Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

1940 წლის აპრილ-მაისში სტალინის ბრძანებით ნკვდ დახვრეტს 21 857 პოლონელს (რომლებსაც დაატყვევებს 1939 წელს აღმოსავლეთ პოლონეთის ოკუპაციისას), ხოლო მათ ოჯახებს გადაასახლებს ციმბირსა და ყაზახეთში. მათი დახვრეტის ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ ისინი პოლონელები იყვნენ...

1940 წლის 5 მარტს ბერია სწერდა სტალინს: „(...) სამხედრო ტყვეების ბანაკებში (ჯარისკაცების და უნტეროფიცრობის ჩაუთვლელად) ამჟამად არის 14 736 ყოფილი ოფიცერი, ჩინოვნიკი, მიწათმფლობელი. (...) 97%-ზე მეტი პოლონური ეროვნებისაა. (...) დასავლეთ უკრაინის და დასავლეთ ბელორუსიის ციხეებში მოთავსებულია კიდევ 10 685 პოლონელი. (...) გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არიან საბჭოთა მთავრობის გამოუსწორებელი მტრები, სსრკ-ის ნკვდ მიიჩნევს საჭიროდ, (...) მათი საქმეები იქნეს განხილული განსაკუთრებული სახით და მათ წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული სიკვდილით დასჯა“.

ბერიას ეს წერილი არ ნიშნავს, რომ პოლონელების დახვრეტის ინიციატივა მისგან მოდიოდა: სტალინისტური პოლიტბიუროს ადათ-წესებში გარკვეულმა ადამიანმა კარგად იცის, რომ ეს ჩვეული ფორმა გახლდათ, როცა ბელადის ბრძანების შედეგად პოლიტბიუროში სტალინის სახელზე შესაბამისი თხოვნა შედიოდა.

იმავე დღეს პოლიტბიუროს სახელით სტალინი გასცემს სანქციას დახვრეტაზე. რატომ გადაწყვეტს სტალინი პოლონელი სამხედროების დახვრეტას? სტალინს, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს არასდროს გაუცია ბრძანება გერმანელი სამხედრო ტყვეების დახვრეტაზე (მიუხედავად იმისა, რომ საკმარისად იყო ამის მიზეზი), რატომ გადაწყვეტს აბსოლუტურად უდანაშაულო პოლონელი ოფიცრების და სამოქალაქო პირების განადგურებას?

პასუხი ალბათ შეიძლება მოვიძიოთ მოლოტოვის 1939 წლის 31 ოქტომბერს უმაღლესი საბჭოს დეპუტატების წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში (მისი ეს სიტყვა ჯუღაშვილთან იყო წინასწარ შეთანხმებული): „პოლონეთის მმართველი ძალები დიდხანს ყოყოჩობდნენ თავიანთი სახელმწიფოს „მდგრადობით“ და საკუთარი არმიის „სიმძლავრით“. თუმცა საკმარისი აღმოჩნდა მოკლე შეტევა პოლონეთზე ერთის მხრივ გერმანიის არმიისა და შემდეგ წითელი არმიისა, რომ არაფერი დარჩენილიყო ვერსალის ხელშეკრულების ამ მახინჯი პირმშოსგან“. თუ პოლონეთი „მახინჯი პირმშო“ იყო, რომელიც რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის შემდეგ რუქიდან გაქრა, მაშინ გამქრალი სახელმწიფოს სამხედროების „გაქრობა“ სტალინისათვის ლოგიკური ხდებოდა...

მკვლელობის კარგად ჩატარების მიზნით მოსკოვიდან მივლინებული იქნებიან ბლოხინი და რუბანოვი, ნკვდ-ს ყველაზე განთქმული ჯალათები. დიმიტრი ტოკარევი (1902-1993), კალინინის (ტვერი) ოლქის ნკვდ-ს ყოფილი უფროსი, სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე იგონებდა, როგორ პროფესიონალურად ესროდა ბლოხინი პოლონელებს კეფაში, რაც მსხვერპლის სხეულიდან მცირე სისხლდენას იწვევდა: „ყოველდღე ვკლავდით. (...) დღეში 250 კაცს ვკლავდით. და ასე მთელი თვის განმავლობაში. პირველ მაისსაც კი ვიმუშავეთ“...

1940 წლის 25 ოქტომბერს ბერია ყველა ჯალათს „სპეციალური დავალების კარგად ჩატარებისათვის“ დააჯილდოვებს 800-მანეთიანი პრემიით. თუმცა „სპეციალური დავალება“ კარგად არ იყო ჩატარებული: პოლონელი სამხედროები დამარხულ იქნებიან ფორმიანად და, ხშირად, საბუთებიანად (ასეთ შეცდომებს მათი კოლეგა გერმანელები არასდროს უშვებდნენ), რაც 1943 წლის აპრილიდან კატინის მკვლელობას მსოფლიოში პოლიშინელის საიდუმლოდ გახდის. ეს აიძულებს ომის შემდეგ საბჭოთა მთავრობას, ბელორუსიის სოფელი ხატინი გამოაცხადოს გერმანული ბარბაროსობის სიმბოლოდ და იქ დიდი მემორიალი აღმართოს. ბელორუსიაში გერმანელების მიერ ასობით სოფელი იყო განადგურებული, მაგრამ ხატინს, თავისი სახელწოდებით, კოლექტიური მეხსიერებიდან ამოეშალა უნდა კატინი.

სულ 1940 წლის აპრილ-მაისში ნკვდ-ს მიერ 21 857 პოლონელი იქნება მოკლული.

ციფრები უსახოა. ასე რომ, ეს ბლოგი მინდა ერთ-ერთი მსხვერპლის, 46 წლის მაიორ ადამ სოლსკის დღიურის ბოლო ჩანაწერით დავამთავრო: „9 მაისი. დღეს დილით ძალიან ადრე, ხუთიც არ იყო, რომ გაგვაღვიძეს. მანქანით მივყავართ სადღაც. დღე უცნაურად იწყება. (...) ტყეში მიგვიყვანეს. მეშინია. კიდევ ერთხელ გამჩხრიკეს. წაიღეს ჩემი საათი რომელიც აჩვენებდა შვიდის ნახევარს, წაიღეს ჩემი ფული, ქამარი და ჯიბის დანა“. ჩანაწერი აქ წყდება...

წელს საქართველოში აღდგომას აღნიშნავენ 1 მაისს, მაშინ როცა კათოლიკეები, პროტესტანტები და მართლმადიდებლების ნაწილი - ალექსანდრიის, ანტიოქიის, კონსტანტინოპოლის (გარდა ათონის მთისა), ბულგარეთის, რუმინეთის, კვიპროსის და ალბანეთის ეკლესიები - ამ დღესასწაულს 27 მარტს აღნიშნავენ. მკითხველმა ალბათ იცის, რომ განსხვავების მიზეზი მდგომარეობს სხვადასხვა ეკლესიის მიერ ახალი (გრიგორიანული) და ძველი (იულიუსის) კალენდრების გამოყენებაში.

მკითხველს ალბათ ისიც ახსოვს, რომ აღდგომის დღესასწაულის გამოსათვლელად გამოიყენება ორი ორიენტირი: გაზაფხულის ბუნიობა (21 მარტი) და მთვარის ციკლი. აღდგომის თარიღი ემთხვევა სავსე მთვარის შემდგომ პირველ კვირადღეს, რომელიც მოსდევს გაზაფხულის ბუნიობას. თუ გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ სავსე მთვარის დადგომამდე 13 დღეზე მეტია, მაშინ ძველ და ახალ კალენდრებს შორის განსხვავება ბათილდება და აღდგომას ყველა ქრისტიანი ერთად ზეიმობს (როგორც ეს შარშან მოხდა). სხვა შემთხვევაში აღდგომის თარიღებს შორის განსხვავებამ შეიძლება ერთ თვესაც გადააჭარბოს.

გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ, პირველი სავსე მთვარის ღამეს ებრაელები იწყებენ პასექის დადგომის ზეიმს. იესო სწორედ ამ დღეს აცვეს ჯვარს მარკოზის და ლუკას სახარებების მიხედვით. იოანეს სახარების მიხედვით, იესოს ჯვარცმა მოხდა ერთი დღით ადრე. ოთხივე სახარება ასევე გვამცნობს, რომ იესო ჯვარს აცვეს პარასკევ დღეს. სწორედ ამ ორმა მონაცემმა მისცა ისტორიკოსებს საშუალება ევარაუდათ იესოს ჯვარცმის თარიღი, რომელიც დიდი ალბათობით უნდა ყოფილიყო ჩვენი წელთაღრიცხვით 30 წლის 7 აპრილი ან 33 წლის 3 აპრილი.

ამ ისტორიის გაგრძელება ყველასათვის კარგადაა ცნობილი: საოცარი გავრცელება რელიგიისა, რომელიც ნელ-ნელა ხორცს შეისხამს „ხარების“ ანუ „იესო ქრისტეს აღდგომის“ ამბის გარშემო. როგორც პავლე მოციქული წერდა კორინთელებს, „ხოლო გაუწყებთ თქვენ, ძმანო, სახარებას, რომელიც გახარეთ, რომელიც ირწმუნეთ, რომელშიც დგახართ (...) რადგანაც თავდაპირველად გადმოგეცით ის, რაც თავად მივიღე: რომ ქრისტე, წერილის მიხედვით, ჩვენი ცოდვებისათვის მოკვდა, და რომ დაიმარხა, და, წერილისავე მიხედვით, მესამე დღეს აღდგა“.

ნელ-ნელა ეს „ხარება“ მოხიბლავს ხმელთაშუაზღვისპირეთის ქალაქების ბინადართ და, რაც ყველაზე მთავარია, რომის ორ იმპერატორს: კონსტანტინე პირველს და თეოდოსიუს პირველს. შედეგად ამ ყველაფრისა, იესო ნაზარეველის ჯვარცმიდან თითქმის ორი ათასი წლის შემდეგ, თითქმის 2 მილიარდი ადამიანი ზეიმობს იესო ქრისტეს აღდგომას ერთდროულად ან სხვადასხვა დროს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG