Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ესპანელებს ერთი კარგი გამოთქმა აქვთ: se odian comme los hermanos („როგორც ძმებს, ისე ეზიზღებათ ერთმანეთი“). უკეთესად ვერ იტყვი, როდესაც სომხურ-ქართულ ურთიერთობას აკვირდები.

ორ პატარა ერს გვიჭირს საერთო და დიდი მემკვიდრეობის გაყოფა: ქართული ანბანი უფრო ძველია თუ სომხური? და მსოფლიოში პირველი ქრისტიანი მეფე ქართველი იყო თუ სომეხი? რაც შეეხება ანბანს, ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ქართული ანბანია არქაული. სხვათა შორის, ბერნარდ უტიეს თეორია რჩება ვერსიად, რომელსაც მეცნიერები ვერც ვერასდროს დაამტკიცებენ და ვერც უარყოფენ. სამაგიეროდ ფაქტია, რომ პირველი ნაბეჭდი სომხური წიგნი 1512 წელსაა გამოსული - ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ქართული ანალოგი. ხოლო რაც შეეხება მსოფლიოს პირველ ქრისტიან მეფეს - ის შეიძლება საერთოდ ედესელი და არა სამხრეთ კავკასიელი მონარქი იყო...

ქართველებსა და სომხებს არა მარტო ანტიკური ხანის, არამედ თანამედროვე ეპოქის საერთო მემკვიდრეობაც კი ვერ გაგვიყვია: იეთიმ გურჯი ქართველი იყო თუ სომეხი? ალბათ მისთვის რომ გეკითხათ, გეტყოდათ, რომ ქალაქელი აშუღი იყო და სომხურ-ქართული კამათის საგანს ვერ გაიგებდა. არა, არც ისაა გასაკვირი, თუ ამ გაგანია ეთნონაციონალიზმის ეპოქაში ორივე ერი მას თავისიანად მიიჩნევს. აგერ, ადამ მიცკევიჩს თავისიანად თვლიან როგორც პოლონელები, ისე ლიეტუველები და ბელორუსები! „O Litwo! Ojczyzno moja...“ („ო, ლიეტუვავ! ჩემო სამშობლოვ...“) - ამ სიტყვებით იწყება ადამ მიცკევიჩის (Adam Mickiewicz 1798-1855) პოლონურ ენაზე დაწერილი ყველაზე ცნობილი პოემა... და ისე, სადაური იყო ადამ მიცკევიჩი? „რა თქმა უნდა, პოლონელი!“ - იტყვის მკითხველი. განსაკუთრებით ის მკითხველი, რომელიც ვარშავაში ან კრაკოვში ყოფილა და იქ მიცკევიჩის ქანდაკება უნახავს. თუმცა შევახსენებ ამ მკითხველს, რომ თვით მიცკევიჩს ცხოვრებაში ფეხი არ დაუდგამს არც ვარშავაში და არც კრაკოვში.... „’ო ლიეტუვავ, ჩვენო სამშობლოვ...’ - ეს ხომ ლიეტუვის ჰიმნის პირველი სიტყვებია?!“ - იტყვის ვილნიუსში ნამყოფი ადამიანი, რომელსაც თან უნახავს იქ აღმართული ადომას მიცკევიჩიუსის (Adomas Mickevičius) ძეგლი... კი, მაგრამ მიცკევიჩ-მიცკევიჩიუსი ხომ ბელორუსადაც შეიძლება ჩაითვალოს?! ის ხომ ნოვოგრუდოკში (ბელარუსი) არის დაბადებული რუსინის (ბელორუსი) ოჯახში?!

და გაბრიელ სუნდუკიანი ქართველი მწერალი იყო თუ სომეხი? 1934 წელს საბჭოთა კავშირის მწერალთა პირველ ყრილობაზე გაბრიელ სუნდუკიანის ქართველ-სომხობის გამო დიდი შეხლა-შემოხლაც კი მომხდარა ორ დელეგაციას შორის... და ეს მიუხედავად სტალინის დადგენილებისა, რომ სუნდუკიანი ქართველი იყო!

ტრადიციული პატრიოტიზმისა და ეთნონაციონალიზმის ერთმანეთთან ჭიდილი უცნაურ დემონებს ბადებს. ეს მშვენივრად ესმოდა სერგეი ფარაჯანოვს და იუმორით უყურებდა იმ ეთნონაციონალიზმს, რომელიც ტიფლისის ურბანულ ფოლკლორს აჩანაგებდა. ამიტომაც, როდესაც საკუთარი ფილმების „გენეტიკურ კოდზე“ იწყებდა საუბარს, ფარაჯანოვი პასუხს იძლეოდა იმის მიხედვით, თუ სად იმყოფებოდა: თბილისში გეტყოდათ, რომ „აშუღი ქერიბი“ სუფთა აზერბაიჯანული ფილმია, ერევანში - რომ ქართულია, ხოლო ბაქოში - რომ წმინდა წყლის სომხურია...

ამ ქართულ-სომხურ სიძულვილ-სიყვარულში ყველაზე საოცარი მაინც ჩვენ მიერ სომხური ისტორიის ცოდნაა... ქართველმა კაცმა შეიძლება არ იცოდეს ვინ ვისი მოკავშირე ან მტერი იყო პირველი მსოფლიო ომის დროს, მაგრამ აუცილებლად გეტყვით, რომ ამ კონფლიქტის დროს თურქების მიერ მოწყობილი სომხების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა გენოციდი არ ყოფილა. ამასთან ერთად გაუჭირდება ახსნა, თუ რა განსხვავებაა გენოციდსა და ეთნიკურ წმენდას შორის... არადა, თუ გენოციდს არა, სომხების ეთნიკურ წმენდას ხომ მაინც ჰქონდა ადგილი 1915 წელს?!

მკითხველს არ ეგონოს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ სომხების გენოციდის აღიარების მომხრე ვარ. ამ თემაზე ორჯერ მაქვს დაწერილი რადიო თავისუფლების გვერდებზე და ამჯერადაც გავიმეორებ: კანონმდებლის საქმე არაა, ისტორიულ მოვლენებს მისცეს იურიდიული კვალიფიკაცია. ზოგადად თუ ისტორია რაიმეს გვასწავლის (და განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის ისტორია), ეს ისაა, რომ არც ერთი ისტორიული ფაქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნებული სახელმწიფო განკარგულებაზე. და არ აქვს არავითარი მნიშვნელობა, პოლიტბიუროს თუ დემოკრატიული სახელმწიფოს პარლამენტების განკარგულების საფუძველზეა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ხოლო რაც შეეხება სიტყვა გენოციდს, ის იმდენად იდეოლოგიზებული გახდა, რომ დღეს ისტორიკოსები ერიდებიან მის გამოყენებას.

შემაშფოთებელი სულ სხვა რამ არის: ჩვენი დამოკიდებულება მეოცე საუკუნის ამ ძალზედ ტრაგიკული ეპიზოდის მიმართ მორწმუნის პოზიციას უფრო წააგავს, ვიდრე შემეცნების მსურველისა. რადგან ცოდნას, რწმენისგან განსხვავებით, მუდმივად სკეპტიციზმი ახლავს თან. ხოლო ჩვენთვის, სომხების არა-გენოციდი, რწმენის კრედოს ნაწილი გახდა. ამიტომაც დღეს, როდესაც მსოფლიოს დიდი ნაწილი სომხების მასობრივ გაჟლეტას იხსენებს, კარგი იქნება, თუ ისტორიის ამ საშინელი ეპიზოდით დაინტერესებული ადამიანი პირველ რიგში გაერკვევა, რა განსხვავებაა ეთნიკურ წმენდასა და გენოციდს შორის. ასევე უადგილო არ იქნება, თუ დაინტერესდება, თუ რა სახის უტყუარი მტკიცებულებები არის, ან არ არის, დღეს ისტორიკოსების ხელთ. ცნობისმოყვარე კაცმა შეიძლება რამდენიმე კითხვაც დასვას: რატომაა თურქეთის გენშტაბის 1915 წლის დოკუმენტები გასაიდუმლოებული? ან რატომ არ არის ხელმისაწვდომი თურქეთის 1915 წლის საკადასტრო დოკუმენტები? და ეს მიუხედავად თურქეთის სამოქალაქო კოდექსის მიერ გარანტირებული უფლებისა. ცოდნისმოყვარე ადამიანს შეუძლია ასევე ინტერნეტში მოიძიოს, ვინ იყო რაფაელ ლემკინი და რა როლი ითამაშა სომხების ტრაგედიამ სიტყვა „გენოციდის“ შექმნაში. მათ კი, ვისაც საკითხის უფრო ღრმად შესწავლა სურს, ვურჩევდი ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორის, დონალდ ბლოქსჰემის (Donald Bloxham) და ორი თურქი ისტორიკოსის, ფუატ დიუნდარის (Fuat Dündar) და ტანერ აქსამის (Taner Akçam) ნამუშევრებს გაეცნონ.

სხვათა შორის, დონალდ ბლოქსჰემი, ფუატ დიუნდარი თუ ტანერ აქსამი, სხვადასხვა მოვლენათა ჯაჭვზე და რიცხვებზე დაყრდნობით, აბსოლუტურად განსხვავებულ დასკვნებამდე მიდიან. რაც ძალიან ბუნებრივია! ვინაიდან ღია საზოგადოებაში წარსულის შესწავლა არ შეიძლება დაფუძნებული იყოს არც პარლამენტის დეკრეტებზე და არც „ძმური ზიზღით“ გაჩენილ რწმენის კრედოზე...

ამ კარანტინებში და სოციალურ იზოლაციაში სულ უფრო მეტ ადამიანს გვიწევს სახლში საჭმლის კეთება. აბა, ვერც სტუმრად მიხვალ ჩანგალზე და ყოველდღე „ვოლტის“ გამოძახების ფულიც, აბა, ვისა აქვს?

საჭმლის კეთება წესით სასიამოვნო და არცთუ რთული რამაა.თუმცა, დამწყები მზარეული თავიდან ბევრმა რამემ შეიძლება დააშინოს. ძირითადად, ტელევიზორმა. ზოგან გიკიჟინებენ, გემოებით თუ არ თამაშობ, ზიზღის ღირსი ხარო. სამხარზე ტარხუნის ესპუმა თუ არ მიირთვი, კაპიკია შენი ფასიო. სხვები (სხვები რა, ძირითადად ჯეიმი ოლივერი) 20 წუთში სამ თავ კერძს ამზადებენ, ზემოდან კიდე დესერტს და შუალედში, მგონი, წიგნის დაწერასაც ასწრებენ. უყურებ, მარტივი ჩანს. დაიწყებ ჯეიმის მიბაძვას და აღმოჩნდება, რომ 15 წუთი მარტო ხახვის დაჭრას უნდა.

რჩევებიც, რავი, ინტერნეტში ძალიან ბევრია მაგრამ, მე თუ მკითხავ, ყველა გამოსადეგი არ არის. თითქმის ყველგან პირველი რჩევა ასეთი წერია - „ჯერ ბოლომდე წაიკითხე რეცეპტი და მერე დაიწყე მზადებაო“. აბა, ეს რა რჩევაა? თქვენი არ ვიცი, და მე ეგ არაფერში მადგია - რეცეპტს სამჯერ ვკითხულობ, მერე კიდე ორჯერ და მერე კიდე გზადაზგა, კეთებისას და მაინც მავიწყდება ხოლმე, რა წერია. კიდევ, გვირცევენ, საჭრელ დაფას ქვემოდან სველი ტილო დაუფინე, რომ არ ისრიალოსო - ყველგან ეს წერია და ჯეიმიც სულ მაგას გვეუბნება. არა! ტილოს მე არ დავასველებ და მორჩეს მაგაზე ლაპარაკი! დაფა, რავი, ისედაც არ მისრიალებს. ყინულზე კი არ მიდევს.

მოკლედ, გადაგირჩიეთ საუკეთესო, ხელიხელ საგოგმანებელი რჩევები, რომლებიც თავადაც ხშირად გამომდგომია. თითქოს თავისთავად ცხადი რამეებია, მაგრამ, არც ეგრეა საქმე - როცა იწყებ, ესენი სულ გეშლება ხოლმე.

და, რადგან ქართველებისთვის ტექსტიდან აზრის გამოტანა მიუღებელია ხოლმე, გავიმეორებ - ეს არის დამწყების რჩევები დამწყებებს. ამის ავტორი თავს არ დებს, რომ ვინმეზე მეტი იცის ამ საქმეში. მაგრამ, იმაზე კი დებს თავს, რომ ეს ყველაზე გადასარევი, საოცარი და გამოსადეგი რჩევებია მსოფლიოში.

გზადაგზა დაალაგე, ძმაო

საჭმლის კეთების დროს ყველაზე დასაზარი რამ ალაგებაა .ბევრს ჰგონია, რომ საქმე ასე ნაწილდება - ერთი აკეთებს, სხვა რეცხავს. არადა, სხვადასხვა ორგანულ კანონებში თუ ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ იქ სულ სხვა რამე წერია. საჭმლის კეთების დროს დასვრილ ჭურჭელს რეცხავს მზარეული. აი, ჭამის მერე დაგროვილის გარეცხვაზე დალაპარაკება შეიძლება - ეგ, ძალიანაც მოსულა.

ჰოდა, ბევრი ჭურჭლის ერთად რეცხვას გზადაგზა გასუფთავება ჯობს. თუ ორი წუთი გაქვს, ვიდრე წყალი დუღდება ან რამე ეგეთი, გამოავლე ჭიქას და თეფშს ღრუბელი გადაატარე. ბოლოს გაცილებით ნაკლები საქმე გექნება.

ან, კიდევ უკეთესი, თუ სახლში ჭურჭლის სარეცხი მანქანა გაქვს (მე არა მაქვს, სხვების გამოცდილებას გიზიარებთ), საჭმლის კეთებამდე გამოაცარიელე. ამგვარად, ყველა ჩამჩას და ჯამს გზადაგზა ჩაყრი და ბოლოს თეფშებსაც მიაყოლებ და ცხოვრებაც უფრო საამური იქნება.

აცადე, გაცხელდეს, დაო

ადრე სულ ასე ვაკეთებდი - ცეცხლს ავანთებდი, ტაფას დავადგამდი, ცხიმს დავასხამდი და ზედ ხორცს ან ბოსტნეულს ვაყრიდი. მერე კი, ჭამისას, ვფიქრობდი - რას ვშვები არასწორად? რა დავაკელი?

რა დავაკელი და გაცხელება. ცივ ტაფას თან უამრავი უბედურება ახლავს თანო - უთქვამთ ძველებს. ხორცი არ იბრაწება და არასაჭირო წვენებს უშვებს, ბოსტნეული იდღლუზნება და ფერს კარგავს... (თუ ახლა ჭკვიანური სახე მიიღე, მონოკლი გაისწორე და ჩაილაპარაკე - „ექშუაალი, ყოველთვის ეგრე არაა. აი, ხახვის კარამელიზების დროს სჯობს ტაფა ცივი იყოს, რომ წყალი ნელ-ნელა გამოიდევნოს...“ ყოჩაღ! საღოლ! დამწყებები ვართ შეკრებილები, შეგვეშვი!)

შეიძლება გაინტერესებთ, როგორ სჯობს - ზეთი გაცხელებულ ტაფაზე დავასხათ თუ ტაფა და ზეთი ერთად გაცხელდეს. მაგაზე სერიოზული კამათი მიდის მცოდნე ხალხში - ტრადიციულად მიიჩნევა, რომ ცხიმს ცხელი ტაფას უნდა. თუმცა, ბოლო დროს ოპოზიციის ხმამ იმძლავრა - ჯობს ცხიმი და ტაფა ერთად გაცხელდესო.

რომელიც გინდა, ის მიდგომა იწამე. მთავარია, ჯერ გააცხელო.

ტაფა არ გაძეძგო, სოტერო

მეც მიქნია, შენც გიქნია, ყველას უქნია! ტაფა ცხელია, ხორცი დაჭრილია, ბოლო მომენტში კი ირკვევა, რომ ტაფაზე კი ეტევა, მაგრამ, ჰა და ჰა. ძლივს. ერთგვარი ტეტრისის თამაში გვიწევს - ერთ გრძელ ნაჭერს შუაში ჩავაკვეხებთ, მეორე, უფრო ბუთქუნას - სადმე გვერდით. კმაყოფილები ვართ - ყველაფერი მოვათავსეთ. არადა, ამ დროს ყველაფერი გავაფუჭეთ.

აქაც ორთქლის ამბავია. ტაფაზე დახვავებული ხორცი და ბოსტნეული კი არ იბრაწება, ან იკრაწება, ან, რავი, პიწკინდება, არამედ იორთქლება და ბანძდება. ნაჭრები ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს.

ორი გამოსავალია - ან უფრო დიდი ტაფა გჭირდება, ან საჭმელი ორ ან სამ ნაწილად უნდა დაყარო ტაფაზე. დასაზარებელია, მაგრამ სხვანაირად არაფერი გამოვა.

სახელური შიგნით შეწიე, ბეიბი

ბავშვების პატრონებმა წესით უკვე იციან, მაგრამ არც უშვილოებისთვისაა ცუდი ჩვევა - ტაფის სახელური ყოველთვის გვერდით, გაზის ზედაპირის მხარეს უნდა იყოს შეწეული. ასე შემთხვევით გვერდს არ გაკრავ და ცხელი ზეთით ფერდს არ გამოიწვავ.

ბავშვიანისთვის კი ორმაგად საჭიროა, რომ ამას ყურადღება მიაქციონ - პატარა ყაჩაღები ყოველთვის იმას ეპოტინებიან, რასაც არ უნდა მოეპოტინონ და უშნოდ გამოჩრილი სახელური ქვემოდან განსაკუთრებით კარგად მოსაპოტინებელი ჩანს. შეიძლება რამე ძალიან იტკინონ.

ღუმელი სველი ხელთათმანით ან ტილოთი არ გამოაღო, ამიგო

უფრო სწორად, ღუმელი შეგიძლია გამოაღო. სახელური ალბათ ისედაც ცივია. იგრიალე, ოქრო.

აი, ცხელი ქვაბს ან საცხობ ლანგარს, ქართველები სიყვარულით ჟარუნას რომ უწოდებენ, სველი ნაჭრით არ უნდა გაეკარო. სამზარეულოს ხელთათმანი წესით სიცხეს არ ატარებს - მაგისთვის შექმნეს მასონებმა. წყალს კი სიცხის გატარება უყვარს. ჰობი აქვს ასეთი. ჯერ ხელი დაგეწვება, მერე, როცა ხელდამწვარი იმ ლანგარს დააგდებ - სხეული. ყველაფერი ძირს დაიყრება. ძაან ცუდი იქნება.

ეს ჩემი გადასარევი რჩევებია. თუ მოგეწონათ, გვითხარით, კიდევ ბევრი მაქვს. ამასობაში თქვენიც გვითხარით - რა იცით ისეთი, დამწყებ კულინარს რომ ცხოვრებას გაუმარტივებს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG