Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ორშაბათი, 14 სექტემბერი 2015

პუტინის აგიტპროპის უსაყვარლესი თემაა ვარიაციები სტალინზე, როგორც ბრწყინვალე მენეჯერზე, რომელმაც 30-იან წლებში ქვეყნის ეფექტიანი ინდუსტრიალიზაცია განახორციელა.

მენეჯერ სტალინზე საუბრისას უპრიანია გავიხსენოთ, რა მდგომარებაში იყო საბჭოთა კავშირი 1928 წელს, ანუ მაშინ, როცა ჯუღაშვილმა ულტრამემარცხენე ეკონომიკური რევოლუცია წამოიწყო და ქვეყანა უკან, სამხედრო კომუნიზმში დააბრუნა.

1921 წლის დასაწყისში პოლონეთთან ომში დამარცხებული ლენინი აღიარებდა: „ეკონომიკურ ფრონტზე ჩვენმა მცდელობამ, გადავსულიყავით კომუნიზმზე, განიცადა უფრო სერიოზული და საშიში მარცხი, ვიდრე ჩვენთვის ოდესმე მოუყენებია (...) პილსუდსკის (პოლონეთის არმიის მთავარსარდალს − ლ.ო.).“

მართლაც, „სამხედრო კომუნიზმი“ საბოლოოდ გაასწორებს მიწასთან ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფ ქვეყნის ეკონომიკას: 1921 წლის დასაწყისში მთლიანი შიდა პროდუქტი ომამდელი პერიოდის (1914 წ.) მესამედსაც კი ვერ აღწევდა. ამან აიძულა ლენინი, ეკონომიკაში საბაზრო ელემენტები დაებრუნებინა.1921 წლის დასაწყისში ახალ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ე.წ. ნეპზე, გადასვლა დიდ საწარმოებს ბოლშევიკური პარტიის სრული კონტროლის ქვეშ ტოვებდა. სამაგიეროდ, დაშვებულ იქნა თავისუფალი ვაჭრობა და მცირე სამეწარმეო საქმიანობა. ნეპ-მა და ფინანსთა მინისტრ სოკოლოვსკის მიერ გატარებულმა რეფორმებმა განამტკიცა ფინანსური სექტორი და ააღორძინა ეკონომიკა: ფულადი ერთეული ჩერვონეცი გახდა, სტაბილური, მზარდი მრეწველობის ფონზე კი ქვეყნის ეკონომიკამ 1928 წელს პირველად მიაღწია ომამდელ (1914 წლის) დონეს.

და აი, ამ ეკონომიური აღორძინების მომენტში, სტალინმა ერთპიროვნულად და პოლიტბიუროს ზოგიერთი წევრის (განსაკუთრებით კი სოვნარკომის, ანუ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე რიკოვის) წინააღმდეგობის მიუხედავად, გადაწყვიტა ნეპ-ის მიერ შექმნილი ეკონომიკური ლანდშაფტის დანგრევა და, რადიკალური ინდუსტრიალიზების მიზნით, ქვეყანა უმოკლეს დროში დააბრუნა უკან, სამხედრო კომუნიზმში.

პირველი ხუთწლედის საშუალებით სამხედრო კომუნიზმში დაბრუნებაა ჯუღაშვილის დიქტატურის მთავარი „მიღწევა“ და სტალინის რეპრესიული სისტემის ყველა დამახასიათებელი ნიშანი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ამ „მიღწევიდან“ წარმოებული: მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე უპრეცედენტო ძალადობის განსახორციელებლად (ქვეყნის მოსახლეობის 85%-ს გლეხობა შეადგენდა), საჭირო იყო უზარმაზარი რეპრესიული აპარატის შექმნა თავისი საკონცენტრაციო ბანაკებით. სტალინის ამ რევოლუციას გლეხებმა ძალადობით უპასუხეს. 1929 წლიდან მოყოლებული, ქვეყანაში გლეხთა აჯანყების ენდემური კერები გაჩნდა. უიარაღო გლეხთა ამბოხის ჩასახშობად ქვეყნის რეპრესიულმა მანქანამ მასობრივად გამოიყენა ტანკები და მსხვილი არტილერია. დახვრიტეს ასიათასობით გლეხი, ხოლო ორ მილიონზე მეტი − გადაასახლეს.

პირველი ხუთწლედის შედეგად მკვეთრად შემცირდა სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის მოცულობა. განსაკუთრებით კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მეცხოველეობა: სტალინის კოლექტივიზაციის შედეგად ოთხ წელიწადში ორჯერ შემცირდა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის რაოდენობა. ამ ძალადობის ფონზე 1932-33 წლებში განხორციელებულმა ხორბლისა და სხვა პროდუქციის ექსპროპრიაციამ გამოიწვია გლეხთა მასობრივი შიმშილი, რომელმაც, სხვადასხვა მონაცემებით, ხუთიდან შვიდ მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა (სტალინის კოლექტივიზაციის შესახებ სტატისტიკური მონაცემები მომყავს ამ საკითხისადმი მიძღვნილი ორი ფუნდამენტური ნაშრომიდან).

მიუხედავად გაღებული მსხვერპლისა, პირველი ხუთწლედის შედეგებით სტალინს საქმე არც ინდუსტრიალიზაციის მხრივ ექნება თავმოსაწონად. სამრეწველო ცენტრების მშენებლობა ქაოსურად მიმდინარეობდა და, ძირითადად, ხორციელდებოდა ხარჯთაღრიცხვის გარეშე: მაგნიტიგორსკისა და კუზნეცკის მეტალურგიული კომბინატები, ნიჟნი ნოვგოროდის ავტოქარხანა, ბობრიკის ქიმკომბინატი, ანუ სტალინური ინდუსტრიალიზაციის სიმბოლოები, ისე იქმნებოდა, რომ არ არსებობდა ამ ცენტრების მშენებლობის საფინანსო ანგარიშგება. მიუხედავად იმისა, რომ სტალინმა ეს ყველაფერი იცოდა (ძირითადად, ორჯონიკიძისგან), მან არაფერი მოიქმედა ვითარების გამოსასწორებლად. ამ ქაოსის შედეგად, პირველი ხუთწლედის განმავლობაში სამრეწველო ცენტრების მშენებლობის უდიდესი ნაწილი გაიყინა. ახლა არ მოვიყვან პირველი ხუთწლედის შეუსრულებელი გეგმის სტატისტიკას. შევჩერდები მხოლოდ პირველი ხუთწლედის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ სფეროზე − ტრაქტორებისა და მანქანების წარმოების გეგმაზე, რომელიც მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1956-1957 წლებში შესრულდა.

მიუხედავად სრული კრახისა, პირველი ხუთწლედის გეგმას სტალინი შესრულებულად გამოაცხადებს ოთხ წელიწადში, ხოლო სამხედრო კომუნიზმით გამოწვეულ ფინანსური სექტორის მოშლას სოციალიზმში შესვლის პირველ მერცხლად მონათლავს: ბელადის აზრით, ხუთწლედის შედეგად დაწყებული მზარდი ინფლაცია მხოლოდ ფულად-სასაქონლო ურთიერთობის აღმოფხვრასა და ქალაქსა და სოფელს შორის პროდუქტების ბარტერულ გაცვლაზე გადასვლას მოასწავებდა.

სტალინის მიერ პირველი ხუთწლედის გეგმის „შესრულების“ ტრიუმფულ გამარჯვებად გამოცხადებამ ხელი შეუწყო ქვეყანაში ერთი დიდი მანკიერების - ვირტუალური ციფრების სამყაროს - დამკვიდრებას: პირველი ხუთწლედიდან მოყოლებული საბჭოთა კავშირის დაშლამდე ქვეყანაში მუდმივად არსებობდა ვირტუალური ეკონომიკური რეალობა, რომელსაც სინამდვილესთან საერთო არაფერი ჰქონდა.

სტალინის ულტრამარქსისტული რევოლუცია ასევე მეტისმეტად რადიკალური გამოდგა ქვეყნის სოციალურ ქსოვილისათვის: სტალინის პირველმა ხუთწლედმა დაასრულა საზოგადოების სრული ატომიზაცია და ჩანასახშივე მოსპო ის სამოქალაქო ინიციატივა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობდა ქვეყანაში ნეპ-ის პერიოდში. სოციალური ქსოვილის სრულ მოშლას კი შედეგად მოჰყვა ის, რომ საგრძნობლად გაიოლდა პროპაგანდის გზით საზოგადოების მანიპულირება.

სტალინი, რა თქმა უნდა, ხვდებოდა, რომ ხუთწლედის „ტრიუმფული გამარჯვება“ სინამდვილეში მარცხის ყველა ნიშანს ატარებდა: 1932 წელს სახელმწიფომ გლეხებისგან მიიღო 20%-ით ნაკლები პური, ვიდრე დაბალმოსავლიან 1931 წელს. უფრო დიდ საშიშროებას პოლიტიკური დესტაბილიზაცია წარმოადგენდა: სადამსჯელო ორგანოები სტალინს უხვად აწვდიდნენ ინფორმაციას წითელი არმიის მოსამსახურეებზე (რომელთა თითქმის 90%-ს ოჯახი სოფლად ჰყავდა), სულ უფრო მზარდ უკმაყოფილებას რომ გამოთქვამდნენ კოლექტივიზაციის გამო. ყოველივე ამან სტალინი აიძულა, მეორე ხუთწლედში ქვეყნისთვის „ზომიერ“ მოღვაწედ მოეჩვენებინა თავი. როგორც 1943 წლის ზაფხულში, ორწლიანი ომისა და მილიონობით მსხვერპლის შემდეგ, სტალინმა სამხედროების აზრის გათვალისწინება დაიწყო, მან 1933-34 წლებშიც გაითვალისწინა (თუმცა, დროებით) რიკოვის რჩევები: გლეხებს პირადი მეურნეობის ფლობის უფლება მისცეს და დაპირდნენ, რომ ხორბლის მოსავლის მხოლოდ ნაწილს ჩამოართმევდნენ. ეკონომიკურთან ერთად, ჯუღაშვილი „პოლიტიკურ დათმობებზეც“ წავიდა: გააუქმა პირველი ხუთწლედის ტერორის სიმბოლო − ОГПУ, ჩეკისტებს აუკრძალა მასობრივი დაპატიმრებები და დეპორტაციები, ციხეებიდან გაათავისუფლა პირველი ხუთწლედის დროს დაპატიმრებულთა ნაწილი. ამგვარად, სამხედრო კომუნიზმი შეიცვალა სტალინისეული „მიკრონეპ“-ით.

დღეს დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ისტორიაში ძნელად მოიძიება პრეცედენტი, როცა სახელმწიფოს მეთაურის უმეცრება და მისი მხრიდან სპეციალისტთა იგნორირება (ეკონომიკით დაწყებული, სამხედრო სფეროთი დამთავრებული) ისე ძვირად დასჯდომოდა ქვეყანას, როგორც ეს სტალინის შემთხვევაში მოხდა. ეკონომისტებსა და ისტორიკოსებს კიდევ ბევრი მუშაობა მოუწევთ იმის დასადგენად, რამდენად მფლანგველი იყო სტალინური ინდუსტრიალიზაციის სისტემა. მაგრამ ერთის თქმა ახლავე შეიძლება: ინდუსტრიალიზაციის სტალინური ვერსიის განხორციელება მხოლოდ ადამიანური და ბუნებრივი რესურსებით ისეთ მდიდარ ქვეყანაში იყო შესაძლებელი, როგორიც საბჭოთა კავშირი გახლდათ.

ერთ-ერთ წინა წერილში ვახსენე ფრაზა, რომელსაც ჩერჩილს მიაწერენ და რომლის მიხედვითაც „სტალინმა ქვეყანა გუთნით ჩაიბარა და ატომური ბომბით დატოვა“. მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩერჩილს ეს ფრაზა არ უთქვამს; ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ეს ფრაზა ნინა ანდრეევამ მიაწერა 1988 წლის 13 მარტს „სოვეტსკაია როსიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში «Не могу поступаться принципами». დავამატებდი, რომ, გუთნებთან და ბომბებთან ერთად, სტალინმა ქვეყანა მშიერ-მწყურვალი მოსახლეობითაც დატოვა: საბჭოთა კავშირის ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს მონაცემების თანახმად, 1952 წელს მოქალაქის დღიური საშუალო საკვები ნორმა (რომელიც მხოლოდ დიდ ქალაქებში სრულდებოდა), გახლდათ ნახევარი კილო პური, 0,38 ლიტრი რძე, ერთი-ორი კოვზი შაქარი და 40 გრამი ხორცი, ანუ უფრო ნაკლები, ვიდრე ნაცისტური გერმანიის საოკუპაციო რეჟიმმა დაუწესა საფრანგეთის მოსახლეობას 1940 წლის შემოდგომაზე.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) 1990 წელს ცვლილებები შეიტანა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში და ჰომოსექსუალობა ამოიღო დაავადებათა სიიდან. ის შეფასებულია, როგორც განსხვავებული სექსუალური ქცევა და არა დააავადება.

არ ვიცი, შევძლებ თუ არა ამ წერილის დასრულებას. ისიც არ ვიცი, რა აზრი აქვს. უბრალოდ, გამახსენდა, რომ იმის მსგავსი, რაც რადიო თავისუფლების საიტზე გამოქვეყნდა, რომელიმე სხვა ჟურნალ-გაზეთში რომ დაბეჭდილიყო, აუცილებლად გამოვეხმაურებოდი.

პრობლემას ის ქმნის, რომ "თავისუფლების დღიურები" მოწვეული სტუმრის თავისუფალი მონოლოგია, რომელიც ყოველგვარი ფილტრაციის გარეშე გადის ეთერში. ამ ადამიანებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ჩვენი სინამდვილის მიმართ. მაგრამ პრობლემას ისიც ქმნის, რომ დღიურები ქვეყნდება რადიოში, რომელიც დღიდან თავისი დაარსებისა ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის, რომლის „მაუწყებლობა და პუბლიკაციები არ უნდა შეიცავდეს მასალას, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნეს ძალადობის გამჩაღებლად ან წამქეზებლად.“

ახლა გადავხედოთ ბატონი ექიმის დღიურებს. არ შევიმჩნიოთ ის, რომ თავისი კლინიკის უფასო რეკლამას ცდილობს (თანამედროვე მედიცინაში არარსებული სამსახურით), არღვევს სამედიცინო ეთიკას (რადგან მის პაციენტს თავისუფლად შეუძლია ამოიცნოს თავი და დაინახოს, როგორია მისივე ექიმის დამოკიდებულება ადამიანების მიმართ), თავი დავანებოთ ამ კომპიუტერულ თამაშებს, „ერევნებს“ და 100 ლარით შვილის მოქრთამვის სრულიად უგემოვნო ისტორიას. ყურადღება შევაჩეროთ, აი, ამ ციტატაზე:

„ვთანხმდებით, რომ პირველი სწორი ნაბიჯი იქნება, რომ მის შვილს ქალი მოვასინჯვინოთ. ეს ჩვენი შეთქმულებაა და ვადებინებ პირობას, ისე მოიქცეს, როგორც მე ვეტყვი. ის მთანხმდება. დედას ვუშვებ ოთახიდან და შემომყავს ბიჭი. ვეკითხები, რა უნდა? მპასუხობს, რომ არაფერი არ უნდა. ვეკითხები, რომ სულ უნდა, პასიურ როლში იყოს? რა თქმა უნდა არა, მაგრამ არ გამოსდის. ვეკითხები, უნდა თუ არა, რომ შვილი ჰყავდეს? მპასუხობს, რომ უნდა. ვპასუხობ, რომ მე შემიძლია ისეთი მეთოდი ვასწავლო, რომ გარანტირებულად შეძლებს აქტიური როლის თამაში გინდა კაცთან, გინდა, ქალთან, გინდა ნიანგთან. თვალები ენთება. მე ვამატებ, რომ по ходу ბავშვის გაკეთებასაც შეძლებს, ოღონდ ამისთვის ჯერ ცოტა ქალებზეც უნდა წაივარჯიშოს. ვეძახით დედას და ამბავს ვატყობინებთ, რომ გავდავწყვიტეთ ქალთან მოვსინჯოთ, ოღონდაც ამისთვის ჯერ საჭიროა „ლიგაში“ 4-5 დღე წამკურნალება. საბოლოოდ დედა ბედნიერია, შვილი − ახალი შესაძლებლობების შანსით დაიმედებული, მე კი კიდევ ერთ ჰომოსექსუალს ბისექსუალური არჩევანის შანსი მივეცი.“

ამ დღიურის გამოქვეყნების შემდეგ ბატონ ექიმს არაერთი დედა „მოუთრევს“ თავის შვილს. მამებმა, ალბათ, ხელი ჩაიქნიეს; „ბოზებში“ წაყვანამ არ უშველა და გადააბარეს დედას, რომელსაც „ლიგა“ სასწაულს ჰპირდება. თან მხოლოდ და მხოლოდ 5 დღეში! რას უნდა ველოდოთ ამ 5 დღეში? ეტყობა, მაინც არ სურს ბატონ ექიმს, გათქვას თავისი პროფესიული საიდუმლო; ჩვენც იძულებულები ვართ, გადავხედოთ ისტორიას - გავიხსენოთ ამერიკელი რეჟისორი აიტერსონ ტოსკანო, რომელმაც 30 000 დოლარი დახარჯა „მკურნალობისთვის“ და რომ ვერ იქცა ჰეტეროსექსუალად, ეკლესიას მიმართა. „დემონებისგან განდევნაც“ არაეფექტიანი გამოდგა - ცხოვრების წესი კი შეიცვალა, მაგრამ სიზმარში ისევ ჰომოსექსუალად რჩებოდა. იქნებ ჯობია, „მკურნალობის“ სხვა მეთოდები გავიხსენოთ? ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკი ხომ არა, სადაც ჰიმლერის მითითებით მამაკაცის ჰორმონებით ამდიდრებდნენ ჰომოსექსუალებს? ელექტროშოკი? ამის ტრადიციაც არსებობს, ოღონდ 50-იან წლებში: უჩვენებდნენ შიშველი მამაკაცის ფოტოებს და დენს უშვებდნენ თავში... საროსკიპოებიც შეიძლება. მამამ თუ არ გაამართლა, ექიმს თავისი ასისტენტები უთუოდ ეყოლება.

რა შეიძლება მოგვიტანოს ასეთმა „მკურნალობამ“? დიახ, რა შეიძლება მოუტანოს ყოველ ჩვენგანს? რა შეიძლება მოუტანოს ქვეყანას?

1. „ნამკურნალები ყმაწვილი“, რომელსაც თავისი იდენტობა წაართვეს, გადააკეთეს და დაანგრიეს, ცხადია, მოვა „რომელიმე 17 მაისს“ ტაბურეტკით ხელში; მოვა იმიტომ, რომ თავის სიძულვილს მოძალადე დედის, მოძალადე შვილის, კულტურის, ქვეყნის და პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ, აუცილებლად სხვაზე გადაიტანს. ის უკვე ღრმადაა დარწმუნებული, რომ ავად იყო და რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა. ჰოდა როგორ არ შეუერთდება იმათ, ვინც ზუსტად მასავით ფიქრობს?! მართალია, დროდადრო, სიზმარში ისევ ესიზმრება შიშველი ბიჭები, უფრო მეტიც, ეაკულაციასაც ვერაფერს უხერხებს, მაგრამ „ექიმმა უთხრა“, რომ ეს ეტაპია - დაქორწინდება, ბავშვები ეყოლება და იცხოვრებს ბედნიერად.

2. „ნამკურნალები ყმაწვილი“ დაქორწინდება და მოვა პოლიტიკაში. ძალაუფლება რომ ექნება, იმასაც მოახერხებს, რომ დროდადრო, კონსპირაციულ ბინებში ყმაწვილები მიიპატიჟოს და გაერთოს ცოტა. აკი გვითხრა „ექიმმა“, ჰომოსექსუალს ბისექსუალად გადავაქცევო. ჰოდა, ხანდახან ხომ უნდა დაიკმაყოფილოს ახლა უკვე „ბისექსუალური ვნებები“? და ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში არაფერი იმალება, ეს ჩვენი პოლიტიკოსი შეიძლება მოკლან კიდეც და მერე საზოგადოებას მისი ორიენტაცია გაახსენონ, რათა არავის არ ჰქონდეს ეჭვი - აბა რამდენი ადამიანი განიცდის ამ ქვეყანაში ჰომოსექსუალის მკვლელობას? მით უმეტეს, რომ აგერ ექიმმაც ამაყად გვიამბო, როგორ მოკლა ჰომოსექსუალი ახალგაზრდა კაცში და როგორ „გადააკეთა“ ძვირფასი დედის თანხლებით.

დარწმუნებული ვარ, საქართველოში დადგება დრო, როცა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას წავიკითხავთ როგორც არარეალიზებული სექსუალობის ისტორიას. ასევე დათრგუნული სექსუალობის ისტორიას. ერთი პრობლემაა ადამიანი, რომელიც ვერ ხდება ბედნიერი, რადგან გარემოს, სოციუმის, მშობლების, თუ კულტურის გავლენით თავისი ცხოვრებით ვერ ცხოვრობს. მაგრამ მეორე პრობლემაა არარეალიზებული თუ დათრგუნულ-შეშინებული პოლიტიკოსი, რომელიც ხელისუფლებაში მოდის სწორედაც რომ იმ „სიხარბის“ დასაძლევად, რასაც მისი სექსუალური კონსტიტუცია უქმნიდა. ჰოდა აბა როგორ უნდა ემსახუროს ქვეყანას, როგორ უნდა დაიცვას ქვეყნის კონსტიტუცია, როცა საკუთარ კონსტიტუციას და იდენტობას ღალატობს? უნდა კი ქვეყანას ეს არარეალიზებული, შეშინებული ადამიანები მმართველად? როგორ აბარებს ძალაუფლებას ხალხს, რომელსაც საკუთარი თავის ეშინია?

3. ყველაზე მთავარი: დაქორწინდება და შვილები ეყოლება.

ხუთ დღეში „ნამკურნალებს“, ცხადია, არავითარ შემთხვევაში არ ეყვარება ცოლი. ერთ მშვენიერ დღეს თუ ნერვებმა უმტყუნა, შეიძლება სწორედ უბედური ქალი გახდეს მისი დათრგუნული აგრესიის მსხვერპლი. ვინ-ვინ და „ლიგაგავლილ“ ყმაწვილს არასდროს დაავიწყდება, როგორ „გადააკეთეს“... და ახლა, დაქორწინებულმა, ვისზე უნდა იძიოს შური, თუ არა ოჯახის წევრზე?

ასე შეიძლება "ლიგაგავლილმა" ყმაწვილებმაც შეიტანონ წვლილი ოჯახში ძალადობის ისედაც გახშირებულ პრაქტიკაში. და ვინ იქნება ამ სიძულვილის მოწმე? ცხადია, ბავშვები. ამ ქვეყნის მომავალი. ის ბავშვები, რომლებიც უსიყვარულობის, სიძულვილის, უბედური მშობლების სივრცეში გაიზარდნენ... გაიზარდნენ იქ, სადაც „100 ლარად“ კოცნას სთავაზობდა ოჯახის წევრი.

მერე ეს ბავშვები მოვლენ პოლიტიკაში, ერთმანეთს დაერევიან... და „по ходу“ ვიცხოვრებთ სულ სიძულვილში.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG