Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015

1941 წლის შემოდგომის დასაწყისში, უკრაინის დედაქალაქში წითელი არმია განიცდის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კატასტროფას: 19 სექტემბერს გიგანტურ ალყაში მოხვდება წითელი არმიის ყველაზე დიდი ოპერატიულ-სტრატეგიული გაერთიანების, სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის, სამხედრო შენაერთები. გერმანელების ხელში აღმოჩნდება 665 000 ტყვე და 100 000 მოკლული სამხედრო. 43 დივიზიის საკადრო ოფიცრობა (მათ შორის 13 გენერალი), რომლებსაც თანამედროვე ომის უკვე 3-თვიანი გამოცდილება ჰქონდა შეძენილი (რაც იმ პირობებში ცოტა არ იყო), სამუდამოდ იქნება დაკარგული. არანაკლები იქნება დანაკარგები აღჭურვილობის მხრივ: 884 ტანკი, 3 718 ქვემეხი და 30 000 სხვადასხვა სახის ავტომანქანა. კიევის კატასტროფის შედეგად სტალინი დაკარგავს არსებული სამხედრო ძალების ერთ მეოთხედს. სტრატეგიული დაცვის მთელი სისტემა ერთ დღეში დაინგრევა: დონბასის მსხვილი ინდუსტრიული ცენტრი და ყირიმი დარჩება დაცვის გარეშე, ხოლო მოსკოვისკენ მიმავალი სამხრეთის გზა ვერმახტისათვის ღია აღმოჩნდება.

სტალინის სიკვდილის შემდეგ მისი გენერლები კიევთან წვნეულ ამ მარცხში პასუხიმგებლობას ჯუღაშვილს დააკისრებენ. ჰიტლერის გენერალიტეტის ნაწილი კი ვერმახტის ამ გრანდიოზულ გამარჯვებას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომში გერმანიის დამარცხების მიზეზად გამოაცხადებს. შევეცადოთ გავერკვეთ ამ პარადოქსურ სიტუაციაში.

ფრონტებთან კავშირის დასამყარებლად 1941 წელს სტალინი იყენებდა სამოქალაქო ომის ეპოქის ძალზედ მოძველებულ და მოუხერხებელ ტელეგრაფს. ეს სისტემა ყველაზე უფრო გამოსადეგი ისტორიკოსებისთვის აღმოჩნდა: ტელეგრაფის წყალობით შენარჩუნებულ იქნა ჩანაწერები, რომლებიც დღეს საშუალებას გვაძლევს, შევაფასოდ სტალინ მხედართმთავრის როლი კიევის კატასტროფაში.

23 აგვისტოს ჰიტლერი უცბად გადაწყვიტავს, არმიათა ჯგუფ „ცენტრში“ შემავალი ჰაინც გუდერიანის მეორე სატანკო ჯგუფი და მაქსიმილიან ფონ ვაიქსის მეორე არმია მოსკოვის მიმართულებიდან სამხრეთით მოატრილოს წითელი არმიის ყველაზე ძლიერი დაჯგუფების, სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის განადგურების მიზნით. 25 აგვისტოს გუდერიანის სატანკო ჯგუფი და მეორე არმია გამოეყოფა არმიათა ჯგუფ „ცენტრს“ და გაემართება კიევისკენ, სადაც ვერმახტის არმიათა ჯგუფი „სამხრეთი“ მოქმედებდა.

როგორც კი შაპოშნიკოვი და ვასილევსკი (წითელი არმიის გენშტაბი), დააფიქსირებენ გუდერიანის მარშრუტის ცვლილებას, ისინი შეახსენებენ სტალინს, რომ ჯერ კიდევ 18 აგვისტოს ჟუკოვი მიანიშნებდა ბელადს სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის ფლანგების სისუსტეზე და სთხოვენ სტალინს, უფლება მიეცათ ამ ფრონტის მთავარსარდალ კირპონოსისთვის კიევი დაეტოვებინა. ჯუღაშვილი გენშტაბელებს უარს ეტყვის: ბელადის აზრით, ვერმახტის საუკეთესო სატანკო ნაწილების შეჩერებისთვის ორი არმიისგან შემდგარი ბრიანსკის ფრონტი (რომელსაც სატანკო შენაერთები არ გააჩნდა) საკმარისი იქნებოდა.

გენშტაბელების შემდეგ, თვით სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის მთავარსარდალი კირპონოსი შეეცდება დაარწმუნოს სტალინი, რომ მარტო ბრიანსკის ფრონტი ვერ შეძლებს გუდერიანის გაჩერებას და სთხოვს, უფლება მისცეს კიევიდან ბრიანსკის ფრონტის დასახმარებლად მაინც გადაასროლინოს ჯარები.

გუდერიანის და ჰიტლერის საბედნიეროდ, სტალინი კირპონოსსაც უარს ეტყვის. 10 სექტემბერს გუდერიანის მეორე სატანკო ჯგუფი ადვილად გადათელავს ბრიანსკის ფრონტის 21-ე და მე-40 არმიებს და შეუფერხებლად განაგრძობს კიევისკენ მოძრაობას. ამავე მომენტში, ჰიტლერის ბრძანებით, არმიათა ჯგუფ „სამხრეთში“ შემავალი ევალდ ფონ კლაისტის პირველი სატანკო ჯგუფი, დაიწყებს სვლას გუდერიანის მიმართულებით. ყველასთვის ნათელი გახდება, რომ ვერმახტი იმეორებს თავის კლასიკურ „Kessel“-ს, ანუ ორი სატანკო ჯგუფის მიერ წითელი არმიის ნაწილების „ტომარაში“ („ქვაბში“) მოქცევის მანევრს, ისე, როგორც ეს რამდენიმე დღით ადრე მინსკში და სმოლენსკში განახორციელეს გერმანელებმა.

(„ბარბაროსას“ ოპერაციისას, გერმანიის და მისი მოკავშირეების ჯარები ანხორციელებდნენ იერიშს სამი ძირითადი მიმართულებით: ლენინგრადისკენ არმიათა ჯგუფ „ჩრდილოეთის“, მოსკოვისკენ - არმიათა ჯგუფ „ცენტრის“ და კიევისკენ - არმიათა ჯგუფ „სამხრეთის“ საშუალებით. ამ სამ არმიათა ჯფუფს გააჩნდა მხოლოდ ოთხი სატანკო ჯგუფი: ორი - ცენტრს და თითო-თითო სამხრეთს და ჩრდილოეთს. ვინაიდან „ტომრის“ („ქვაბის“) განხორციელებისათვის საჭირო იყო ორი სატანკო ჯგუფი, არმიათა ჯგუფი „ცენტრი“ იძულებული იყო, ხან ჩრდილოეთით და ხან სამხრეთით გადაეცა ერთ-ერთი სატანკო ჯგუფი. ასე დაწვრილებით იმიტომ გავჩერდი ამ ეპიზოდზე, რომ მკითხველმა გაიგოს, გუდერიანის ტანკების სამხრეთით მოტრიალებით რატომ იყო ასე ადვილი გამოსაცნობი გერმანული მანევრი).

11 სექტემბერს, უკვე მარშალი ბუდიონი (სამხრეთ-დასავლეთის სტრატეგიული მიმართულების მთავარსარდალი, რომელშიც შედიოდა სამხრეთ-დასავლეთის ფრონტი) შეეცდება სტალინის დაარწმუნებას, რომ კიევის „დატოვების მომენტი მომწიფებული იყო“. განრისხებული ბელადი, კიევის დატოვების უფლების ნაცვლად, ბუდიონის დაატოვებინებს პოსტს.

14 სექტემბერს გენერალი ტუპიკოვი, სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის შტაბის მეთაური, აცნობებს შაპოშნიკოვს, რომ „ნათელია, რომ კატასტროფის დასაწყისი მხოლოდ ორიოდე დღის საქმეა“. ტუპიკოვი ყველაფერში მართალი იყო გარდა ერთისა: ის, რაც სამხედრო საქმის უმეცარი ბუდიონისთვისაც კი ნათელი იყო, ჯუღაშვილისთვის კიდევ ბინდმოსილი რჩებოდა.

იმავე დღეს კლაისტის და გუდერიანის ნაწილები ლოხვიცაში შეერთდებიან და კირპონოსის ჯარების უდიდეს ნაწილს ალყაში მოაქცევენ.

ეს ინფორმაცია ბელადში პანიკურ შიშს გამოიწვევს, რისი დასტურიც სტალინის მიერ ჩერჩილისადმი მიწერილი წერილია: „მე მგონია, რომ ინგლისს ყველანაირი რისკის გარეშე შეუძლია არხანგლესკში გადმოსხას 26-30 დივიზია [...] საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე წითელ არმიასთან ერთად სამხედრო თანამშრომლობისათვის“. სიტუაცია ნამდვილად არ იყო იუმორს მოკლებული: სტალინი სთხოვდა „პირსისხლიან იმპერიალისტ“ ჩერჩილს ემოქმედა, როგორც 1918 წელს, ოღონდ ამჟამად არხანგელსკში გაეგზავნა 30 დივიზია (ანუ ჩერჩილის ხელთ არსებული თითქმის მთელი სახმელეთო ნაწილები) არა ბოლშევიკების დასამარცხებლად, არამედ მათ გადასარჩენად.

მიუხედავად ამ შიშისა, სტალინი არც 15 სექტემბერს მისცემს კირპონოსს კიევის დაეტოვების უფლებას. ვერც ბუდიონი, ვერც კირპონოსი და ვერც სტალინისგან ტერორიზებული ცარისტული არმიის ყოფილი პოდპოლკოვნიკი შაპოშნიკოვი (რომელიც სტალინის კარნახით წერდა წერილებს სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის ხელმძღვანელობას) ვერ შეძლებენ გააგებინონ ჯუღაშვილს, თუ რაში მდგომარეობდა ერთადერთი სწორი გამოსავალი. თუ ტუპიკოვის მოადგილე, პოლკოვნიკი ბაგრამიანი (სტალინის მომავალი მარშალი) და კიევის დამცველი 37-ე არმიის მთავარსარდალი გენერალი ვლასოვი (ჰიტლერის მომავალი გენერალი) მოახერხებენ ალყიდან თავის დაღწევას, ფრონტის მხედართმთავარი კირპონოსი და მისი შტაბის უფროსი ტუპიკოვი მოკლულ იქნებიან.

მიუხედავად იმისა, რომ კიევში გამარჯვების შემდეგ ვერმახტის გენერალიტეტს სრული ეიფორია მოიცავს, ომის დამთავრების შემდეგ იგივე გენერლები დაიწყებენ ჰიტლერის კრიტიკას, მისი 23 აგვისტოს ბრძანების გამო. ზოგიერთი მათგანი თავის ფანტაზიებში ისე შორს წავა, რომ ომში დამარცხების მიზეზად კიევის ოპერაციას გამოაცხადებს. მეორე არმიის ყოფილი მთავარსარდალი, გენერალ-ფელდმარშალი მაქსიმილიან ფონ ვაიქსი, იქნება ერთ-ერთი იშვიათთაგანი, რომელიც აღიარებს, რომ კიევის ოპერაციის ჩატარება ჰიტლერის სწორი გადაწყვეტილება გახლდათ: „ეს ბრძოლა, რომელიც მიზნად ისახავდა მტრის დიდი დაჯგუფების განადგურებას, მე მომეჩვენა მაშინ, როგორც უცილობელი წინაპირობა კამპანიის (მოსკოვის აღების მიზნით - ლ.ო.) გაგრძელებისა. დღეს ჩვენ ვიცით, რომ არმიათა ჯგუფმა "ცენტრმა" ვერ მიაღწია მოსკოვს; რომ შეტევა ძალიან გვიან დაიწყო (გუდერიანის სატანკო შენაერთების სამხრეთით გადასროლის გამო - ლ.ო.); რომ ძალიან ცივი ზამთრის და რუსების ბრძოლისუნარიანობის მოულოდნელად აღორძინების შედეგად ჩვენ დავმარცხდით. ამიტომ ზოგს მიაჩნია, რომ კიევის ბრძოლა სტრატეგიული შეცდომა გახლდათ. მაგრამ ჩვენ არ ვიცით არმიათა ჯგუფი "ცენტრი" შეძლებდა თუ არა მოსკოვამდე მიღწევას, როდესაც კირპონოსის ჯარების მხრიდან არსებობდა ძლიერი საფრთხე ჩვენს ფლანგებზე და უკანა ხაზზე. [...] ყოველ შემთხვევიაში, მოსკოვის მიმართულებით შეტევის დაწყებამდე დნეპრზე ოპერაციის (კიევის ოპერაცია - ლ.ო.) განხორციელება სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილება იყო. [...] ომების ისტორიაში, ეს ბრძოლა ნამდვილად იმსახურებს ადგილს კანეს და ტანენბერგის გვერდით“.

კიევის ოპერაცია თუ მართლა კანეს და ტანენბერგის ბრძოლების, ანუ სამხედრო ისტორიის საუკეთესო ტაქტიკური ოპერაციების გვერდზე იმსახურებს ადგილს, ამაში ჰიტლერთან ერთად უთუოდ სტალინ მხედართმთავრის დიდი დამსახურებაც არის.

ვისაც წაგიკითხავთ ჩემი ბლოგი შრომის ინსპექციის საჭიროებაზე, კარგად მოგეხსენებათ, თუ რა აზრი მაქვს მუშების ჩაგვრაზე. ამიტომ, იმედია, ამ ბლოგს რომ წაიკითხავთ, ისეთი შთაბეჭდილება არ დაგრჩებათ, რომ თითქოს საპირისპირო მხარის პოზიციებს მთლიანად ვიზიარებდე. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რაც საქართველოში მოღვაწე ქართული და არაქართული ბიზნესების უმრავლესობას მშრომელების მიმართ აქვთ. ამ ბლოგში მხოლოდ იმაზე ვისაუბრებ, თუ რაში ვხედავ ქვეყნის ეკონომიკური წინსვის შანსს.

სტატიის სათაურმა ალბათ პარტია „მრეწველების“ და გოგი თოფაძის ძველი წინასაარჩევნო ლოზუნგი მოგაგონათ. არ ვიცი, მაშინ რა გაგებით გულისხმობდნენ ამას ბატონი გოგი და მისი თანაპარტიელები, მაგრამ ეს ლოზუნგი მე ასე მესმის: სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქართული ინდუსტრიული სექტორი განვითარდეს. ამ „ყველაფერში“ უფრო კონკრეტულად რა შეიძლება შედიოდეს, მაგაზე სანამ ვისაუბრებ, იმის მოყოლით დავიწყებ, თუ როგორ მივედი ამ იდეამდე.

იმას, რომ ეს თეზისი (რომლის მიხედვითაც, მსხვილი მრეწველობის განვითარებაში დევს ეკონომიკის განვითარების გასაღები) სწორია, ძირითადად ორი რამ მაფიქრებინებს: პირველი, კაპიტალიზმის განვითარების კანონები და მეორე, განვითარების ამ მოდელის წარმატებულობის დამადასტურებელი ისტორიული მაგალითები.

„კაპიტალიზმის კანონებს“ როდესაც ვახსენებ, არც ერთ შემთხვევაში არ ვგულისხმობ იმას, რომ ეს გარდაუვალი კანონებია. განათლებით სოციალური მეცნიერი ვარ და სოციალურ მეცნიერებს კარგად მოგვეხსენება, რომ საზოგადოება აბსოლუტურად ურყევი კანონებით არ ვითარდება. „კანონებში“ მხოლოდ გარკვეულ ტენდენციებს ვგულისხმობ, რომლებიც დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ განვითარდეს. ერთი ასეთი ტენდენცია არის ის, რასაც პოლიტიკური ეკონომისტები უწოდებენ „კაპიტალის კონცენტრაციას“. ამ ტერმინის უკან დგას იდეა, რომ რაც უფრო მეტად ვითარდება კაპიტალიზმი, მით უფრო მეტად კონცენტრირებული ხდება კაპიტალი. ასეთი დასკვნა ლოგიკურია იქიდან გამომდინარე, რომ კომერციული ფირმის განვითარება დამოკიდებულია ტექნოლოგიურ ინოვაციაზე და დიდ კომპანიებს გაცილებით მეტი რესურსი აქვთ ამგვარი ინოვაციების მოსახდენად. იმას, რომ კაპიტალის კონცენტრაცია ნამდვილად ხდება, მემარჯვენე ორიენტაციის ეკონომისტებიც აღიარებენ, მათ შორის, აწ უკვე კლასიკოსად მიჩნეული იოზეფ შუმპეტერი.

თუ კაპიტალის კონცენტრაცია გარდაუვალია იმ მარტივი მიზეზით, რომ კონცენტრირებულ კაპიტალს უფრო მეტი მოგება მოაქვს, მაშინ ამასთან შეწინააღმდეგება სრულიად დაუსაბუთებელი და კონტრპროდუქტიული ნაბიჯი იქნება. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ წვრილი და საშუალო ბიზნესების განვითარებას ხელი არ უნდა შევუწყოთ, მაგრამ მთავარი აქცენტი მსხვილი ბიზნესების განვითარებაზე უნდა გავაკეთოთ. მსხვილი ინდუსტრიის განვითარება კი პირველ რიგში იქითკენ უნდა მივმართოთ, რომ ქართული ფირმების პროდუქციამ საერთაშორისო ბაზარზე მოიპოვოს კონკურენტუნარიანობა.

მეორე მიზეზი, რაც ამ იდეის სისწორეზე მიმანიშნებს, როგორც უკვე აღვნიშნე, ისტორიული პრეცედენტების არსებობაა. ბოლო 40 წლის მანძილზე მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელმა ქვეყნებმა მოახერხეს განვითარება. დანარჩენი ქვეყნები ეკონომიკურად განუვითარებლები დარჩნენ. მაგალითად, მსოფლიო ბანკის 1980 წლის მონაცემები რომ ავიღოთ, ვნახავთ, რომ ამ წელს სამხრეთი კორეა განვითარების იმ დონეზე იმყოფებოდა, რა დონეზეც სირია და იორდანია იყვნენ, მაშინ როდესაც 2014 წლის მონაცემებით, სამხრეთი კორეა დაახლოებით ისევე განვითარებულია, როგორც ესპანეთი და უფრო განვითარებული, ვიდრე საბერძნეთი და პორტუგალია.

სამხრეთ კორეის განვითარების მიზეზი ის არის, რომ იქ გააკეთეს ყველაფერი იმის საწინააღმდეგოდ, რასაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, მათ შორის „საერთაშორისო სავალუტო ფონდი“ კარნახობდნენ. კორეელებმა იმის ნაცვლად, რომ მთლიანად თავის ნებაზე მიეშვათ ბაზარი და მხოლოდ უცხოური ინვესტიციების იმედზე დარჩენილიყვნენ, დაიწყეს თანმიმდევრული ნაბიჯების გატარება წინასწარ შერჩეული მსხვილი სამრეწველო კონგლომერატების, ე.წ. „ჩაებოლების“ განსავითარებლად. სახელწიფო ამ „ჩაებოლების“, ანუ მსხვილი სამრეწველო კონგლომერატების (კონგლომერატი არის კომპანია, რომელიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ დარგებში მოღვაწეობს) შესაქმნელად და ხელშესაწყობად ყველანაირ ზომას მიმართავდა: დაწყებული მათი ხელოვნურად გამთლიანებით, დამთავრებული მსხვილ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთის მანიპულირებით. ამ სტრატეგიამ შედეგი გამოიღო: დღეს საქართველოშიც კი ვიცით ყველაზე ძლევამოსილი კორეული კონგლომერატების, „ჩაებოლების“ სახელები - LG, Samsung, Daewoo, Hyundai და ა.შ.

რა თქმა უნდა, მე იმას არ ვგულისხმობ, რომ კორეული გამოცდილება პირდაპირ უნდა გადმოვიღოთ. ყველა ქვეყანა ამ თვალსაზრისით უნიკალურია და განვითარების თავისი გზა აქვს. საქართველოს შანსი აქვს, ასევე, განავითაროს ტურიზმი და მომსახურების სფეროც (სადაც სავარაუდოდ, მცირე მასშტაბის კომპანიები იქნებიან წამყვან პოზიციაზე). ამავე დროს, ჩემი ღრმა რწმენით, მსხვილი ინდუსტრიების განვითარების გარეშე, ეკონომიკური განვითარების შანსი ძალზე მცირეა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს თუ შევხედავთ, 2013 წლისთვის ქართული მრეწველობის დარგები დაახლოებით 8 მილიარდი ლარის პროდუქციას აწარმოებდნენ (შედარებისთვის, ვაჭრობიდან კერძო კომპანიებს 22 მილიარდის შემოსავალი ჰქონდათ). საქართველოში გავრცელებულია ფოლკლორული წარმოდგენა, რომ „ჩვენ არაფერს ვაწარმოებთ“. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით კი მთლად ასეც არ არის საქმე - მართალია, მრეწველობა მომსახურების სფეროს ჩამორჩება და ეს ბუნებრივიც არის პოსტინდუსტრიულ ეკონომიკაში, მაგრამ ამავე დროს, მრეწველობა ყველაზე შემოსავლიან დარგებში მეორე ადგილზეა და აქედან ადამიანები უფრო მეტ შემოსავალს იღებენ, ვიდრე, ვთქვათ, სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესიდან (საიდანაც 2013 წელს მხოლოდ 787 მილიონი ჰქონდათ კერძო კომპანიებს შემოსავალი).

საქართველოს მთავრობამ და ე.წ. „თანაინვესტირების ფონდმა“ რაც უნდა გააკეთონ, ის არის, რომ აიღონ ეს უკვე არსებული სამრეწველო საწარმოები და მათგან ყველაზე პერსპექტიულების განვითარებაზე კონცეტრირდნენ. ამის საპირისპიროდ, „თანაინვესტირების ფონდის“ ძირითადი მიმართულებებია: ენერგეტიკა, ტურიზმი, უძრავი ქონება, ლოგისტიკა და სოფლის მეურნეობა. ამგვარი სტრატეგიით, განვითარების შანსი კი გვაქვს, მაგრამ მიზერული და იმაზე გრძელვადიანი, ვიდრე მაშინ გვექნება, თუ მსხვილი მრეწველობის განვითარებაზე ვკონცენტრირდებით.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG