ხანძარი სოფელ შილდაში, წყნეთში, ნაფეტვრებსა და წავკისში
თბილისსა და მის შემოგარენში, 4 სექტემბერს, ხანძარს ერთდროულად სამი მიმართულებით ებრძოდნენ: წყნეთში, ნაფეტვრებსა და წავკისში.
საღამოს 9:00 საათისთვის მოხერხდა წყნეთში ხანძრის ლიკვიდაცია, ხოლო ნაფეტვრებში კი - ლოკალიზება.
თვითმხილველების ინფორმაციით, წყნეთის გზატკეცილზე ცეცხლი მოედო საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიას, კაკლების დასახლებისკენ გადასახვევთან.
ხანძარს ისევ ებრძვიან კახეთში, სოფელ შილდაში. მთის ფერდობზე, სხვადასხვა ადგილას, დაახლოებით 20 ჰექტარ ფართობზე, ამ ეტაპზე ხანძრის 15-მდე კერაა. უკვე სამი დღეა, ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობენ: სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, თავდაცვის სამინისტროს ძალები, მეხანძრე მაშველები და ადგილობრივები. გუშინ დილიდან პროცესში თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობიდან კიდევ 100 სამხედრო ჩაერთო.
თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.
„დიდება უკრაინას!" - თბილისში საერთაშორისო კონფერენცია იწყება
თბილისის საერთაშორისო კონფერენციის - „დიდება უკრაინას!" - მონაწილეები, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ჩავიდნენ. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი დევიდ კრამერი; ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა; აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი; ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი და კონფერენციის სხვა მონაწილეები.
თბილისის საერთაშორისო კონფერენცია დღეს, 5 სექტემბერს იხსნება. ის უკვე მეექვსედ ტარდება და წელს კონფერენცია ეძღვნება უკრაინაში რუსეთის შეჭრას.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, საოკუპაციო ხაზთან ჩასულ ჯგუფს ოკუპაციით გამოწვეულ პრობლემებსა და ამჟამად არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.
ომი უკრაინაში: ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის ჯარებმა აიღეს ქალაქი ხერსონის ოლქში
უკრაინის ხერსონის ოლქიდან ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის ჯარების იერიში გრძელდება და მათ ხელში გადავიდა ოლქის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქი ვისოკოპოლიე.
ცნობა ოფიციალურად არ დაუდასტურებია არც უკრაინის გენერალურ შტაბს, არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, მაგრამ ისინი მოდის წყაროებიდან, რომლებიც კონფლიქტის ორივე მხარესთანაა დაკავშირებული. კერძოდ, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა იური მისიაჰინმა კვირას გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც, მისი სიტყვებით, აღბეჭდილია, როგორ აღმართავენ უკრაინელი ჯარისკაცები დროშას ვისიკოპოლიეს საავადმყოფოს სახურავზე.
აშშ არ ემხრობა ევროკავშირის გეგმას რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე
აშშ არ ემხრობა ევროკავშირის გეგმას რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ. ამის თაობაზე ტელეარხ „დოჟდს“ ესაუბრა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციის კოორდინატორი ჯონ კირბი.
მრჩევლის თქმით, ვაშინგტონმა შეზღუდვები შემოიღო რუსეთის ცალკეული მოქალაქეების წინააღმდეგ და ეს ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა, პასუხი აგონ რუსეთის პრეზიდენტის მომხრეებმა, რომლებიც უკრაინასთან ომში არიან ჩართული.
ქუჩაში დაგვტოვა - რუსი ოჯახი ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს
რუსი ოჯახი ცნობილ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს. ოჯახმა ადვოკატების დახმარებით გამოძიების დაწყებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს - პოლიციასა და პროკურატურას უკვე მიმართა.
2 აგვისტოს სტატიაში "იყენებენ კანონის ნაკლოვანებებს" - როგორ რჩებიან (უცხოელი) მდგმურები ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ" ალექსანდრე კობაიძე რადიო თავისუფლებასთან ჰყვებოდა, თუ როგორ ვერ ასახლებდა ბინიდან მდგმურებს, რომლებიც მას ქირას არ უხდიდნენ. არაერთი დაპირების მიუხედავად ადვოკატმა თავისუფლებას მათი საკონტაქტო ინფორმაცია არ მიაწოდა.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ რადიო თავისუფლებას ადვოკატ კობაიძის მდგმურები დაუკავშირდნენ და ბინის მეპატრონესთან კონფლიქტის სხვა დეტალებიც უამბეს.
გაიგე მეტი ლანა კოკაიას სტატიიდან.