Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 19 ოქტომბერი. See content from before

ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი 2018

წინა ბლოგში, გრიგოლ უბირიას კვლევაზე დაყრდნობით, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეჟიმს ვუწოდე „მართული დემოკრატია“. ამ ბლოგში მინდა დავამატო, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, სცდება ტრადიციულ პოლიტიკურ კატეგორიებს. სინამდვილეში ეს არის დაუსრულებელი ქუჩური გარჩევა, რომელიც ღირებულებათა სისტემის სრულ კოლაფსზე მიგვანიშნებს. სახეზეა არა მხოლოდ ხელისუფლების სრული მორალური გაკოტრება (განსაკუთრებით ბოლოდროინდელი ფარული ჩანაწერების სკანდალის შემდეგ), არამედ მისი მთავარი მოწინააღმდეგის - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოუდგენელი რადიკალიზაცია ისედაც დიდი ხნით ადრე დაწყებული მორალური დეგრადაციის ფონზე. თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ ცოდვები აქამდე შეიძლებოდა ნაწილობრივ მაინც იმ მონსტრული სისტემის იმპერატივებით აგვეხსნა, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შექმნა სააკაშვილმა, ახლა უკვე ნათელია, რომ ამ პოლიტიკური ძალის პრობლემა ბევრად უფრო ღრმა მენტალურ შრეებში უნდა ვეძებოთ. ამის საილუსტრაციოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთპიროვნული ლიდერის ბოლოდროინდელი გამოსვლიდან ერთ ციტატას შემოგთავაზებთ. სააკაშვილი ფეისბუკზე განთავსებულ ვიდეოგამოსვლაში აღნიშნავს:

"ახლა ივანიშვილი იმყოფება, უბრალოდ, ჩოქბჯენში. ეს კაცი არის ნამდვილი ავადმყოფი და ავადმყოფი, რომელიც არის ჩოქბჯენში… ქართველმა ხალხმა რა უნდა ქნას, მე მგონი, ყველამ ყველაფერი ვიცით...”

სააკაშვილის მიერ თავისი რევანშისტული მიდრეკილებების ასეთი სადისტურ-პორნოგრაფიული გამოხატვა, თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად რადიკალურს ხდის ხელისუფლებას, რომელიც უკვე არის დადანაშაულებული სადისტურ-პორნოგრაფიულ ქმედებებში. დღესდღეობით, ეს ორი პოლიტიკური პოლუსი თითქოს ერთმანეთით იკვებება, მიუხედავად იმისა, რომ მეორე, ჯერჯერობით, სისასტიკეში და ავტორიტარიზმში ჩამორჩება თავის წინამორბედს.

„ქართული ოცნება“ ნელ-ნელა, მაგრამ მაინც თანმიმდევრულად ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის“ „გამეორებას“. რუსთავი 2-ზე გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერს, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალი რანგის თანამშრომელი მირზა სუბელიანი ხელისუფლების დაკვეთით ადამიანების ცემასა და წამებაზე საუბრობს, ხელისუფლებამ დაუპირისპირა საკუთარი ფარული ჩანაწერი, რომელშიც სუბელიანი ყველა აღნიშნულ ფაქტს ერთი ხელის მოსმით უარყოფს. ფარული ჩანაწერების ტელეეთერში გასვლიდან ცოტა ხანში პროკურატურამ, ორი წლის წინანდელი მტკიცებულებებით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებისთვის წაუყენა ბრალი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ორ ყოფილ თანამშრომელს. ამ უაღრესად საეჭვო ჩანაწერებისა და მოულოდნელი დაკავებების ფონზე, „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთი გაუგებარი და საეჭვო ნაბიჯიც გადადგა. პრეზიდენტ მარგველაშვილის მოთხოვნას, მთავრობის სხდომაზე განხილულიყო ქვეყანაში ბოლო დროს შექმნილი კრიზისული ვითარება, პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ პოლიტიკური არგუმენტები დაუპირისპირა. როგორც კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე შენიშნავს, მთავრობა კონსტიტუციით ვალდებულია გაითვალისწინოს პრეზიდენტის მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის საკითხიც კი დადგეს. მაგრამ საქმე ისაა, რომ „ქართულ ოცნებას“, უბრალოდ, არ აინტერესებს, კონსტიტუციაში რა წერია, ისევე, როგორც არ აინტერესებს კანონდარღვევების ან ბრალდებების დროულად გამოძიება. ხელისუფლების ყოველი მომდევნო ნაბიჯი უფრო და უფრო მეტ დარტყმას აყენებს მის უკვე ლაფში ამოსვრილ სახელს.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ არც ერთ მთავარ პოლიტიკურ აქტორს არ აინტერესებს თამაშის ყველაზე საბაზისო წესების დაცვაც კი. ეს ჰგავს თავზეხელაღებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის მიმდინარე ქუჩურ გარჩევას, რომელშიც ყველა მხარე ცდილობს ნებისმიერი საშუალებით მოიპოვოს უპირატესობა. მართალია, საბედნიეროდ, სამოქალაქო ომში ეს დაპირისპირება ჯერ არ გადაზრდილა, მაგრამ მხარეთა დაუფიქრებელი ნაბიჯებისა და რიტორიკის ფონზე, ამის საფრთხე მუდმივად არსებობს. ნებისმიერმა მორიგმა სკანდალმა შეიძლება ქვეყანა ისეთ უფსკრულში გადატყორცნოს, საიდან ამოსვლასაც შესაძლოა ათწლეულები დასჭირდეს (და ეს შეიძლება, საერთოდ, ჩვენი სუვერენიტეტის გაუქმებითაც კი დასრულდეს).

იმის გამო, რომ ჯერჯერობით ღირსეული მესამე ძალა არ ჩანს, რომელიც შეძლებს ამ ორი გავეშებული აქტორის პოლიტიკური სივრციდან განდევნას და სამართლებრივი სახელმწიფოს დაფუძნებას, თავად ამ მოთარეშე ძალებმა უნდა მოუხმონ გონიერებას. „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გაიაზრონ, თუ რამხელა საფრთხის წინაშე აყენებენ ქვეყანას. თუ ისინი ვერ შეთანხმდებიან თამაშის მინიმალურ წესებზე და გააგრძელებენ დამანგრეველი ნაბიჯების გადადგმას, ჩვენს საზოგადოებას არათუ ევროპული დემოკრატიული მომავალი, არამედ აღარანაირი მომავალი აღარ ექნება.

ყველაფერი ახლა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ცივილიზებულად ჩავატარებთ მომდევნო არჩევნებს და რამდენად შეძლებენ ერთმანეთის სისხლს მოწყურებული პოლიტიკური ძალები ვნებების დაოკებას. თუკი მართლა გვინდა, რომ ოდესმე მაინც ჯანსაღი მულტიპარტიული დემოკრატია შევქმნათ, ძალადობის და რეპრესიების ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა უნდა ვცადოთ და ძალაუფლების განაწილების ქმედით მექანიზმებზე შევთანხმდეთ.

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს ჩვენს მწერლებს, ლიტერატორებს და, ზოგადად, კულტურაში ჩართულ ადამიანებს, მოიპოვონ გაცილებით ფართო ასპარეზი, მივიდნენ გაცილებით მეტ მკითხველამდე, მოკლედ - გასცდნენ ეროვნულ ჩარჩოებს.

გერმანულ ენაზე თარგმნილ და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოფენილ წიგნებს შორისაა გურამ დოჩანაშვილის რომანი „სამოსელი პირველი“ (გამომცემლობა Hanser Literaturverlag; მთარგმნელები: სუზანა კიმი და ნიკოლოზ ლომთაძე). ეს წიგნი ადრეული სტუდენტობის პერიოდში წავიკითხე, მაშინ მომნუსხა და იმის მერე თავს ვარიდებდი მის ხელახლა წაკითხვას, რადგან სულ მქონდა შიშნარევი განცდა, რომ ჩემი პირველი შთაბეჭდილება გაფერმკრთალდებოდა, რაც, როდესაც კი გამომიცდია, ძალიან სევდიანი ამბავია.

მიხარია, რომ ამ წიგნთან ხელახალმა ზიარებამ ჩემს ახალგაზრდულ ემოციასთან დამაბრუნა და ეს ემოცია რომანში მოთხრობილ ამბავზე სოციოლოგიური რეფლექსიით გაამდიდრა.

ქვემოთ სწორედ ასეთ - ემოციურ-სოციოლოგიური თვალით დანახულ - „სამოსელ პირველს“ გთავაზობთ.

* * *

ამ წიგნის სიუჟეტური და კონცეპტუალური ნახაზი მიჰყვება სახარების იგავს „უძღები შვილის“ შესახებ (ლუკას სახარება, თავი 15). ამდენად, წიგნს აშკარად აქვს რელიგიურ–მეტაფიზიკური განზომილება. თუმცა, ჩემთვის, როგორც სოციოლოგისთვის, მნიშვნელოვანია ამ ტექსტის სოციალური განზომილება, კერძოდ, მასში აღწერილი სხვადასხვა საზოგადოებისა და სოციალური ურთიერთობების სპეციფიკა. ეს რომანი ამ თვალსაზრისითაც უაღრესად საინტერესოა.

„სამოსელი პირველი“ მოგზაურზეა, ახალგაზრდა მოგზაურზე, რომელიც ერთი ადგილიდან მეორეში გადადის. ეს არ არის უბრალოდ გადაადგილება, ეს უფრო მნიშვნელოვანი მოგზაურობაა – ყოფიერების წესის ცვლილებაა, როდესაც ყოველი ახალი ყოფიერება წინასგან გაუცხოებაა, ახალ გამოცდილებასთან ზიარებაა.

სოფლელი ბიჭის, დომენიკოს პირველი მოგზაურობა სოფლიდან ქალაქში („ლამაზ-ქალაქში“) ხდება. რა იცვლება ქალაქურ სივრცეში? სოფელში მთავარია ნათესაური კავშირები, აქ დრო თითქოს გაჩერებულია, რადგან სიახლეს, ცვლილებას, „განუზრახველ შედეგებს“ არ გულისხმობს. სოფელში დედით ობოლი დომენიკო მოწყენილია, მისი ურთიერთობა პირველადი ჯგუფის – ოჯახის წევრებთან (ძირითადად, მამასთან) და ბუნებასთან სიახლოვით შემოიფარგლება. ამ უწყვეტობას, წრეში ტრიალს, არღვევს სოფელში შემოსული და სოფლის მიერ შეკედლებული ლტოლვილი, რომელსაც თაობათა შორის უცვლელ კავშირში პირველი ბზარი შეაქვს – შვილს მამისაგან განსხვავებული („მოდერნული“) ცხოვრებისკენ უბიძგებს. უფროს თაობას აღარ ძალუძს და არც უნდა შვილების ასეთ გაუცხოებას შეეწინააღმდეგოს, პირიქით, მამა უბიძგებს და ეხმარება (ფინანსურად) კიდეც ვაჟიშვილს დამოუკიდებელ, ხიფათიან ცხოვრებაში ჩასაბმელად...

ქალაქში დომენიკო უფრო მეტად სოციალური არსება ხდება, მრავალფეროვან ურთიერთობებში იხლართება, თითქოს მისთვის სრულიად უცნობი კერძებით დახუნძლულ სუფრაზე მოხვდაო, გემოს უსინჯავს ყველაფერს – მეგობრობას, მეზობლობას, ეროტიკულ თავგადასავლებს, მუშტი-კრივს, თრობას, სიყვარულს („კაქტუსის ყვავილს“)... ჩვენს წინაშე იძერწება ქალაქელი „მრავალგანზომილებიანი“ ადამიანი, რომელიც გულუბრყვილო და მიმნდობი ახალგაზრდიდან თანდათან ქალაქელ ავანტიურისტად იქცევა და ცდილობს, რომ ფეხი აუწყოს სიჭრელეს, ცდილობს, რომ გახდეს ამბივალენტური და მრავალსახოვანი...

მოგზაური დომენიკო ურბანულ სივრცესთან ადაპტაციის სხვადასხვა გაკვეთილს „ესწრება“ და სხვადასხვა სტანდარტს ითვისებს: ისმენს დუილიოს ყალბი პათეტიკით სავსე, თუმცა ეფექტურ (ფრთიან) და ბრძნულ შეგონებებს („წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ“...), ეუფლება გამოცდილი თანაქალაქელი ამხანაგების (მაგალითად, ტულიოს) მიერ შემუშავებულ ქალთან მოქცევის (უფრო ზუსტად, ქალის „შებმის“) კოდექსს („მაშინვე რაიმე შეუქე, სხეულის რომელიმე ნაწილი, ოღონდ ფრთხილად, გამოზომილად“), ესწრება ალექსანდროს ფილოსოფიურ ლექციებს („ადამიანთა შორის უკეთესი ურთიერთობისთვის“), სწავლობს, გაარჩიოს საყვარელი და მეძავი („გლახა ქალი“) და ა.შ.

ასე თანდათან აღწევს თავს „სოფლელობას“ დომენიკო, გამოდის მამის აჩრდილის გავლენიდან და ხდება დამოუკიდებელი, გადაწყვეტილების მიმღები... რაც უფრო დამოუკიდებელი ხდება, მით უფრო სასტიკად ექცევა ცხოვრება, მით უფრო მეტ გამოცდას უწყობს. და დომენიკოც იღებს გამოწვევას – სიკვდილის მიერ წართმეულ სიყვარულს – ანა-მარიას (რომელიც „ქალი იყო, მაგრამ შველს ჰგავდა“) – კიდევ უფრო დიდი განსაცდელით უპასუხებს და ბოროტების ქალაქში – კამორაში მიდის...

კამორა დიდი საპყრობილეა, ამქვეყნიური ჯოჯოხეთი, სადაც კაცის კვლა, ღალატი, ტყუილი, ძარცვა, ტკივილის მიყენება ნორმაა, ხოლო ერთგულება, ზრუნვა, სიყვარული, თანაგრძნობა და სიკეთე – ანომია. ასეთ სივრცეს აუცილებლად სჭირდება ხისტი იერარქია და ძალაუფლების ვერტიკალური განაწილება, სადაც ვერტიკალის წვერის – ბელადის (მარშალ ბეტანკურის) და მისი გარემოცვის თვითნებობაზე და მათ მიმართ უპირობო მორჩილებაზეა აგებული ძალადობის სასტიკი სისტემა. აბსოლუტური მორჩილება მხოლოდ ტოტალური შიშის – სიკვდილის შიშის ფონზე მიიღწევა. ასეთ ტოტალურ შიშსა და მორჩილებაში ეხვევა მგზავრი დომენიკო, თუმცა რაღა დომენიკო – კამორის ბელადთა (სამხედრო დიქტატორთა) ბატონობის საცეცები სხვა ქალაქებსა და სოფლებსაც სწვდება და ადამიანებს იმონებს და მათით დასახლებულ ადგილებს იტაცებს.

მიუხედავად ამისა, მონობა და ჩაგვრა არ შეიძლება იყოს მარადიული, რადგან ის ადამიანის ბუნებას, მისი არსებობის ძირითად მოდუსს ეწინააღმდეგება. ეს მოდუსი – თავისუფლებაა. დაპყრობილ ადამიანებში თანდათან იღვიძებს თავისუფლების წყურვილი და, შესაბამისად, პროტესტის და ჯანყის განცდა მოძალადეების მიმართ. ეს არ არის მხოლოდ პიროვნული (ინდივიდუალური) თავისუფლების გადარჩენა; ინდივიდუალური თავისუფლება შეუძლებელი თუ არა, ნაკლოვანია თავისუფალი სამშობლოს, საკუთარი მიწის გარეშე. თავისუფლების ასეთი ჰოლისტური განცდა ჯერ ზნეობრივ გმირებში (მენდეს მასიელი და მისი თორმეტი მოციქული) იღვიძებს, ისინი გამოდიან კამორელების მიერ ოკუპირებული ზონიდან და „აღთქმული ქალაქის“ – კანუდოსის აშენებას იწყებენ. ეს პროცესი თანდათან მასობრივი ხდება და მასში მთავარი მოგზაურიც, დომენიკოც ერთვება. კანუდოსი, თიხის თეთრი ქალაქი, თანასწორობის, შეთანხმების, ურთიერთდახმარებისა და სიყვარულის ველია („იქ ადამიანები ძმებივით არიან და თანაბრად იყოფენ ყველაფერს“).

თუმცა, თავისუფლებაც მსხვერპლს მოითხოვს, ეს თითქოს წინასწარ დაანონსებული, გამიზნული მსხვერპლშეწირვაა, თავისუფალ ადამიანთა ცნობიერი არჩევანია („სხვის მიწაზე მშვიდად მიცვალებას, საკუთარი ხელით ანაგები სამშობლოსათვის დაცემა გვიჯობს - საამაყო... სიხარულია..“). კანუდოსი ეცემა კამორელებთან უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა, ეს მარცხი უკან, მონობაში დაბრუნებას არ ნიშნავს, თავისუფლების გემო ნაგრძნობია და ახალ თვისებრიობაში გადასული ადამიანები თანასწორობის დესპანებად იქცევიან დედამიწაზე. ასეთ დესპანად იქცევა დომენიკოც, რომელიც მის მიერ უარყოფილ სოფელში, მამასთან ბრუნდება. ბრუნდება უზარმაზარი გამოცდილებით დატვირთული, როგორც განმანათლებელი, რომელსაც ისტორიული კანონზომიერება (დროის მანქანა, ბედი), როგორც ძირითადი „მამა-მშობელი“, მთავარ „სამოსელს“ აძლევს, ეს „სამოსელი პირველი“ არის სიტყვა („მე მოგცემ სიტყვას შენ, დომენიკო [...] სამოსელი პირველია სიტყვა [...] მრავალ ქვეყანას აგაშენებინებს“).

ასეთია წიგნში აღწერილი სპირალური მოგზაურობა – წინამოდერნულობიდან მოდერნულობამდე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს რომანი გურამ დოჩანაშვილმა 1966–78 წლებში დაწერა, საბჭოთა საქართველოს ხანაში, როდესაც ცნებები – „ეროვნული დამოუკიდებლობა“, „პიროვნული თავისუფლება“, „რწმენის თავისუფლება“ „თანასწორობა“ და ა.შ. – აკრძალული და შერყვნილი ცნებები იყო. ამდენად, დამაჯერებლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს წინაშეა დისიდენტური რომანი, რომელიც, გარკვეული აზრით, წინასწარმეტყველური აღმოჩნდა და დღეს, საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა (1991 წლიდან), სწორედ ზემოაღნიშნული პრინციპების, როგორც „პირველი სამოსლის“, მორგებას ცდილობს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG