Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

საქართველოს განვითარების სტრატეგიებზე საუბარში ხშირად მესმის ხოლმე ფრაზა „გამოსავალი არის კონკურენციაში.“ ეს განსაკუთრებით მემარჯვენეების მიერ არის აღიარებულ ურყევ ჭეშმარიტებად, რომლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი, აკადემიურ სფეროში მოღვაწე ეკონომისტების უდიდესი ნაწილი აღიარებს, რომ თავისუფალ ბაზარს აქვს ჩავარდნები (Market Failures), პოლიტიკოსი და სამოქალაქო აქტივისტი მემარჯვენეებისთვის საბაზრო ჩავარდნის გაგება სრულიად უცხოა. ამის ნაცვლად, მემარჯვენეები საუბრობენ იმაზე, რომ სინამდვილეში ჩავარდნები აქვს მხოლოდ სახელმწიფოს (Government Failures). თავისუფალი ბაზარი და თავისუფალი კონკურენცია არ შეიძლება, რომ „ჩავარდებოდეს“, ის ყოველთვის იდეალურად მუშაობს.

ეკონომიკაში რამდენიმე სახის საბაზრო ჩავარდნაა ცნობილი. საბაზრო ჩავარდნა არის მდგომარეობა, როდესაც ბაზარი რესურსებს ეფექტიანად ვერ ანაწილებს. ერთი ასეთი შემთხვევა არის მონოპოლია. მონოპოლისტი ფირმა ფასებს თვითნებურად აწესებს და ეს ფასები არ ასახავს ბაზარზე არსებულ მოთხოვნისა და მიწოდების მდგომარეობას. მაგალითად, თუ მე ვარ მონოპოლისტი ფირმა, მე შემიძლია, რომ გაცილებით უფრო ძვირად გავყიდო ჩემ მიერ წარმოებული პროდუქცია, ვიდრე მისი ფასი არის სინამდვილეში. ვთქვათ, თუ ვარ პურის ერთადერთი მწარმოებელი მსოფლიოში და პური არის კვების რაციონის აუცილებელი კომპონენტი ბევრი ადამიანისთვის, მაშინ თავისუფლად შემიძლია, რომ მისი ფასი თვითნებურად გავზარდო ისე, რომ მომხმარებლები მაინც ვაიძულო, მოიხმარონ ჩემი პროდუქცია.

მონოპოლისტური ფასები ხშირია ფარმაცევტულ ბიზნესში, სადაც სწორედ ისეთ პროდუქციას ყიდიან ფირმები, რომელთა გარეშეც ადამიანი ჯანმრთელობას ვერ შეინარჩუნებს. ამ ბიზნესში მონოპოლიის ნაცვლად, ხშირად გვაქვს ოლიგოპოლიები. ოლიგოპოლია არის მონოპოლიის ფორმა, როდესაც პროდუქციაზე დამახინჯებულ ფასს ერთის ნაცვლად რამდენიმე ფირმა აწესებს ერთმანეთთან შეთანხმებით. ასევე, მონოპოლისტურ და ოლიგოპოლისტურ ფასებს ხშირად აწესებენ ფირმები და სახელმწიფოები, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე ამოწურვადი და შეზღუდული რაოდენობის ენერგორესურსებით ვაჭრობენ.

მონოპოლიები ხშირად ბუნებრივად ჩნდება. დროთა განმავლობაში პროდუქციისთვის აუცილებელი რესურსების უდიდეს ნაწილს ერთი ფირმა ეპატრონება და თითქმის შეუძლებელი ხდება ამ ფირმისთვის კონკურენციის გაწევა. ცხადია, თეორიულად შესაძლებელია ასეთ შემთხვევაშიც კი გაჩნდეს კონკურენცია, მაგრამ რეალურად, ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია (და ხშირად მხოლოდ განსაკუთრებულად რევოლუციური ტექნოლოგიური გარღვევების შედეგად ჩნდება).

მაგალითისთვის წარმოიდგინეთ ორი შემთხვევა: რკინიგზა და სატრანსპორტო გზები. რკინიგზის სფეროში, კონკურენტული გარემოს შექმნას დასჭირდება ბევრი კომპანიის რკინიგზის ბიზნესში ჩართვა, რომლებიც ალტერნატიულ რკინიგზის ხაზებს ააშენებენ. ალტერნატიული რკინიგზის ხაზების აშენება უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომლის გაღებაც მხოლოდ ძალიან მდიდარ კომპანიებს შეუძლიათ. ბევრი კომპანია უარს იტყვის ინვესტირებაზე, თუ მოგება, რომელსაც ნახავენ, არ იქნება იმხელა, რომ გაწეული ხარჯები მოკლე დროში ანაზღაურდეს. კონკურენციაში ჩაბმის მსურველი კომპანიები შეიძლება მაინც გამოჩდნენ, მაგრამ კონკურენტების რაოდენობა იმდენად შეზღუდული იქნება, რომ ოლიგოპოლიური გარიგებებებისგან და დამახინჯებული ფასებისგან მაინც ვერ დაიცავს მომხმარებელს. იმავე სურათს მივიღებთ, თუ გავყიდით გზებს (ამ შემთხვევაში, კონკურენტ ფირმებს ალტერნატიული გზების შენება მოუწევთ).

ამის მიუხედავად, ხშირად ბუნებრივ მონოპოლიებს, როგორიცაა რკინიგზა და სხვა სახის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მთავრობები მაინც ყიდიან, მაგრამ ასეთ შემთხვევებში სახელმწიფო კერძო კომპანიებს უწესებს გარკვეულ შეზღუდვებს იმისთვის, რომ მიწოდებულ პროდუქციაზე არ გაზარდონ ფასები და შეინარჩუნონ პროდუქციის მინიმალური სტანდარტები. რეგულაციების არსებობის მიუხედავად, ბუნებრივი მონოპოლიების გაყიდვა მაინც პრობლემური საკითხია, როგორც ამას მართებულად ამტკიცებს ბრიტანული „გარდიანის“ მიმომხილველი ჯორჯ მონბიო თავის საავტორო სვეტში, რომელიც ქართულადაც ითარგმნა. მონბიო წერს, რომ იმის გამო, რომ ზოგიერთი სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისის „ჩავარდნა“ შეუძლებელია (ეს სერვისები იმდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის, რომ მათი მიწოდება არ უნდა შეწყდეს), სახელმწიფო იძულებული ხდება, რომ მოსალოდნელი კრახის წინ, მნიშვნელოვანი სერვისის მიმწოდებელი კერძო ფირმა გადაარჩინოს. ასეთმა კერძო ფირმამ შესანიშნავად იცის, რომ სახელმწიფო ყველა შემთხვევაში დაეხმარება და ამიტომ გაუმართლებელ რისკებზეც შედარებით ხშირად მიდის, ვიდრე ამას თავისუფალი კონკურენციის შემთხვევაში იზამდა.

საბაზრო ჩავარდნების კიდევ ერთ კატეგორიას მიეკუთვნება ის, რასაც ეკონომისტები უწოდებენ ექსტერნალიებს (Externalities), ანუ გარე ეფექტებს. ე.წ. ნეგატიური ექსტერნალიის გავრცელებული ტიპია კერძო კომპანიების მიერ გარემოს დაბინძურება. როგორც ამერიკელი ეკონომისტი, ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი პოლ კრუგმანი შენიშნავს, გარემოს დაბინძურება ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ექსტერნალიაა, რომელიც მომხმარებლებს აიძულებს, მეტი გადაიხადონ კომპანიის მიწოდებულ სერვისებში. როდესაც კომპანია აბინძურებს გარემოს, გარემოს დაბინძურების ხარჯები მთლიანად სახელმწიფოს და საზოგადოებას ეკისრება. თუ ქვეყანაში არ არსებობს გარემოს დაცვის რეგულაციები, ამას უკიდურესად უსამართლო განაწილებამდე მივყავართ, რომელიც, როგორც კრუგმანი მართებულად აღნიშნავს, თავისუფალი ბაზრის საბაზისო ლოგიკიდან გამომდინარეც კი არ არის გამართლებული.

დაბოლოს, საბაზრო ჩავარდნის კიდევ ერთი გავრცელებული ტიპია ინფორმაციული ასიმეტრიები, რაც ყველაზე დეტალურად აღწერა ეკონომიკაში ნობელის პრემიის ამერიკელმა ლაურეატმა ჯოზეფ სტიგლიცმა. ასეთი ასიმეტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მიმწოდებელი უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს პროდუქციაზე, ვიდრე მომხმარებელი. ამგვარი შემთხვევები კი, მოგეხსენებათ, ძალზედ ხშირია. სწორედ ინფორმაციული ასიმეტრიის გამოსასწორებლად, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში დაწესებულია საკვები პროდუქციის მინიმალური სტანდარტები, რომელთა დარღვევაც კომპანიებს ეკრძალებათ. ვინაიდან თითქმის შეუძლებელია მომხმარებელმა იცოდეს, რომელი საკვები პროდუქცია რეალურად რას შეიცავს და რამდენად მავნებელია მისი შემცველი ესა თუ ისე კომპონენტი, სახელმწიფო ერევა ბაზრის მუშაობაში და აწესებს მინიმალურ სტანდარტებს, რომელთა გათვალისწინებაც სავალდებულოა ყველა კომპანიისთვის.

ერთი სიტყვით, „კონკურენცია ყველაფერს დაარეგულირებს“ მცდარი მტკიცებაა, რომელიც ცუდ სახელმწიფო პოლიტიკამდე მიგვიყვანს. საბაზრო კონკურენცია არის ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური განვითარების მექანიზმი, რაც კაცობრიობას შეუქმნია, მაგრამ ის არ არის უპირობო და უნივერსალური. მას სჭირდება კონტექსტი იმისთვის, რომ შეძლოს ფუნქციონირება და დაეხმაროს საზოგადოებას განვითარებაში. სამწუხაროდ, მემარჯვენეებს, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც მემარცხენეობა მკრეხელობად ითვლება (პოსტსაბჭოთა კომპლექსების გამო), ხშირად არ ესმით ეს.

ბოლო დროს აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რამდენად მართებული იყო თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისება და ასევე განახლდა საუბარი იმაზეც, რომ არ უნდა განხორციელდეს „პანორამა თბილისის“ პროექტიც. ამ თემებზე უფრო ხშირად აღნიშნული სფეროს სპეციალისტები აქტიურობენ ხოლმე: არქიტექტორები, ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები და ნაკლებად ისმის პოლიტიკოსების და სხვა პროფესიის ადამიანების ხმა. შესაძლოა, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყოს, რომ ზოგიერთი ჩვენგანი ამ პრობლემებს ვიწროდ პროფესიულ პრობლემებად აფასებს და ვერ სწვდება მათ უდიდეს მნიშვნელობას ჩვენი ყოველდღიურობისთვის. ქვემოთ სწორედ იმაზე მსურს საუბარი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი საცხოვრებელი სივრცე ამგვარი უხეში ჩარევებისგან იყოს დაცული.

ვინაიდან თბილისის ბოტანიკური ბაღის თემა უფრო ახალი და „ცხელია“, პირველ რიგში, მისით დავიწყებ. როგორც ბოლო დროს გაირკვა, ბოტანიკური ბაღის ტერიტორია (4 ჰექტარი) გადაეცა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანია „ფინსერვის XXI”-ს. ამ კომპანიამ სანაცვლოდ ბაღს გადასცა ასევე 4 ჰექტარი მოცულობის ტერიტორია. ერთი სიტყვით, განხორციელდა ტერიტორიების გაცვლა. დამოუკიდებელი შემფასებლების მტკიცებით, ამგვარი გაცვლა მინიმუმ ორი მიზეზით არის პრობლემური: 1) ბოტანიკურ ბაღს აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მართალია, ცნობილი არ არის (რაც ასევე პრობლემურია), იყო თუ არა გასხვისებული ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორია, მაგრამ ის, რომ მისი გასხვისება ასე დაფარულად და შესაბამისი ორგანოებისა და საზოგადოებრივი განხილვის გარეშე მოხდა, მიუღებელია; 2) პრობლემურია თავად ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებს ამ ინციდენტში. მართალია, მმართველი გუნდი თავგამოდებით ცდილობს იმის მტკიცებას, რომ ივანიშვილი რიგითი მოქალაქეა, მაგრამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ ფაქტობრივად ერთადერთი მსხვილი დამფინანსებლის გავლენის უარყოფა უფრო და უფრო რთული ხდება. ამგვარი გავლენის არსებობა კი დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

რაც შეეხება „პანორამა თბილისს“, ეს არის ასევე ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული და მხარდაჭერილი კერძო „თანაინვესტირების ფონდის“ (ფონდის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი ივანიშვილია) პროექტი, რომლის შესახებაც პირველად 2014 წელს გავიგეთ. პროექტი ძირითადად ორ კომპონენტს მოიცავს: 1) ყოფილი „ცეკავშირის“ შენობის გვერდით მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას; 2) ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის გვერდით, სოლოლაკის ფერდობზე, სასტუმროს აშენებას და ბაღის მოწყობას; სოლოლაკის ფერდობი, თავის მხრივ, საბაგიროებით დაუკავშირდება „ცეკავშირის“ შენობის ტერიტორიაზე არსებულ მრავალფუნქციურ კომპლექსს. ფაქტობრივად, „პანორამა თბილისის“ აშენების შემდეგ არა მხოლოდ მნიშვნელოვნად შეიცვლება ქალაქის ისტორიული ცენტრი, არამედ, მასთან ერთად, მიმდებარე ბუნებრივი ლანდშაფტიც. აქაც, როგორც ბოტანიკური ბაღის შემთხვევაში, მიმდინარეობს საეჭვო და გაუმჭვირვალი პროცესი თბილისის მერიასა და კულტურის სამინისტროში, რაც ივანიშვილის, როგორც კერძო ინვესტორის და გავლენიანი (ყოფილი) პოლიტიკოსის, გავლენას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

გარდა იმისა, რომ პოლიტიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით, ორივე ინციდენტი უაღრესად პრობლემურია, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ განსაკუთრებით, „პანორამის“ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს კულტურული მემკვიდრეობის და ქალაქის ისტორიული იერსახის სრულიად შეცვლის მცდელობა, გაუგებარი და ბუნდოვანი გზებით.

ვინმეს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: რატომ არის საერთოდ მნიშვნელოვანი ქალაქის იერსახე? ეს კითხვა დაახლოებით ასე ჟღერს: რატომ არის მნიშვნელოვანი ის, რომ ქალაქი იყოს მიმზიდველი და სოციალური ურთიერთობებისთვის მისაღები სივრცე? რატომ არის მნიშვნელოვანი ის, რომ ქალაქში ცხოვრება, მისი მონახულება, მის ქუჩებში სეირნობა მოგინდეს? სოციალური განვითარება არ იზომება მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე. ის იზომება ბევრი არაეკონომიკური ფაქტორით: სიცოცხლის ხანგრძლივობით, ჯანსაღი გარემოთი, ღირსეული შრომის პირობებით, რეკრეაციული დანიშნულების ადგილების მრავალფეროვნებითა და ხარისხით (მათ შორის, პარკების, ბაღების, სკვერების, სპორტული მოედნების, ისტორიულად და კულტურულად მნიშვნელოვანი დაწესებულებების რაოდენობითა და ხარისხით), სოციალურად აქტიური ცხოვრების შესაძლებლობით ურბანულ და სოფელ გარემოში და ა.შ. განვითარება არ უდრის მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად გამდიდრების გარეშე განვითარება შეუძლებელია.

დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი ამოცანის წინაშე ვდგავართ: უნდა განვვითარდეთ ეკონომიკურად ისე, რომ ამან მინიმალურად მიაყენოს ზიანი არაეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებს. თუ ქალაქის განვითარებას ყურადღებას არ მივაქცევთ და მხოლოდ იმაზე ვიქნებით კონცენტრირებული, თუ რამდენი მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვა კონკრეტული პროექტის ფარგლებში, ამით განვითარების, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით, შესაძლებლობას დავკარგავთ. დღეს მიღებულმა ყოველმა თითქოს უმნიშვნელო არასწორმა ნაბიჯმა მომავალში შეიძლება გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგვაყენოს.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქი და განსაკუთრებით მისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები განვითარდეს რეგულაციების, კარგად მოფიქრებული და მაღალი სტანდარტების გენერალური გეგმისა და დარგის საუკეთესო, დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით. მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიღებთ ისეთ ქალაქს, ისეთ საცხოვრებელ გარემოს, როგორიც გვინახავს ევროპაში (რომლისკენაც ასე ვისწრაფვით). შესაბამისად, საჭიროა გვახსოვდეს, რომ ბოტანიკური ბაღისა და „პანორამის“ პრობლემები მხოლოდ სფეროს სპეციალისტების სადარდებელი კი არ არის, არამედ მათ გადასაწყვეტად საზოგადოების ფართო ჩართულობაა საჭირო.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG