - გაიყვანს ისევ დროს?!

დუგლას ლუტის განცხადებიდან კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ერთადერთი რამ: რას ნიშნავს „მომდევნო რამდენიმე წელიწადში, ან სულაც უფრო მეტხანს“? ამერიკელი ელჩი ამ შემთხვევაშიც დიპლომატისთვის უჩვეულოდ კონკრეტული გახლავთ: მანამდე, სანამ „რუსეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტრატეგიულ გარემოში“. ანუ სანამ რუსეთი რეგიონალური მასშტაბით ძლიერი რჩება და მრავალი ბერკეტი მოეპოვება.

მაგრამ უბედურება ისაა, რომ თბილისის პოლიტიკურმა „ელიტამ“ როგორც ძლიერი რუსეთის შემთხვევაში არ გათვალა უსაფრთხოების ალტერნატიული გზა, არც ძალზედ დასუსტებული და უბერკეტო რუსეთის შემთხვევისათვის აქვს მომზადებული სათადარიგო გეგმა. სათადარიგო გეგმა იმ შემთხვევისთვის, როცა მოსკოვი ძალაუფლების ვაკუუმში აღმოჩნდება (მაგალითად, პუტინის სიკვდილისას), რაც დიდი ალბათობით ჩეჩნეთში (და საერთოდ მთელ ჩრდილო კავკასიაში) სამოქალაქო ომს გამოიწვევს. სათადარიგო გეგმის არქონაზე კი ის მეტყველებს, რომ დღევანდელ მთავრობას სრულიად მივიწყებული აქვს პანკისის რეგიონი. და ეს წინა მთავრობის მიერ განხორციელებული ისეთი კრიმინალური აქციების შემდეგ, როგორიც, მაგალითად, ლაფანყურის საქმე იყო.

დიპლომატია სავსეა პოლიტიკური სპექტაკლებით. თუ ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესი და პალესტინის ავტონომიისგან დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა მსოფლიოს დიპლომატიურ ასპარეზზე ყველაზე ცნობილი სპექტაკლია, ნატოში საქართველოს გაწევრიანება შეიძლება მსოფლიოს ყველაზე ტრაგიკომიკურ სპექტაკლად მოვნათლოთ. ტრაგიკომიკურად, ვინაიდან ამ მექსიკურ სერიალს არა ჟურნალისტებმა (რომლების ფუნქციაა, მაყურებლებს აუხსნან, სად იტყუებიან პოლიტიკოსი-მსახიობები), არამედ თვით ამ სპექტაკლის მსახიობმა დუგლას ლუტმა დაუსვა წერტილი.

16 აპრილს დაფუძნდა ახალი პოლიტიკური პარტია სახელწოდებით „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“. „გირჩის“ სულისჩამდგმელი „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული სამი დეპუტატია: ნაცმოძრაობის ყოფილი გენერალური მდივანი ზურაბ ჯაფარიძე, გოგა ხაჩიძე და პავლე კუბლაშვილი. იმის მიუხედავად, რომ პარტიის სათაურში ფიგურირებს სიტყვა „ცენტრი“, პარტია მკვეთრად მემარჯვენე ეკონომიკურ იდეებს იზიარებს. ის, თუ რატომ დაარქვეს პარტიას „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია; საინტერესოა, მართლა ცენტრად მიაჩნიათ თავი, თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში დამკვიდრებულ ტენდენციას აგრძელებენ, როდესაც პარტიის სახელწოდებები და იდეები ერთმანეთთან რადიკალურ აცდენაშია. თუ „გირჩის“ წინასაარჩევნო პროგრამას შევადარებთ, მაგალითად, „ახალი მემარჯვენეების“ პროგრამასთან, ვნახავთ, რომ „ცენტრისტი-მემარჯვენეების“ ტიტულს უფრო „ახალი მემარჯვენები“ იმსახურებენ, მაშინ, როდესაც „გირჩი“ აშკარად გამოკვეთილად მემარჯვენეა.

„გირჩის“ წინასაარჩევნო პროგრამის სხვა ასპექტების განხილვაზე სანამ გადავიდოდე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, უფრო სწორად, მკითხველს შევახსენო ის, რომ მე კარგა ხანია, რაც მემარცხენე პოზიციაზე ვდგავარ და ამიტომ, ჩემი დამოკიდებულება „გირჩის“ მიმართ, ცხადია, გამომდინარეობს ჩემი პოლიტიკური შეხედულებებიდან; ეს არ არის „ობიექტური“ ჟურნალისტური შეფასება, არამედ არის ამავდროულად ჩემი პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებაც.

„გირჩის“ ეკონომიკური პროგრამის ყველაზე დამაინტრიგებელი და პროვოკაციული ნაწილი არის ის, რომელიც შეეხება ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი გადასახადების გაუქმებას. „გირჩი“ მომხრეა, რომ საშემოსავლო გადასახადი (Income Tax), მოგების გადასახადი (Corporate Tax) და იმპორტის გადასახადი (Import Duty) მთლიანად გაუქმდეს. სხვა გადასახადები კი, „გირჩის“ მიხედვით, იგივე რჩება. ეს უპრეცედენტო შემოთავაზებაა ორი მიზეზით. პირველი - მსოფლიოში ძალიან იშვიათია ქვეყანა, სადაც სამივე აღნიშნული გადასახადები მთლიანად გაუქმებულია (თუ არ ჩავთვლით, ცნობილ ოფშორულ ზონებს, როგორებიცაა ბაჰამის კუნძულები, მარშალის კუნძულები, ბრიტანეთის კაიმანის კუნძულები, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და სპარსეთის ყურის რამდენიმე ნავთობით მდიდარი ქვეყანა). ზოგიერთ იმ ქვეყანაშიც, სადაც გაუქმებულია, არსებობს ე.წ. სახელფასო გადასახადი (Payroll Tax), რომელიც ცოტათი მაინც ახდენს ამის კომპენსაციას. „გირჩის“ პროგრამაში ამგვარი გადასახადიც კი არ არის გათვალისწინებული;

მეორე - ჩნდება კითხვა, როგორ მოხერხდება „გირჩის“ პროგრამაში გათვალისწინებული სოციალური სერვისების (მაგალითად, ჯანმრთელობის დაზღვევის და პენსიების) დაფინანსება, თუ ყველა ეს გადასახადი გაუქმებული იქნება? ამაზე ცოტა უფრო ვრცლად ქვემოთ მოგახსენებთ.

2015 წელს, საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლები შეადგენდა დაახლოებით 8 მილიარდ ლარს. აქედან კი დაახლოებით 3,5 მილიარდი მოდიოდა საშემოსავლო, მოგების და იმპორტის გადასახადზე. დარჩენილი 4,5 მილიარდი მოდიოდა სხვა გადასახადებზე და შემოსავლებზე, უმთავრესად დამატებითი ღირებულების გადასახადზე (დღგ). ერთი სიტყვით, „გირჩის“ პროგრამის მიხედვით, საქართველოს ბიუჯეტი 2015 წელს იქნებოდა არა 8 მილიარდი, როგორც იყო, არამედ დაახლოებით 4,5 მილიარდი ლარი. ფაქტობრივად, „გირჩის“ მიხედვით, საქართველოს ბიუჯეტი თითქმის ორჯერ შემცირდება.

როგორ დააფინანსებს „გირჩი“ ასე შემცირებული ბიუჯეტით სოციალურ პროგრამებს? ამაზე პასუხი „გირჩის“ პროგრამის მიხედვით სამგვარია: 1) მთავრობის ზომა შემცირდება, ანუ მთავრობა ნაკლებს დახარჯავს საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულების შრომის ანაზღაურებაზე, ასევე, სუბსიდიებსა და გრანტებზე (ეს ნიშნავს, ცხადია, იმასაც, რომ საჯარო სამსახურიდან დაითხოვენ მოხელეებს და სახელმწიფო ძირითადად აღარ გამოუყოფს სუბსიდიებსა და გრანტებს სხვადასხვა ბიზნესებს). მომავალშიც საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულების შრომის ანაზღაურება მხოლოდ ეკონომიკური ზრდის ტემპის შესაბამისად გაიზრდება; 2) სოციალური უზრუნველყოფა მხოლოდ ჯანდაცვის ხარჯებითა (მათ შორის, შშმ პირების დახმარებით) და პენსიებით შემოიფარგლება. ეს ორი კი სტრატიფიცირებულად გაიცემა, ანუ მდიდრები ნაკლებს მიიღებენ, საშუალო ფენის და ღარიბი მოსახლეობა - მეტს; 3) გადასახადებისა და რეგულაციების გაუქმებით გამოწვეული ქვეყნის ეკონომიკური ზრდა (გირჩის მიხედვით, 15 %-იანი!) კომპენსირებას გაუკეთებს გადასახადების გაუქმებას (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკონომიკა გაიზრდება, რაც გაზრდის დარჩენილი გადასახადებით აკრეფილ თანხებს).

მოდით, თითოეულ ამ ნაბიჯს ჩავუღრმავდეთ. დავიწყოთ სოციალური პროგრამით. „გირჩის“ პროგრამაში, სოციალურად დაუცველებისთვის სოციალური დახმარება საერთოდ არ არის გათვალისწინებული. სოციალურ დახმარებად მხოლოდ საოჯახო პენსიაა მოაზრებული. ამ პროგრამის მიხედვით, გამოდის, რომ ღარიბი ოჯახები, რომლებშიც პენსიონერები ცხოვრობენ, უფრო მეტ დახმარებას მიიღებენ, ვიდრე, ვთქვათ, უფრო ღარიბი ოჯახები, რომლებშიც პენსიონერები არ ცხოვრობენ (!).

ერთადერთი ლოგიკა, რომელიც პენსიების ამგვარ გადანაწილებაში შეიძლება დავინახოთ, ის არის, რომ თუ ოჯახს საპენსიო ასაკის წევრი ჰყავს, მას ეკუთვნის დახმარება, რადგან შრომისუუნარო წევრს ინახავს, სხვებს კი - არ ეკუთვნით. ე.ი. გამოდის, რომ თუ ოჯახში ყველა წევრი შრომისუნარიანია, ის დახმარებას, „გირჩის“ მიდგომის მიხედვით, არ იმსახურებს. აქ პარალელები შეიძლება გავავლოთ მემარჯვენე ფილოსოფიასთან, რომელიც ღარიბებს მოუწოდებს, რომ „ხელი გაანძრიონ, არ იზარმაცონ და ყველაფერი ექნებათ“. ამ ფილოსოფიის სიმცდარეზე ბევრს არაფერს ვიტყვი, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ უამრავი ოჯახი საქართველოში არის სოციალურად გაჭირვებული არა იმის გამო, რომ შრომა ეზარებათ, არამედ იმიტომ, რომ ვერ შოულობენ სამსახურს, ან შოულობენ და თვითდასაქმებულები არიან არასტაბილურად, უკიდურესად დაბალი შემოსავლით. სწორედ მათთვის არსებობს სოციალურად დაუცველების დახმარების სახელმწიფო პროგრამა, რომლის გაუქმებაც ამ პირობებში დაუშვებელია.

რაც შეეხება პენსიისა და ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამების შინაარსს, „გირჩი“ ამ საკითხში, როგორც აღვნიშნე, სტრატიფიცირებული მიდგომის მომხრეა. მათი პროგრამის მიხედვით, მდიდარ ოჯახში მცხოვრები პენსიონერები უფრო ნაკლებ პენსიას და ჯანმრთელობის დაზღვევის უარეს პაკეტს მიიღებენ, ვიდრე ღარიბ და საშუალო ფენის ოჯახებში მცხოვრებნი. ეს მიდგომა ზოგიერთი მემარცხენისთვის ორი მიზეზით შეიძლება იყოს მიუღებელი: 1) უნივერსალური სისტემები ათანაბრებს მდიდარს და ღარიბს და მეტად უწყობს ხელს იმას, რომ მათ როგორც თანასწორებმა ისე შეხედონ ერთმანეთს; 2) ეს მიდგომა პენსიონერებს და ოჯახის სხვა წევრებს უფრო მიჯაჭვულს ხდის ოჯახზე და ამით მათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა უმცირდებათ (აღნიშნული არგუმენტი განსაკუთრებით ლიბერტარიანელი მემარცხენეებისთვის იქნება მნიშვნელოვანი). ჩემი მოსაზრება ამ საკითხში შედარებით არარადიკალურია და „გირჩის“ მიდგომაზე გადაჭრით ვერ ვიტყვი უარს. უფრო მეტად გარკვეულ ცვლილებებს შევიტანდი მასში (თუმცა მე წინააღმდეგი ვიყავი და ახლაც წინააღმდეგი ვარ განათლების სფეროში ამგვარი სტრატიფიცირებული მიდგომის, მაგალითად, იმის, რომ განათლების სამინისტრომ შერჩევით დაურიგოს მოსწავლეებს სახელმძღვანელოები, მათი ოჯახების შემოსავლების დონის მიხედვით).

რაც შეეხება საჯარო სამსახურების შემცირებას, აქაც, ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო ფრთხილი და ფაქიზი მიდგომა საჭირო. ეს უდავოდ უფრო გააუარესებს სოციალურ ფონს ქვეყანაში, განსაკუთრებით რეგიონებში. საჯარო სამსახურში რადიკალური შემცირებების დაწყება შეიძლება მაშინ, თუ გარანტირებული გვექნება ის, რომ რამდენიმე წელიწადში განთავისუფლებულების დასაქმება უპრობლემოდ მოხდება კერძო სექტორში. ამგვარი გარანტიები კი სამწუხაროდ დღესდღეობით არ გვაქვს. მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად და ამგვარი გარანტიის შესაქმნელად კი მით უმეტეს არ გამოგვადგება „გირჩის“ მიერ შემოთავაზებული რეცეპტი, რომელზეც ქვემოთ უფრო ვრცლად მოგახსენებთ.

ჩემი მოსაზრებით, და მე-20 საუკუნის გამოცდილებაც ამას გვიჩვენებს (ამაზე არა ერთხელ დამიწერია), სახელმწიფოს აქტიური ჩარევა ეკონომიკური საქმიანობის წარმართვის კუთხით მუშაობს და მას ექნება დადებითი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე (ისევე, როგორც ეს მოხდა იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაივანში, რომ არაფერი ვთქვათ თავად დასავლეთის ქვეყნებზე). ამ თვალსაზრისით, მით უფრო მიუღებელია „გირჩის“ ის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოსგან სუბსიდიებს და ფინანსურ დახმარებას არ მიიღებენ სხვადასხვა მეწარმეები, რომლებსაც ამ ეტაპზე მსოფლიო ბაზარზე დამოუკიდებლად არ შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ სხვა კომპანიებს (სახელმწიფოს ზომის შემცირება, ცხადია, გულისხმობს ამ სუბსიდიებისა და გრანტების რაოდენობის შემცირებას ან მთლიანად გაუქმებას).

ერთი სიტყვით, გამოდის, რომ „გირჩი“ გვთავაზობს საეჭვო რეცეპტს ეკონომიკური განვითარებისთვის, რომელსაც ჩვენ უნდა შევწიროთ სოციალური დახმარების და სახელმწიფო რეგულაციების ფაქტობრივად მთელი სისტემა, რითიც საგრძნობლად უნდა გავზარდოთ სოციალური უთანასწორობა და სიღარიბე. „გირჩის“ მიხედვით, ჩვენ უფრო ლიბერალური უნდა გავხადოთ საგადასახადო რეჟიმი და რეგულაციები (შრომის კოდექსის რეფორმირებაზე სიტყვა არ არის დაცდენილი „გირჩის“ პროგრამაში, მაგრამ ალბათ ამის საჭიროება ვერც დაინახეს იმ ფონზე, როდესაც დღესდღეობით ისედაც არავინ იცავს ამ კოდექსს), იმის მოლოდინით, რომ წარმოუდგენლად მაღალი, 15 %-იანი ზრდა გვექნება რამდენიმე წელიწადში (ან შეიძლება, დაუყოვნებლადაც).

ამ დროს, სტატისტიკურ მონაცემებს რომ შევხედოთ, ვნახავთ, რომ 15 %-იანი ზრდა არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია მსოფლიოში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ასევე, განვითარების დაახლოებით ჩვენს დონეზე (მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით) მყოფ ქვეყნებს შორის, რომლებსაც მაღალი ზრდის მაჩვენებლები აქვთ, არიან ისეთი სახელმწიფოები, სადაც მთავრობა აქტიურად ერევა ბაზრის მუშაობაში (ჩინეთი, ვიეტნამი, ლაოსი), ასევე, ქვეყნები, რომლებსაც ნორმალური საგადასახადო სისტემები აქვთ (ფილიპინები, ინდონეზია). ამავე დროს, არის ქვეყნები, რომლებსაც ლიბერალური საგადასახადო სისტემები აქვთ (მაგალითად, მოლდავეთი, პარაგვაი, იორდანია), მაგრამ ან ჩვენზე მცირე ზრდა აქვთ (როგორც მოლდავეთს), ან ჩვენზე მაქსიმუმ ერთი პროცენტით მეტი. ერთი სიტყვით, აპრიორი ეკონომიკურ ზრდას ამგვარი მიდგომა არ განაპირობებს და მასზე მით უფრო ვერ დავდებთ მთელ ფსონს, რაც გაგვაჩნია, თანაც, სოციალური მდგომარეობის უკიდურესად გაუარესების და სოციალური უთანასწორობის უკიდურესად გაზრდის პერსპექტივით.

როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, ეს „გირჩის“ პროგრამის ჩემი, როგორც მემარცხენე ორიენტაციის მქონე ადამიანის კრიტიკაა (და არასრული კრიტიკა, რადგან განათლების და თავდაცვის საკითხებზე აღარ გავამახვილე ყურადღება). ამავე დროს მიმაჩნია, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე „გირჩის“ გამოჩენა, მიუხედავად ყველა იმ მიუღებელი იდეისა, რომელიც აქვთ, გაზრდის მემარცხენე-მემარჯვენე დიქოტომიის გამოკვეთის შანსს. ასევე, „გირჩის“ პროგრამა, ფაქტობრივად, არის საქართველოში ერთადერთი პარტიული პროგრამა, რომელიც მე მახსენდება, რომელიც ეფუძნება ეკონომიკურ თეორიებსა და ეკონომიკურ გათვლებს (მართალია, მცდარს, მაგრამ მაინც). თითქმის ყველა სხვა პროგრამა, რომელიც აქამდე მინახავს, იყო აბსოლუტურად გაუმართავი ამ თვალსაზრისით. ასევე, „გირჩის“ პროგრამაში პირველად არის ნახსენები ოჯახების კლასობრივი სტრატიფიცირების იდეა, რაც, მე ვიტყოდი, რომ რევოლუციურია ქართულ პოლიტიკურ დისკურსში, სადაც კლასებს შორის განსხვავებებზე თითქმის არ საუბრობენ (თუ არ ჩავთვლით ლეიბორისტული პარტიის სულელურ ლოზუნგს: „მდიდარს წავართმევ, ღარიბს მივცემ“). ამ ყველაფრისგან განსხვავებით, „გირჩის“ გამოჩენა, მგონია, იქნება ქართულ პოლიტიკაში ახალი დასაწყისის მაჩვენებელი, რამაც შეიძლება ოდესმე თვისებრივად ახალი ტიპის პოლიტიკამდე მიგვიყვანოს. მე ყოველთვის მზად ვარ შევეწინააღმდეგო ცუდ იდეებს, მაგრამ ყოველთვის პრობლემა მაქვს მაშინ, როდესაც პოლიტიკურ სივრცეში აბსოლუტურად „უიდეო“ ადამიანებთან მიწევს საქმის დაჭერა.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG