"კარტოგრაფების საქმე" - გამოძიების ქრონოლოგია

28 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში “კარტოგრაფების საქმეზე” ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის განხილვა იწყება.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა მტკიცებულებები, რომლებსაც პროკურატურა სასამართლოში წარადგენს. ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით შევეცდებით აღვადგინოთ სრული სურათი - როგორ დაიწყო და მოვიდა გამოძიება სასამართლო პროცესამდე.

17 აგვისტოს, თავდაცვის მინისტრის წერილის საფუძველზე დაწყებული გამოძიებიდან 2 თვეში, არჩევნებამდე 25 დღით ადრე დააკავეს აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი სახელმწიფო კომისიის ორი წევრი. მაშინ პროკურატურამ განაცხადა, რომ კომისია, წლების განმავლობაში, მოლაპარაკებისას იყენებდა რუკებს, „რომლებზე დატანილი საზღვრის ხაზები არ ემთხვევა საქართველოს ისტორიულ საზღვარს” და რომ კომისიის წევრების “ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის” შედეგად საქართველომ კუთვნილი ათასობით ჰექტარი მიწა აზერბაიჯანის სასარგებლოდ დაკარგა.”

გამოქვეყნებულ საქმის მასალებში, იმ ეტაპზე, საზღვრის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო მონაკვეთზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ხშირად გამხდარა საზოგადოების ნაწილის ღელვის საგანი, საუბარი არ იყო. მიუხედავად ამისა მაღალი თანამდებობის პირები, “დავით გარეჯის საქმეზე” აკეთებდნენ განცხადებებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, უფლებადამცველებმა და ოპოზიციამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული, ბრალდებულებს პოლიტიკური და სინდისის პატიმრები უწოდეს.

საქმეში სასამართლოს სხდომამდე ერთი კვირით ადრე გამოჩნდა აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც თვეების წინ, სახელმწიფო უწყებებში, მოქმედი საჯარო მოხელეების სამუშაო ოთახებში, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგადაა მოპოვებული.

სახელმწიფო ბრალდების მხარემ ბრალდებულების მოტივი მათი წინასწარპატიმრობაში ყოფნის მეოთხე თვეს დააზუსტა, - ისე, რომ ახალი არაფერი უთქვამს: პროკურატურის განცხადებით ბრალდებულები სავარაუდოდ სხვის დავალებას ასრულებდნენ. ვინ გასცემდა დავალებებს - გამოძიებას პასუხი არ გაუცია.

გენერალურმა პროკურატურამ გამოძიების პროცესში მოწმეებად დაკითხა მაღალი თანამდებობის პირებიც - მათ შორის თავდაცვის მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა არ დაუსვა კითხვები საქმის სხვა მონაწილეებისა და მათი პირადი პასუხისმგებლობების შესახებ. გამოძიებას საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე, ბიძინა ივანიშვილი, რომლის დავალებითაც ჩამოიტანა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა რუსეთის არქივებიდან საქმეში მტკიცებულებებად გამოყენებული კარტოგრაფიული მასალა, არ დაუკითხავს. ამ დრომდე დაკითხული არ არის არც მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი.

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ 5 თვის განმავლობაში გამოძიებამ დაკითხა არაერთი პირი, რომელთა ნაწილს რამდენჯერმე მოუწია ჩვენების მისაცემად პროკურატურაში მისვლა. ამოიღო საარქივო მასალები და რუკები ათამდე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურიდან, ჩაატარა ექსპერტიზები, გამოითხოვა ინფორმაცია ბანკებიდან, სატელეკომუნიკაციო კომპანიებიდან, უსმენდა და ფარულად აყურადებდა ბრალდებულებს და მისთვის საინტერესო სხვა პირებს; დაცვის მხარის განცხადებით, ზღუდავდა მათ უფლებას, ჰქონოდა სრული წვდომა მტკიცებულებებზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნოემბერში ორი თვით გააგრძელა საგამოძიებო პროცესი.

საქმის მასალებით, ირკვევა, რომ მნიშვნელოვან მოწმეთა ნაწილი, სწორედ ნოემბრის შემდეგ დაკითხა და არა გამოძიების საწყის ეტაპზე.

ასევე ირკვევა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადის გახანგრძლივების თხოვნით [პროკურატურამ რამდენჯერმე მიმართა სასამართლოს და მხოლოდ 17 ოქტომბერს შეწყვიტა ფარული თვალთვალი და მიყურადება მისთვის განსაკუთრებით საეჭვო პირებზე.

საქართველოს ეროვნულ არქივსა და სხვადასხვა უწყებებში მოპოვებული კარტოგრაფიული მასალის ნაწილი იდენტურია იმ რუკების, რაც დავით ხიდაშელმა რუსეთის არქივებში მოიძია, ამის დასადგენი ექსპერტიზა პროკურატურამ არა გამოძიების საწყის ეტაპზე, არამედ გამოძიების ფინალურ ეტაპზე დანიშნა.

ყველაფერი კი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილით იწყება:

17 აგვისტო, 2020 წელი

იწყება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს, დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიის წევრებმა, ხომ არ შეათანხმეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთები ქვეყნისთვის საზიანოდ. გამოძიების საბაბი გახდა ამ დღეს თავდაცვის მინისტრის მიერ გაგზავნილი მიმართვა საქართველოს გენერალური პროკურორის სახელზე. ირაკლი ღარიბაშვილის წერილს თან ახლდა რუკები.

20 აგვისტო

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, გენერალური შტაბის კარტოგრაფია-გეოდეზიიის დეპარტამენტის უფროსი, ნოდარ ხორბალაძე მიმართვას უგზავნის გენერალურ პორკურატურას, რომელსაც ასევე ახლავს კარტოგრაფიული მასალა, ანალიზი და მიმოხილვა. ნოდარ ხორბალაძე ამ დღესვე იკითხება. ის საქმის პირველი მოწმეა.

21 აგვისტო

გამოძიება შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს სატელეფონო კომუნიკაციების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის უფლების მისაღებად. სასამართლომ ეს შუამდგომლობა მეორე დღეს დააკმაყოფილა.

ფარულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უთვალთვალებდნენ როგორც შემდგომში ამ საქმის ბრალდებულებს, ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს, ასევე სხვა პირებს.

22 აგვისტო

პროკურატურა მიმართავს სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს. ამ სააგენტოს გამოძიებამ კიდევ ერთი მიმართვა 25 აგვისტოს გაუგზავნა. მიმართვა სავარაუდოდ ეხებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ტექნიკურ უზრუნველყოფას.

24 აგვისტო

გამოძიება კითხავს თედო გორგოძეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის კარტოგრაფიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსს. გორგოძე გამოძიების მიმდინარეობისას მელაშვილისა და ილიჩოვას წინააღმდეგ იძლეოდა ინტერვიუებს.

25 აგვისტო

გამოძიება კითხავს დავით ხიდაშელს. დავით ხიდაშელი ამ დღეს მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ მას ერთი წლის წინ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, შუამავლის მეშვეობით, 1936-1938 წლებში გამოცემული საქართველოს რუკების მოძიება თხოვა. მოგვიანებით, სატელევიზიო ინტერვიუში ის იტყვის, რომ რუკების მოძიების დავალება მას პირადად ბიძინა ივანიშვილმა მისცა. პირველი ჩვენების მიხედვით, დავით ხიდაშელმა საქართველოს კარტოგრაფიული მასალა 2020 წლის აპრილსა და ივლისში ორ ეტაპად და როგორც თვითონ აღნიშნავს, უსასყიდლოდ გადასცა.

დავით ხიდაშელი ბერძნული კომპანია INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა." INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS აქციების 51%-ს რუსული საფინანსო-ინდუსტრიული ჯგუფი АФК “Система” ჩეხეთში დარეგისტრირებული ფირმის მეშვეობით ფლობს. თავად ხიდაშელი რუსული “სისტემის” ვიცე-პრეზიდენტი იყო 2007-2014 წლებში. 25 აგვისტოს გამოკითხვისას ხიდაშელი ამბობს, რომ ის ბოლო 20 წლის განმავლობაში კარტოგრაფიული საქმიანობითაა დაკავებული, აქვს დიდი პირადი არქივი და საშუალება, მოიძიოს რუკები კონკრეტული სახელმწიფოს შესაბამისი უწყებიდან.

ამ დღეს გამოძიება საგარეო საქმეთა სამინისტროდანაც იღებს რუკებს, ალბომებს და სხვა კარტოგრაფიულ მასალას.

26 აგვისტო

გამოძიება კითხავს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელ ლევან თაქთაქიშვილს და ირაკლი გოცაძეს;

27 აგვისტო

ნოდარ ხორბალაძე, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსი, კიდევ ერთხელ მიმართავს გენერალურ პროკურატურას და გადასცემს დამატებით დოკუმენტაციას, რუკებს და რუკების ალბომებს.

გამოძიება შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს ფარული ვიდეო ჩაწერის, აუდიო ჩაწერის და ფოტოგადაღების ჩასატარებლად განჩინების გაცემის შესახებ. საქალაქო სასამართლო განჩინებას ამავე დღეს გამოსცემს.

ამ დღეს გამოძიება კითხავს ალექსანდრე მათიაშვილს და გიორგი სვანაძეს. სვანაძე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორია.

ამავე დღეს, საქალაქო სასამართლოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოძიება იღებს კარტოგრაფიულ მასალას - რუკებს და ალბომებს. დამატებით დოკუმენტებს კიდევ ერთხელ იღებს, საგარეო საქმეთა სამინისტროდან.

31 აგვისტო

გამოძიება მიმართავს შსს-ს გენერალურ ინსპექციას. ნატალია ილიჩოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია და მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებების წარმოება გენერალური ინსპექციის გვერდის ავლით, არაკანონიერია.

გამოძიება კიდევ ერთი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს ფარული ვიდეო ჩაწერის, აუდიო ჩაწერის და ფოტოგადაღების ჩასატარებლად განჩინების გაცემის თხოვნით. სასამართლო იმავე დღეს იძლევა განჩინებას.

1 სექტემბერი

მოწმედ იკითხებიან თამარ ონიაშვილი და იოსებ კვანტალიანი.

პროკურატურა მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით, მიეცეს სატელეფონო ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ჩატარების ნებართვა. სასამართლო ამ შუამდგომლობას მეორე დღეს, 2 სექტემბერს აკმაყოფილებს.

3 სექტემბერი

გამოიკითხა მანანა აღაპიშვილი, მთავრობის კანცელარიას დაქვემდებარებული სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის ყოფილი თანამშრომელი. ის ამ ფონდში კადრების ინსპექტორი იყო. მედიაში გავრცელებული მისი ჩვენების ფრაგმენტში აღაპიშვილი ვერ იხსენებს ნატალია ილიჩოვას გვარს, მას ბადალიანად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ნატალიას მიერ რუკების სამუშაო ოთახში შენახვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება იყო.

4 სექტემბერი

პირველად იკითხებიან ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.

7 სექტემბერი

გამოძიება დავით ხიდაშელისგან იღებს კარტოგრაფიულ მასალას, რასაც გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. კარტოგრაფიული მასალის ამოსაღებად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერად ცნობის თხოვნით გამოძიება სასამართლოს ერთი დღის შემდეგ მიმართავს.

9 სექტემბერი

გამოძიება კარტოგრაფიულ მასალას, რუკებს და ალბომებს იღებს სასაზღვრო პოლიციიდან, სადაც ნატალია ილიჩოვა მუშაობს.

მოწმის სახით იკითხება ზურაბ გუმბერიძე, 1997 წლიდან 2007 წლამდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

გამოძიება სასამართლო კარტოგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნით მიმართავს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს.

10 სექტემბერი

გამოძიება სასაზღვრო პოლიციაში კარტოგრაფიულ მასალის, რუკებისა და ალბომების ამოსაღებად ბრუნდება.

მოწმეებად იკითხებიან: გივი კეკელიძე, საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი ლეჟავა, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის ყოფილი უფროსი, ლევან წურწუმია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის მრჩეველი, საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი მდივანი, ზურაბ ტატიშვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ტოპოგრაფიული სამმართველოს ყოფილი უფროსი, პოლკოვნიკი და ზურაბ კოზმავა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის მეორე ევროპული სამმართველოს ყოფილი მრჩეველი.

მოგვიანებით ცნობილი გახდება, რომ გამოძიებას მტკიცებულებად საქმეში გივი კეკელიძისა და ივერი მელაშვილის სატელეფონო საუბარი აქვს, სადაც ისინი რუკებს და საზღვრის დადგენის საკითხებს განიხილავენ, მათ შორის დავით გარეჯის მონაკვეთზე.

11 სექტემბერი

გამოძიება კითხავს გელა დუმბაძეს, 2001-2005 წლებში აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს მრჩეველს, ვახტანგ დათუნაშვილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების დაგეგმარებისა და სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსს 2006-2007 წლებში, ვიცე-პოლკოვნიკს; რუსუდან ტუშურს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს 2006-2007 წლებში, მალხაზ მიქელაძეს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედ თანამშრომელს, საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს და მიხეილ უკლებას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს 2004-2005 წლებში. ყველა გამოკითხული სხვადასხვა დროს დაკავშირებული იყო საზღვრის დამდგენი კომისიის საქმიანობასთან.

ამ დღეს გამოძიება კიდევ ერთხელ მიდის ეროვნულ არქივში დოკუმენტაციის ამოსაღებად.

14 სექტემბერი

გამოძიებას ჩვენებას აძლევენ გიორგი მანჯგალაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბედოშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე და მერაბ ნადარაია.

გამოძიება ეროვნული არქივიდან იღებს კარტოგრაფიულ მასალას, ე.წ. ამონახაზებს.

15 სექტემბერი

იკითხება სერგო გუმბერიძე, 2004 წელს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის თავდაცვის საკითხთა განყოფილების უფროსი.

16 სექტემბერი

იკითხება გიორგი ყარალაშვილი.

17 სექტემბერი

კიდევ ერთ ჩვენებას იძლევა მიხეილ უკლება.

21 სექტემბერი

გამოძიება რუკების და სხვა კარტოგრაფიული მასალის ამოსაღებად მიდის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

22 სექტემბერი

კარტოგრაფიული მასალის ამოსაღებად გამოძიება მიდის საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ამავე დღეს გამოძიება კარტოგრაფიულ მასალას იღებს გარემოს ეროვნული სააგენტოდან.

ექპერტიზის დასკვნები იგზავნება სამხარაულის ეროვნული ბიუროდან პროკურატურაში.

24 სექტემბერი

გამოძიება კითხავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორს - ირმა გაბუნიას. გაბუნიამ საზღვრის დამდგენ კომისიაში ნატალია ილიჩოვას ადგილი დაიკავა 2019 წლის მაისში.

ამ დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ამბობს, რომ

  • საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მიმდინარეობს და კარგი იქნება, თუ ამ საკითხის გადაწყვეტას სპეციალისტებს მიანდობენ.
  • მნიშვნელოვანია, სპეციალისტებს შეეძლოთ თავისუფალ გარემოში მუშაობა და სპეკულაციებმა და პოლიტიკურმა განცხადებებმა პროცესი არ უნდა დააზიანონ.
  • ამ თემას მესამე ძალა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გასაფუჭებლად იყენებს.

ამავე დღეს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულება ორმხრივი სტრატეგიული ინტერესია.

25 სექტემბერი

გამოძიებას ჩვენებას აძლევენ: ლევან ჯღარკავა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსი 2006 წელს; გალაქტიონ ხახუბია, საჯარო რეესტრის სააგენტოს კარტოგრაფიისა და გეოდეზიის სამსახურის უფროსი 2013 წელს და მანანა ხვედელიძე.

პროკურატურა სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან იღებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალას, რომელიც 5 ლაზერულ დისკზეა ჩაწერილი.

26 სექტემბერი

პროკურატურა სუსიდან დამატებით 4 დისკზე ჩაწერილ მასალას იღებს, რომელიც ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად არის მოპოვებული.

28 სექტემბერი

გამოძიება მეორედ კითხავს გალაქტიონ ხახუბიას, საჯარო რეესტრის სააგენტოს კარტოგრაფიისა და გეოდეზიის სამსახურის უფროსს 2013 წელს.

29 სექტემბერი

პროკურატურა საჯაროდ ამბობს, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რომლის მიზანიც არის დაადგინოს, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერება.

ასევე ნახეთ პროკურატურა: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთები ჩვენს საზიანოდ შეთანხმდა

გამოძიება კითხავს ზაზა ონიანს, იგივე არქიმანდრიტ კირიონს, რომელიც დავით-გარეჯის მონასტერში წლებია მსახურობს და რომელიც ერთ-ერთია იმ მოწმეთა შორის, ვინც ამბობს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ.

ასევე ნახეთ მღვდელი კირიონი დავით გარეჯის საკითხზე გახარიას ადანაშაულებს „ლამის ენმ-ის კურსის“ გატარებაში

ამავე დღეს გამოძიებამ მეორედ გამოკითხა ნატალია ილიჩოვა. გამოიკითხა ასევე ილია მათითაიშვილი.

გამოძიება დოკუმენტაციას იღებს იუსტიციის სამინისტროდან.

გამოძიება მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით, გაუგრძელოს ფარული ვიდეო ჩაწერის, აუდიო ჩაწერის და ფოტოგადაღების ჩასატარებლად მიცემული ვადა.

30 სექტემბერი

პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან იღებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალას, რომელიც ჩაწერილია 16 ლაზერულ დიკსზე.

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დავით გარეჯის თემაზე ამბობს, რომ საქართველოს გაუჩნდა ახალი, მყარი არგუმენტები, რომლითაც ისაუბრებს საზღვრის დამდგენი კომისიის ფარგლებში.

მოძიებულ იქნა უაღრესად მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალებები, მათ შორის კარტოგრაფიული რუკები და ექსპერტული დასკვნები, როგორც ჩვენი, ისე ჩვენი საერთაშორისო ექსპერტების დასკვნები” - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი.

1 ოქტომბერი

გამოძიება ჩხრეკას ატარებს ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საცხოვრებელ სახლებსა და სამუშაო ოთახებში. დგება ჩხრეკის შედეგად ამოღებული კარტოგრაფიული მასალის დათვალიერების ოქმები.

იკითხება გელა ბლიაძე.

პროკურატურა კიდევ ერთხელ მიმართავს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს კარტოგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნის თხოვნით.

2 ოქტომბერი

გამოძიება კიდევ ერთხელ კითხავს ივერი მელაშვილს.

ასევე დაიკითხა ნიკოლოზ ვაშაკიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე.

გამოძიება იღებს ზურაბ კახელაძის განცხადებას, რომელსაც თან ახლავს რუკები. ზურაბ კახელაძე, სავარაუდოდ, დავით ხიდაშელის ნდობით აღჭურვილი პირი და მისი წარმომადგენელია. ის გამოძიებას 26 ოქტომბერსაც მიმართავს განცხადებით და კარტოგრაფიული მასალით.

პროკურატურა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სთხოვს საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას. ექსპერტიზა მელაშვილის და ილიჩოვას ელექტრონულ მოწყობილობებს შეისწავლის.

ამავე დღეს, პროკურატურა იღებს სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალას, რომელიც 1 ლაზერულ დისკზეა განთავსებული.

3 ოქტომბერი

გამოძიება პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იღებს დოკუმენტებს.

ამავე დღეს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ივერი მელაშვილი ამბობს, რომ “პროკურატურა ჭეშმარიტების დასადგენად ცუდი ადგილია.”

ასევე ნახეთ ივერი მელაშვილი: ჭეშმარიტების დასადგენად პროკურატურა ცუდი ადგილია
5 ოქტომბერი

იკითხება ნათელა მირიანაშვილი.

ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ექსპერტიზის დასკვნებს უგზავნის გამოძიებას.

6 ოქტომბერი

პროკურატურა საქალაქო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, გასცეს განჩინება ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის დაკავების შესახებ. სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას აკმაყოფილებს.

პროკურატურა ითხოვს გაუგრძელდეს ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ვადა. სასამართლო ამავე დღეს გამოსცემს შესაბამის განჩინებას.

7 ოქტომბერი

ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას აკავებენ.

საქართველოს ელჩი დანიაში გიგი გიგიაძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს ივერი მელაშვილს - საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლებიდან ის ამ დრომდე, მალხაზ მიქელაძის გარდა, ერთადერთი დიპლომატია, რომელმაც დაკავებულ კარტოგრაფებს საჯაროდ გამოუცხადა მხარდაჭერა.

გამოძიება სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით და ითხოვს დაცვის მხარეს წინასასამართლო სხდომამდე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის მიღებაზე შეეზღუდოს უფლება. სასამართლო ამავე დღეს აკმაყოფილებს პროკურატურის შუამდგომლობას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე დაწყებული გამოძიება და გამოძიების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებები გავლენას ვერ მოახდენს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე.

8 ოქტომბერი

გამოიცემა დადგენილებები ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის ბრალდების შესახებ. მელაშვილი და ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. სასამართლოში მისული პროკურორი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს და ვერ ასახელებს ბრალდებულების სავარაუდო დანაშაულის მოტივს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების პოლიტიზირება მიუღებელია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე დიპლომატიური სტანდარტების დარღვევად აფასებს დანიაში საქართველოს ელჩის გიგი გიგიაძის განცხადებას, რომლითაც მან დაკავებულ კარტოგრაფს, ივერი მელაშვილს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა.

13 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს რომ “კარტოგრაფების საქმე” პოლიტიკურად მოტივირებულია.

10 ოქტომბერი

იკითხება ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი.

ნოღაიდელი ჩვენებაში ამბობს, რომ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხების განხილვაში მხოლოდ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებზე მონაწილეობდა, ეროვნული უშიშროების საკითხები მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში არ შედიოდა მის კომპეტენციაში, და “აღნიშნული უფლებამოსილება ექსკლუზიურად გააჩნდა საქართველოს პრეზიდენტს.”

12 ოქტომბერი

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრო, სალომე ზურაბიშვილი საჯაროდ აცხადებს, რომ მზადაა პროკურორს მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია გადასცეს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

13 ოქტომბერი

გამოძიება კიდევ ერთხელ ითხოვს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადის გაგრძელებას. თბილისის საქალაქო სასამართლო ამ მოთხოვნას 14 ოქტომბერს აკმაყოფილებს.

დავით ხიდაშელი, საქმის მოწმე, რომელმაც რუსეთის არქივებიდან საქმისთვის მტკიცებულებებად დართული კარტოგრაფიული მასალა მოიძია, ამბობს, რომ მის მიმართ ცლისიმწამებლური და შეურაცხმყოფელი ბრალდებები ვრცელდება.

"აღნიშნული კარტოგრაფილი მასალა რომელიმე ხელისუფლებისთვის არ ჩამომიტანია. მე ჩემს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მათ შორის იმათაც, ვინც თავს მესხმის, ის მტკიცებულებები დავუბრუნე, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს. ნუთუ ქვეყნის სამსახური და მისი ინტერესების დაცვაში მოკრძალებული წვლილის შეტანა დანაშაულია?!" - აცხადებს ხიდაშელი.

ამავე დღეს, რუსთავი 2-თან სატელევიზიო ინტერვიუში ის ყვება პროკურატურისთვის მიცემული ჩვენებისგან განსხვავებულ ვერსიას იმის შესახებ, როგორ მიიღო რუსეთის არქივებში კარტოგრაფიული მასალის მოძიების დავალება. ის ამბობს, რომ 2019 წლის სექტემბერში პირადად დაურეკა ბიძინა ივანიშვილმა და რუკების მოძიება თხოვა.

ასევე ნახეთ „მე თხოვნებს ვღებულობ მარტო!!!“ - ვინ დაურეკა ხიდაშელს და რა მოხდა შემდეგ
14 ოქტომბერი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია არ პასუხობს კითხვას, რაშია დამნაშავე ივერი მელაშვილი.

15 ოქტომბერი

გამოძიება კითხავს გიორგი ჭიღლაძეს, ასევე კიდევ ერთხელ იკითხება ნოდარ ხორბალაძე.

16 ოქტომბერი

პროკურატურამ მოითხოვა ინფორმაცია ივერი მელაშვილის ელექტრონული ფოსტის შესახებ. მოპოვებული მასალა განთავსებულია 1 დისკზე.

გამოძიება კითხავს ზურაბ ვარდოსანიძეს.

პროკურატურა სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართავს შუამდგომლობით, შეიზღუდოს დაცვის მხარის უფლება საიდუმლო საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციაზე. სასამართლომ შესაბამისი განჩინება იმავე დღეს გამოსცა და დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა.

17 ოქტომბერი

გამოძიება მეორედ კითხავს დავით ხიდაშელს, რომელმაც 13 ოქტომბერს სატელევიზიო ინტერვიუში მის მიერ რუკების მოძიების შესახებ პირველი ჩვენებისგან განსხვავებული ვერსია მოყვა.

ამ დღეს ასევე დაიკითხა ვლადიმერ მირიანაშვილი.

გამოიცა დადგენილება ფარული საგამოძიებო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

18 ოქტომბერი

მთავარი არხის დაკვეთით ფრანგული კომპანია IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. რომელიც 18 ოქტომბერს გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 34%-ს არ სჯერა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალეულობის, 32%-სთვის კი “დავით-გარეჯის საქმე” ოპონენტების წინასაარჩევნო დევნაა.

19 ოქტომბერი

დაიკითხნენ პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიხეილ ბოტკოველი, ლაშა სულაბერიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მინდია ჯანელიძე.

20 ოქტომბერი

კიდევ ერთხელ გამოიკითხა ნიკოლოზ ვაშაკიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე.

21 ოქტომბერი

გამოძიებას ჩვენებას აძლევენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და საზღვრის დამდგენი კომისიის მოქმედ თავმჯდომარე, ლაშა დარსალია და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

22 ოქტომბერი

გამოძიება კითხავს ჯონდო ბაღათურიას, პარტია “ქართული დასის” ლიდერს.

„კითხვები უკავშირდებოდა 2012 წელს, ჩემი და „ქართული დასის“ მიერ წამოწყებულ პრეზიდენტის იმპიჩმენტის სამართლებრივ პროცედურას, როცა მე პრეზიდენტს სახელმწიფო ღალატში დავდე ბრალი“, - თქვა ბაღათურია დაკითხვის შემდეგ.

ამ დღეს გამოძიებამ კახეთის რეგიონული არქივიდან ამოიღო დოკუმენტაცია, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გეგმები (კარტოგრაფიული მასალა) და მისი ნაწილები.

ამავე დღეს გამოძიებამ საქართველოში მომუშავე ყველა ბანკს მიმართა ინფორმაციის გამოთხოვის წერილებით. გამოძიებას აინტერესებდა ბრალდებულების საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები.

23 ოქტომბერი

იკითხება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ლაშა ხვედელიძე.

28 ოქტომბერი

კარტოგრაფების ადვოკატები ამბობენ, რომ მათ საქმის მასალებზე წვდომის უფლება ეზღუდებათ. გამოძიების განმავლობაში ადვოკატებს არ მიეცათ არც დაცვის ქვეშ მყოფი პირების პირისპირ ნახვის უფლება საპატიმრო დაწესებულებებში პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების გამო.

29 ოქტომბერი

ფრანგული გამოცემა Le Monde აქვეყნებს ვრცელი სტატიას, სადაც წერს, რომ გარეჯის თემას შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.

“ფეიქნიუსებისა და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტით რეგიონში დაძაბულობის ფონზე, საქართველოში საზოგადოება პოლარიზებულია ისე, როგორც არასდროს“ - წერია სტატიაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ რელიგიური გრძნობებით თამაში მოსახლეობის იმ 84%-ზე ზეგავლენას ისახავს მიზნად, რომელიც თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს.

31 ოქტომბერი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ტვ იმედის პირდაპირ ეთერს მთელი დღის განმავლობაში თან ახლავს წარწერა “გარეჯი საქართველოა".

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსები, ძირითადად “ქართული ოცნებიდან”, ხშირად აკეთებდნენ განცხადებებს “კარტოგრაფების საქმეზე”, და ამტკიცებდნენ, რომ რომ გამოძიებამ წინა ხელისუფლების დროს ფაქტობრივად გასხვისებული მიწების აზერბაიჯანისთვის გადაცემის მცდელობა აღკვეთა, ეს განცხადებები ფეისბუკზე ვრცელდებოდა რეკლამის მეშვეობით პარტიების და პროსახელისუფლებო მედიის ანგარიშებიდან.

4 ნოემბერი

არასამთავრობო ორგანიზაციები აქვეყნებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეფასებას, სადაც წერენ, რომ “მმართველი პარტია არ მოერიდა მოქალაქეთა პატრიოტული გრძნობებით მანიპულირებას და, სავარაუდოდ ამ მიზნით, წამოიწყო ე.წ. კარტოგრაფების საქმე, რასაც, მაღალი ალბათობით, ორი უდანაშაულო ადამიანის დაკავება მოჰყვა.”

24 ნოემბერი

პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს საქალაქო სასამართლოს და ითხოვს წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებას ორი თვით.

25 ნოემბერი

გამოძიება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან იღებს საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას. ელექტრონული ინფორმაცია და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, რომლებსაც ექსპერტიზა ჩაუტარდათ, ინახება საგამოძიებო ორგანოში.

26 ნოემბერი

გამოძიება. მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, საქალაქო სასამართლოში გამოკითხავს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეს ნინო კალანდაძეს.

ასევე ნახეთ პროკურატურას არ აინტერესებს ივანიშვილის, ზურაბიშვილისა და ღარიბაშვილის გამოკითხვა
30 ნოემბერი

სასამართლო აკმაყოფილებს პროკურორის მოთხოვნას გამოძიების ორი თვით გახანგრძლივების თაობაზე და არ აკმაყოფილებს დაცვის მხარის მოთხოვნას ბრალდებულებისთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობის აღკვეთის უფრო მსუბუქი ფორმით შეცვლაზე.

28 ნოემბერი

იკითხება ოთარ კუპრაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, რომელმაც სამსახური 2017 წელს აფგან მუხთარლის საქმის გამო დატოვა.

30 ნოემბერი

სასამართლო აკმაყოფილებს პროკურატურის შუამდგომლობას, ორი თვით ახანგრძლივებს წინასასამართლო სხდომის ვადას და წინასწარ პატიმრობაში ტოვებს ორივე ბრალდებულს.

დაცვის მხარე სასამართლოს დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნას წარუდგენს იმის დასტურად, რომ მტკიცებულების სახით საქმეში არსებული მოსკოვიდან ჩამოტანილი რუკები კარტოგრაფიული და იურიდიული თვალსაზრისით გამოუსადეგარია.

პროკურორმა მიხეილ სადრაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, სპეციალისტის მიერ მომზადებულ დასკვნას "კვაზი ექსპერტიზის დასკვნა" უწოდა და აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ მისი ავტორი პოლიტიკოს გიგი უგულავას ძმაა. კარტოგრაფმა ირაკლი უგულავამ თქვა, რომ მისთვის პრეტენზიად იმის წაყენება, თავისი ძმის ძმა რომაა, მდაბიო საქციელია.

პროკურატურა კითხავს ბეჟან მაისურაძეს, რომელიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან ერთად ჯერ კიდევ აგვისტოში ესწრებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, უფრო ადრე კი თავდაცვის სამინისტროში ჰქონდა შეხვედრები იმის გასაგებად, თუ რა კარტოგრაფიული მასალის მოძიება სჭირდებოდა სამინისტროს. პირველ ჩვენებაში ბიზნესმენი ხიდაშელი ამბობდა, რომ მას სწორედ ბეჟან მაისურაძემ სთხოვა დახმარებოდა საქართველოს ხელისუფლებას დაკარგული რუკების მოძებნაში.

ბეჟან მაისურაძე სულ მცირე ორი რუსული ორგანიზაციის თანადამფუძნებელია. “საქართველო საზღვარგარეთ” მაისურაძემ იგორ გიორგაძესთან ერთად დააფუძნა, ასევე იგორ გიორგაძეა მისი მეორე ორგანიზაციის “თანამემამულეების" ["СООТЕЧЕСТВЕННИКИ"] ხელმძღვანელი.

ბეჟან მაისურაძეს დავით ხიდაშელი თავის ჩვენებაში ასე ახასიათებს: - “იგი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი 2003 წლის მოწვევის და იმ ჩხუბის მონაწილე პარლამენტში, რომელიც მოხდა 2003 წელს ვარდების რევოლუციის პერიოდში, რის გამოც 2003 წლის შემდგომ 8 წელი იგი იდევნებოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ. მოგახსენებთ, რომ ბეჟან მაისურაძე არის უაღრესად მორწმუნე ადამიანი, არის სტიქაროსანი და აგრეთვე შთამომავალი საეკლესიო წმინდანის წმინდა იოანე აღმსარებელი (მამა გაბრიელის გამზრდელი და სულიერი მამა), რომელიც იყო ერთ-ერთი ბოლო მსახური წმინდა ათონის მთის ივერთა მონასტერში.” თავის მხრივ ბეჟან მაისურაძე დავით ხიდაშელს ჩვენებაში მის დიდ მამულიშვილს და პატრიოტს უწოდებს და ამბობს: “მიმაჩნია, რომ მე დავით ხიდაშელთან ერთად, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიე ამ უაღრესად საჭირო კარტოგრაფიული მასალის მოძიებაში და თავდაცვის სამინისტროსთვის უსასყიდლოდ გადაცემაში. ჩვენ როგორც პატრიოტი ადამიანები, მზად ვართ, ყოველთვის დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას საჭიროების შემთხვევაში.”

1 დეკემბერი

გამოძიება კითხავს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, გელა ბეჟუაშვილს. გელა ბეჟუაშვილმა დაკითხვის შემდეგ თქვა, რომ მიმდინარე პროცესი უარყოფითად აისახება საზღვრის დამდგენი ნებისმიერი შემდგომი კომისიის მუშაობაზე.

ასევე ნახეთ საზღვარს განსაზღვრავენ არა ძველი რუკები, არამედ მოლაპარაკებები - ინტერვიუ გელა ბეჟუაშვილთან
3 დეკემბერი

პროკურატურა მეორედ კითხავს ვახტანგ დათუნაშვილს, მერაბ ნადარაიას და ზურაბ ტატიშვილს.

სააპელაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატების საჩივარს, სადაც ისინი ითხოვდნენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაბათილებას ბრალდებულების წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ.

4 დეკემბერი

გამოძიება კითხავს ირაკლი ლეჟავას და ჩვენების მისაცემად მეორედ იბარებს მალხაზ მიქელაძეს.

7 დეკემბერი

გამოძიებას ჩვენებას აძლევს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით ჯალაღონია. მისი ჩვენების თარიღად მითითებულია 7-9 დეკემბერი.

8 დეკემბერი

გამოძიება კითხავს ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურს;

9 დეკემბერი

გამოძიებას ჩვენებას მეორედ აძლევს გიორგი ჭიღლაძე.

12 დეკემბერი

გამოძიება გამოსაკითხად იბარებს ექსპერტს კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძეს.

14 დეკემბერი

პროკურატურამ გამოკითხა თავდაცვის მოქმედი მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. ჩვენებაში ის არ ახსენებს არც ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დავით ხიდაშელს მისცა რუკების მოძიების დავალება და არც მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ამ საქმეზე მედიასთან საუბრისას არაერთხელ უწოდა "მოღალატე”.

ირაკლი ღარიბაშვილის ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ მისთვის დავით-გარეჯის საქმე არქიმანდრიტ კირიონთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი და ამ თემაზე ფიქრი არ შეუწყვეტია არც პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებისა და კერძო სექტორში გადასვლის შემდეგ.

ის ჩვენებაში ამბობს, რომ საზღვრის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე საკმარის ძალისხმევას არ იყენებდა ისტორიული კარტოგრაფიული მასალების მოსაძებნად.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილი ჩვენებაში არ ახსენებს ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილს - რა უთხრა თავდაცვის მინისტრმა გამოძიებას
18 დეკემბერი

გამოძიების მასალებს ემატება ფეისბუკზე საჯარო პოსტების ამსახველი დოკუმენტაცია, რომელმაც საქმის მეათე ტომში 10 გვერდს იკავებს. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, საქმე ეხება დაცვის მხარის ექსპერტის, ირაკლი უგულავას ფეისბუკის ანგარიშს, სადაც განთავსებული საჯარო პოსტების მონიტორინგი, ბრალდების მხარეს, სავარაუდოდ, მისი პოლიტიკური აფილაციის შესახებ მასალის მოსაპოვებლად დასჭირდა.

20 დეკემბერი

გამოძიება ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართავს კარტოგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებით. არსებობს ამავე დღეს შედგენილი კარტოგრაფიული მასალის დათვალიერების ოქმი.

21 დეკემბერი

გამოძიება ექსპერტიზის ბიუროს მიმართავს კარტოგრაფიული ექსპერტიზის ჩატარების კიდევ ერთი დადგენილებით. ამავე დღეს შედგენილია კარტოგრაფიული მასალის დათვალიერების კიდევ ერთი ოქმი.

29 დეკემბერი

ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს,რომ ციხის ადმინისტრაციამ მას და მის დაცვის ქვეშ მყოფს არ მისცა საშუალება, ესარგებლათ მათთვის ყველაზე უსაფრთხო - წერილობითი -კომუნიკაციის ფორმით.

4 იანვარი

გამოძიებამ მიმართვის წერილი გაუგზავნა მაგთიკომს ბრალდებულების და საიდუმლო საგამოძიებო მოქმედებების სამიზნე სხვა პირების სატელეფონო ამონაწერების მოთხოვნით.

7 იანვარი

ივერი მელაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს. წერილში ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ასე მიმართავს:

ჩემს წილად საკუთარ მაგალითზე გამოვცადე თქვენი მთავრობისა და მართლმსაჯულების უსამართლობა - ამიტომაც ვზივარ ციხეში. მაგრამ, უფრო მთავარი სხვა რამეა. ჩემს წინააღმდეგ აღძრული საქმე ემსახურება ორ მიზანს: წინასაარჩევნო ტრიუკის ჩატარებას, პოლიტიკური ოპონენტების გასაშავებლად, ბინძური და უღირსი მეთოდით და საქართველოს პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭებას, ჩვენი მტრის - რუსეთის ფედერაციის საამებლად. ეს ორივე მიზანი უკიდურესად საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის.

არ მგონია, რომ ჩემი მოლოცვა მნიშვნელოვანი იყოს თქვენთვის, მაგრამ მაინც მინდა გისურვოთ, რომ მალე, მოესწროთ ყოველივეს, რასაც იმსახურებთ: სიკეთისთვის -სიკეთეს, მადლისთვის - მადლს, სიყალბისთვის - სიყალბეს, ბოროტებისთვის -ბოროტებას, სიძულვილისთვის - სიძულვილსა და რისხვას და ა.შ."

12 იანვარი

პროკურატურამ დაკითხა საქართველოს პრეზიდენტი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი.

ასევე ნახეთ გარეჯის საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ვერ გადაწყდებოდა - რა უთხრა საქართველოს პრეზიდენტმა გამოძიებას
13 იანვარი

გამოძიება კიდევ ერთხელ კითხავს გიორგი მანჯგალაძეს.

ამ დღეს დავით გარეჯთან დაკავშირებული რუკების შესახებ საჯაროდ პირველად ილაპარაკა „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც „პირველ არხთან" ინტერვიუში რუკების მოპოვებისთვის მადლობა გადაუხადა ბიზნესმენ დავით ხიდაშელს. ივერი მელაშვილის ადვოკატებმა თქვეს, რომ "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის მადლიერება რუსეთიდან რუკების ჩამომტანი დავით ხიდაშელის მიმართ კიდევ უფრო ნათელს ხდის იმას, რომ კარტოგრაფების საქმე "პირადად ბიძინა ივანიშვილის კონტროლზეა” და მას ეს საქმე “მნიშვნელოვან მიღწევად მიაჩნია."

გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდებულების მიმართ გამოძიება დასრულდა, თუმცა ამ საქმეზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს სხვა, შესაძლო დამნაშავე, პირთა გამოვლენის მიზნით.

15 იანვარი

გამოძიებას ჩვენება აძლევს ვალერიან იმნაიშვილი.

18 იანვარი

გამოძიებამ მაგთიკომიდან მიიღო 4 იანვარს გამოთხოვილი ინფორმაცია.

20 იანვარი

გამოძიება გამოსცემს დადგენილებებს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების შესახებ - წინასწარ პატიმრობაში ყოფნის მეოთხე თვეს პროკურატურამ ბრალის ნაწილში მოტივი განსაზღვრა და თქვა, რომ კარტოგრაფები მაღალი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ ქვეყნის საზიანოდ და ამის დამამტკიცებელი ვიდეო და აუდიო ჩანაწერები არსებობს.

ასევე ნახეთ მთავარია არა ფარული ჩანაწერების არსებობის ფაქტი, არამედ მათი შინაარსი - დაკავებული კარტოგრაფის ადვოკატი

გამოძიებამ ექსპერტიზის ბიუროს მიმართა ვიდეო ფონოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებით.

21 იანვარი

ბრალდებულების ადვოკატებს გადაეცათ საიდუმლო საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალა. მანამდე კი, დღის 2 საათზე დაგეგმილ საგანგებო ბრიფინგზე პროკურორმა აჩვენა 15 წუთიანი ვიდეო, რომელიც ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტშია გადაღებული და სადაც ის და მალხაზ მიქელაძე რუკებსა და საზღვრის დადგენის დეტალებზე ლაპარაკობენ. პროკურორმა არ უპასუხა კითხვას, კონკრეტულად ვის და რა დავალებებს ასრულებდნენ ბრალდებულები და თუკი დავალებების შემსრულებელები დაკავებულები არიან, რატომ არ აკავებს გამოძიება ქვეყნის საზიანო დავალებების მიმცემ ხელმძღვანელ პირებს. მედიასთან შეხვედრაზე პროკურატურას არ გაუსაჯაროებია 20 წამიანი აუდიო ჩანაწერი, სადაც ნატალია ილიჩოვას ხმა ისმის - ეს ჩანაწერი მოგვიანებით პროკურატურის ვებ-საიტზე აიტვირთა.

ასევე ნახეთ ვინ უკეთ გამოიყენებს "კარტოგრაფების საქმეში" აღმოჩენილ ფარულ ჩანაწერებს - ბრალდება თუ დაცვა?

მოწმის სახით დაიკითხა ბადრი ბიწაძე.

22 იანვარი

მხარეებმა მოპოვებული ის მტკიცებულებები გაცვალეს, რომელთა წარდგენასაც სასამართლოში გეგმავენ.

26 იანვარი

მალხაზ მიქელაძემ, საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ და საქმის მოწმემ, რადიო თავისუფლებას ექსკლუზიურ ინტერვიუში უთხრა, რომ ახალი ამბებიდან გაიგო იმის შესახებ, რომ გამოძიებას მტკიცებულებებად ჰქონდა ჩანაწერები მისი მონაწილეობით. "მომლაპარაკებელს ზურგს უნდა უმაგრებდეს ის უწყება, რომელსაც წარმოადგენს"- თქვა მალხაზ მიქელაძემ.

28 იანვარი

საქალაქო სასამართლოში ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა იმართება; სასამართლოს ეზოში დაგეგმილია აქცია.