Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ორშაბათი, 7 სექტემბერი 2015

რაკი არც ჟურნალისტების ინტერპრეტაციისათვის დაუბრალებიათ და არც არასწორი თარგმანისათვის, სარწმუნოა, რომ ამერიკელმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა, ევროპაში განლაგებული ამერიკის სამხედრო ძალების სარდალმა, სწორედ ის თქვა, რაც კიდევ ერთხელ საშინლად გააღიზიანებს რუსეთს და, პირიქით, გაამხნევებს საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც პრობლემებით სავსე დასავლეთისაგან ბოლო ხანს სულ უფრო მეტად გრძნობს თავს მიტოვებულად. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტერმინი „წუწუნიც“ კი იხმარა თბილისის ამ მდგომარეობის დასახასიათებლად.

მოკლედ, ვიდრე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდოდა, საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს, „ოქროს საწმისის“ ორდენის კავალერი ამერიკელი გენერალი პირისპირ შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას. რადგან გენერალი ჰოჯესი და მისი სარდლობა აშშ-ის შეიარაღებული ძალების იმ ქვედანაყოფს წარმოადგენენ, რომელიც უშუალოდაა პასუხისმგებელი საქართველო-აშშ-ის ერთობლივი სწავლებების ჩატარებაზე, საუბარი მომავალი წლისათვის დაგეგმილ სამხედრო სწავლებებზე, მათ შორის „Noble Partner“-ზეც ("სულგრძელი პარტნიორი") ჩამოვარდნილა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაო დრო რჩება, ამერიკელ გენერალს მომავალ ერთობლივ მანევრებში უფრო მეტი ამერიკელი ჯარისკაცისა და შესაბამისი სამხედრო ტექნიკის გამოგზავნის პირობა დაუდია, თანაც საკმაოდ საინტერესო კონტექსტში.

„ამავე დროს, როდესაც ის საუბრობდა საქართველოში მომავალ წელს დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ სწავლებებზე, ბევრი საინტერესო ნიუანსი იყო. ჩვენ დილით გვქონდა შეხვედრა და ვილაპარაკეთ დეტალებზე. არ ველოდი, რომ ის აქაც გაიმეორებდა იმას, რაც ჩვენთან შეხვედრაზე თქვა. კერძოდ, ერთ-ერთი ამოცანა ამ ტრენინგისა იქნება ის, რომ ვნახოთ, რამდენად სწრაფად ჩამოვლენ ამერიკული სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები საქართველოს მიწაზე, გამომგზავრების ადგილიდან", - განაცხადა თინა ხიდაშელმა კონფერენციაზე სახელწოდებით „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი ფრონტისპირა ქვეყნებში“ (ეკონომიის მიზნით სახელწოდებას ვამოკლებ - კ.ლ.). საქართველოს თავდაცვის მინისტრმა არცთუ უსაფუძვლოდ აღიქვა „ძალიან მრავლისმთქმელად და მრავლისმეტყველად“ ამერიკელი გენერლის სიტყვები: "ჩვენ უნდა გამოვცადოთ, რამდენად სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას აგრესიის შემთხვევაში“.

და მართლაც, ამერიკელი გენერლის ფრაზას არანაირი ზედმეტი ინტერპრეტაცია და კომენტარი არ სჭირდება. ევროპაში აშშ-ის ძალების სარდლობის მთავარი დანიშნულება სწორედ ისაა, რომ ნატოელ მოკავშირეებთან ერთად თვალყური ადევნოს მთავარი გეოპოლიტიკური მეტოქის, რუსეთის არმიის მოქმედებებს, განსაზღვროს მოწინააღმდეგის განზრახვა და მზად იყოს ევროპელი მოკავშირეების მიმართ რუსეთის სავარაუდო სამხედრო აგრესიის აღსაკვეთად.

სწორედ ამ მიზნით ამოქმედდა ბოლო ხანს ნატოს ექვსი ახალი სამეთაურო ცენტრი ალიანსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფლანგზე, რასაც რუსეთმა „კონფრონტაციული ნაბიჯი“ უწოდა.

მართალია, ნატოს სამეთაურო ცენტრი არ გახსნილა, მაგრამ ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრით, ალიანსის პოტენციური წევრი და ავღანეთში მოქმედ საერთაშორისო კოალიციაში სიდიდით მეორე სამხედრო კონტინგენტის მქონე საქართველო, აშშ-ის ყველაზე ერთგული პარტნიორია ვაშინგტონისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ხოლო ჯარისკაცების და სამხედრო ტექნიკის გადასროლის სისწრაფის შემოწმება, რაზეც გენერალი ჰოჯესი თბილისში „სამხედროებისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით“ ლაპარაკობდა, სხვა არაფერია, თუ არა იმ სამხედრო სტრატეგიის ნაწილი, რაც ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ალიანსის სამხედრო ძალების ბრძოლისუნარიანობისა და ოპერატიული თავსებადობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

მთავარია, რამდენად მზად არიან საქართველოს „სულგრძელი პარტნიორები“, რომ არა მხოლოდ სწრაფად შემოვიდნენ, არამედ საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალით დიდი ხნით დარჩნენ და დახვდნენ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში ღრმად შემოჭრილ და ნატოში გაწევრიანების სურვილის გამო მეზობლების კიდევ ერთხელ დასჯის მსურველ რუსეთის ჯარებს.

„მეჭიაური, მეჭიაური!“.

ექიმის მოსაცდელშიც რომ მეჭიაურზე დაიწყეს მსჯელობა, საბოლოოდ მივხვდი რომ ამ რეალობას უკვე ვეღარასდროს გავექცეოდი. მორჩა, გათავდა, მისჯილი გვაქვს უკვე: დღეს „ალი და ნინო“, ხვალ თინა ხიდაშელის ჩაცმულობა, ზეგ ინგა, მერე ისევ „ალი და ნინო“... „მეჭიაური, მეჭიაური!“. არადა იმედი მქონდა, ექიმის რიგში ხალხი საერთო გასაჭირზე იმსჯელებდა - ვის როგორ ავნებს კონდიციონერი, ვის უჭირს დილით ცხვირით სუნთქვა... არა, მხოლოდ „მეჭიაური!“.

გამსინჯა. რა ეშველება, თქვენი აზრით, ქართულ კინოსო, მკითხა. რა ეშველება ამ ქვეყანას-მეთქი, შევუბრუნე კითხვა და ექიმისგან სრულიად დაიმედებული გარეთ გამოვედი.

სავალუტო ჯიხური ვაგზლის მოედანთან. დოლარის კურსი! უიმე. გამიკვირდა, რომ რამდენიმე დღეა, ამ თემაზე არაფერი მომისმენია. არადა, ზაფხულში, როცა „ალი და ნინო“ თავის ადგილზე იდგა და ბატონი მეჭიაური შვებულებაში ბრძანდებოდა, ლარის ვარდნა მედიის მთავარი თემა იყო. ეჭვი მაქვს, ექიმის მოსაცდელებშიც „მეჭიაურივით“ განიხილებოდა. განიხილებოდა იმიტომ, რომ ასე უნდოდა მედიას. იმიტომ, რომ სხვა არაფერი იყო განსახილველი. მეჭიაური და ჯაჭვლიანი ისვენებდნენ.

ახლა გავიხსენოთ, როგორ განიხილებოდა.

„ოცნებამ“ ძალიან ადვილად გამოიყვანა დამნაშავე - ეროვნული ბანკი, რომელიც, როგორც „ოცნების“ აქტივისტები ბრძანებდნენ, „ჩვენში დარჩეს და ნაცების ხალხითაა დაკომპლექტებული“... ჩვენში დარჩა, ცხადია. კამერების წინ კი საუბრობდნენ არა მარტო ქადაგიძეზე, არამედ პანიკაზე, რომელსაც პირველ რიგში „სიცრუის მანქანა“, რუსთავი-2 თესავს ქვეყანაში. ოპოზიცია? ნუ, ოპოზიცია რის ოპოზიციაა, ყველაფერი ხელისუფლებას რომ არ დააბრალოს - „ოცნების” „უგუნურ ეკონომიკურ პოლიტიკას“. ამ დოლარმა თუ ლარმა, უკვე მერამდენედ გახლიჩა ქართული საზოგადოება. არა, თავი დავანებოთ ჯერ საზოგადოებას. შუაზე გახლიჩა ქართული პოლიტიკური სივრცე და მედიას საზაფხულო დაძაბულობის შექმნის არაჩვეულებრივი საშუალება მისცა - ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთს აბრალებდა ქვეყანაში შექმნილ სავალუტო კრიზისს, მაშინ როცა ეროვნული ვალუტა დოლართან შედარებით მთელ მსოფლიოში ეცემოდა.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებამ ლარის ვარდნის პირველ ეტაპზე სწორედ „რეგიონში შექმნილი ვითარება“ გაგვახსენა (თუმცა კრიზისი არ ახასიათებდა მხოლოდ რეგიონს), მაგრამ როგორც კი დარწმუნდა, რომ ეს არგუმენტი არ მუშაობს და, რაც მთავარია, როგორც კი აუცილებელი გახდა პოლიტიკურ ოპონენტზე შეტევა, ისევ ეროვნული ბანკი და „ცრუ ექსპერტების“ თემა წამოწია წინ. გადასარევად მიხვდა, რომ ხელისუფლების შესანარჩუნებლად მტრის ხატები აუცილებელია, სამი წლის გამოცდილებაც ჰქონდა - ლაპარაკობდა ნაციონალების „კრიმინალურ რეჟიმზე“, ლაპარაკობდა გაუთავებლად, თუმცა ამ საქმეების უმრავლესობა ისევ გამოუძიებელი დარჩა. და არა იმიტომ, რომ ვერ იძიებდა, როგორც ამას გულუბრყვილოდ იმეორებს ზოგიერთი. უბრალოდ, საჭირო იყო ეს ხატი, რომელსაც ყველაფერს დააბრალებდი - 13 ივნისის ტრაგედიით დაწყებული, ფინანსური კრიზისით დამთავრებული. და ამას იმიტომ მიხვდა, რომ დისკურსი იყო ასეთი, თუ გნებავთ - „დაკვეთა“. არა მარტო ეკონომიკური, არამედ კულტურულიც. საუკუნეების მანძილზე თავის თავში ჩაკეტილი კულტურული სივრცე, რომელიც წყეულმა ოკუპაციამ და სტალინიზმმა კიდევ უფრო ჩაკეტა და დააშორა მსოფლიოს, მიჩვეული იყო ასეთ არსებობას.

„ვენაცვალე უწინდელ დროს! ყველაფერი მაშინ თავის დონეზედ იყო მოყვანილი, ყველა თავის ქერქში იყო, ვენაცვალე“... ცდებოდა ლუარსაბი. ასეთი დრო სულ იყო. ასეთი დრო სულ არის საქართველოში.

რა შეიცვლებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლებას თუ არა, თუნდაც იმავე „სიცრუის მანქანას“ ნორმალურად რომ აეხსნა ჩვენთვის, რა ხდება დღეს მსოფლიო ეკონომიკაში, ვისზე ვართ მიბმული და რატომ არ შეიძლება არ ეცემოდეს ლარი საქართველოში? რა შეიცვლებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ქართული ტელევიზიები საინფორმაციო გამოშვებებს არა მეჭიაურით, არა ”ალი და ნინოს” დაზიანებული ქანდაკებით, არამედ იმ სირიელი ბავშვის გვამით დაიწყებდნენ, ზღვამ რომ გამორიყა ბოდრუმის სანაპიროზე? იმ ასი ათასი დევნილის სახეებით დაიწყებდნენ, არც ერთი სივრცე რომ არ იღებს - არც ევროპა და არც აზია? სისასტიკეზე, გულგრილობაზე, სიხარბეზე, ადამიანურ მსხვერპლშეწირვაზე, სოლიდარობაზე მსჯელობით რა შეიცვლებოდა?

„დონე შეიცვლებოდა“. უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც. შანსი გაჩნდებოდა“ „უძველეს ევროპელს“ ანუ ქართველს თავისი თავი მსოფლიოს ნაწილად ეგრძნო და აღარ დარჩენილიყო შვებულებიდან გამოსული მეჭიაურის ამარა. „დონე“ რომ იცვლება მერე არის შანსი ყველაფერი შეიცვალოს - ლარიც გამყარდეს და ძეგლიც არ გაუვარდეთ ხელიდან. რაც მთავარია, არის შანსი, იმის ძეგლები აღარ დაიდგას, ასე მარჯვედ რომ ჩაგვკეტა და დაალპო ყველაფერი თავის დროზე.

* * *

ეს ტელევიზიაა და ადამიანთა ვიწრო წრე, მშრომელ კაცს კი სულ არ აინტერსებს არც „ალი და ნინო“ და არც მეჭიაურიო - იტყვით თქვენ.

ჰო, მეც ასე მეგონა, სანამ საავადმყოფოდან გამოსულმა ბაზრობას ჩავუარე და ჩურჩხელის ყიდვა მომინდა:

„გიცანით. ჯაჯანიძის შოუში გნახეთ ამას წინათ, ბატონო!“ - მითხრა უსაყვარლესმა კახელმა ქალმა. მართალია, სახელი არ ახსოვდა. ერთი ჩურჩხელა მაინც მუქთად მომცა.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG