Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მეცნიერები და ექიმები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ - რა არ უნდა გამოგრჩეს 24 აგვისტოს


ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ქართველ ექიმთა და მეცნიერთა ჯგუფი მიმართვას ავრცელებს. ხელმომწერები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ ჩაერთონ საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში.

„იღუპებიან აუცრელი პაციენტები. დაღუპულთა შორის არიან ახალგაზრდებიც. ახალგაზრდების ხვედრითი წილი ყოველდღიურად იზრდება. გარდა ამისა, ვირუსის სწრაფი გავრცელების დროს ჩნდება მუტაციები, რომლებიც ვირუსს უფრო მოქნილს ხდის და ყოველ ჯერზე უფრო ხელსაყრელ თვისებას სძენს. ვირუსი ახალ თვისებებს იძენს და უფრო საშიში ხდება“, - აცხადებენ ექიმები.

კიდევ ერთი განცხადება გავრცელდა გუშინ. საქართველოს კლინიკების ასოციაცია მიმართვაში აღნიშნავს, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა უკონტროლოდ იზრდება, დაწესებულ რეგულაციებზე კი, ეფექტური მონიტორინგი არ მიმდინარეობს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ლეტალობის ასეთი მაჩვენებელი პატარა ერისთვის კატასტროფულია“. ასოციაცია მოუწოდებს მთავრობას, დაიწყოს 12+ ასაკის ბავშვების აცრა, გაამკაცროს კოვიდრეგულაციები და მათი აღსრულება.

საქართველოში ახლა ისევ კოვიდშეზღუდვებია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, მან უკვე მოიტანა შედეგები თბილისსა და ბათუმში, თუმცა რეგიონებში სურათი არ შეცვლილა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, არსებული ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭო დამატებითი რეგულაციების შემოღებაზე იმსჯელებს.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ODIHR-ი ანგარიშს აქვეყნებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე

საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის საკითხზე მეოთხე ანგარიშს აქვეყნებს ეუთო/ODIHR-ი. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მაღალი გამჭვირვალობის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების მოსმენის პროცესში იყო სერიოზული პრობლემები ინტერესთა კონფლიქტთან მიმართებით.

როგორც ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატების დანიშვნის საპარლამენტო ეტაპი იძლეოდა პროცესზე საზოგადოებისა და კანდიდატების მხრიდან კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, მაინც არ იყო სათანადოდ გარანტირებული ის, რომ კანდიდატთა საბოლოო შერჩევა მოხდა ობიექტური, დამსახურებაზე დაფუძნებული კრიტერიუმების გამოყენებით.

ანგარიშის თანახმად, საქართველომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს 20 მოსამართლე დანიშნა უვადო თანამდებობაზე, ODIHR-ის შეფასებით, აღნიშნულ პროცესებს აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა.

წაიკითხე მეტი.

იზოლაციის შიში თუ სტრატეგიული პარტნიორობა?

23 აგვისტოს კიევში გაიმართა ყირიმის პლატფორმის პირველი სამიტი, რომელშიც 47 სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა მონაწილეობდა. სამიტზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. „მსოფლიოს უნდა შევახსენოთ, რომ ყირიმი უკრაინაა“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც:

  • უნდა შეიქმნას ყირიმის საერთაშორისო პლატფორმა, როგორც საკონსულტაციო და საკოორდინაციო ფორმატი, რომლის მიზანია რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის დროებითი ოკუპაციის მშვიდობიანად დასრულება და უკრაინის კონტროლის აღდგენა ამ ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით;
  • უნდა გაგრძელდეს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის არაღიარების პოლიტიკა;
  • უნდა განიხილონ რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით შემდგომი პოლიტიკური, დიპლომატიური და შემზღუდველი ზომების დანერგვა, თუ ეს გათვალისწინებულია პლატფორმის თითოეული მონაწილის სამართლებრივი სისტემით და თუ ამას მოითხოვს რუსეთის ქმედებები;
  • უნდა დაუპირისპირდნენ ახალ გამოწვევებს, მათ შორის ჰიბრიდულ საფრთხეებს, რომლებიც მუდმივად იცვლება ყირიმის მიმდინარე მილიტარიზაციის გამო;
  • უნდა შეასრულოს რუსეთის ფედერაციამ თავისი ვალდებულებები როგორც ოკუპანტმა სახელმწიფომ, საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონისა და სხვა მოქმედი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად; რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყირიმის მკვიდრთა უფლებების ხელყოფა და უზრუნველყოს ყირიმზე სრული და შეუფერხებელი წვდომა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, პარალელი გაავლო საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარი პრობლემებისა და გამოწვევების მსგავსებაზე.

რა თქვა ღარიბაშვილმა და რა სარგებელი აქვს საქართველოს ფორუმში მონაწილეობით? წაიკითხე ვრცლად ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დიდი შვიდეულის ქვეყნები ავღანეთზე იმსჯელებენ

24 აგვისტოს დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები საგანგებოდ შეიკრიბებიან ავღანეთის კრიზისზე სასაუბროდ. შეხვედრის ინიციატორი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონია, რომელიც წელს დიდი შვიდეულის თავმჯდომარეა.

მოსალოდნელია, რომ საგანგებო შეხვედრაზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბაიდენისგან მოითხოვს, ქაბულიდან ევაკუაციის დასრულების ვადა გახანგრძლივდეს. მაგრამ თალიბანის პრესსპიკერმა სუჰაილ შაჰინმა Sky News-ს 23 აგვისტოს ინტერვიუში განუცხადა, რომ ასეთ ნაბიჯს „უნდობლობა“ მოჰყვება და „რეაქციის პროვოცირებას მოახდენს“.

თალიბანმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს ავღანეთში აშშ-ისა და საერთაშორისო ძალების დარჩენას 31 აგვისტოს შემდეგ, მას მერე, რაც ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ევაკუაციის ქაოსური პროცესის გამო შესაძლოა, საჭირო გახდეს ქვეყანაში ჯარების ვადაზე მეტ ხანს დატოვება.

წაიკითხე მეტი.

რუსეთის 58-ე არმიამ სამხედრო სწავლებები დაიწყო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში

სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე არმიამ სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. ძარწემის პოლიგონზე წვრთნების დროს მსროლელებმა ჯარის სხვა ნაწილებთან ერთად, გაანადგურეს წარმოსახვითი მტრის დივერსანტები.

„სწავლების აქტიურ ფაზაში სამხედროებმა გაანადგურეს პირობითი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლები ძარწემის მთიან და ტყიან რაიონებში T-72BM ტანკების, BMP-საბრძოლო მანქანების, „Гвоздика“-ს თვითმავალი საარტილერიო დანადგარების გამოყენებით. ასევე ავტომატური და ხელის ყუმბარმტყორცნების AGS-17 და RPG-7V-ს გამოყენებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორმხრივი ბატალიონის ტაქტიკური და სპეციალური წვრთნების მორიგი ეტაპი 15 სექტემბრისთვის დასრულდება.

წაიკითხე მეტი.

პოლონეთმა განაცხადა, რომ ბელარუსთან საზღვარზე ღობეს გაავლებს მიგრანტების შესაკავებლად

პოლონეთმა განაცხადა, რომ მეზობელ ბელარუსთან საზღვარზე ღობეს გაავლებს, რათა შეაჩეროს მიგრანტების ნაკადი. ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ბელარუსი მიგრანტებს სპეციალურად უშვებს ევროკავშირის მიმართულებით და ამგვარად შურს იძიებს ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის.

„ბელარუსის საზღვარზე ახალი 2,5-მეტრიანი მყარი ღობე აიგება. სასაზღვრო დაცვას მეტი ჯარისკაცი დაეხმარება. მალე წარმოვადგენ დეტალებს პოლონეთის შეიარაღებული ძალების როლის შესახებ“, - დაწერა ტვიტერში 23 აგვისტოს პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაჟჩაკმა.

ამ განცხადებამდე პოლონეთმა და ბალტიის სამმა ქვეყანამ - ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა - გაეროს მიმართეს თხოვნით, მინსკის წინააღმდეგ ზომები მიიღოს ევროკავშირში შესასვლელად მიგრანტების უკანონოდ წახალისებისთვის.

წაიკითხე მეტი.

ვინ და როდის შეძლებს COVID-ვაქცინის მესამე დოზის მიღებას?

საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზის დამატების შესახებ მსჯელობას იწყებს. ყოველ შემთხვევაში, ასე უპასუხა რადიო თავისუფლების კითხვას 23 აგვისტოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, მიმდინარე კვირაში ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართება და საქართველოს ვაქცინაციის პროტოკოლში ცვლილება შევა. მინისტრი განმარტავს, რომ ე.წ. ბუსტერ-დოზაზე გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, მიღებულია მხოლოდ „გარკვეულ ჯგუფზე“. რაც შეეხება მესამე დოზის მასობრივ გამოყენებას, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.

ვინ იგულისხმება „გარკვეულ ჯგუფებში“? როდიდან შეიძლება დაიწყოს საქართველოში ბუსტერ-დოზის გამოყენება? რომელ ვაქცინას გამოიყენებს ქვეყანა ბუსტერ-დოზებისთვის? - ამ კითხვებით რადიო თავისუფლებამ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს მიმართა. ამირან გამყრელიძემ მოგვწერა:

„ჯერ ეს საკითხი მხოლოდ წინასწარი, შიდა განხილვის ეტაპზეა. ჯერ ორი დოზით უნდა აიცრას მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი“.

რა ვიცით ბუსტერ-დოზის შესახებ? წაიკითხე ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

„ეკლესია არის წმინდა სინოდი და წმინდა სინოდმა თქვა, რომ ვინც [ვაქცინას] გაიკეთებს, ის ნუ იქნება დევნის ობიექტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ვაქცინის გაკეთება ცოდვა არ არის. სინოდმა ამით დაამტკიცა ის, რომ აცრა არაფერ კავშირშია რელიგიასთან...“ - მღვდელმსახურები, რომლებიც უკვე აიცრნენ, საუბრობენ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებსა და საკუთარ გამოცდილებაზე, ასევე საპატრიარქოსა და ეკლესიის წარმომადგენლების როლზე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში.

XS
SM
MD
LG